საქმე №ას-653-2019 14 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სახელმწიფო აუდიტის სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ა–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აუდიტის სამსახური“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი სს „ს.კ.ა–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სადაზღვევო კომპანია“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 27.12.2016 წელს მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №13 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მე-2 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შემსყიდველის ბალანსზე არსებული დანართი №2-ით განსაზღვრული 29 ერთეული ავტომანქანის სრული სადაზღვევო მომსახურების გაწევა წარმოადგენდა. ხელშეკრულების მე-12 მუხლით მხარეებმა ამ ხელშეკრულების ფარგლებში მათი უფლება-მოვალეობები განსაზღვრეს. 12.1. პუნქტით გათვალისწინებული იქნა შემსყიდველის ვალდებულებები, კერძოდ, 12.1.2. პუნქტით შემსყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა მიმწოდებლის წარმომადგენლის (აგრეთვე შსს ორგანოების წარმომადგენლის) გამოცხადებამდე შემთხვევის ადგილის ზიანის დადგომის მომენტისთვის არსებული მდგომარეობით შენარჩუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელი იქნებოდა ზარალის ოდენობის შემცირების ან ზიანის შემდგომი განვითარების თავიდან აცილების მიზნით. 12.1.3. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა მიმწოდებლის საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზთან დაუყოვნებლივ დაკავშირება და სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მათთვის სრული ინფორმაციის მიწოდება. ხელშეკრულების დანართი №3-ის შესაბამისად, მხარეებმა განსაზღვრეს უფლებამოსილი მძღოლის ცნება, რაც შემსყიდველის ნებისმიერ თანამშრომელს ან არანაკლებ 21 და არაუმეტეს 65 წლის ასაკის პირს გულისხმობდა, რომელსაც, თავის მხრივ, მართვის უფლებამოსილება უნდა ჰქონოდა. ხელშეკრულების დანართი №4-ით გათვალისწინებული იყო ავტომანქანის სადაზღვევო რისკების ის ჩამონათვალი, რომელიც მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებას არ დაექვემდებარებოდა, მათ შორის გამონაკლისად განისაზღვრა ნებისმიერი სახის ზარალი ან დაზიანება, რომელიც წარმოიშვა იმ შემთხვევაში, როცა დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა ნებისმიერი პიროვნება უფლებამოსილი მძღოლის გარდა, უფლებამოსილ პირად ამ პირობების ფარგლებში გათვალისწინებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნებისმიერი თანამშრომელი ან პირი, არანაკლებ 21 და არაუმეტეს 65 წლისა, რომელსაც შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა უნდა ჰქონოდა (ს.ფ. 14-27);
2.2. 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე არსებული, 27.12.2016წ. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება - კია კადენზა, სახელმწიფო ნომრით ..... (ს.ფ. 30);
2.3. 2017 წლის 31 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, 250 ლარით დაჯარიმდა დ.ვ–ი (ს.ფ. 29);
2.4. მოსარჩელემ მოპასუხეს ზარალის ანაზღაურებაზე ორჯერ მიმართა წერილით;
2.5. სადაზღვევო კომპანიის 25 აპრილის წერილით ზარალის ანაზღაურებაზე განაცხადის პასუხად მოსარჩელეს განემარტა, რომ 01.04.2017 წელს დაახლოებით 2:30 საათზე სადაზღვევო კომპანიის საინფორმაციო სამსახურში შევიდა შეტყობინება მოსარჩელის ბალანსზე არსებული ავტომობილის, კია კადენზა, სახელმწიფო ნომრით ....., დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. წერილის ავტორმა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განაცხადსა და საპატრულო პოლიციის მიერ ადგილზე შედგენილ დოკუმენტზე მითითებით განმარტა, რომ შემთხვევა მოხდა 31 მარტს, რა დროსაც დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა მიატოვა შემთხვევის ადგილი და სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა 01 აპრილს, რაც ხელშეკრულებების პირობების (მუხლის 12, პუნქტი 12.1, ქვეპუნქტები 12.1.2 და 12.1.3.) თანახმად, წარმოადგენდა გამონაკლისს და ვერ დაექვემდებარებოდა მზღვეველის მიერ ანაზღაურებას (ს.ფ. 33).
2.6. სადაზღვევო კომპანიის 06 ივნისის წერილით მოსარჩელეს ზარალის ანაზღაურებაზე 29.05.2017 განაცხადის პასუხად განემარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმითა და ავტომანქანის მძღოლის მიერ პოლიციისთვის მიცემული ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მან ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გააგრძელა მოძრაობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც აღარავინ დახვდა, რის გამოც დარეკა 112-ზე, აღნიშნული კი ადასტურებს ხელშეკრულების 12.1.2 პუნქტის დარღვევას, ზიანის დადგომის მომენტში არსებული ვითარების შეცვლას, ამის დასტურად კი არ არის საჭირო პირის ასკ-ის 123-ე მუხლით დაჯარიმება, რამეთუ ასეთი მოთხოვნა ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული. აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედება - ავარიის შემდეგ მოძრაობის გაგრძელება და დაახლოებით საათნახევრის შემდეგ შემთხვევის ადგილზე დაბრუნება აჩენს მრავალგვარი ეჭვის საფუძველს და შეუძლებელს ხდის შემთხვევის დეტალების ზუსტ დადგენას, მაგალითად, მართავდა თუ არა შემთხვევის დროს აუდიტის სამსახურის მანქანას უფლებამოსილი მძღოლი, იყო თუ არა მძღოლი, რომელიც მართავდა ავტომანქანას, ავარიის დროს ფხიზელ მდგომარეობაში და ა. შ.. ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის სქემაზე, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დღეს შედგა და რომლის შედგენასაც აუდიტის სამსახურის მძღოლი არ დასწრებია, მხოლოდ ოპელის მარკის ორი ავტომობილია დატანილი და შესაბამისად, ფიქსირდება მხოლოდ მათი მძღოლების ხელმოწერები (ს.ფ. 34);
2.7. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე 31.03.2017წ. მიცემულ ახსნა-განმარტებაში აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი მძღოლი განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს, დაახლოებით 21:45 საათზე, ავტომანქანით კია კადენზა, სახელმწიფო ნომრით ...., მოძრაობდა ქ. თბილისში, ...., ქ. რუსთავის მიმართულებით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, კერძოდ, რკინიგზის მიმდებარედ გადავიდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში და შეეჯახა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს, შეჯახების შემდეგ კი შეუჩერებლად გააგრძელა მოძრაობა, რადგან სახლში მომლოდინე სიცხიან შვილთან წამალი მიჰქონდა. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა იქ არავინ იმყოფებოდა, ამის შემდეგ მან დარეკა 112-ზე და მომხდარის შესახებ შეატყობინა.
3. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ მის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევას, რაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომას ნიშნავდა.
4. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სამტკიცებლად წარადგინა: 1. 27.12.2016წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; 2. 31.03.2017 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად დ.ვ–ის დაჯარიმების შესახებ 01.04.2017წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; 3. ამ უკანასკნელის მიერ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე 31.03.2017წ. მიცემული ახსნა-განმარტება. მოსარჩელის მითითებით, გათვალისწინებით იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 27.12.2016 წლის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შემსყიდველის ბალანსზე არსებული 29 ერთეული ავტომანქანის სრული სადაზღვევო მომსახურების გაწევა წარმოადგენდა, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი, თუნდაც უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, მზღვეველის მხრიდან უპირობო ანაზღაურებას უნდა დაქვემდებარებოდა. მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, მოსარჩელე მხარე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებას უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის, ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესზე მითითებით მაინც შეეცადა და აღნიშნა, რომ ბავშვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება სასამართლოს უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა მიეჩნია.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მზღვეველმა 31.03.2017 წელს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე უარი რამდენიმე საფუძვლით დაასაბუთა, კერძოდ: 1. დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა დატოვა შემთხვევის ადგილი, რამაც შემთხვევის დადგომის მომენტში არსებული ვითარების ცვლილება განაპირობა; 2. შემთხვევის დროს მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით; 3. სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზს დაუყოვნებლივ არ ეცნობა შემთხვევის დადგომის შესახებ. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვების და შემთხვევის ადგილზე დ.ვ–ის დაახლოებით საათნახევრის შემდეგ გამოცხადების გათვალისწინებით, მზღვეველმა დაზღვეულისათვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ 06.06.2017 წლის წერილში შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის მიერ მართვის საკითხი სადავო გახადა (ს.ფ. 34). სასამართლოს მითითებით, უდავო ფაქტი, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე არ გაჩერებულა და შესაბამისად, შენარჩუნებული არ ყოფილა ხელშეკრულების 12.1.2. პუნქტით გათვალისწინებული მდგომარეობა, მტკიცების ტვირთს მზღვეველის სასიკეთოდ აბრუნებს და შემთხვევის დროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტომობილის ფხიზელ მდგომარეობაში მართვის მტკიცების ტვირთს დამზღვევს აკისრებს. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართებით საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რაც შემთხვევის დადგომის დროს დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი (ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი) მძღოლის მიერ მართვის ფაქტს დაადასტურებდა და სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას, რომ შემთხვევის დადგომის დროს დაზღვეულ ავტომობილს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილი მძღოლი მართავდა. სააპელაციო პალატამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 112-ზე განხორცილებული ზარის შედეგად 01.04.2017 წელს საპატრულო პოლიციის მიერ 31.03.2017 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად დ.ვ–ის 250 ლარით დაჯარიმება, მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვების და შემთხვევის ადგილზე დ.ვ–ის რამდენიმე საათის შემდეგ გამოცხადების გათვალისწინებით, ვერ ადასტურებს შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის დ.ვ–ის მიერ მართვის სადავოდ გამხდარ ფაქტს. ამასთან, მოსარჩელემ არ წარმოადგინა არცერთი მტკიცებულება, მაგალითად, დ.ვ–ის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა ან/და ამ უკანასკნელის მიერ ბავშვების ასაკისთვის განკუთვნილი მაღალი ტემპერატურის სამკურნალო მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას, რომ შემთხვევის დადგომის დროს დაზღვეულ ავტომანქანას დ.ვ–ი მართავდა, მისი მხრიდან შემთხვევის ადგილის მიტოვება და შემთხვევის ადგილზე დაახლოებით საათნახევრის შემდეგ გამოცხადება მნიშვნელოვანი სიკეთის - ბავშვის (მცირეწლოვანი შვილის) ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით იყო განპირობებული.
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 799-ე მუხლით და განმარტა, რომ სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციისა და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დანართი №4-ში ჩამოთვლილია ხელშეკრულებით შეთანხმებული გამონაკლისი შემთხვევები, როცა მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი სადაზღვევო რისკის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე, მათ შორის 8.ა. პუნქტის თანახმად, მზღვეველი თანხის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება, როცა ზარალი ან დაზიანება არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვითაა წარმოშობილი.
7. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო გარემოება, რომ შემთხვევის დადგომის დროს დაზღვეულ ავტომანქანას ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილი მძღოლი მართავდა. საბოლოოდ, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, მან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი ვერ დაადასტურა. რაც შეეხება მოპასუხეს, მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში შეძლო იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა (ახსნა-განმარტება, ხელშეკრულება) წარმოდგენა, რომლებმაც აუდიტის სამსახურის მიერ განვითარებული მსჯელობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი სადაზღვევო შემთხვევის დადგომის არარსებობის შესახებ. საბოლოოდ, გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ 31.03.2017 წელს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შეთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად მიიჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი - ზარალის დადგომა არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვის შედეგად, პალატის მითითებით, ასეთ მოცემულობაში აღარ არსებობდა მძღოლის ქმედების კვლევისა და ამ ქმედების ხელშეკრულების ფარგლებთან მისადაგების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო საჩივრის თანახმად:
13.1. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და არა - ვარაუდებს, რომლებიც მას შეექმნა ეჭვების საფუძველზე. გაურკვეველია, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა სასამართლო, როცა მსჯელობს არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვაზე;
13.2. უფლებამოსილი მძღოლი არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ, არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, წარმოსახვითი გამყოფი ზოლის მცირედი გადაკვეთით მსუბუქად გვერდი გაუსვა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, თუმცა არა იმდენად უხეშად, რომ ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილიყო. იმის გამო, რომ მცირეწლოვან ავადმყოფ შვილთან მიჰქონდა წამალი, მან განაგრძო მოძრაობა, ბავშვს მიუტანა წამალი და მისი მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ თავად დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, გამოიძახა საპატრულო პოლიცია და განახორციელა ყველა აუცილებელი ქმედება. ამ რეალობის გათვალისწინებით, ცალსახაა უფლებამოსილი მძღოლის ქმედებაში უხეში გაუფრთხილებლობის გამორიცხვის საფუძველი;
13.3. კერძო სამართლის პირთა შემთხვევაში სრული დაზღვევა უფლებამოსილი მფლობელის ბრალეული ქმედებით მიყენებულ ზიანსაც მოიცავს. პრაქტიკა გვიჩვენებს სადაზღვევო კომპანიის მცდელობას, უთანასწორო პირობებში ჩააყენოს საჯარო დაწესებულება, როცა უარს ამბობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, მაშინ როდესაც კერძო სამართლის სუბიექტებს ანალოგიურ მომსახურებას სთავაზობს.
14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 799.1. [დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება] და 820-ე [ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით] მუხლები.
15. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი). დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.
16. საკასაციო პალატის განმარტებით, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი).
17. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №4-ში ჩამოთვლილია ხელშეკრულებით შეთანხმებული გამონაკლისი შემთხვევები, როცა მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი სადაზღვევო რისკის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე, მათ შორის 8.ა. პუნქტის თანახმად, მზღვეველი თანხის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება, როცა ზარალი ან დაზიანება არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვითაა წარმოშობილი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი).
18. განსახილველ შემთხვევაში სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ სახეზე იყო სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი, თუმცა მან დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა შემთხვევის დადგომის დროს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტომანქანის მართვის ფაქტობრივი გარემოება. გამომდინარე აქედან, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აღარ აქვს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის შეფასების საკითხს.
19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და არა - ვარაუდებს, საკასაციო პალატა მიუთითებს ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-970-935-2016, 18 დეკემბერი, 2017 წელი), რომლის თანახმად: „საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მსჯელობას მყიდველთან მიმართებაში „მტკიცების სტანდარტის მაღლა აწევისა“ და „უტყუარად, სარწმუნოდ და ყოველგვარი ეჭვის გარეშე“ მტკიცების ვალდებულების წარმოშობის შესახებ, რადგან მტკიცების ამგვარ სტანდარტს სამოქალაქო სამართალი არ იცნობს. სისხლის სამართალში პირის ბრალეულობის დასადგენად არსებობს „ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა“ უნდა ადასტურებდეს სადავო ფაქტს (იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 3.13, მუხლი 13, მუხლი 82). სამოქალაქო სამართალში კი მოქმედებს სადავო ფაქტის მაღალი ალბათობით დადასტურების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ სამოქალაქო სამართალში სადავო ფაქტის დასადასტურებლად აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებენ კონკრეტულ ფაქტს (იხ. სუსგ №ას-872-830-2013, 2014 წლის 17 ოქტომბერი)“.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი