ას-1011-2023
30 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.ნ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ჯ.ი.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ.ი.მ–მ“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დ.ნ–ძის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს.კ N........ გამოთხოვა და მისი თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა, ასევე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2021 წლის 27 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. სარჩელი, ს.ფ.: 2-16).
1.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო 2022 წლის 15 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე აღნიშნა, რომ სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ოდენობას - 300 ლარს და თანახმა იყო გადაეხადა მითითებული თანხა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ.ი.მ–ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს.კ N ...... და დადგინდა უძრავი ნივთის თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან - 2021 წლის 27 ოქტომბრიდან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ნ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითება. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დ.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
4.1. პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლი 13 ივნისის განჩინება გაეგზავნა აპელანტს, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა პირადად 2022 წლის 01 ოქტომბერს. აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ.ნ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
5.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და უნდა მიეცეს უფლება საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოხატოს სასამართლო სხდომაზე. მითუმეტეს, რომ საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას და სამი მცირეწლოვანი ბავშვის უბინაოდ დატოვებას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით დ.ნ–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
11. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითება. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელავიო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
13. სააპელაციო პალატამ მიუთითა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აპელანტს ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარდა პირადად 2022 წლის 01 ოქტომბერს.
14. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
15. ამდენად, 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა აპელანტის მიმართ დაიწყო მისთვის განჩინების ჩაბარებიდან (01 ოქტომბრიდან) მეორე დღეს - 2022 წლის 02 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 09 ოქტომბერს (08 ოქტომბერი იყო არასამუშაო დღე - კვირა). აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მასზედ, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სრულად შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინება შეიცავს სათანადო დასაბუთებას სააპელაციო საჩივრის ხარვეზის საფუძვლებისა და მისი აღმოფხვრის ვადის შესახებ, ასევე მითითებულია ხარვეზის შეუვსებლობის შედეგების შესახებ. შესაბამისად, აპელანტი ვალდებული იყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების შემდგომ, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში მიემართა სასამართლოსთვის და გამოეხატა პოზიცია ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, რაც მას არ განუხორციელებია.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ნ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე