საქმე №ას-1402-2023 19 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ნ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2023 წლის გადაწყვეტილებით მ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, კომპენსაციის დაკისრებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2023 წლის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2023 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.07.2023 წლის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი; ხარვეზის შევსების მიზნით, მოსარჩელეს ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 07 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, მოწინააღმდეგე მხარის რეკვიზიტების, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და 150 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის) წარმოდგენა დაევალა.
3.2. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა 02.08.2023 წელს.
3.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 60-61-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 09.08.2023 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. მან სასამართლოს ხარვეზის შევსების განცხადებით მიმართა 10.08.2023 წელს, ანუ ვადის დარღვევით. 10.08.2023 წლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპელანტის წარმომადგენელი იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, ხოლო ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება ჩაიბარა მისმა შვილმა. შესაბამისად, მისთვის განჩინების ჩაბარების ზუსტი თარიღი უცნობი გახლდათ, რის საფუძველზეც ითხოვდა სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებას.
3.4. სააპელაციო პალატის განმარტებით, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, მითითებული გარემობა არ წარმოადგენს საპატიოს სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის მიზნებისთვის. ამასთან, ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება ჩაბარდა უშუალოდ აპელანტის წარმომადგენელს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2023 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივარი ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაცო სასამართლოს თავისი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა საპროცესო ვადა და მიეცა მხარისათვის უფლების რეალიზაციის საშუალება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.12.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.07.2023 წლის განჩინებით მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 7-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. მასვე განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ.215-219).
10. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.07.2023 წლის განჩინების ასლი მოსარჩელის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა, ს.ფ.28-29) გაეგზავნა თავად მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ.202) და ჩაბარდა პირადად 02.08.2023 წელს (იხ. გზავნილის ჩაბარების დასტური, ს.ფ.222). შესაბამისად, ხარვეზის შვსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 03.08.2023 წელს და ამოიწურა 09.08.2023 წელს, თუმცა აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა მითითებულ ვადაში არ შეუსრულებია და არც რაიმე, მათ შორის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა მასზე, რომ სასამართლოს თავისი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. სუსგ №ას-366-366-2018, 18.05.2018წ.). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ №ას-1023-2019, 25.09.2019წ; №ას-229-2021, 18.05.2021წ.). განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის საპატიო მიზეზით გაშვების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-693-2019, 28.06.2019წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ნ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია