Facebook Twitter

№ას-702-2023

12 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ნ.ღ–ი, ს.ტ–ი, თ.ფ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.ს–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, საჯარიმო სანქციის დაკისრების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მისი შედეგების აღმოფხვრა, იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაკისრება, სამსახურში აღდგენა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - ნ.ღ–ის, ა.გ–ის, ს.ტ–ისა და თ.ფ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი შპს „ქ.ს–ის“ დირექტორის 2020 წლის 06 ოქტომბრის N1006/2 ბრძანება მოსარჩელეთა ნაწილში საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ და შპს „ბ.ს–ს“ დაეკისრა დანაკლისი ხელფასის ანაზღაურება ა.გ–ის სასარგებლოდ 244,49 ლარის ოდენობით, ს.ტ–ის სასარგებლოდ 275,16 ლარის ოდენობით, თ.ფ–ძის სასარგებლოდ 371,19 ლარის ოდენობით, ნ.ღ–ის სასარგებლოდ 500,18 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების - ნ.ღ–ის, ა.გ–ის, ს.ტ–ისა და თ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

2023 წლის 21 აპრილს, საკასაციო საჩივრის ფორმალურ შემოწმებამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ერთ-ერთი კასატორის - ა.გ–ის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ ა.გ–ი უარს აცხადებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით ა.გ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა; ნ.ღ–ის, ა.გ–ის, ს.ტ–ისა და თ.ფ–ძის საკასაციო საჩივარზე, ა.გ–ის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით ნ.ღ–ს, ს.ტ–სა და თ.ფ–ძეს დაევალათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინათ საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და თითოეული კასატორის მიერ 300-300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება რამდენჯერმე გაეგზავნათ კასატორებს, თუმცა ს.ტ–ისა და თ.ფ–ძისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ხოლო კასატორ ნ.ღ–ისათვის განკუთვნილი გზავნილი ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, დედას, 2023 წლის 4 აგვისტოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა ს.ტ–ი პ/ნ ....... (მისამართი: ქ. თბილისი, ........) და უზრუნველეყო მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინების ჩაბარება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა თ.ფ–ძე პ/ნ ...... (მისამართი: ქ. თბილისი, .........) და უზრუნველეყო მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინების ჩაბარება.

2023 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა მომართვა და ხელწერილი, რომლიდანც ირკვევა, რომ კასატორმა ს.ტ–მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინება ჩაიბარა პოლიცის ადმინისტრაციულ შენობაში 2023 წლის 19 ოქტომბერს.

2023 წლის 7 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა მომართვა და ხელწერილი, რომლის თანახმადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინება კასატორმა თ.ფ–ძემ ჩაიბარა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-10 სამმართველოში 2023 წლის 24 ოქტომბერს.

კასატორებს ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ღ–ის, ს.ტ–ისა და თ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2023 წლის 4 აგვისტოს ჩაბარდა კასატორ ნ.ღ–ის დედას, მ.ჩ–ს (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ.2, ს.ფ. 438-440). ასევე საქმეში არსებული ხელწერილებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინება კასატორმა ს.ტ–მა ჩაიბარა 2023 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო თ.ფ–ძემ - 2023 წლის 24 ოქტომბერს (იხ.: ხელწერილები - ტ.2, ს.ფ. 455,459).

სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორ ნ.ღ–ისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 5 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 9 აგვისტოს, რომელიც იყო სამუშაო დღე ოთხშაბათი. კასატორ ს.ტ–ისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 11 ოქტომბერს და ამოიწურა 15 ოქტომბერს, მაგრამ, ვინაიდან 15 ოქტომბერი იყო კვირა - არასამუშაო დღე, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება 15 ოქტომბრია მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 16 ოქტომბერს, ორაშაბათს. რაც შეეხება კასატორ თ.ფ–ძეს, მისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 25 ოქტომბერს და ამოიწურა 2023 წლის 29 ოქტომბერს, მაგრამ, ვინაიდან 29 ოქტომბერი იყო კვირა - არასამუშაო დღე, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება 29 ოქტომბრის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 30 ოქტომბერს, ორაშაბათს. ამდენად, კასატორი ნ.ღ–ი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, კასატორი ს.ტ–ი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო თ.ფ–ძე კი - 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს მათთვის დადგენილი ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ღ–ის, ს.ტ–ისა და თ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია