Facebook Twitter

საქმე №ა-6266-შ-186-2023

13 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს ,,ლ.ს.ი.მ.ტ–ზე''

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,გ–ი''

განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,გ–ს'' (ს/კ .........) დაეკისრა მოსარჩელე შპს ,,ლ.ს.ი.მ.ტ–ზე''-ს სასარგებლოდ დავალიანების 38 000 000 რუბლის, პირგასამტეხლოს 3 800 000 რუბლის, სახელმწიფო ბაჟი 200 000 რუბლის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე შპს ,,გ–ს'' (ს/კ ......) დაეკისრა მოსარჩელე შპს ,,ლ.ს.ი.მ.ტ-ს'' სასარგებლოდ დავალიანების 38 000 000 რუბლის, პირგასამტეხლოს 3 800 000 რუბლის, სახელმწიფო ბაჟი 200 000 რუბლის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 31 ოქტომბრიდან.

2023 წლის 08 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების მარეგულირებელ მატერიალური სამართლის ნორმებს განსაზღვრავს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (ე.წ მინსკის კონვენცია) ნორმები, რომლებიც სპეციალურ წინაპირობებს ადგენენ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანისათვის.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე თან უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან.

ზემოხსენებული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილება რომლის ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს არ იყოს აღსრულებული სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება, შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდან გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება. რაც საკასაციო სასამართლოს აზრით, წარმოადგენს გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე და 55-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად იკვეთება შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ წარმოდგენილ შუამდგომლობას ხელს აწერს ადვოკატი თ.ც–ძე, ამასთან, შუამდგომლობას თანდართულია შპს ,,ლ.ს.ი.მ.ტ–ზე-ს'' გენერალური დირექტორის ა.ს. ასული ს–ის მიერ თ.ც–ძის სახელზე გაცემული რწმუნებულება, რომელიც თარიღდება 2023 წლის 10 ოქტომბრით.

პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებების მიხედვით არ დასტურდება მინდობილობის გამცემი პირის უფლებამოსილება მოსარჩელის სახელით გასცეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი შპს ,,ლ.ს.ი.მ.ტ–ზე'', წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში რეგისტრირებულ იურიდიული პირს, ამასთან, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურს ნამდვილად წარმოადგენს მინდობილობის ხელმომწერი პირი - ა.ს. ასული ს–კი, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებ, (შუამდგომლობას არ ერთვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან)).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ლ.ს.ი.მ.ტ–ზე-ს'' უნდა დაუბრუნდეს მ.ც–ძის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე, 54-ე და 55-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, და

დაადგინა:

1. შპს ,,ლ.ს.ი.მ.ტ–ზე-ს'' უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. მოსარჩელეს/შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მ.ც–ძის მიერ (პ/ნ .....) შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 12/7/2023) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TEBAGE22, მიმღების ანგარიშის №GE12KS0036010128205301, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

4 განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე