Facebook Twitter

საქმე №ას-269-2021 20 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.მ–ვა (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _

სს „თ.დ–ვა“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ქონების მემკვიდრის სახელზე აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკის სარჩელი ნ.მ–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრებისა და ქონების მემკვიდრის სახელზე აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2018 წლის 23 იანვარს ბანკსა და ს.მ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი 3100 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 27%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 7 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით ყოველი თვის 7 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - 20 ლარი და გრაფიკის ყოველი დარღვევისას - დავალიანების 0.5%. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით, ბანკის სასარგებლოდ;

2.2. 2017 წლის 18 ნოემბერს ბანკსა და ს.მ–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი „ერთგული“, 850-ლარიანი საკრედიტო ლიმიტით;

2.3. 2017 წლის 18 დეკემბერს ბანკსა და ს.მ–ს შორის ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის N3901585-9429083 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 2000 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 12%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 25 მარტამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი და გრაფიკის ყოველი დარღვევისას - დავალიანების 0.5%;

2.4. მსესხებელი ს.მ–ი გარდაიცვალა 2018 წლის 18 ივნისს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დარღვეულია სწორედ გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, 2018 წლის ივნისის თვეში;

2.5. ბანკისთვის მოვალის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 2018 წლის 25 ივნისს;

2.6. 2019 წლის 18 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ მოპასუხე არის ს.მ–ის მეუღლე. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, სამკვიდრო ქონება მიიღო სრულად;

2.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ბანკმა განცხადებით ნოტარიუსს მიმართა 2019 წლის 10 აპრილს;

2.8. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მხრიდან გაშვებულია სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი პრეტენზიის წარდგენის 6-თვიანი ვადა, რაც გამორიცხავს მოთხოვნის უფლებას.

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბანკის მხრიდან დარღვეულია ს.მ–ის მემკვიდრეთა მიმართ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის სსკ-ის 1488.1. მუხლით გათვალისწინებული ვადა.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, ბანკისთვის მოვალის გარდაცვალების შესახებ და, შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობილი გახდა 2018 წლის 25 ივნისს. სსკ-ის 1499.1. მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ, უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება კრედიტორის პრეტენზიების შესახებ. განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-171-160-2017, 18 აპრილი, 2017წ.).

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ბანკისთვის მოვალის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 2018 წლის 25 ივნისს, მას აღნიშნული თარიღიდან 6 თვის განმავლობაში უნდა მიემართა ნებისმიერი ნოტარიუსისათვის მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ბანკმა ნოტარიუსს მიმართა სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ექვსთვიანი ვადის დარღვევით - 2019 წლის 10 აპრილს, რაც, სასამართლოს მითითებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამორიცხავდა მოთხოვნის სასარჩელო წესით დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობას.

6. რაც შეეხებოდა ბანკის იმ პრეტენზიას, რომ მან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით 6-თვიან ვადაში მიმართა სადაზღვევო კომპანიას, პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის აღნიშნული ქმედება ვერ შეფასდებოდა სსკ-ის 1488.1. მუხლით დადგენილი წინაპირობის შესრულებად, რაც სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველს ქმნიდა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. მოთხოვნა უნდა წარედგინოთ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. მემკვიდრემ საქმის წარმოების ეტაპზე - 2019 წლის 11 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სამკვიდრო ქონების დარეგისტირება მოითხოვა, რაც გახდა კიდეც საქმეზე მოპასუხეთა წრის დაზუსტების საფუძველი;

12.2. კრედიტორს მოვალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღების მომენტიდან აქვს მოთხოვნის წარდგენის ერთწლიანი ვადა. არასწორია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ ექვსი თვის ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობის შემთხვევაში კრედიტორი მოთხოვნის ერთწლიან ვადაში წარდგენის უფლებასაც კარგავს. კანონმდებლის ნება ასეთი რომ ყოფილიყო, მაშინ საერთოდ აღარ იარსებებდა მოთხოვნის ერთწლიანი ვადა და მოთხოვნის წარსადგენად დადგენილი იქნებოდა მხოლოდ ექვსთვიანი ვადა;

12.3. ამასთან, შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ მათ ვერ შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვეში. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. ასეთ დროს, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-303-285-2014);

12.4. მოცემულ შემთხვევაში, რადგან სესხი დაზღვეული იყო, ბანკმა თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართა სადაზღვევო კომპანიას. ბანკის მიერ დაცულია მემკვიდრეებისთვის პრეტენზიის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, ასევე, სარჩელი აღძრულ იქნა გარდაცვალებიდან 1 წლის ვადაში.

13. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ ბანკის, როგორც გამსესხებლის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მსესხებლის მემკვიდრეებისათვის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1484.1. მუხლი [მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად]. გამსესხებლის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს [მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას].

14. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება (იხ. სუსგ საქმე №ას-171-160-2017, 18 აპრილი, 2017 წელი).

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1487-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებული არიან, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების (სამკვიდროს გახსნის) შესახებ (სსკ-ის 1487) და იმ მემკვიდრეების შესახებ, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროს მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მოვალის სამკვიდრო) (იხ. სუსგ საქმე №ას-171-160-2017, 18 აპრილი, 2017 წელი).

16. ამდენად, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ, უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება კრედიტორის პრეტენზიების შესახებ. განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ («სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-171-160-2017, 18 აპრილი, 2017 წელი).

17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბანკისთვის სამკვიდროს გახსნის ანუ მოვალის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 2018 წლის 25 ივნისს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5. ქვეპუნქტი), ხოლო ბანკმა განცხადებით ნოტარიუსს მიმართა 2019 წლის 10 აპრილს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7. ქვეპუნქტი). ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ბანკის მიერ დარღვეულია სსკ-ის 1488.1. მუხლით დადგენილი მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის ვადა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „თ.ბ–ს“ (ს.ნ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 25 იანვარს №54153 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი