ას-1119-2023
30 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის და სხვა ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ბ.ბ–მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „გ. მ-ის“ და ა.კ–ის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ, თანხის დაკისრების, იპოთეკის საგნის და სხვა ქონების რეალიზაციის მოთხოვნით (იხ. სარჩელი: 2-20).
1.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის 67716.98 ლარის, საპროცენტო სარგებლის 11702.70 ლარის, დაზღვევის თანხის 207.97 ლარის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ბ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა.კ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 84627.65 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 67716.98 ლარი, პროცენტი 11702.70 ლარი, პირგასამტეხლო 5000 ლარი და დაზღვევის თანხა 207.97 ლარი. დავალიანების დასაფარად დადგინდა 2018 წლის 22 ნოემბრის N670.01.670.1846954.002/01 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - ს.კ ....... სარეალიზაციოდ მიქცევა. ა.კ–ის კუთვნილი სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.კ–მა.
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 3385.10 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოში წარდგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინებით ა.კ–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
4.1. პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლი 29 მაისის განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს გ.გ–ძეს მისამართზე: ქ.თბილისი, ........ და 2023 წლის 07 ივნისს ჩაჰბარდა ადრესატის დას ნ.გ–ძეს. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, კერძოდ, 2023 წლის 08 ივნისიდან და ამოიწურა 2023 წლის 17 ივნისს, რომელიც იყო უქმე/დასვენების დღე, შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსება შეეძლო მომდევნო პირველსავე სამუშაო დღის 2023 წლის 19 ივნისის ჩათვლით. პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.კ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
5.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სადავოდ არ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის დოკუმენტების მიღების და ჩაბარების თარიღებს და ვადებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ვინაიდან, არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსი, წაერთვა სასამართლოსთვის მიმართვისა და გასაჩივრების უფლება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ა.კ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
11. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 3385.10 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოში წარდგენა.
13. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განჩინებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია, ის ეთანხმება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსი, წაერთვა სასამართლოსთვის მიმართვისა და გასაჩივრების უფლება.
14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საპროცესო ვადების გამოთვლის წესი დადგენილია სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლებით და აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
15. პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (შეჯიბრებითობის პრინციპი).
17. ამრიგად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, ხოლო დასაბუთების საკმარისობას, შუამდგომლობაში მოხმობილ არგუმენტთა საფუძველზე, სასამართლო აფასებს შუამდგომლობის შინაარსობრივი მხარის განხილვისას, მოტივირებული განჩინებით. 18. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს სააპელაციო საჩივარში არ უშუამდგომლია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან/და მისი ოდენობის შემცირება და არც საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის სირთულეებზე მიუთითებია. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ გამოტანილი განჩინების მიღების შემდეგ აპელანტს შეეძლო, სასამართლოსთვის განემარტა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მიზეზი და სარწმუნო მტკიცებულებათა წარდგენის გზით დაესაბუთებინა საკუთარი მატერიალური პრობლემები ან სულ მცირე, რელევანტური მტკიცებულებების მოპოვებისათვის ეშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელებაზე. აღნიშნულის ნაცვლად, აპელანტმა აირჩია საპროცესო პასიურობის სტრატეგია, რაც მართებულად გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან სასამართლო, შებოჭილია რა მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით, საკუთარი ინციატივით ვერ შეასრულებს იმ საპროცესო მოქმედებას, რომლისთვისაც კანონმდებელი ადგენს მხარის აქტიურობის ვალდებულებას შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის სახით.
19. საგულისხმოა ისიც, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე საქმის მასალებში კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ წარდგენილა რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მიუთითებდა მხარს ქონებრივ სირთულეებზე, მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ კერძო საჩივრის პრეტენზია სწორედ მხარის ფინანსური პრობლემების არსებობის არგუმენტს ეფუძნება, კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საკასაციო სასამართლოს წინაშეც კი არ აქვს წარმოდგენილი, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სასამართლოსთვის მიმართვისა და გასაჩივრების უფლების წართმევის შესახებ, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლიანობას.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, შუამდგომლობისა და ამ შუამდგომლობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ (იხ. სუსგ. №ას-243-233-2013; №ას-1714-2018).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. განსახილველ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აპელანტს ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული სირთულეები არათუ უტყუარად არ დაუდასტურებია, არამედ არც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისა და არც კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე სასამართლოსთვის არც კი მიუთითებია ამავე გარემოებათა არსებობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. მხარის პასიურობამ საპროცესო უფლებათა ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით შექმნა გონივრული ვარაუდი, რომ აპელანტმა დავის გაგრძელების ინტერესი დაკარგა.
23. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა გონივრული (10-დღიანი) ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის. თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და არც წინამდებარე განჩინებაში აღწერილი საპროცესო უფლებამოსილებების (სსსკ-ის 47-48 მუხლები) გამოყენების თვალსაზრისით უაქტიურია, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე