Facebook Twitter

საქმე №ას-870-2022 21 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ნ.ლ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ.კ–ი, მ.მ–ი, მ.მ–ი (მოპასუხეები)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ლ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.კ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), მ.მ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და მ.მ–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:

- ბათილად იქნას ცნობილი მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 18.12.2013 წელს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ს.კ. ......... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება“) საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

- ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხეებს შორის 18.12.2013წ. დადებული N131314417 შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შესახებ;

- მოსარჩელეს საკუთრებაში დაუბრუნდეს და საჯარო რეესტრში მის სახელზე აღირიცხოს სადავო უძრავი ქონება, ასევე, აღნიშნულ ქონებაზე აღგეს 18.12.2013 წლამდე არსებული ჩანაწერი მოპასუხეთა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ;

- ბათილად იქნას ცნობილი მოსარჩელის წარმომადგენელს, მ.ლ–სა და პირველ მოპასუხეს შორის 22.07.2014 წელს გაფორმებული N140768213 შეთანხმება.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის წარმომადგენელს, მ.ლ–სა და პირველ მოპასუხეს შორის 2014 წლის 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმება.

4. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

12. მოსარჩელემ 2023 წლის 20 დეკემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. კერძოდ, მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს აეკრძალოს მოსარჩელის სადავო უძრავი ქონებიდან გამოსახლება და მისი პირველი მოპასუხისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

13. განმცხადებლის განმარტებით, პირველმა მოპასუხემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით. პირველი მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, დაიწყო სააღსრულებო წარმოება. 2023 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ სადავო ქონებაში გამოცხადნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელები, რომლებმაც მოსარჩელეს განუცხადეს, რომ უძრავი ქონება უნდა გაეთავისუფლებინა და კრედიტორისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა. მართალია, აღსრულება იმავე დღეს არ ჩატარებულა, თუმცა აღსრულების პოლიციამ მოსარჩელეს მისცა გაფრთხილება უძრავი ქონების დაუყოვნებლივ დაცლის შესახებ. შესაბამისად, თუკი მოსარჩელე სადავო უძრავი ქონებიდან გამოსახლდება, ხოლო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და სადავო ქონება კვლავ მის საკუთრებაში აღირიცხება, აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

17. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს ამგვარი ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის წარმომადგენელსა და პირველ მოპასუხეს შორის 2014 წლის 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმება, ხოლო სარჩელი გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის 18.12.2013წ. ხელშეკრულებისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შესახებ 18.12.2013წ. შეთანხმების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

20. ამდენად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება დასრულებულია, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი მოსარჩელის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, შესულია კანონიერ ძალაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის განცხადებაზე მსჯელობის წინაპირობა, რაც მისი განუხილველველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 191-ე, 193-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ლ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: მ. ერემაძე

თ. ძიმისტარაშვილი