Facebook Twitter

საქმე №ა-1351-შ-33-2023 25 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ.გ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – ე.კ–კი

გადაწყვეტილება რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება (C/10/631412/ FA RK 22-36)

დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით (შემდგომში - „უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება“) 2012 წლის 28 აგვისტოს ქ. როტერდამში დაბადებული გ.გ–ის ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის, ზ.გ–ნის (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) საცხოვრებელი ადგილი.

2. ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ამავე სასამრთლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მშობელთა ერთობლივი უფლებამოსილება დასრულდა და მხოლოდ მამას დაეკისრა მშობლის უფლებამოსილება.

3. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან, განიმარტა, რომ ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცალსახად არ არის მითითებული, რომ არასრულწლოვანი იცხოვრებს მამასთან.

4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მიხედვით, ზ.გ–ნმა მოითხოვა არასრულწლოვანის მთავარი საცხოვრებელი განსაზღვრულიყო მამასთან.

5. ამავე გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ზ.გ–ნი 2022 წლის 7 თებერვლის პროცესის ერთადერთი მხარე იყო.

6. როტერდამის სასამართლოს მიერ 2023 წლის 12 იანვარს გაცემული ცნობის შესაბამისად, 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (C/10/631412/ FA RK 22-36) სააპელაციო საჩივარი არ შეტანილა, რის გამოც გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

7. 2023 წლის 17 მარტს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

8. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით ზ.გ–ნის შუამდგომლობა ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების (C/10/631412/FA RK 22-36) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.გ–ნის შუამდგომლობა ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების (C/10/631412/ FA RK 22-36) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება (C/10/631412/ FA RK 22-36), რომლითაც 2012 წლის 28 აგვისტოს ქ. როტერდამში დაბადებული გ.გ–ის ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის, ზ.გ–ნის საცხოვრებელი ადგილი. ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ამავე სასამრთლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მშობელთა ერთობლივი უფლებამოსილება დასრულდა და მხოლოდ მამას დაეკისრა მშობლის უფლებამოსილება. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან, განიმარტა, რომ ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცალსახად არ არის მითითებული, რომ არასრულწლოვანი იცხოვრებს მამასთან.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი, რადგან სპეციალური კანონის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, ბავშვთა მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური დაცვის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია, რაც იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი უალტერნატივოდ იმის დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ: სუსგ-ები N ას-1062-996-2012, 22.01.2013წ ; N ას-53-51-2016, 06.07.2016წ; N ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ, N ას-604-563-2017, 13.10.2017წ; N ას-163-2021, 28.05.2021წ.).

15. საქართველომ 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი (კანონი N5004), რომელიც იმავე წლის 27 სექტემბრიდან (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღი; სარეგისტრაციო კოდი 010100000.05...) ამოქმედდა და მისი მოწესრიგების საგანია ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლების განსაზღვრა (მუხლი 2.1), ხოლო ბავშვის საუკეთესო ინტერესები განიმარტება, როგორც ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით (მუხლი 3, „თ“ ქვეპუნქტი).

16. განსახილველ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2012 წლის 28 აგვისტოს ქ. როტერდამში დაბადებული გ.გ–ის ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის, ზ.გ–ნის საცხოვრებელი ადგილი. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც ამ განჩინების პირველ პუნქტშია ასახული, ადგენს იმ სამართლებრივ შედეგს, რაზედაც სასამართლომ იმსჯელა (სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით: „გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე“). საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია იმ სამართლებრივი შედეგის (გადაწყვეტილების) მიხედვით, რაც მის დადგენილებით (სარეზოლუციო) ნაწილშია ასახული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახა ის დასკვნები, რაც ბავშვის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრას და ბავშვის მამისათვის გადაცემას ეხება.

17. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა (,,კომიტეტი”) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს, და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტრესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ განხორციელების ღონისძიებების შემუშავებისას სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადგინონ ყველა ბავშვის, მათ შორის მოწყვლადი ბავშვების, საუკეთესო ინტერესები (შეად. სუსგ-ას N ას-163-2021, 28.05.2021წ.).

18. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას; სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (მუხლი 5.4); სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება (მუხლი 5.5).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება განსაზღვრავს მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილს, შესაბამისად, გადაწყვეტილების მცნობი სასამართლო ვერ გასცდება საცნობი გადაწყვეტილების ფარგლებს და ვერ დაადგენს ახალ სამართლებრივ შედეგს. გადაწყვეტილების ცნობის საკითხის განხილვისას, ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს საქართველოში დედასთან ერთად, საცნობი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ არასრულწლოვანი ბავშვი არის არამართლზომიერად დაკავებული ან გადაადგილებული და რომ დაბრუნებული უნდა იქნეს ნიდარლენდების ტერიტორიაზე (ამიტომაც საკასაციო სასამართლო, ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებითად აღარ იმსჯელებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესთან მიმართებით) შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან შინაარსობრივად არ წარმოადგენს იმ სახის გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღსრულების შესახებ რაიმე აქტის (განჩინება, გადაწყვეტილება) გამოტანას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.გ–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება (C/10/631412/ FA RK 22-36) რომლითაც 2012 წლის 28 აგვისტოს ქ. როტერდამში დაბადებული გ.გ–ის ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის, ზ.გ–ნის საცხოვრებელი ადგილი.

3. ზ.გ–ნის შუამდგომლობა, ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების (C/10/631412/ FA RK 22-36), საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში დარჩეს განუხილველად;

4. ზ.გ–ნს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ვ.კ–ის მიერ 17.03.2023წ. №16420579252 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150.00 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი