ას-556-2022
14 ნოემბერი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – OOO S.M.E. (რუსეთის ფედერაცია), შპს „ბ.რ–ს“ (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2015 წლის 01 დეკემბერს, OOO „ S.M.E.“-მა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, კასატორი) და შპს „ბ.რ–სმა“ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „მ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხისათვის მოსარჩელეთა მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო, კომპენსაციის დაკისრება 400 000 ევროს ოდენობით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, OOO „ S.M.E.“-ის (რუსეთის ფედერაცია) და შპს „ბ.რ–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „მ–ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 200 000 ევროს (ექვივალენტი ლარში) გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს „მ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით, შპს „მ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს „მ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით, შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დასახელებულ განჩინებაში საკასაციო პალატამ მიუთითა შემდეგი:
· „სარჩელი მოსარჩელის სტადიაზე ერთი შეხედვით გამართულია: მოსარჩელე აცხადებს, რომ წარმოადგენს მომიჯნავე უფლების მფლობელს (აქვე უთითებს უფლების მოპოვების საფუძველს, თუმცა მითითების დონეზე საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ის განმარტება, რომ მას ეკუთვნის სადავო უფლება); მოპასუხემ თავისი აქტიური მოქმედებით ხელყო მოსარჩელის მომიჯნავე უფლება; უფლების დარღვევას შედეგად მოჰყვა ზიანი; ზიანი გამოწვეულია მოპასუხის ქმედების შედეგად (შესაბამისად მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია: ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 46(1); 48(1)(2.„ა“); 58(1)(2)(3.„ა“); 59(1.„ე“)(3). მიუხედავად ამისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს უფლების მოპოვების ნამდვილობაზე (თავის მხრივ ეს საკითხი მნიშვნელოვანია სათანადო მოსარჩელის დადგენისათვის) თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებაში, კერძოდ, პირველი მოსარჩელე განმარტავს, რომ მან მომიჯნავე უფლება მოიპოვა 2012 წლის 1 აპრილის სალიცენზიო შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც S.M.E.-მა ფილიალს გადასცა მის კატალოგში შესული ფონოგრამებისა და აუდიოვიზუალური მასალების გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია, საავტორო უფლებების დაცვის უზრუნველყოფით (2(2.1.„ა“)), ფილიალისთვის ლიცენზიის გაცემა მოიცავს შემოსავლის მიღების უფლებას, ფილიალს აქვს ფონოგრამის სინქრონიზაციის უფლება, ასევე ფილიალს აქვს სარჩელის აღძვრის უფლება დამრღვევი მხარის მიმართ (6.2.). რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, სარჩელის თანახმად, მისი უფლებამოსილება შემოიფარგლება პირველ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებების განხორციელებით, რომელიც უკავშირდება Sony Music-ის კატალოგიდან შესრულებებისა და ფონოგრამების დაცვასა და მათთან მიმართებით სამართალდარღვევათა აღკვეთისათვის მიმართულ ღონისძიებებს საქართველოს ტერიტორიაზე (წარმომადგენლობა, სასამართლოსთვის მიმართვა), ამასთან მეორე მოსარჩელე უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია. საგულისხმოა, რომ შპს „ბ.რ–სთან“ ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის სექტემბერში, მაშინ როდესაც უფლების სავარაუდო დარღვევას ადგილი ჰქონდა 2014 წლის ივნისში. ამდენად, განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკამათოა მეორე მოსარჩელის, როგორც უფლების მფლობელის საკითხი, ამ თვალსაზრისით მოპასუხემ წარადგინა საპროცესო შესაგებელი, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა არ არის დამაჯერებელი და სათანადოდ არგუმენტირებული, რაც მიუთითებს სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევაზე“.
· „მას შემდეგ, რაც დავადგინეთ პირველ მოსარჩელესთან მიმართებაში მისი სარჩელის ფორმალური გამართულობა, მნიშვნელოვანია შემოწმდეს შესაგებლის არსებითობა. პროცუალური თვალსაზრისით, როგორც 1.3.2. პუნქტში ვახსენეთ, მოპასუხე არ ეთანხმება, რომ მეორე მოსარჩლეს აქვს დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, ასევე თუკი ასეთი იარსებებს, უფლების მოპოვების დროიდან გამომდინარე, რაც სავსებით გასაზიარებელია, და საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ მხრივ კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული შედავება. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ მან არ უნდა აგოს პასუხი სავარაუდო დარღვევისათვის, არამედ შპს „კ–მა“, როგორც აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელმა. საკასაციო პალატა ამ მხრივ ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2014 წლის 22 მაისის ხელშეკრულებაზე (შპს „კ–სა“ და შპს „მ–ს“ შორის), რომლის 3.1. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად ვიდეო რგოლის შემუშავება. მართალია ხელშეკრულების შინაარსი არ მოიცავს შეთანხმებას კონკრეტული ფონოგრამის რეპროდუცირებაზე/სინქრონიზაციაზე, თუმცა ივარაუდება, რომ შემსრულებელი, როგორც რეკლამის დამამზადებელი და გამოცდილი ამ სფეროში, აკეთებს შეთავაზებებს დამკვეთისადმი, ხოლო დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღებით პრეზუმირებულია, რომ დამკვეთმა მოიწონა შესრულებული სამუშაო და ამით მიიღო კიდეც სარგებელი. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული. თეორიული თვალსაზრისით შეიძლება შპს „კ–ი“ სოლიდარულ მოვალედაც კი მივიჩნიოთ, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება“.
· „განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის სარეკლამო რგოლში, Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოების „Get Lucky“-ის გამოყენების ფაქტს, რომელიც შესრულებულია Daft Punk-ის მიერ და აცხადებს, რომ სარეკლამო რგოლში გამოყენებულია ი.კ–ის ე.წ. ინსრუმენტალური ქავერ ვერსია. მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე პირველადი ვარაუდის მტკიცება იმისა, რომ სარეკლამო რგოლში ნამდვილად ის ფონოგრამა იქნა გამოყენებული, რომელზეც მომიჯნავე უფლების მფლობელია მოსარჩელე მხარე, ეკისრებოდა ამ უკანასკნელს. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ამ მხრივ ისე გაიზიარეს მოსარჩელის ვერსია, რომ დაეყრდნენ CD დისკს და მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ამასთან ეს საკითხი სპეციალისტის/ექსპერტის კვლევის საგანი არ გამხდარა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ სფეროში მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საპროცესო ნორმებით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებიდან (სსსკ-ის 105-ე, 162-ე და 172-ე მუხლები). თუკი საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ დაძლია პირველადი ვარაუდის დამტკიცების ტვირთი, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ სარეკლამო რგოლში გამოყენებული იყო ი.კ–ის ე.წ. ინსრუმენტალური ქავერ ვერსია“.
· „ბოლოს, საკასაციო პალატა შეეხება დაკისრებული თანხის საფუძვლიანობას და ამ კონტექსტში კასატორის პრეტენზიების არსებითობას. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლი ითვალისწინებს მომიჯნავე უფლებების დაცვის რამდენიმე გზას, მათ შორისაა აღიარებითი სარჩელი; სარჩელი პირველადი მდგომარეობის აღდგენის, მოქმედების აღკვეთის შესახებ; სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ; სარჩელი შემოსავლის ჩამორთმევის შესახებ; მოპასუხისათვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება. როგორც სარჩელის შინაარსიდან დგინდება, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა. საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ იგი ითხოვს ე.წ. სადამსჯელო თანხას (Punitive damages), რომელიც თავის თავში მოიცავს, როგორც ფაქტობრივი ზიანის ელემენტს, ისე სანქციის ელემენტს (კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები). როგორც წესი, დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის ამგვარი ზომის დაკისრების მიზანია შემაკავებელი ეფექტის მიღება, ამასთან ასეთი ტიპის სარჩელებში მნივნელოვანია ბრალის ელემენტის არსებობა, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, რომ მოპასუხე მოქმედებდა წინასწარი განზრახვით ან სულ მცირე უხეში გაუფრთხილებლობით მაინც. ამას მოწმობს სავარაუდო დარღვევის შემდეგ კანონში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ 59(7) მუხლის თანახმად, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათ შორის დამრღვევის განზრახვა. ე.წ. Punitive damages-სგან განსხვავდება Compensatory damages, რა დროსაც ხდება დაზარალებულის სრული ფაქტობრივი ანაზღაურება და მისი მიზანი არ არის დამრღვევის დასჯა. ამ კონტექსტში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი, ასევე არასწორად იქნა განმარტებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის დებულებები, შესაბამისად კასატორის პრეტენზია გასაზიარებელია. რაც შეეხება კომპენსაციის იმ ელემენტს, რომელიც ეხება ფაქტობრივ ზიანს, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული რეკლამის დამზადება/განთავსების საფასური, სარეკლამო დრო და რეკლამის გავრცელების ტერიტორია. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტობრივი ზიანის ელემენტის დასადგენად ათვლის წერტილი უნდა იყოს ქართული ბაზარი ან საქართველოს ტერიტორიით, მოსახლეობის რაოდენობითა და ეკონომიკით მსგავსი ქვეყანა და არა რუსეთის ფედერაცია, ხოლო იმის მიხედვით, თუ როგორია დარღვევის მასშტაბი, დამრღვევის ქმედების ხასიათი და ის სარგებელი, რაც მან მიიღო უფლების ხელყოფის შედეგად, უნდა გაიზარდოს სადამსჯელო სანქციის ელემენტის ოდენობა“.
· ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჭირო იყო საპროცესო საკითხების გადაწყვეტა, ასევე, მტკიცებულებათა გამოკვლევა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412(1) მუხლის საფუძველზე, საქმე ხელახლა განსახილვად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
8. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „მ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი მე-2, მე-3 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; OOO „ S.M.E.“-ის (რუსეთის ფედერაცია) და შპს „ბ.რ–სის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1.სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივ გარემოებები:
9.1.1. Daft Punk-ის მიერ შესრულებულ მუსიკალურ ნაწარმოებზე „Get Lucky“, საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის S.M.E.s-ს, რომელიც წარმოდგენილია საკუთარი განყოფილების, Columbia records-ის სახით.
9.1.2. 2012 წლის 1 აპრილს, OOO „ S.M.E.“-სა (რუსეთის ფედერაცია) და S.M.E.s-ის (აშშ) შორის დაიდო სალიცენზიო შეთანხმება საერთაშორისო რეპერტუარის შესახებ, რომლის საფუძველზედაც, SME-მ მიანიჭა რუსეთის ფედერაციაში არსებულ OOO „ S.M.E.“-ს SME კატალოგში შესული ფონოგრამებისა და აუდიოვიზუალური მასალების გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია, მათ შორის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.
9.1.3. ხსენებული ხელშეკრულების 6.1 მუხლის შესაბამისად, SME კატალოგში შესული ნაწარმოების არაავტორიზირებული რეპროდუქციის, დისტრიბუციის, საჯარო შესრულების ან ჩანაწერის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევის გამოვლენისას, შესაბამისი მხარე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს SME-ს და მისი მოთხოვნის საფუძველზე, წამოიწყოს სათანადო სამართლებრივი პროცესი, მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული არაავტორიზებული რეპროდუქციის, დისტრიბუციის, საჯარო შესრულების ან ჩანაწერების სხვაგვარად გამოყენების შემთხვევის აღმოფხვრის მიზნით.
9.1.4. ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, თითოეული მხარე მეორე მხარეს ანიჭებს გამოუხმობ უფლებამოსილებას და ნიშნავს მას მის ჭეშმარიტ და კანონიერ წარმომადგენლად, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედება, რეპერტუარის მფლობელის ან ლიცენზიის გამცემი მხარის სახელით, ფონოგრამებისა და აუდიოვიზუალური მასალების არაავტორიზირებული რეპროდუქციის, დისტრიბუციის ადაპტაციის, საზოგადოებისათვის კომუნიკაციის, საჯარო შესრულების ან ჩანაწერების სხვაგვარად გამოყენების რაიმე შემთხვევას, ლიცენზირებული ტერიტორიის ფარგლებში. ხსენებული სამართლებრივი მოქმედება შესაძლოა მოიცავდეს სარჩელის აღძვრას დამრღვევი მხარის წინააღმდეგ ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, სარჩელის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და სამოქალაქო საქმისწარმოებას სასამართლოში დამრღვევი მხარის წინააღმდეგ. მხარეები აგრეთვე, ერთმანეთს ანიჭებენ სამართლებრივი მრჩეველების (ადვოკატების), ფონოგრაფიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების, სამდივნოს ან ეროვნული ჯგუფების წარმომადგენლებს, რათა ამ უკანასკნელებმა უზრუნველყონ ზემოთ აღწერილი ყველა ან ნებისმიერი სამართლებრივი ფუნქციის შესრულება.
9.1.5. ხელშეკრულების 6.4 მუხლის შესაბამისად, თითოეული მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს წარუდგინოს წინასწარი შეტყობინება, ზემოთხსენებული მინდობილობის საფუძველზე განხორციელებული ნებისმიერი მოქმედების შესახებ, მათ შორის (თუმცა არ მხოლოდ): ნებისმიერი სასამართლო საქმის აღძვრა ან წარმოება ზემოაღნიშნულის შესაბამისად.
9.1.6. 2014 წლის 18 სექტემბერს, გარკვეული ცვლილებები შევიდა 2012 წლის 1 აპრილის შეთანხმებაში.
9.1.7. 2014 წლის 1 სექტემბერს, „ S.M.E.“-მა (რფ) უფლება მიანიჭა შპს „ბ.რ–ს“ მიმნდობის დავალებით განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებები „Sony Music“-ის კატალოგიდან შესრულებებისა და ფონოგრამების დაცვისა და მათთან მიმართებით სამართალდარღვევაღათა აღკვეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე. [Sony Music კატალოგში მხარეები გულისხმობენ იმ შესრულებებისა და ფონოგრამების ერთობლიობას, რომელთა გამოყენების პრივატული უფლება ან პრივატული ლიცენზია გააჩნია მიმნდობს. აღნიშნულის ფარგლებში მინდობილ პირს ევალება წარმოადგინოს მიმნდობის ინტერესები სასამართლოებში].
9.1.8. OOO „ S.M.E. (რუსეთის ფედერაცია) არ არის S.M.E.s-ის ფილიალი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სალიცენზიო შეთანხმებაში მოხსენიებულია როგორც ფილიალი, უდავოა და მხარეებიც აღიარებენ, რომ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან და ამ შემთხვევაში, „ფილიალი“ არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული S.M.E.s-ის წარმომადგენლობა კონკრეტულ ქვეყანაში.
9.1.9. 2014 წლის 1 ივნისს, შპს „მ–ის“ მიერ ტელეკომპანია „რ. ?“-ის ეთერში არაერთგზის გავრცელდა შპს „მ–ის“ სარეკლამო რგოლი, რომელშიც მოსარჩელეთა მტკიცებით გამოყენებულია Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოები „Get Lucky“, შესრულებული Daft Punk-ის მიერ, რასაც თავის მხრივ უარყოფს მოპასუხე მხარე.
9.1.10. სადავო აუდიოვიზუალური ნაწარმოები დამზადებულია შპს „კ–ის“ მიერ, რომელთანაც შპს „მ–მა“ 2014 წლის 22 მაისს დადო ხელშეკრულება და რომლითაც შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად ვიდეო რგოლის შემუშავება.
9.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა S.M.E.s-ის მომიჯნავე უფლებების დარღვევას და შესაბამისად, მოითხოვდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის მოპასუხისათვის დაკისრებას. კერძოდ, წინამდებარე შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენდა შპს „მ–ის“ მხრიდან მოსარჩელეთა მომიჯნავე უფლებებით დაცული ფონოგრამით უნებართვო სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნა იმ ფაქტობრივ გარემოებას ემყარებოდა, რომ მოპასუხემ უნებართვოდ გამოიყენა მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ფონოგრამა.
9.3. სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო ფონოგრამა Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოები „Get Lucky“ შესრულებული Daft Punk-ის მიერ, ეკუთვნის S.M.E.s-ს, რომელიც წარმოდგენილია საკუთარი განყოფილების, Columbia records-ის სახით. მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხე მხარე პირველ რიგში სადავოდ ხდიდა მოსარჩელეთა უფლებამოსილებას იდავონ Daft Punk-ის მიერ შესრულებული Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოების - „Get Lucky“-ის ფონოგრამის მესამე პირთა მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარის მტკიცებით, კონკრეტულ ნაწარმოებთან მიმართებით განსაკუთრებული უფლებები მართალია მინიჭებული ჰქონდა S.M.E.s-ის (აშშ), რომელსაც თავის მხრივ სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა S.M.E.s-თან (რფ), თუმცა ხსენებული სალიცენზიო ხელშეკრულების 6.1 და 6.2 მუხლების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციაში მოქმედ კომპანიას არ ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება დამოუკიდებლად ედავა აშშ-ში მოქმედი S.M.E.s-ის განსაკუთრებული უფლებით დაცული ნაწარმოების უნებართვო გამოყენებასთან მიმართებით და მას მხოლოდ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლო სადავო გაეხადა სხვა პირთა მიერ უფლების დარღვევის საკითხი.
9.4. სააპელაციო პალატამ აღნიშნული შედავების ფარგლებში ყურადღება გაამახვილა წარმოდგენილ შეთანხმებაზე, რომლის 6.1 და 6.2 პუნქტების თანახმად, მხარეებმა იკისრეს ვალდებულება თავიანთ სამოქმედო არეალში გამოევლინათ ყველა არაავტორიზირებული მომხმარებელი და გამოვლენილ შემთხვევაში ეცნობებინათ მომიჯნავე უფლების მქონე სუბიექტისათვის (კატალოგის მფლობელისათვის) და ამ მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, (საფუძველზე) დაეწყო სათანადო პროცედურები დარღვევის აღმოფხვრის მიზნით - სარჩელის აღძვრის ჩათვლით. ასევე შეთანხმების 6.4 პუნქტის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებული იყო წინასწარ ეცნობებინა უფლების მფლობელისათვის ინიცირებული სასამართლო დავის შესახებ.
9.5. სააპელაციო პალატის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეები მომიჯნავე უფლების მფლობელის ინფორმირებისა და მასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე აწარმოებდნენ მიმდინარე დავას, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა სალიცენზო შეთანხმების ხსენებულ ნორმებთან. კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებდა, რომ პირველ მოსარჩელეს [რუსეთის ფედერაციაში მოქმედ კომპანიას] სათანადოდ ჰყავდა ინფორმირებული მომიჯნავე უფლების მფლობელი მხარე [აშშ-ში მოქმედი კომპანია]. ასევე არ დგინდებოდა, რომ მომიჯნავე უფლების მფლობელმა გასცა მოთხოვნა/ნებართვა სავარაუდო დარღვევასთან მიმართებით დავის (მათ შორის სასარჩელო წარმოების) დაწყების შესახებ.
9.6. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, წარმოდგენილი სალიცენზიო შეთანხმების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც არ დგინდებოდა მომიჯნავე უფლების უშუალო მფლობელის ინფორმირება და მისი ნება დავის წარმოებასთან მიმართებით, პირველი მოსარჩელე ვერ მიიჩნეოდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირად, რათა დამოუკიდებლად ედავა კონკრეტული მომიჯნავე უფლებების დარღვევის ფაქტზე. შესაბამისად, პირველი მოსარჩელის უფლებრივი ხარვეზი, ასევე არაუფლებამოსილს ხდიდა მეორე მოსარჩელეს ედავა მითითებულ უფლებებთან მიმართებით.
9.7. მეორე მოსარჩელესთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ დავაში, მისი უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა პირველ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებების განხორციელებით, რომელიც უკავშირდებოდა Sony Music-ის კატალოგიდან შესრულებებისა და ფონოგრამების დაცვასთან მიმართებით, სამართალდარღვევათა აღკვეთისათვის მიმართულ ღონისძიებებს საქართველოს ტერიტორიაზე. პალატის მოსაზრებით, საგულისხმო იყო, რომ შპს „ბ.რ–ას“ ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის სექტემბერში, მაშინ როდესაც უფლების სავარაუდო დარღვევას ადგილი ჰქონდა 2014 წლის ივნისში. ამდენად, განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მეორე მოსარჩელეს ამ მხრივაც არ გააჩნდა უფლებამოსილება ედავა მომიჯნავე უფლების მფლობელი მხარის ინტერესების დაცვაზე.
9.8. გარდა აღნიშნულისა, აპელანტი/მოპასუხე ასევე სადავოდ ხდიდა სარეკლამო რგოლში, Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოების „Get Lucky“-ის გამოყენების ფაქტს, რომელიც შესრულებულია Daft Punk-ის მიერ და აცხადებდა, რომ სარეკლამო რგოლში გამოყენებული იყო ი.კ–ის ე.წ. ინსრუმენტალური ქავერ ვერსია, რაც სულ სხვა პირის უფლების ობიექტი იყო.
9.9. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული შედავების ფარგლებში მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებზე, 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველ წინადადებაზე, 105-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ კვალიფიციური შედავება წარადგინა ფონოგრამის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის კუთვნილი მომიჯნავე უფლების ობიექტით, რაც შეიძლებოდა დადასტურებულიყო ექსპერტის დაკვნით, ასეთი კი საქმეში წარმოდგენილი არ იყო. მოსარჩელე მხარე მხოლოდ CD დისკზე და საკუთარ ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით ადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ სადავო პერიოდში გამოყენებული იყო მათი მომიჯნავე უფლებით დაცული ფონოგრამა, მაშინ როდესაც, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდიდა კლიპში ამ უფლების ობიექტის (ან მისი რომელიმე ნაწილის) გამოყენებას და აღნიშნავდა, რომ სარეკლამო რგოლში გამოყენებული იყო ი. კ–ის ე.წ. ინსტრუმენტი ქავერ ვერსია. მოპასუხე ამ გარემოებას ადასტურებდა სარეკლამო რგოლის დამამზადებლის წერილით, რომელიც წარმოადგენდა ამ სფეროში მოქმედ კომპანიას (სპეციალიზებულია ამ საქმიანობაზე, დიდი ხანია ოპერირებს სარეკლამო ბაზარზე და აქვს სათანადო რეპუტაცია). აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარეს რაიმე სახის საექსპერტო კვლევა ან სპეციალისტის განმარტება/ცნობა, რომ კლიპში გამოყენებული იყო სწორედ მისი მომიჯნავე უფლებით დაცული ფონოგრამა, არ წარმოუდგენია. ამასთან, მტკიცებულების სასამართლოში უშუალოდ გამოკვლევის (მოსმენის) შედეგად, სასამართლო დარწმუნდა შესადარებელ ფონოგრამებს შორის განსხვავების არსებობაში, ხოლო უფრო სიღრმისეული, ანუ სპეციალური ცოდნა აღნიშნულ საკითხზე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად სასამართლოს არ გააჩნდა, რის გამოც ვერ იქნებოდა გაზიარებული მოსარჩელის მითითებული მტკიცება. პალატის მითითებით, სწორედ მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანს წარმოადგენდა ედასტურებინა ის გარემოება, რომ მოპასუხე შპს „მ–ის“ ვიდეორგოლში გამოყენებული იყო S.M.E.s-ს (აშშ) მომიჯნავე უფლებით დაცული Daft Punk-ის მიერ შესრულებული Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოების - „Get Lucky“, რაც მხოლოდ წარმოდგენილი CD დისკის მეშვეობით ვერ იქნებოდა დადასტურებული, რამეთუ საკითხი მოითხოვდა სპეციალური ცოდნის მქონე პირის შეფასებას და მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებით და წარმოდგენილი ჩანაწერით ვერ იქნებოდა დადასტურებული. ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პალატას სსსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად, არ შეექმნა მყარი შინაგანი რწმენა მოსარჩელის მიერ მითითებული ფონოგრამის გამოყენებასთან მიმართებით.
9.10. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარე არ იყო უფლებამოსილი აღეძრა სარჩელი სადავო ფონოგრამაზე უფლების დარღვევასთან დაკავშრებით და არც მოპასუხე მხარეს არ ჰქონდა გამოყენებული სადავო ფონოგრამა, ხოლო, რამდენადაც არ არსებობდა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით განსაზღვრული ზემოაღნიშნული ორი წინაპირობა, გამორიცხული იყო სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ფონოგრამის გამოყენებაზე ნებართვის მიღების საჭიროებასა და დაკისრებული თანხის ოდენობის საფუძვლიანობაზე პალატამ მსჯელობა აღარ განავრცო.
9.11. რაც შეეხება აპელანტის შედავებას სარეკლამო კლიპის სხვა სუბიექტის - შპს „კ–ის“ მიერ დამზადებასთან მიმართებით, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატამ საკასაციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, აღნიშნა, რომ შპს „კ–სა“ და შპს „მ–ს“ შორის 2014 წლის 22 მაისის ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად ვიდეო რგოლის შემუშავება. მართალია ხელშეკრულების შინაარსი არ მოიცავდა შეთანხმებას კონკრეტული ფონოგრამის რეპროდუცირებაზე/სინქრონიზაციაზე, თუმცა ივარაუდება, რომ შემსრულებელი, როგორც რეკლამის დამამზადებელი და გამოცდილი ამ სფეროში, აკეთებდა შეთავაზებებს დამკვეთისადმი, ხოლო დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღებით პრეზუმირებული იყო, რომ დამკვეთმა მოიწონა შესრულებული სამუშაო და ამით მიიღო კიდეც სარგებელი. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, მოპასუხის პრეტენზია მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლები თაობაზე დაუსაბუთებელი იყო და ვერ იქნებოდა გაზიარებული. თეორიული თვალსაზრისით შესაძლებელი იყო შპს „კ–ი“ სოლიდარულ მოვალედაც ყოფილიყო მიჩნეული, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილი იყო თავისი სურვილისამებრ შესრულება მოეთხოვა ნებისმიერი მოვალისათვის როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება კი, ძალაში რჩებოდა.
10. OOO. S.M.E.-ისა და შპს „ბ.რ–სის“ საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10.1. კასატორები სადავოდ ხდიან ფონოგრამაზე განსაკუთრებულ უფლებასთან და უფლებების გადაცემის განსაკუთრებული ხელშეკრულების სამართლებრივ შედეგებთან მიმართებით, სააპელაციო პალატის მიერ განვითარებულ მსჯელობას.
10.1.1. კასატორების განმარტებით, სასამართლო დაუსაბუთებელ და კანონის საწინააღმდეგო დასკვნას აკეთებს მასზედ, რომ მოსარჩელეები მომიჯნავე უფლების მფლობელის ინფორმირებისა და მასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე აწარმოებენ მიმდინარე დავას, რაც წინააღმდეგობაში მოდის სალიცენზო შეთანხმების ნორმებთან. კერძოდ, კასატორების მითითებით, ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ ერთმა მხარემ უნდა მოიპოვოს წინასწარი თანხმობა სარჩელის წარდგენამდე, ან მხოლოდ წინასწარი თანხმობის შემთხვევაში დაიწყოს სასარჩელო წარმოება; ხელშეკრულებაში არ არის განსაკუთრებული უფლების შემზღუდველი არანაირი პირდაპირი ჩანაწერი. ხელშეკრულება ითვალისწინებს მხოლოდ მხარეთა ანგარიშ-ვალდებულების მუხლს, რომელიც ერთ მხარეს ავალდებულებს, რომ უბრალოდ მიაწოდოს წინასწარ ინფორმაცია თუ ვის ედავება. ინფორმაციის მიწოდება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უფლებების შემზღუდველ გარემოებად, რადგან მარწმუნებლისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება შეიძლება რწმუნებულსაც ეკისრებოდეს, თუმცა, ამ პერიოდში გამოვლენილი რწმუნებულის ნება ნამდვილი იყოს მესამე პირებთან მიმართებით. კასატორის განმარტებით, ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არის ორი მხარის შიდა ანგარიშ-ვალდებულებისა და ინფორმირებულობის დათქმა, რომელიც ვერ მოახდენს გავლენას განსაკუთრებული უფლების მფლობელის ნების გამოვლენაზე, რადგან ხელშეკრულების დადების მომენტიდანვე, მხოლოდ S.M.E. (რფ) გახდა განსაკუთრებული უფლების მფლობელი და კანონის შესაბამისად, მხოლოდ მას ჰქონდა უფლებამოსილება განეხორციელებინა, ნება დაერთო ანდა აეკრძალა ფონოგრამის გამოყენება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ S.M.E.(რფ) იყო განსაკუთრებული უფლების მფლობელი და არ სჭირდებოდა S.M.E.(აშშ)-ის თანხმობას და ინფორმირებულობას მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის მიზანი ჰქონდა, ცალსახაა, რომ S.M.E.(აშშ) ინფორმირებული იყო დავის შესახებ, რამეთუ საკუთარი მოქმედებით, საქმისათვის მნიშნელოვანი მტკიცებულების უზრუნველსაყოფად, გააკეთა კიდეც წერილობითი განმარტება და აღნიშნულით მოიწონა S.M.E.(რფ)-ის ქმედება. აქვე, კასატორები აღნიშნავენ, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და სასამართლოც დადგენილ ფაქტად მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული მომიჯნავე ქონებრივი უფლებები Daft Punk-ის მიერ შესრულებული Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოების - „Get Lucky”-ის ფონოგრამაზე ეკუთვნის S.M.E.s(აშშ)-ს, რომელსაც თავის მხრივ სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს S.M.E.s(რფ)-სთან.
10.1.2. რაც შეეხება შპს „ბ.რ–სის“ უფლებამოსილების საკითხს, კასატორები განმარტავენ, რომ შპს „ბ.რ–სი“ უფლებამოსილია გასცეს ლიცენზიები ყველა იმ ნაწარმოების გამოყენებაზე, რომელთა მომიჯნავე უფლების მფლობელია O. S.M.E. (რფ) ამ უკანასკნელსა და S.M.E.(აშშ)-ს შორის 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აგრეთვე, შპს „ბ.რ–ს“-სა და O. S.M.E.(რფ)-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების (№88–I) პირველი მუხლის საფუძველზე, შპს „ბ.რ–ს“ მიენიჭა უფლებამოსილება გააფორმოს სუბსალიცენზიო ხელშეკრულებები მესამე პირებთან, S.M.E.–ის კატალოგში/რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოების გამოყენებისათვის. განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება ვრცელდება მათ შორის, შპს „მ–ის“ მიერ გამოყენებაზე. შესაბამისად, შპს „ბ.რ–სმა“ შეიძინა უფლება საკუთარი სახელით დადოს ლიცენზია და მიიღოს ჰონორარი, რაც აძლევს დამოუკიდებლად მოსარჩელედ ყოფნის ლეგიტიმურ უფლებამოსილებას.
10.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორები სადავოდ ხდიან იმ გარემოებას, რომ შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და დაარღვია სსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი, აგრეთვე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი.
10.2.1. კასატორების განმარტებით, სასამართლოს მითითება მასზედ, რომ მან ვერ დაადგინა Daft Punk - Get Lucky-სა და რეკლამაში გამოყენებულ ფონოგრამას შორის მსგავსება; რომ არ დგინდებოდა S.M.E.-ის უფლებები გამოყენებულ ფონოგრამაზე და რომ მსგავსებისათვის აუცილებელი იყო ექსპერტის დასკვნა, საფრთხეს უქმნის სმენითად აღქმად ნებისმიერ დავასთან მიმართებით, მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტს. კასატორების მოსაზრებით, ნებისმიერი სმენითი კომპონენტი, იქნება ეს პირის საუბარი, სიტყვითი თუ მელოდიური ხასიათის მტკიცებულება, რომელიც აღქმადი არის სმენის საშუალებით ადამიანის მიერ, არ შეიძლება დაექვემდებაროს სავალდებულო ექსპერტიზას. უფრო მეტიც, კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ განიმარტა, რომ რეკლამაში გამოყენებულ იქნა Daft Punk Get Lucky-ს ქავერი, რაც თავისთავად გულისხმობს გადამუშავებულ ვერსიას. გადამუშავებული ვერსიის გამოყენებით კი, ხდება ორიგინალი ვერსიის ავტომატური გამოყენებაც და საჭიროებს ორიგინალი ფონოგრამის დამამზადელის თანხმობასაც, თუმცა, რეკლამაში გამოყენებული მონაკვეთი უცვლელად იყო გამოყენებული და მისი შემოწმება არ საჭიროებდა სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას.
10.2.2. კასატორების მითითებით, მათ წარმოადგინეს ორიგინალი ფონოგრამა; მასზე გაკეთებული სათანადო მითითებითა და პრეზუმფციით კი, დადასტურდა და მეორე მხარემაც დაადასტურა, რომ Daft Punk - Get Lucky-ის ფონოგრამის დამამზადებელი არის S.M.E.(აშშ), შესაბამისად, ამ მომენტიდან მოპასუხის მხარეს გადავიდა მტკიცების ტვირტი, რომ Daft Punk Get Lucky-ის ნებისმიერ ვერსიაზე, სხვა პირი არის განსაკუთრებული უფლების მფლობელი (თუ დაადასტურებდნენ სხვა ვერსიის გამოყენებას), რაც მხარემ ვერ დაძლია.
10.2.3. გარდა ამისა, კასატორების განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ფონოგრამა იყო ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ფონოგრამის ჟღერადობას. 158-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეებს მთავარ სხდომაზე შეეძლოთ სასამართლოს წინაშე ეშუამდგომლათ, რომ მათ ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით წარმოედგინათ ექსპერტის დასკვნები, თუ ასეთი შუამდგომლობა საპატიო მიზეზით არ იყო მათ მიერ აღძრული საქმის მომზადების სტადიაზე, ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, ექსპერტიზის დანიშვნა ნივთიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის მიზნით, სასამართლოს შეეძლო თავისი ინიციატივითაც. მოპასუხე მხარესაც და სასამართლოსაც შეეძლოთ ნივთიერი მტკიცებულების შესაფასებლად დაენიშნათ ექსპერტიზა და გაებათილებინათ ფონოგრამაზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის პრეზუმფციის საკითხი, თუმცა, კასატორების მითითებით, მათ აღნიშნული არ განუხორციელებიათ.
10.2.4. კასატორების მოსაზრებით, უსაფუძვლოა ასევე სასამართლოს მითითება მასზედ, რომ მას არ შეეძლო შეეფასებინა ფონოგრამის სმენითი მხარე. ამასთან, თუ სასამართლო თვლიდა რომ მას არ ჰქონდა სპეციალური ცოდნა, სსსკ-ის 162-ე მუხლი მას აძლევდა უფლებას თავისი ინიციატივით დაენიშნა ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელი იქნებოდა. კასატორები აღნიშნავენ, რომ მართალია, სასამართლომ ზეპირი ფორმით განმარტა, რომ ამ საკითხს არსებითი მნიშნელობა ჰქონდა საქმის გადასაწყვეტად, თუმცა, გაუგებარი მიზეზით არ დანიშნა ექსპერტიზა.
10.3. კასატორები სადავოდ ხდიან ასევე სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებას, წარმოდგენილი მორიგების აქტის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვაზე უარის თქმის შესახებ. კასატორები აღნიშნავენ, რომ ახალი მტკიცებულების წარდგენის დროს, კანონი იმპერატიულად მხოლოდ ერთი გარემოების შემოწმებას ავალებს სასამართლოს -ჰქონდა თუ არა მხარეს შესაძლებლობა ეს მტკიცებულება წარმოედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. კასატორების მოსაზრებით, ამ ნაწილში მათ დაასაბუთეს, რომ მორიგების აქტი ხელმოწერილი იყო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე, შესაბამისად შეუძლებელი იყო მისი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენა, რადგან ის ფიზიკურად არ არსებობდა, თუმცა სასამართლო გასცდა ნორმის იმპერატიულ დათქმას, შევიდა მტკიცებულების შინაარსობრივი ნაწილის შეფასებაში და იმ საფუძვლით, რომ ის არ იყო კავშირში საქმესთან, უარი უთხრა მხარეს მტკიცებულების დართვაზე, რაც წარმოადგენდა სსსკ-ის 380-ე მუხლის დარღვევას.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული O. S.M.E. (რუსეთის ფედერაცია)-ისა და შპს „ბ.რ–სის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2022 წლის 04 აგვისტოს განჩინებით, O. S.M.E.-ისა (რუსეთის ფედერაცია) და შპს „ბ.რ–სის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელეთა მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო, კომპენსაციის დაკისრების წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ კომპონენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
15. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის მოსარჩელეთა მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო, კომპენსაციის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა იმ ფაქტობრივ გარემოებას ემყარება, რომ მოპასუხემ თავისი აქტიური მოქმედებით ხელყო მოსარჩელეთა მომიჯნავე უფლება და სარეკლამო ვიდეორგოლში უნებართვოდ გამოიყენა S.M.E.s-ის მომიჯნავე უფლებით დაცული Daft Punk-ის მიერ შესრულებული Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოები - „Get Lucky“; სარჩელის თანახმად, უფლების დარღვევას შედეგად მოჰყვა ზიანი, რაც გამოწვეულია მოპასუხის ქმედებით.
16. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 46.1 (მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები არიან: შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები), 48.1 (ფონოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ფონოგრამა ნებისმიერი ფორმით, ფონოგრამის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით), 48.2 „ა“ (ფონოგრამის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ფონოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება), 58.1 (ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას), 58.2 (ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად), 58.3 „ა“ (საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება) და ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 59.1 „ე“ (საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები) მუხლების საფუძველზე.
17. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განჩინების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, ხელახლა იმსჯელა მოსარჩელეთა უფლებამოსილების ფარგლებზე, სადავო ფონოგრამის შინაარსობრივ მხარეზე და საბოლოო ჯამში, მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ უფლებამოსილნი აღეძრათ სარჩელი სადავო ფონოგრამაზე უფლების დარღვევასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, არც მოპასუხე მხარეს ჰქონდა გამოყენებული სარეკლამო ვიდეორგოლში სადავო ფონოგრამა; ხოლო, რამდენადაც არ არსებობდა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით განსაზღვრული ზემოაღნიშნული ორი წინაპირობა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შეუძლებელი იყო სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნულს არ იზიარებენ კასატორები და შედავება წარმოადგინეს იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელეთა უფლებამოსილების ფარგლები და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მხარეთა შორის არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
19. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდიდა და სააპელაციო პალატამაც გაიზიარა მოპასუხის შედავება მასზედ, რომ S.M.E. (აშშ)-სა და S.M.E. (რფ)-ს შორის გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციაში მოქმედ კომპანიას არ ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება დამოუკიდებლად ედავა აშშ-ში მოქმედი S.M.E.-ის განსაკუთრებული უფლებით დაცული ნაწარმოების უნებართვო გამოყენებასთან მიმართებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, რამდენადაც არ დგინდებოდა მომიჯნავე უფლების უშუალო მფლობელის ინფორმირება და მისი მოთხოვნა/ნებართვა სავარაუდო დარღვევასთან მიმართებით დავის დაწყების თაობაზე, პირველი მოსარჩელე ვერ მიიჩნეოდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირად, რათა დამოუკიდებლად ედავა კონკრეტული მომიჯნავე უფლებების დარღვევის ფაქტზე. პირველი მოსარჩელის უფლებრივი ხარვეზი კი, თავის მხრივ, არაუფლებამოსილს ხდიდა მეორე მოსარჩელესაც - შპს „ბ.რ–ს“, რომელსაც 2014 წლის 1 სექტემბერს „ S.M.E.“-მა (რფ) უფლება მიანიჭა მიმნდობის დავალებით განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებები „Sony Music“-ის კატალოგიდან შესრულებებისა და ფონოგრამების დაცვისა და მათთან მიმართებით სამართალდარღვევაღათა აღკვეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის მითითებით, მეორე მოსარჩელესთან ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის სექტემბერში, მაშინ როდესაც უფლების სავარაუდო დარღვევას ადგილი ჰქონდა 2014 წლის ივნისში. შესაბამისად, მეორე მოსარჩელეს ამ მხრივაც არ გააჩნდა უფლებამოსილება ედავა მომიჯნავე უფლების მფლობელი მხარის ინტერესების დაცვაზე.
20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მასზედ, რომ პირველი მოსარჩელე - S. m.e. (რფ) ვერ მიიჩნეოდა სარჩელის აღძვრაზე სათანადო უფლებამოსილების მქონე პირად. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განჩინებაზე (რომლითაც წინამდებარე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს), სადაც საკასაციო პალატამ სარჩელის გამართულობა დაუკავშირა უფლების მოპოვების ნამდვილობას თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებით, რადგან ეს საკითხი მნიშვნელოვანი იყო სათანადო მოსარჩელის დადგენისათვის და განსახილველ დავაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მხოლოდ მეორე მოსარჩელის - შპს „ბ.რ–სის“, როგორც უფლების მფლობელის საკითხი. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით დადასტურდა, რომ S.M.E. (რფ), რომელსაც სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს S.M.E. (აშშ)-სთან (რომელსაც თავის მხრივ გააჩნია განსაკუთრებული უფლებები Daft Punk-ის მიერ შესრულებული Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოებზე - „Get Lucky“), წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს, ე.ი. სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილების მქონე სუბიექტს. შესაბამისად, რამდენადაც უკვე დადგენილია პირველი მოსარჩელის - S. m.e. (რფ)-ის უფლებამოსილება დამოუკიდებლად იდავოს S. m.e. -ის განსაკუთრებული უფლებით დაცული ნაწარმოების უნებართვოდ გამოყენებასთან მიმართებით, ეს საკითხი სააპელაციო პალატის შეფასების საგანს აღარ წარმოადგენდა, რის გამოც, პირველი მოსარჩელის - S.M.E. (რფ)-ის უფლებამოსილების ნაწილში სააპელაციო პალატის მსჯელობა უსაფუძვლოა.
21. რაც შეეხება შპს „ბ.რ–სის“ უფლებამოსილების საკითხს, საკასაციო პალატის ზემოაღნიშნულ აბზაცში განვითარებული მსჯელობა გამორიცხავს სააპელაციო პალატის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას მასზედ, რომ პირველი მოსარჩელის უფლებრივი ხარვეზი არაუფლებამოსილს ხდიდა მეორე მოსარჩელესაც, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე მოსარჩელეს - შპს „ბ.რ–სს“, მაინც არ გააჩნდა უფლებამოსილება დამოუკიდებლად ედავა მომიჯნავე უფლების მფლობელი მხარის ინტერესების დაცვაზე და ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამართალწარმოების ეტაპზე პირის პროცესუალურ სტატუსს, რომელიც მას მხარედ აქცევს და უზრუნველყოფს მონაწილის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს საკუთარი პროცესუალური უფლებების რეალიზება და ამის შედეგად სადავო მატერიალურ-სამართლებრივი უფლების დაცვა.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასათანადო მოსარჩელედ ითვლება ისეთი პირი, რომელსაც არ აქვს მოთხოვნის უფლება, ხოლო, იმის გასარკვევად, აქვს თუ არა პირს, რომელმაც სარჩელი აღძრა, მოთხოვნის უფლება, უნდა მივმართოთ მატერიალურ სამართალს. ამრიგად, სარჩელის აღმძვრელი პირის სათანადო მოსარჩელეობა განისაზღვრება მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. არასათანადო მოსარჩელისაგან უნდა განვასხვავოთ სარჩელის აღძვრაზე არაუფლებამოსილი პირი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა გაფორმდეს კანონით განსაზღვრული წესით. თუ პირი აღძრავს სარჩელს სხვა პირის უფლების დასაცავად, მაგრამ მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ იქნება გაფორმებული კანონით დადგენილი წესით (სსკ-ს 96-ე მუხლი), მაშინ საქმე გვაქვს არაუფლებამოსილ პირთან. ამრიგად, არასათანადო მოსარჩელე, ესაა პირი, რომელმაც აღძრა სარჩელი თავისი უფლების დასაცავად, თუმცა არ აქვს ამ სარჩელით წამოყენებული მოთხოვნის უფლება. ანუ, არ აქვს მატერიალურ სამართლებრივი ინტერესი ამ საქმეში. არაუფლებამოსილი პირი კი, ესაა პირი, რომელმაც აღძრა სარჩელი სხვისი უფლების დასაცავად, მაგრამ არ აქვს ამ სხვა პირის მიერ სათანადო წესით გაფორმებული უფლებამოსილება (იხ. თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მუხლი 84, გვ. 15-159).
23. ამდენად, მეორე მოსარჩელის - შპს „ბ.რ–სის“ სათანადო მოსარჩელედ მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ იგი სადავო მატერიალური უფლების მფლობელი იყოს, ანუ, მას უნდა გააჩნდეს სადავო ფონოგრამის გამოყენებაზე ექსკლუზიური ლიცენზია საავტორო/მომიჯნავე უფლების დაცვის უზრუნველყოფით („საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლი: განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ).
24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ შპს „ბ.რ–სს“ სადავო ფონოგრამაზე მომიჯნავე უფლება შეძენილი აქვს O. S.M.E. (რფ)-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა მიხედვით, შპს „ბ.რ–სი“ უფლებამოსილია გასცეს ლიცენზიები OOO S. m.e. -ის რეპერტუარში შემავალ ყველა ნაწარმოებზე, მათ შორის, Daft Punk-ის მიერ შესრულებული Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოების - „Get Lucky“-ის სარეკლამო რგოლში ჩართვის თაობაზე, ასევე, მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება და მომიჯნავე უფლების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად, კომპენსაციის გადახდა, რაც მას ანიჭებს მოსარჩელედ (დამოუკიდებლად) ყოფნის ლეგიტიმურ უფლებამოსილებას.
25. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ბ.რ–სის“ მატერიალური უფლების დასადასტურებლად, საქმეში წარმოდგენილია შპს „ბ.რ–სა“ და S. m.e. (რფ)-ს შორის, 2014 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული თანამშრომლობის №88-Д ჩარჩო-შეთანხმება, იმავე თარიღის №98-Д ხელშეკრულება და 2014 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული №154 შეთანხმება, მაშინ, როცა საქმის მასალებით დგინდება, რომ სარეკლამო ვიდეორგოლი დამზადდა 2014 წლის 27 მაისს და ტელეეთერში განთავსდა იმავე წლის 01 ივნისს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დგინდება, რომ უფლების სავარაუდო დარღვევას ადგილი ჰქონდა O. S.M.E.-სა (რფ) და შპს „ბ.რ–ს“ შორის ხელშეკრულებების გაფორმებამდე სულ მცირე 3 თვით ადრე, საკასაციო პალატა გამორიცხავს შპს „ბ.რ–სის“ მოსარჩელედ (დამოუკიდებლად) ყოფნის პროცესუალურ შესაძლებლობას, რამეთუ უფლების დარღვევის პერიოდში, OOO S.m.e.-ის რეპერტუარში შემავალი ნაწარმოებები არ წარმოადგენდა შპს „ბ.რ–სის“ მომიჯნავე უფლებით დაცულ ობიექტს.
26. იმ შემთხვევაშიც, თუკი სააპელაციო პალატა უფლების წარმოშობის დროიდან გამომდინარე, შპს „ბ.რ–სის“ მოსარჩელედ (დამოუკიდებლად) ყოფნას ლეგიტიმურად მიიჩნევდა, დღის წესრიგში დადგებოდა საკითხი - O. S.M.E. (რფ)-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს „ბ.რ–ს“ ნამდვილად გადაეცა თუ არა მომიჯნავე უფლებები (ლიცენზიის გაცემის უფლება მომიჯნავე უფლების დაცვის უზრუნველყოფით) O. S.M.E.-ის რეპერტუარში შემავალ ნაწარმოებებზე, მათ შორის, სადავო ფონოგრამაზე და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა მოცულობით. აქედან გამომდინარე, სადავო საკითხის სრულყოფილად შეფასების მიზნით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შეფასებას დაექვემდებაროს შპს „ბ.რ–სის“ მატერიალური უფლების დასადასტურებლად, საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული თანამშრომლობის №88-Д ჩარჩო-შეთანხმების, იმავე თარიღის №98-Д ხელშეკრულებისა და 2014 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული №154 შეთანხმების დებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე, დგინდება შემდეგი:
26.1. 01.09.2014 წლის თანამშრომლობის №88-Д ჩარჩო-შეთანხმება დამოუკიდებლად არ წარმოშობს რაიმე უფლებებს მხარეთათვის, რაც პირდაპირაა მითითებული ამავე შეთანხმების 1.1 (Sony music უფლებას ანიჭებს შპს „ბ.რ–ს“ გააფორმოს მესამე პირებთან სუბსალიცენზიო ხელშეკრულებები Sony music-ის კატალოგიდან რთული ობიექტის შემადგენლობაში, შესრულებებისა და ფონოგრამების, მ.შ აუდიოვიზუალური ნაწარმოებების გამოსაყენებლად წინამდებარე შეთანხმებითა და Sony music-სა და bravo record-ს შორის მომავალში დასადები კონკრეტული სალიცენზიო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დათქმებისა და შეზღუდების გათვალისწინებით), 1.2 (წინამდებარე შეთანხმება, თუ მხარეები ჩათვლიან საჭიროდ, წარმოადგენს წანამძღვარს კონკრეტული სალიცენზიო ხელშეკრულებების გასაფორმებლად სონი მიუზიკის კატალოგიდან რთული ობიექტის შემადგენლობაში, შესრულებებისა და ფონოგრამების, მ.შ აუდიოვიზუალური ნაწარმოებების გამოსაყენებლად. მითითებულ სალიცენზიო ხელშეკრულებებზე გავრცელდება წინამდებარე ჩარჩო-შეთანხმების დებულებები. ჩარჩო-შეთანხმებასთან სალიცენზიო ხელშეკრულებების წინააღმდეგობისას, უპირატესობა ენიჭება სალიცენზიო ხელშეკრულებას) და 1.3 (წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას და ხელმომწერებს არ აკისრებს არც ფინანსურ და არც სამართლებრივ ვალდებულებებს მხარეებს შორის 1.2 პუნქტში მითითებული კონკრეტული სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმებამდე) პუნქტებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტით განისაზღვრა შეთანხმების ზოგადი პირობები და თანამშრომლობის წესი, რომლის 2.1 პუნქტით (Sony music-ს შეუძლია გასცეს მინდობილობები შპს „ბ.რ–ის“ თანამშრომლებზე ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისას Sony music-ის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების წარმოსადგენად) პირდაპირ განიმარტა, რომ შპს „ბ.რ–სი“ წარმოადგენს Sony music-ის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
26.2. 01.09.2014 წლის №98-Д ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე სახის მითითებას S.M.E. (რფ)-ის მიერ შპს „ბ.რ–სისათვის“ S.M.E. (აშშ)-ის კატალოგში შემავალ ფონოგრამებზე ექსკლუზიური ლიცენზიის გაცემის უფლების მინიჭების თაობაზე (მაგ. როგორც ეს მიეთითა OOO „ S.M.E.“-სა (აშშ) და S.M.E.s-ის (რფ) შორის გაფორმებული საერთაშორისო რეპერტუარის შესახებ სალიცენზიო შეთანხმების 2.1. „ა“ ქ/პუნქტში). საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასახელებული ხელშეკრულება წარმოადგენს ტიპიურ დავალების ხელშეკრულებას (სსკ-ის 709 მუხლი: დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), რამეთუ ამავე ხელშეკრულების 1.1 (მიმნდობი - S. m.e. (რფ) ანდობს, მინდობილი პირი - შპს „ბ.რ“ კი, იღებს თავს თავზე ვალდებულებას მიმნდობის დავალებით განახორციელოს წინამდებარე ხეშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებები Sony music-ის კატალოგიდან შესრულებებისა და ფონოგრამების დაცვისა და მათთან მიმართებით სამართალდარღვევათა აღკვეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე) და 2.3 (მიმნდობის მხრიდან წინასწარი წერილობითი თანმხობის მიღების შემთხვევაში, მინდობილი პირი ვალდებულია: აწარმოოს მოლაპარაკებები დამრღვევებთან და გააფორმოს მათთან დავების სასამართლომდელი რეგულირებისაკენ მიმართული შეთანხმებები; წარმოადგინოს მიმნდობის ინტერესები სასამართლოებში, საარბიტრაჟო სასამართლოებსა და ნებისმიერი ინსტანციის სამართალდამცავ ორგანოებში მიმნდობის უფლებების დარღვევებთან მიმართებით წარდგენილ სარჩელებსა და განცხადებებთან დაკავშირებით. მასვე ენიჭება მინდობილობაში გადმოცემული უფლებამოსილებების შესაბამისი პროცესუალური მოქმედებების განხორციელების უფლება; მიიღოს მიმნდობის უფლებების დამრღვევებისგან სასამართლოს გადაწყვეტილებით გადახდილი ან მშვიდობიანი შეთანხმების სასამართლოს მიერ დამტკიცებული ფულადი საშუალებები, მ.შ. წარადგინოს აღსრულების დოკუმენტი აღსასრულებლად, მონაწილეობა მიიღოს აღსრულებით წარმოებაში) პუნქტებით, პირდაპირ განისაზღვრა შპს „ბ.რ–სის“ უფლებამოსილება S. m.e. (რფ)-ის დავალებით განახორციელოს მხოლოდ გარკვეული იურიდიული მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ხელშეკრულება შპს „ბ.რ–ს“ არც საკუთარი სახელით კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს, რაც დასტურდება ამავე ხელშეკრულების 4.1 (მინდობილი პირის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალება შესრულებულად ითვლება, თუ: მიმნდობის უფლებების დარღვევის გამო კომპენსაციის და/ან ზარალის ამოღების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია სასამართლო განხილვების პროცესში, ან სასამართლოზე მიღწეულია მშვიდობიანი შეთანხმება დამრღვევთან და შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებული კომპენსაციის და/ან ზარალის ამოღებასთან ან მშვიდობიანი შეთაჯნხმების მიღწევასთან დაკავშირებით შესრულებულია და მინდობილ პირს მიღებული აქვს დამრღვევისგან ფულადი საშუალებები) და 4.3 (მინდობილი პირი ვალდებულია გადაურიცხოს მიმნდობს ამ უკანასკნელის უფლებების დამრღვევებისგან მიღებული ფულადი საშუალებები საკუთარი სარგოს გამოკლებით......მიმნდობისაგან დამატებითი მოთხოვნის გარეშე) პუნქტებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებული ხელშეკრულებით, შპს „ბ.რ–სს“ უფლება აქვს იმოქმედოს როგორც „რწმუნებულმა“/მინდობილმა“, „მარწმუნებლის“/“მიმნდობის“ (S. m.e. (რფ)-ის) ინტერესების წარმოსადგენად, მხოლოდ ამ უკანასკნელის მიერ, მისთვის დავალებული მოქმედების ფარგლებში, რაც დამატებით დასტურდება ამავე ხელშეკრულების 3.1 (მიმნდობი ვალდებულია გადასცეს მინდობილ პირს, ასევე მის თანამშრომლებსა და მასთან შეთანხმებულ სხვა პირებს (იურისტებს, ადვოკატებს) მინდობილობები მიმნდობის ინტერესების წარმოსადგენად წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალების შესასრულებლად) პუნქტით.
26.3. რაც შეეხება 2014 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ №154 შეთანხმებას, აღნიშნული შეთანხმებაც, თავისი არსით, ტიპიური დავალების ხელშეკრულებაა, რომელიც გაფორმებულია კონკრეტულად კომპანია „მ–ის“ მიერ Sony music-ის კატალოგიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფონოგრამის უკანონო ფაქტის გამოვლენასთან დაკავშირებით (პუნქტი 1). აღსანიშნავია, რომ დასახელებულ შეთანხმებაში შპს „ბ.რ–სი“ მოხსენიებულია როგორც „შემსრულებელი“ და მას ენიჭება უფლებამოსილება დამრღვევისაგან მოითხოვოს კომპენსაციის გადახდა (პუნქტი 2), თუმცა, იგი იმავდროულად ვალდებულიცაა, რომ დამრღვევისაგან ფულადი სახსრების ფაქტობრივად მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, Sony music-ის მხრიდან დამატებითი მოთხოვნის გარეშე, მიღებული კომპენსაცია გადაურიცხოს Sony music-ს (მე-3 პუნქტი). შესაბამისად, დასახელებული შეთანხმების ფარგლებშიც, კომპენსაციის მოთხოვნის უფლების განხორციელებისას, შპს „ბ.რ–სი“ მოქმედებს როგორც “რწმუნებული“/„შემსრულებელი“ მარწმუნებლის (S. m.e. (რფ)-ის) სახელითა და მის სასარგებლოდ.
26.4. ამდენად, მოსარჩელეთა განმარტებების საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თანამშრომლობის №88-Д ჩარჩო-შეთანხმებით, №98-Д ხელშეკრულებითა და №154 შეთანხმებით, არ დასტურდება S. m.e. (რფ)-ის მიერ, შპს „ბ.რ–სისათვის“ S.M.E. (აშშ)-ის კატალოგში შემავალ ნაწარმოებებზე განსაკუთრებული ლიცენზიის გადაცემა მომიჯნავე უფლების დაცვის უზრუნველყოფით. დასახელებული ხელშეკრულებებით მარტოოდენ ის გარემოება დასტურდება, რომ შპს „ბ.რ–სი“ უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ S. m.e. (რფ)-ის დავალების საფუძველზე, მისი სახელით და მის სასარგებლოდ, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მეორე მოსარჩელეს - შპს „ბ.რ–ს“, არ გააჩნდა განსახილველ სარჩელზე მოსარჩელედ (დამოუკიდებლად) ყოფნის ლეგიტიმური უფლებამოსილება.
27. კასატორების მომდევნო შედავება ეყრდნობა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებას; ასევე, სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტისა (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ქ“ პუნქტის (ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:ფონოგრამის დამამზადებელი” – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა შესრულების ან სხვა ხმების პირველი ხმოვანი ჩანაწერის განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ფონოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან/და დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ფონოგრამაზე ან/და მის ფუტლარზე) დარღვევას.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია განსახილველ შემთხვევაში, შპს „ბ.რ–სი“ მიჩნეულ იქნა არაუფლებამოსილ პირად რათა საკუთარი სახელით, დამოუკიდებლად წარადგინოს სარჩელი მოპასუხის მიერ მომიჯნავე უფლების დარღვევის გამო კომპენსაციის გადახდის დაკისრებაზე, თუმცა, რამდენადაც დადგენილია პირველი მოსარჩელის - S. m.e. (რფ)-ის უფლებამოსილება დამოუკიდებლად იდავოს S. m.e. -ის განსაკუთრებული უფლებით დაცული ნაწარმოების უნებართვოდ გამოყენებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს კასატორების იმ შედავებას, რომელიც მტკიცების ტვირთის არასწორ გადანაწილებას შეეხება.
29. როგორც უკვე აღინიშნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ კონკრეტულ ნაწარმოებზე (Daft Punk-ის მიერ შესრულებული Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოები - „Get Lucky“) განსაკუთრებული უფლებები მინიჭებული აქვს S.M.E.-ს (აშშ), რომელსაც თავის მხრივ სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს O. S.M.E.-თან (რფ). მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სადავოდ ხდის მისი მხრიდან „ S.M.E.“-ის მომიჯნავე უფლების დარღვევას, რამეთუ უარყოფს კომპანიის სარეკლამო რგოლში Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოების „Get Lucky“-ის გამოყენების ფაქტს, რომელიც შესრულებულია Daft Punk-ის მიერ და აცხადებს, რომ სარეკლამო რგოლში გამოყენებულია ი. კ–ის ე.წ. ინსრუმენტალური ქავერ ვერსია. ამდენად, მოპასუხემ კვალიფიციური შედავება განახორციელა ფონოგრამის შინაარსობრივ ნაწილთან მიმართებით.
30. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის შედავების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად გადაანაწილა: „მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა ის გარემოება, რომ მოპასუხე შპს „მ–ის“ ვიდეორგოლში გამოყენებულია „ S.M.E.“-ის (აშშ) მომიჯნავე უფლებით დაცული Daft Punk-ის მიერ შესრულებული Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოები - „Get Lucky“, რაც მხოლოდ წარმოდგენილი CD დისკის მეშვეობით ვერ იქნება დადასტურებული, რამეთუ საკითხი მოითხოვს სპეციალური ცოდნის მქონე პირის შეფასებას და მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებითა და წარმოდგენილი ჩანაწერით ვერ იქნება დადასტურებული“. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორები (მოსარჩელეები) განმარტავენ, რომ „მათ წარმოადგინეს ორიგინალი ფონოგრამა; მასზე გაკეთებული სათანადო მითითებითა და პრეზუმფციით დასტურდება, რომ Daft Punk - Get Lucky-ის ფონოგრამის დამამზადებელი არის S.M.E.(აშშ); შესაბამისად, ამ მომენტიდან, მოპასუხის მხარეს გადავიდა მტკიცების ტვირთი იმისა, რომ Daft Punk - Get Lucky-ის ნებისმიერ ვერსიაზე, განსაკუთრებული უფლების მფლობელი არის სხვა პირი (თუ დაადასტურებენ სხვა ვერსიის გამოყენებას) და არა S.M.E.(აშშ), რაც მხარემ ვერ დაძლია“.
31. ამდენად, კასატორები მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ფაქტობრივად იმგვარად ანაწილებენ, რომ მოსარჩელემ მხოლოდ სადავო ფონოგრამაზე მისი მომიჯნავე უფლების არსებობა უნდა დაადასტუროს (რაც მათი მოსაზრებით წარმატებით განახორციელეს), რის შემდგომაც მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეს ბრუნდება და მოპასუხე ხდება ვალდებული ჯერ სარეკლამო ვიდეორგოლში S.M.E. (აშშ)-ის მომიჯნავე უფლებით დაცული Daft Punk - Get Lucky-ის ვერსიისაგან განსხვავებული ვერსიის (ი. კ–ის ე.წ. ინსრუმენტალური ქავერ ვერსია) გამოყენების ფაქტი დაადასტუროს, ხოლო შემდგომ ის გარემოება, რომ Daft Punk - Get Lucky-ის ნებისმიერ ვერსიაზე, განსაკუთრებული უფლების მფლობელი არის სხვა პირი და არა S.M.E. (აშშ) (რაც კასატორების მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ შეძლო).
32. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საპროცესო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით კასატორების შედავებას, რომელიც შეეხება სარეკლამო ვიდეორგოლში სადავო ფონოგრამის გამოყენებასთან მიმართებით მტკიცების ტვირთის განაწილების არასწორ სტანდარტს და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის სწორად არის გადანაწილებული.
33. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ. 48). მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
34. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სასარჩელო მოთხოვნასა და ამ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად, მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოსარჩელეები მოითხოვენ მოპასუხისათვის მოსარჩელეთა მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო, კომპენსაციის დაკისრებას 400 000 ევროს ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა იმ ფაქტობრივ გარემოებას ემყარება, რომ მოპასუხემ თავისი აქტიური მოქმედებით ხელყო მოსარჩელეთა მომიჯნავე უფლება და ამ უფლების დარღვევას შედეგად მოჰყვა ზიანი, რაც გამოწვეულია მოპასუხის ქმედებით.
35. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიყენებული ზიანის ოდენობის დასაბუთება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, წარმოადგენს თვით დაზარალებულის ამოცანას. მანვე უნდა ამტკიცოს მისი კუთვნილი საავტორო ან მომიჯნავე უფლებების დარღვევის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და წარმოშობილ ზიანს შორს (იხ. ვ. ხრუსტალი, „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის კომენტარი, თბილისი, 2003, მ.59, გვ. 280).
36. საკასაციო პალატას მხედველობის მიღმა არ რჩება ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად, მოპასუხისაგან ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდას მოითხოვენ, რაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ პუნქტის დისპოზიციას (საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები) ქმნის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, კომპენსაციის გადახდის შესახებ მოთხოვნის წარდგენისას, მოსარჩელეები მიყენებული ზიანის ოდენობის დოკუმენტურად დადასტურების (მტკიცების) ტვირთისაგან თავისუფლდებიან, თუმცა, მოსარჩელე მხარეს მისი ქონებრივი უფლებების დარღვევის თვით ფაქტის დადასტურება მაინც ეკისრება (იხ. ვ. ხრუსტალი, „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის კომენტარი, თბილისი, 2003, მ.59, გვ. 282). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან მათი მომიჯნავე უფლების დარღვევის ფაქტის დადასტურება, რაც გულისხმობს ერთი მხრივ, სადავო ფონოგრამაზე მათი მომიჯნავე უფლების არსებობის დადასტურებას (რაც წარმატებით განახორციელეს) და მეორე მხრივ, მოპასუხის სარეკლამო რგოლში Daft Punk-ის მიერ შესრულებული, Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოების - „Get Lucky“-ის გამოყენების ფაქტის დადასტურებას, რაც მოსარჩელე მხარემ დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, ვერ შეძლო.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, თუმცა, თითოეული მტკიცებულების შეფასებას სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასებისას, როგორც სამოქალაქო პროცესის მთავარი პრინციპი ცხადყოფს, არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა.
38. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას დამოუკიდებლად.
39. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთა კუთვნილი მომიჯნავე უფლების დარღვევის ფაქტის სამტკიცებლად, მოსარჩელეებმა წარმოადგინეს CD დისკი, სადაც ჩაწერილია შპს „მ–ის“ სარეკლამო რგოლი; ასევე, წარმოადგინეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 01 ივნისს ეთერში განთავსდა კომპანია ,,Metro Mart“-ის 10 წამიანი სარეკლამო რგოლი შემდეგი პერიოდულობით: 05:00:51; 09:07:26; 10:25:53; 13:23:11; 17:21:23; 18:40:09; 19:01:55; 19:09:22; 19:25:35; 19:32:59; 19:48:21; ამავე ინფორმაციას ადასტურებს კომპანია, რომელიც ახორციელებს ქართული სატელევიოზიო სარეკლამო ბაზის სრულ და უწყვეტ მონიტორინგს. მოსარჩელე მხარე სწორედ დასახელებულ მტკიცებულებებსა და საკუთარ ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით ცდილობს დაადასტუროს, რომ მოპასუხემ სადავო პერიოდში გამოიყენა მათი მომიჯნავე უფლებით დაცული ფონოგრამა, მაშინ როდესაც, მოპასუხე სადავოდ ხდის კლიპში ამ უფლების ობიექტის (ან მისი რომელიმე ნაწილის) გამოყენებას და აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა სარეკლამო რგოლის დამამზადებლის (შპს „კ–ის“) წერილი, რომლის თანახმადაც, სარეკლამო რგოლში გამოყენებულია ი. კ–ის ე.წ. ინსრუმენტალური ქავერ ვერსია. ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც უცილობლად სარწმუნოს გახდიდა მათი პოზიციის სისწორეს. ასეთ მტკიცებულებად კი, არც CD დისკი განიხილება, არც სამაუწყებლო კომპანიის მიერ გაცემული ცნობა (რომელიც მარტოოდენ იმ გარემოებას ადასტურებს, რომ სარეკლამო რგოლი ეთერში განთავსდა) და არც მხარის მოსაზრება, რომელიც პროცესის შედეგით დაინტერესებული პირია და შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არაა სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.
40. მტკიცებულების სახით წარმოდგენილ CD დისკთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების შედავებას მასზედ, რომ სააპელაციო პალატის მიერ განვითარებული მსჯელობა (რომლითაც პალატამ შესადარებელ ფონოგრამებს შორის მსგავსების დასადგენად აუცილებლად მიიჩნია სპეციალისტის ანდა ექსპერტის დასკვნა და არასაკმარისად ჩათვალა CD დისკი), საფრთხეს უქმნის სმენითად აღქმად ნებისმიერ დავასთან მიმართებით მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტს, რამეთუ მელოდიური ხასიათის მტკიცებულება, რომელიც ადამიანის მიერ აღქმადია სმენის საშუალებით, არ შეიძლება დაექვემდებაროს სავალდებულო ექსპერტიზას.
41. კასატორის მოსაზრების საპირისპიროდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუსიკალური სმენა განეკუთვნება მუსიკალური შთაბეჭდილების აღქმის, წარმოდგენის, ემოციური განცდის, მუსიკის სახოვანი შინაარსის გააზრების უნართა კატეგორიას; უნარი კი, ადამიანში მხოლოდ შესაძლებლობის, პოტენციის სახითაა მოცემული და დაუშვებელია ადამიანს მუსიკალური სმენის უნარი სავალდებულოდ მოეთხოვოს. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ შესადარებელი ფონოგრამების იდენტურობისა და სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, აუცილებელია შესაბამისი საექსპერტო კვლევა ან სპეციალისტის განმარტება, მით უფრო მაშინ, როდესაც მტკიცებულების სასამართლოში უშუალოდ გამოკვლევის (მოსმენის) შედეგად, სასამართლო დარწმუნდა შესადარებელ ფონოგრამებს შორის განსხვავების არსებობაში.
42. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს ისეთი ფაქტორების კომბინაცია, რომელიც ავტომატურად დაასაბუთებს დარღვევის არსებობას, მაშინ გარეგანი ტესტი დაკმაყოფილებულია და დარღვევა არ არსებობს იქამდე, ვიდრე მოსარჩელე ექსპერტის ჩვენების მეშვეობით დაასაბუთებს, რომ მსგავსება იყო არსებითი (Three Boys Music, 212 F.3d at 485) (Williams v. Gaye, 21.03.2018, 885 F.3d 1150 (9th Cir. 2018)).
43. აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტსა და მტკიცებულების სახით წარმოდგენილ CD დისკთან დაკავშირებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, კასატორებისათვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ის გარემოება გახდა, რომ სასამართლოს მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობდა საპროცესო ნორმებით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებიდან, რამეთუ საკასაციო პალატის მითითებით, პირველადი ვარაუდის მტკიცება იმისა, რომ სარეკლამო რგოლში ნამდვილად ის ფონოგრამა იქნა გამოყენებული, რომელზეც მომიჯნავე უფლების მფლობელია მოსარჩელე მხარე, ეკისრებოდა ამ უკანასკნელს. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი, ამ მხრივ ისე გაიზიარეს მოსარჩელის ვერსია, რომ დაეყრდნენ CD დისკს და მოსარჩელის ახსნა-განმარტებას მაშინ, როცა ეს საკითხი სპეციალისტის/ექსპერტის კვლევის საგანი არ გამხდარა“.
44. რაც შეეხება კასატორების არგუმენტს მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო თავად დაენიშნა ექსპერტიზა, რაც მას არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162.1 (თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება), მე-3 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი), მე-4 (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) მუხლებზე და დამატებით განმარტავს, რომ კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება) (იხ. ას-948-2019, 27.05.2021 წ.). საგულისხმოა, რომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) მხარეები თავისუფალნი არიან მათთვის ხელსაყრელი მტკიცებულების, მათ შორის, საექსპერტო დასკვნის წამოდგენაში.
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინციპით არის განმსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანითა და მისი გასაჩივრებით (იხ. სუსგ-ები: N ას-313-2021, 30.06.2021წ; N ას-1055-2020. 20.09.2022წ.). შეჯიბრებითობის პრინციპი სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს წარმოადგენს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება (სუსგ-ები: N ას-1100-1057-2016, 09.06.2017წ; N ას-1340-1260-2017, 07.03.2018წ; N ას-1055-2020. 20.09.2022წ.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტში საქმის შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც წესი, სწორედ მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვას უთმობს (მესხიშვილი ქეთევან, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.220).
46. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს თანაბრად ჰქონდათ საპროცესო შესაძლებლობა თავად უზრუნველეყოთ საქმისწარმოების მსვლელობისას კვალიფიციურ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელთა სარწმუნოობასაც სასამართლო საკუთარი მიხედულების ფარგლებში მიანიჭებდა უპირატესობას და ჩათვლიდა უფრო დასაბუთებულად. აღსანიშნავია, რომ საპროცესო შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპთა საფუძველზე, ორივე მხარემ სრულად შეძლო თანაბრად და დაუბრკოლებლად ამ პრინციპებით სარგებლობა, ხოლო, თუ რამდენად წარმატებულად, აღნიშნული აისახა სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოებში საქმის წარმოების პერიოდში მოსარჩელე მხარეს თავად შეეძლო წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა (მით უფრო მაშინ, რომ 17.06.2021 წლის განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითა), თუმცა, მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.
47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მოსარჩელემ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით, ვერ შეძლო მოპასუხის მხრიდან მათი მომიჯნავე უფლების ობიექტით სარგებლობის ფაქტის დადასტურება, სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი. შესაბამისად, საკასაციო პალატა დამატებით აღარ განავრცობს მსჯელობას სადავო ფონოგრამის გამოყენებაზე ნებართვის მიღების საჭიროებასა და მოთხოვნილი თანხის ოდენობის საფუძვლიანობაზე, ისევე როგორც 2022 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინების (რომლითაც მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა იმ დამატებითი მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე, რომელიც მოსარჩელი მხარის განმარტებითვე, სასამართლოს დაეხმარებოდა ლიცენზირების ფასის ადეკვატურობის დადგენაში) მართლზომიერებაზე, რამეთუ ამ საკითხების გამორკვევას სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელობა აღარ აქვს.
48. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. O. S.M.E.-ისა (რუსეთის ფედერაცია) და შპს „ბ.რ–სის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
ალექსანდრე წულაძე