საქმე №ას-1466-2023
1 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის განჩინებით გ.ბ–ძეს უარი ეთქვა სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განსახილველად მიღებაზე.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ.ბ–ძემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ქვითრის დედანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2020 წლის 30 სექტემბერს გ.ბ–ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინების განმარტება, ვადის გაგრძელება და მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.ბ–ძის განცხადება ვადის გაგრძელებისა და მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველი.
2020 წლის 30 ოქტომბერს გ.ბ–ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინების განმარტება და მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.ბ–ძის განცხადება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველი.
2020 წლის 24 ნოემბერს გ.ბ–ძემ განცხადებით კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინების განმარტება და მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.ბ–ძის განცხადება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრისა და 30 ნოემბრის განჩინებებზე კერძო საჩივრები შეიტანა გ.ბ–ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილ, გ.ბ–ძის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გ.ბ–ძეს აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილ, გ.ბ–ძის კერძო საჩივარს ასევე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გ.ბ–ძეს აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივრის დედანი.
2021 წლის 25 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა გ.ბ–ძემ, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის ვადის გარძელება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებებეში დაშვებული უსწორობების გასწორება და მოსამართლე ნინო ბაქაქურის აცილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველი; გ.ბ–ძის განცხადება განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.ბ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველი; გ.ბ–ძის განცხადება განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ.ბ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი.
2023 წლის 7 თებერვალს გ.ბ–ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ.ბ–ძემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო (კერძო) საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო (კერძო) საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო (კერძო) საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო პუნქტით კი განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება გ.ბ–ძეს გაეგზავნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში მითითებულ მისამართზე: ჭიათურა, სოფელი ...... და 2023 წლის 6 აპრილს ჩაბარდა პირადად გ.ბ–ძეს პ/ნ ...... (ს.ფ. 327).
სსსკ-ის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, გ.ბ–ძისათვოა კერძო საჩივრის წარმოდგენის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების - 2023 წლის 6 აპრილის მეორე დღეს - 2023 წლის 7 აპრილს და ამოიწურა 2022 წლის 18 აპრილს, რომელიც იყო სამუშაო დღე - სამშაბათი. ამდენად, გ.ბ–ძე ვალდებული იყო კერძო საჩივარი წარმოედგინა 2023 წლის 18 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში გ.ბ–ძეს კერძო საჩივარი არ წარმოუდგენია, მან კერძო საჩივარი სააპელაციო სასამარლოში წარადგინა 2023 წლის 1 მაისს, მისთვის განჩინების ჩაბარებიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია