Facebook Twitter

საქმე №ას-677-2019 7 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.პ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ც–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებითა და უსწორობის გასწორების შესახებ ამავე სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით ვ.ც–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; გ.პ–ვს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) აეკრძალა ქ.თბილისში, ........ (ს/კ .........) სანთლების წარმოება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან მეზობლები. ასევე აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 29 აგვისტოს წერილი, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ „ბინაში სანთლების დამამზადებელ სახელოსნოს მოწყობა ეწინააღმდეგება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებას... სახელოსნო ფუნქციონირებს სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების დარღვევით, რომლის გამოც, 2013 წლის 2 აპრილს აღნიშნულ ბინაში ადგილი ჰქონდა ხანძარს...“;

3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე, 174-ე, 175-ე მუხლებით და განმარტა, რომ საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ წარმოადგინა მეზობელი ბინიდან გამომდინარე ისეთი ზემოქმედების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

4. სააპელაციო პალატის მითითებით, „სამეზობლო ნორმები მესაკუთრეთა ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებს ადგენს, როდესაც ისინი ურთიერთპატივისცემით, სამეზობლო სივრცეში არსებული საკუთრების უფლების მოვლისა და დაცვის, მათ შორის ნორმალურ, მოსალოდნელ ზემოქმედებათა (არსებითი ან არაარსებითი) თმენის ვალდებულებით არიან აღჭურვილი, ხოლო როდესაც საკითხი ეხება მეზობელი მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობიდან (ასაშენებლის ან უკვე აშენებულის ექსპლუატაციის დროს) მომდინარე აშკარა დაუშვებელ ხელყოფას, ასეთ შემთხვევაში, საკუთრების უფლების ხელყოფის გამო მესაკუთრემ უნდა გამოკვეთოს საკუთარი ინტერესების დაცვის უპირატესობა მეზობელ მესაკუთრესთან, როგორც ხელმყოფ პირთან შედარებით, რადგან სსკ-ის 176-ე მუხლი ნებისმიერ მესაკუთრეს თანაბრად იცავს. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის გამორკვევისას ორივე მხარის ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული“ (სუსგ საქმე Nას-40-38-2012, 22.03.2012წ.).

5. მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხეს აკრძალვოდა სანთლების ჩამოსხმა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. 2020 წლის 1 ივლისს მოპასუხემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის განუხილველად დატოვება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, ვინაიდან, მისი განცხადებით, მოსარჩელემ გაყიდა ბინა, აღარ ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, ......... და, გამომდინარე აქედან, მოპასუხის საქმიანობა მას ზიანს ვეღარ მიაყენებს.

9. ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად, მოსარჩელემ წარმოადგინა განცხადება და აღნიშნა, რომ, მართალია, მან გაყიდა ბინა, თუმცა, .......... აქვს სარდაფი, რომელიც მდებარეობს ზუსტად მოპასუხის ბინის ქვეშ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

13. საკასაციო საჩივრის თანახმად:

13.1. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რა ზიანს აყენებდა მოპასუხე მას ან მის ქონებას, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება;

13.2. მოპასუხემ გამოასწორა სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა, ამასთან, მის ბინაში გაკეთდა სპეციალური გამწოვი;

13.3. მოსარჩელის მოთხოვნა არ იყო ხელშეშლის აღკვეთა სახანძრო უსაფრთხოების გამო, არამედ მას სუნი აზიანებდა, რაც ვერ დაადასტურა;

13.4. სსკ-ის 175.2. მუხლიდან ირკვევა, რომ მესაკუთრე ვალდებულია ითმინოს არსებითი ზემოქმედებანიც, თუ ისინი გამოწვეულია მეზობელი ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით, რაც მისი ნორმალური სამეურნეო საქმიანობით ხორციელდება. ნორმალური სამეურნეო საქმიანობაა, როდესაც მუსიკოსი მეზობელი ხშირად იყენებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს თავის ბინაში. მოცემულ შემთხვევაში კი ნორმალური სამეურნეო საქმიანობაა, როდესაც სასულიერო პირს ხშირად უხდება სანთლების გამოდნობა თავის სახლში. აღნიშნულ ზემოქმედებათა აკრძალვა მოცემული სახის საქმიანობის გაუქმების ტოლფასი იქნება.

14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა აეკრძალოს მის მეზობელ მოპასუხეს ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ ბინაში სანთლების წარმოება - გამომდინარეობს სამეზობლო სამართლის ნორმებიდან.

15. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას [სსკ-ის 170.1. მუხლი]. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით [სსკ-ის 172.2. მუხლი]. ამდენად, საკუთრების უფლების შინაარსი განისაზღვრება პოზიტიური და ნეგატიური უფლებამოსილებებით (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, მუხ. 147-315, 170-ე მუხლის კომენტარი, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2018, გვ. 75).

16. მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება [სსკ-ის 174-ე მუხლი]. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1046-1007-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი).

17. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების თმენის ვალდებულება.

18. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს [სსკ-ის 175-ე მუხლი]. სსკ-ის 175-ე მუხლის თითოეული ნაწილი ადგენს საერთო სამეზობლო სივრცის გამო ბუნებრივი ემისიების თმენის ვალდებულებას, მათი ხასიათის, შეიძლება ითქვას, მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ხელყოფილი უფლების ხარისხის მიხედვით და მე-3 ნაწილი ფულად კომპენსაციასაც ითვალისწინებს თმენის ისეთი ვალდებულებისათვის, როდესაც ზემოქმედება აღემატება კონკრეტულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობასა და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს (იხ. სუსგ საქმე №ას-368-352-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი).

19. სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლით კი მოწესრიგებულია დაუშვებელ ხელყოფასთან დაკავშირებული სამეზობლო ურთიერთობები.

20. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა [სსკ-ის 176-ე მუხლი].

21. „დაუშვებელ ხელყოფაში“ იგულისხმება ნაგებობის იმგვარი ექსპლუატაცია, რომელიც სამეზობლო ზემოქმედების თმენის ვალდებულების კანონით დადგენილ ფარგლებს სცილდება და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უსაფრთხოება დადგენილი წესებით დაცული არ არის (იხ. შდრ. სუსგ საქმე №ას-740-956-08, 10 დეკემბერი, 2008 წელი). 176-ე მუხლი, შესაძლებელია ითქვას, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების მომწესრიგებელ 175-ე მუხლზე მაღლაც დგას იმ კონტექსტში, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ანიჭებს ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა ორი წინაპირობა: ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელი ხელყოფა და ეს იმთავითვე აშკარაა. დასახელებული კუმულატიური პირობები ქმნიან, განსახილველ შემთხვევაში, უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვის მოთხოვნის წინაპირობას, რომელიც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მკაცრი ფორმაა (იხ. სუსგ საქმე №ას-413-396-2016, 15 ივლისი, 2016 წელი). ამასთან, სსკ-ის 176-ე მუხლის წინაპირობების შესამოწმებლად, შესაძლებელია 175-ე მუხლის მოწესრიგების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-368-352-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი).

22. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან მეზობლები. ასევე აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 29 აგვისტოს წერილი, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ „ბინაში სანთლების დამამზადებელ სახელოსნოს მოწყობა ეწინააღმდეგება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებას... სახელოსნო ფუნქციონირებს სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების დარღვევით, რომლის გამოც, 2013 წლის 2 აპრილს აღნიშნულ ბინაში ადგილი ჰქონდა ხანძარს...“ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი);

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ შეძლო სათანადო და სარწმუნო მტკიცებულების წარდგენის გზით იმის დადასტურება, რომ მეზობელი ბინის კონკრეტული დანიშნულებით (ბინაში სანთლების წარმოება) ექსპლუატაცია დაუშვებლად ხელყოფს მის საკუთრების უფლებას, რის გამოც მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ მის საკუთრებაში არსებულ ბინაში სანთლების წარმოების აკრძალვის მოთხოვნით დასაბუთებულია. მოპასუხემ კი ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ეთმინა მისი ბინიდან მომდინარე ხელშეშლა, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.

24. რაც შეეხება მოპასუხის შუამდგომლობას სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, ვინაიდან, მისი განცხადებით, მოსარჩელემ გაყიდა ბინა, აღარ ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, .......... და, გამომდინარე აქედან, მოპასუხის საქმიანობა მას ზიანს ვეღარ მიაყენებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე არის თბილისში, ....... მდებარე სარდაფის (17.90 კვ.მ.) მესაკუთრე (იხ. ტ. II, ს.ფ. 110). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სსსკ-ის 187.2. მუხლით გათვალისწინებული [თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ... ], სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს [სსსკ-ის 39.2. მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 200 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.პ–ვის შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გ.პ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

3. გ.პ–ვს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 28 მარტს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 200 (ორასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი და დარჩენილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი