Facebook Twitter
საქმე №ას-1031-2023 5 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ე.კ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ა.ყ–ი, თ.ჯ–ა, ს.ა–ძე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ე.კ–იმ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ა.ყ–ის, თ.ჯ–ასა და ს.ა–ძის მიმართ, ზიანის - 26 920 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს შრომითი ხელშეკრულებით, კომპანიის შინაგანაწესითა და ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნები სალომბარდე სესხის გაცემისას, რამაც კომპანიას ფინანსური ზიანი მიაყენა.

მოპასუხეები წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე.კ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. აღნიშნული განჩინება კომპანიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, არ გაითვალისწინა მოწმის ჩვენება, სათანადოდ არ შეაფასა მოპასუხეთა ახსნა-განმარტებების წინააღმდეგობრივი ხასიათი და ერთ-ერთი მოპასუხის მიერ მოსარჩელის პოზიციის დადასტურებაც კი. შედეგად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა საქმის გარემოებები და უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სარჩელი.

კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ დადასტურებულია სალომბარდე სესხის გაცემის კონკრეტული პროცედურის თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობა და ამ პროცედურის დარღვევის გამო კომპანიისთვის მატერიალური ზიანის მიყენება. აქედან გამომდინარე, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, დასაქმებულთა მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მითითებით, ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 44-ე მუხლზე (მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი), რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იმავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამრიგად, სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, რამაც კონტრაჰენტს ზიანი მიაყენა, ბრალეულად მოქმედი მხარის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობას ქმნის. ზიანის ანაზღაურება კი, სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებიდან გამომდინარე, გამოიხატება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში, ან თუ ეს შეუძლებელია - კრედიტორისთვის ფულადი ანაზღაურებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის №ას-667-2023 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობის შეფასებისას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა, რადგან მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია:

- ა.ყ–ი და ს.ა–ძე, შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, დასაქმებულები იყვნენ შპს „ე.კ–იში“ ფილიალის მენეჯერების პოზიციებზე, ხოლო თ.ჯ–ა - ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე;

- მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებისა და შრომის შინაგანაწესის მიხედვით, დასაქმებული პასუხისმგებელი იყო დამსაქმებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე;

- შპს „ე.კ–ის“ სალომბარდე სესხის გაცემის თაობაზე პროცედურის მიხედვით, ექსპერტ-შემფასებელს ევალებოდა უზრუნველყოფის საგნის შეფასება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების, ხარისხისა და ტარიფების შესაბამისად. ფილიალის მენეჯერს კი ევალებოდა სესხის გაცემის პროცედურის ზედამხედველობა, მონიტორინგი, კონტროლი უზრუნველყოფილი სესხების წარმოება, ფილიალის თანამშრომლების მუშაობის მართვა-კონტროლი, უზრუნველყოფის საგნის შეფასება;

„ე.კ–ის“ ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, ექსპერტ-შემფასებელს ევალებოდა ძვირფასეულობის შეფასება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; კომპანიის შესაბამისი აპარატურით; ასეთი აპარატურით კომპანიის ფილიალი აღჭურვილი არ ყოფილა;

- 2020 წლის 26 აგვისტოს შპს „ე.კ–ის“ სახელით თ.ჯ–ამ ხელი მოაწერა სალომბარდე სესხის ხელშეკრულებას, რომლითაც გირავნობის საგნად დატოვებულ იქნა ძვირფასი მეტალის ნაკეთობა და გაიცა სესხი;

- სესხის გაცემამდე, დასაქმებულებმა გამადიდებელი შუშით შეამოწმეს და „დასინჯეს“ ნივთები, რის შედეგადაც მიანიჭეს შესაბამისი ხარისხის სინჯები; ე.წ. „ჩახეხვის“ მეთოდი არ გამოყენებულა;

- 2020 წლის 3 სექტემბერს შედგენილი დარღვევის აქტის თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში თ.ჯ–ამ და ს.ა–ძემ სტანდარტის დარღვევით შეაფასეს ხელშეკრულების საგანი, კერძოდ, არ „დასინჯეს“ ნივთები და ისე დაიტოვეს უზრუნველყოფის საგნად, უშუალო ხელმძღვანელის - ა.ყ–ის მითითებით; ა.ყ–მა კი არ მიითვალა ნივთები და არ დაინტერესდა გირავნობის საგნის შემცველობის ნამდვილობით;

- 2020 წლის 10 სექტემბერს მოპასუხეები გათავისუფლდნენ დაკავებული პოზიციებიდან კომპანიისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების გამო.

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს, მართალია, ევალებოდა უზრუნველყოფის საგნის შესაბამისი აპარატურით შემოწმება, თუმცა ხსენებული მოვალეობის შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო კომპანიის ბრალით - სწორედ დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ჯეროვნად შესასრულებლად ფილიალის სათანადო აპარატურით აღჭურვა. მაშასადამე, მოპასუხეები გირავნობის საგანს კონკრეტული აპარატურით ვერ შეამოწმებდნენ.

რაც შეეხება „კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების“ მიხედვით ნივთის სხვაგვარ შეფასებას, საგულისხმოა, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებითაც ზუსტად და მკაფიოდ დადგინდებოდა ნივთის შემოწმების კონკრეტული პროცედურა; მხარეთა მიერ წარმოდგენილი ზეპირი ახსნა-განმარტებები კი ამ მხრივ განსხვავებულია. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, რადგან გამადიდებელი შუშით შეამოწმეს და „დასინჯეს“ ნივთები. კასატორი კი, მართალია, აპელირებს ნაკეთობების „ჩახეხვის“ მეთოდით შემოწმების აუცილებლობაზე, თუმცა მან ვერ დაადასტურა ამ მეთოდის სავალდებულოდ გამოყენების თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობა; ასევე, ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ამ მეთოდის გამოყენებით რაიმე განსხვავებული შედეგი დადგებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არ დადასტურებულა ნივთის შემოწმების კონკრეტული მოვალეობის არსებობა (გარდა აპარატურით შემოწმებისა, რომლის განხორციელებაც დამსაქმებლის მიერ ასეთი აპარატურის შეძენასა და ფილიალში განთავსებაზე იყო დამოკიდებული), რომლის შეუსრულებლობაც ზიანის ანაზღაურების განმაპირობებელი გახდებოდა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი - ვერ დაადასტურა მოპასუხეთა მიერ მოვალეობების დარღვევა.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელემ ვერც ზიანის არსებობის ფაქტი დაადასტურა. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, მათ შორის, გირავნობის საგნის რეალური ღირებულების შეფასებაც კი, რომლის საფუძველზეც სასამართლოს ასანაზღაურებელი ზიანის (ასეთის დადასტურების შემთხვევაში) ოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, რადგან არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე.კ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება;

3. შპს „ე.კ–ის“ (ს/კ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1346 ლარის 70% - 942,2 ლარი (საგადახდო დავალება №5426, გადახდის თარიღი 05.07.2023წ.), შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე