Facebook Twitter

საქმე №ას-239-2019 30 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ–სი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დარიცხვის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შპს „მ–სის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „დეპარტამენტი“) მიმართ 2017 წლის 24 იანვრის №18, №19 და №20 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2017 წლის 24 იანვარს მოსარჩელესა (მიმწოდებელი) და მოპასუხეს (შემსყიდველი) შორის №18 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „SHKODA“-ს მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 160 000 ლარს შეადგენს (ს.ფ. 140-146);

2.2. 2017 წლის 24 იანვარს მოსარჩელესა (მიმწოდებელი) და მოპასუხეს (შემსყიდველი) შორის №19 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „TOYOTA“-სა და „LEXUS“-ის მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 184 000 ლარს შეადგენს (ს.ფ. 147-155);

2.3. 2017 წლის 24 იანვარს მოსარჩელესა (მიმწოდებელი) და მოპასუხეს (შემსყიდველი) შორის №20 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 28 000 ლარს შეადგენს (ს.ფ. 156-163);

2.4. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების 4.1. პუნქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა ხელშეკრულების დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა ავტომობილების დათვალიერება უნდა ჩაატაროს და შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად წარუდგინოს, რომელშიც გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისთვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა იქნება აღნიშნული (ს.ფ. 140-165);

2.5. ხელშეკრულებების მე-5 მუხლი მხარეთა ვალდებულებებს განსაზღვრავს. კერძოდ, 5.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს ხელშეკრულების დანართი №1, №2 და №3-ით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადებში გაუწიოს. ამასთან, მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების და წესების მოთხოვნის დაცვით (ს.ფ. 140-165);

2.6. ხელშეკრულების 5.1.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის ავტომანქანის მომსახურებას მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას გულისხმობს. 11.1. პუნქტის მიხედვით, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას უნდა შეასრულონ. მხარეები ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგებენ პასუხს (ს.ფ. 140-165);

2.7. 11.3. პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით დააჯარიმოს (ს.ფ.17-50,140-165);

2.8. მოსარჩელის მხრიდან ირღვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანების მომსახურებისთვის დადგენილი ვადები, კერძოდ, მოსარჩელის მხრიდან სულ 11 ავტომანქანის მომსახურებისთვის დადგენილი ვადა დაირღვა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი);

2.9. 2017 წლის 8 მაისის N1092954 წერილის შესაბამისად, 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული №18, №19, №20 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, ამავე ხელშეკრულების 11.3 პუნქტის საფუძველზე შემსყიდველმა (დეპარტამენტი) 2017 წლის 8 მაისიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ამავე წერილის შესაბამისად, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით სამივე ხელშეკრულების საერთო თანხის 10%, სულ 37 200 ლარი, დაერიცხა (ს.ფ. 52-53).

3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელესთან დადებული ნარდობის ხელშეკრულებები კანონით დადგენილი წესით შეწყდა. მოპასუხე მხარემ მოსარჩელესთან ხელშეკრულების მოშლის შედეგად გაწყვიტა ხელშეკრულება.

4. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 636-ე მუხლზე, რომელიც სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, იგი შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.

5. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2017 წლის 16 თებერვალს, დეპარტამენტმა მოსარჩელეს შეატყობინა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილის შეუსრულებლობისა და მათი ნაწილობრივ არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. წერილის თანახმად, მოსარჩელეს მითითებული ნაკლოვანებების უმოკლეს დროში აღმოფხვრა და ხელშეკრულებების ძალით ნაკისრი ვალდებულებების დაცვა მოეთხოვა. 2017 წლის 22 მარტს შემკვეთმა მენარდეს კვლავ გაუგზავნა წერილი, სადაც ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა, კერძოდ, მიეთითა, რომ ოთხი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას, ორ შემთხვევაში კი წერილის გაგზავნის დროისთვის ვალდებულება ჯერ კიდევ არ იყო შესრულებული. ამავე დოკუმენტით შემკვეთი პრეტენზიას გამოთქვამს მოსარჩელის მიერ ერთსა და იმავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რამდენიმე დეფექტური აქტის წარმოდგენაზე, მაშინ როდესაც ხელშეკრულებების თანახმად, მენარდეს ავტომობილის გადაცემიდან არაუგვიანეს ერთი დღისა დათვალიერების ჩატარების ვალდებულება ეკისრება, რის შემდეგაც მან შემკვეთს დეფექტური აქტი უნდა წარუდგინოს, რომელშიც სრულყოფილად უნდა იყოს აღნიშნული გასაწევი მომსახურების დეტალები. ამავე წერილის მე-3 პუნქტში შემკვეთი ატყობინებს მოსარჩელეს, რომ ხშირ შემთხვევაში პრეისკურანტის არასწორ განმარტებას აქვს ადგილი, რის გამოც დეფექტური აქტები ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციას შეიცავს. გარდა ამისა, წერილის მე-4 პუნქტში საუბარია გარანტიის პირობებში მითითებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, კერძოდ იმაზე, რომ 29 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შეკეთებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა, რითაც შემსყიდველ კომპანიას ზიანი ადგება. ამავე წერილით მოსარჩელეს გაფორმებული ხელშეკრულებების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება მოეთხოვა. მიუხედავად ზემოაღნიშნული გაფრთხილებებისა, მენარდის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება კვლავ გრძელდებოდა. საქმის მასალებში არსებობს არაერთი დოკუმენტი, რომელიც 2017 წლის 22 მარტიდან 2017 წლის 04 მაისის ჩათვლით სხვადასხვა დროს, მოსარჩელისთვის, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას ადასტურებს. ამასთან, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ მისთვის წაყენებული პრეტენზიის გაზიარებაზე უარის თქმას ან/და დარღვევების გამომწვევი მიზეზების ახსნა-განმარტების გაცემას დაადასტურებდა.

6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, არამედ, მენარდის (მოსარჩელის) მიერ კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის დარღვევასაც, ვინაიდან საქმის მასალებში წარდგენილ შემკვეთის არაერთ წერილზე მოსარჩელე კომპანიის მიერ პასუხის დაბრუნება/ინფორმაციის მიწოდება არ დასტურდება, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, მას შემდეგ, რაც შემკვეთი მენარდეს შესრულების ნაკლზე წერილობით აცნობებდა, მიუხედავად ხელშეკრულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა, მენარდეს მოპასუხისთვის ვადების გაგრძელების მოთხოვნით წერილობით არასოდეს მიუმართავს და იგი ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, ვადაგადაცილებით ასრულებდა ვალდებულებას.

7. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხე პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტია, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტექნიკური დახმარების გაწევაც მოსარჩელემ ივალდებულა, - პოლიციის ოპერატიული მანქანები. სსკ-ის 52-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ნაკისრი სამუშაოს შესრულების შემჭიდროვებული ვადების დაცვა შემკვეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რაც პირდაპირ კავშირშია აღნიშნული სამსახურის მიერ საჯარო წესრიგის ეფექტურად დაცვასა და სახელმწიფოებრივი ვალდებულების ჯეროვან შესრულებასთან, შესაბამისად, ამ ვადების სისტემატიური დარღვევა მოსარჩელე კომპანიაზე მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრებით ვერ კომპენსირდება და შესაძლებელია მოპასუხე მხარის მიერ იმგვარი ვალდებულების დარღვევას გაუთანაბრდეს, რომელსაც ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვა უკავშირდება (სსკ-ის 405.1. მუხლის ბოლო წინადადება).

8. სააპელაციო პალატის მითითებით, უდავოა, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებები შემკვეთმა ცალმხრივად მოშალა, რის შედეგადაც მან მოსარჩელეს 11.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამივე ხელშეკრულების საფასურის 10%-ის გადახდის ვალდებულება დააკისრა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაკისრებული თანხა წარმოადგენს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს - ჯარიმას, რაც აღნიშნული დებულების სიტყვა-სიტყვითი განმარტების შედეგადაც დგინდება. ამ გარემოებას ასევე ადასტურებს ის ფაქტი, რომ შემკვეთს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აქვს აღძრული მოსარჩელის წინააღმდეგ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე (ს.ფ. 227-240). შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხემ ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება, მას ლოგიკურად ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილების ან/და მისი შესრულების ფორსირების ინტერესი აღარ გააჩნდა, ამიტომ დაკისრებული თანხა, თავისი არსით, ჯარიმაა (პირგასამტეხლო), რომელიც ხელშეკრულების მოშლის შედეგად გამოწვეული ზიანის გამო დამრღვევი პირისთვის სანქციის დაკისრების დანიშნულებასაც შეიძლება ატარებდეს.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოშლისა და ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობების არარსებობა მოსარჩელე მხარეს უნდა ემტკიცებინა, თუმცა მოპასუხის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირისპიროდ მოსარჩელე მხარემ საპირწონე მტკიცებულება ვერ წარადგინა. შესაბამისად, სასამართლოს ვერ შეექმნა ვარაუდი დადებული ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში არსებითი დარღვევების არარსებობისა და მოსარჩელის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედების თაობაზე, რაც მტკიცების ტვირთის ნაკლის გამო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

15. საკასაციო საჩივრის თანახმად:

15.1. ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც სახეზეა შეუსრულებელი ვალდებულება და შემსრულებელი/მიმწოდებელი შემსყიდველს არ სთავაზობს ხარვეზის გამოსწორების გონივრულ ვადას. წინამდებარე საქმეზე შემსყიდველის ყველა დაკვეთა შესრულებულ იქნა;

15.2. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ შემკვეთს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ნარდობის ხელშეკრულება. ასეთი დასაბუთება არ მიესადაგება მოცემულ საქმეს, რადგან სააპელაციო პალატის მიერ მოყვანილი არგუმენტი რელევანტურია ისეთი ურთიერთობის დროს, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ფარგლებში არ აქვთ დათქმული ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. მოცემულ შემთხვევაში კი ხელშეკრულების შეწყვეტას უნდა გააჩნდეს კონკრეტული წინაპირობა - ხარვეზი არ უნდა იყოს აღმოფხვრილი;

15.3. რაც შეეხება დაკვეთის შესრულების ვადის დარღვევას, ამ მოტივით ხელშეკრულების უპირობო შეწყვეტა არ არის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული და 11.3. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის - ვადაგადაცილების პირგასამტეხლო;

15.4. 2018 წლის 23 იანვარს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ საქმეში წარმოადგინა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იმ ფაქტის გამაბათილებელი მტკიცებულება, რომ თითქოს საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ მისთვის წაყენებული პრეტენზიის გაზიარებაზე უარის თქმას ან/და დარღვევების გამომწვევი მიზეზების ახსნა-განმარტების გაცემას დაადასტურებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასამართლოს არგუმენტი, რომ შემსრულებელი არღვევდა კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულებების შეწყვეტის მართლზომიერება.

17. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულებების 11.3. პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით დააჯარიმოს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7. ქვეპუნქტი).

18. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანების მომსახურებისთვის დადგენილი ვადების დარღვევას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, კერძოდ, მოსარჩელის მხრიდან 11 ავტომანქანის მომსახურებისთვის დადგენილი ვადა დაირღვა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.8. ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტექნიკური დახმარების გაწევაც მენარდემ ივალდებულა, პოლიციის ოპერატიულ მანქანებს წარმოადგენდა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით დადგენილი სამუშაოს შესრულების ვადების დაცვა შემკვეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მასზე დაკისრებული სახელმწიფოებრივი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე.

19. მართალია, ნარდობის ხელშეკრულებების 11.3. პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის, თუმცა, თუ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევას არაერთჯერადად აქვს ადგილი, ვადების სისტემატური დარღვევა მოსარჩელე კომპანიაზე მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრებით ვერ კომპენსირდება და შესაძლებელია ვალდებულების იმგვარ დარღვევას გაუთანაბრდეს, რომელსაც შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვა უკავშირდება, რაც სსკ-ის 405.1. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.

20. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მართებულად არ დაკმაყოფილდა მენარდის მოთხოვნები 2017 წლის 24 იანვრის №18, №19 და №20 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობის შესახებ.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „მ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „მ–სს“ (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 18 მარტს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 (რვა ათასი) ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი