ას-1040-2022
05 ოქტომბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ.გ–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვ.გ–ნმა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ვ.ბ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომელმაც მოითხოვა 2016 წლის 11 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხიდან 14 200 აშშ დოლარის ნაწილში, ვალდებულების შესრულებულად აღიარება და გადახდილი თანხის ძირ თანხაში ჩათვლა.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ვ.გ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აღიარებულ იქნა გამსესხებელ ვ.ბ–ძესა და მსესხებელ ვ.გ–ნს შორის, 2016 წლის 11 ივლისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხიდან 5200 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელე ვ.გ–ნმა გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით, ვ.გ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. 2016 წლის 11 ივლისს, ვ.ბ–ძესა და ვ.გ–ნს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოპასუხე ვ.ბ–ძემ მოსარჩელეს ასესხა 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირ თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვითა და გადახდით. სესხი უნდა დაბრუნებულიყო ექვსი თვის ვადაში - 2017 წლის 11 იანვარს. 2018 წლის 20 აპრილის შეთანხმებით, სესხის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სესხის დაბრუნების ვადა გაიზარდა 2018 წლის 20 ოქტომბრამდე.
6.1.2. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, ვ.გ–ნს გადახდილი აქვს 21 400 აშშ დოლარი.
6.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელს ვ.გ–ნს გამსესხებლის ვ.ბ–ძის სასარგებლოდ პროცენტის სახით ჯამში უნდა გადაეხადა 16200 აშშ დოლარი.
6.3. პალატამ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო არ იყო თანხის გადახდის ფაქტი, მათ შორის სადავო იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებში, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან - 2017 წლის 11 იანვრიდან, სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებამდე - 2018 წლის 20 აპრილამდე, 15 თვის პერიოდში, პროცენტის გადახდის ვალდებულების არსებობა.
6.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 121-ე მუხლზე (კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება ამ თავში გათვალისწინებული წესები), ამავე კოდექსის 125-ე მუხლზე (ვადის გაგრძელების შემთხვევაში ახალი ვადა გამოითვლება გასული ვადის დამთავრებიდან) და აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ 2018 წლის 20 აპრილის შეთანხმებით, სესხის დაბრუნების ვადა გაიზარდა 2018 წლის 20 ოქტომბრამდე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი ვადის გამოთვლა დაიწყო სესხის ხელშეკრულების თავდაპირველი ვადის დამთავრებიდან - 2017 წლის 11 იანვრიდან და არა შეთანხმების გაფორმებიდან - 2018 წლის 20 აპრილიდან, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა საბოლოოდ განსაზღვრული იყო 27 თვით (სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2016 წლის 11 ივლისიდან, სესხის საბოლოოდ დაბრუნების ვადამდე - 2018 წლის 20 ოქტომბრამდე).
6.5. გარდა ამისა, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არსებობასთან ერთად, სწორად განსაზღვრა დავალიანების ოდენობაც (მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მსესხებელს ვ.გ–ნს ეკისრებოდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის 20 000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული სარგებლის 16 200 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება). ამ მიმართებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად გადაიხადა 21 400 აშშ დოლარი, საიდანაც 16 200 აშშ დოლარით დაიფარა სესხით სარგებლობისათვის გათვალისწინებული პროცენტი.
6.6. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი თანხის განაწილების რიგითობა. შესაბამისად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ძირითადი ვალდებულების შეწყვეტა 5200 აშშ დოლარის ფარგლებში, მართებულად განხორციელდა.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.გ–ნმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7.1. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვა სესხის ხელშეკრულების ვადა და გადასახდელი თანხის ოდენობა. კასატორს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 12 თვე, ნაცვლად 27 თვისა. შესაბამისად, გადახდილი 21400 აშშ დოლარიდან 7200 აშშ დოლარი (12X600 ) უნდა ჩათვლილიყო პროცენტის ანგარიშში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 14200 აშშ დოლარი - სესხის ძირითად თანხაში გადახდილად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ვ.გ–ნის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით, ვ.გ–ნის საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ხსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ უპირველესყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს, ხოლო, ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
11. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს მოვალე, რომელიც ითხოვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარებას.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში შედავება წარმოდგენილია იმ თვალსაზრისით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განსაზღვრეს სესხის ხელშეკრულების ვადა და გადასახდელი თანხის ოდენობა. კერძოდ, კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 12 თვე, ნაცვლად 27 თვისა. სესხის ხელშეკრულებით, მსესხებელს ძირითადი თანხის სახით გადასახდელი ჰქონდა 20000 აშშ დოლარი, ხოლო, სარგებლის სახით - თვეში 600 აშშ დოლარი, ანუ, ექვს თვეზე 3600 აშშ დოლარი. ვადის გაგრძელების შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 6 თვით, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, გადასახდელმა პროცენტმა შეადგინა 3600 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, რამდენადაც პროცენტის გადახდის ვალდებულება მხარეებმა გაითვალისწინეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, გადახდილი 21400 აშშ დოლარიდან 7200 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს პროცენტის სახით გადახდილი თანხის ანგარიშში, ხოლო 14200 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში.
14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ შედავებას და ამ მიმართებით, პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1-ე (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი) მუხლებზე და განმარტავს, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.
15. ამასთან, საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამავდროულად, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის №ას-1701-1685-2011 გადაწყვეტილება და 2017 წლის 30 ივნისის №ას-408-381-2017 განჩინება).
16. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს, ვ.ბ–ძესა და ვ.გ–ნს შორის გაფორმდა №160762427 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოპასუხე ვ.ბ–ძემ მოსარჩელეს ასესხა 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირ თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვითა და გადახდით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ.კ–ის კუთვნილი უძრავი ქონება. ხელშეკრულების თანახმად, სესხი უნდა დაბრუნებულიყო ექვსი თვის ვადაში - 2017 წლის 11 იანვარს. ამრიგად, უდავოდ დადგენილია, რომ მხარეებმა გამოიყენეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული, სესხზე სარგებლის გადახდის შესაძლებლობა. ამასთან, მხარეებმა გარიგების ნამდვილობის წინაპირობად რთული წერილობითი ფორმა განსაზღვრეს.
17. ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აპრილის სანოტარო წესით დადასტურებული №18043390 შეთანხმებით, მხარეებმა 2016 წლის 11 ივლისის №160762427 იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს და სესხის დაბრუნების ვადა 2018 წლის 20 ოქტომბრამდე განსაზღვრეს, ხოლო, ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელად. ამდენად, დადგენილია, რომ რთული წერილობითი ფორმით დადებული 2016 წლის 11 ივლისის №160762427 იპოთეკის ხელშეკრულების პირობები ამავე ფორმით შეიცვალა, რის გამოც ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2018 წლის 20 აპრილის №18043390 შეთანხმება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328.1 მუხლის (თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ) მოთხოვნებს.
18. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, საკასაციო პალატა ერთი მხრივ, იზიარებს კასატორის განმარტებას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ მომხდარა პროცენტის გათვალისწინება ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებით (20.04.2018 წლის №18043390 შეთანხმებით), მხარეებმა დაადასტურეს 2016 წლის 11 ივლისის №160762427 ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით (ყოველთვიურად სესხის ძირ თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვით) სასესხო ურთიერთობის არსებობა და გაგრძელება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სესხზე პროცენტის (ყოველთვიურად 600 აშშ დოლარის) გადახდა 2016 წლის 11 ივლისიდან 2018 წლის 20 ოქტომბრამდე ევალებოდა, რაც სასესხო ურთიერთობის მთლიან პერიოდზე - 27 თვეზე, 16200 აშშ დოლარს შეადგენს (მსგავსი სადავო შემთხვევა ანალოგიურადაა მოწესრიგებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით საქმეზე №ას-1240-2018, 19/12/2018 წ.). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს სესხზე გადასახდელი სარგებლის ასანაზღაურებელი პერიოდი და ოდენობა.
19. რაც შეეხება ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობას, ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით (მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები) და განმარტავს, რომ ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგება დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების შესრულების რიგითობისათვის კანონით გათვალისწინებული მოწესრიგებისაგან განსხვავებული წესის დადგენა. მხარეთა უფლება, შეთანხმდნენ ვალდებულებათა შესრულების რიგითობაზე, ვრცელდება მხოლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. ამასთან, სადავოობისას, ამგვარი შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ფაქტის მითითებელ მხარეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
20. განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი თანხის განაწილების რიგითობაზე. აღნიშნულზე არც საკასაციო საჩივარი შეიცავს რაიმე სახის პრეტენზიას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ მსესხებლის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი 21 400 აშშ დოლარიდან, 16 200 აშშ დოლარით პირველ რიგში დაიფარა სესხით სარგებლობისათვის გათვალისწინებული პროცენტი. შესაბამისად, 2016 წლის 11 ივლისის №160762427 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის შესასრულებელი ძირითადი ვალდებულება მართებულად შემცირდა 5200 აშშ დოლარით.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
23. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.გ–ნის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე