Facebook Twitter

საქმე №ას-599-2019 14 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო–ე“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ო–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს „თ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის გაფორმებული გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა ცოცხალი თევზის ტრანსპორტირების ვალდებულება. გადაზიდვის ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეძენილი თევზის გადატანას სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით მოპასუხისა და ი/მ რ.გ–ის მიერ. გადამზიდავმა ტვირთი (თევზის პარტია) სომხეთის რესპუბლიკაში 2015 წლის 12 ივნისს მიიღო;

2.2. ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული იქნა ორი მანქანა: მოპასუხის კუთვნილი MERSEDES ACTORS, სახ. ნომრით ....., რომელსაც მართავდა რ.გ–ი და ავტომანქანა, სახ. ნომრით ...., რომელსაც მართავდა ო.მ–ძე. ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია აირაციის სპეციალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას მანქანის ავზებში, სადაც განთავსებულია თევზი. სადახლოს ტერიტორიაზე მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის მძღოლმა დამატებით დაამონტაჟა ჟანგბადის ბალონები;

2.3. მოპასუხის ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაზიდვის განხორციელებამდე შემოწმებული იყო გზისთვის ვარგისიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2.4. მოსარჩელემ ტვირთი 2015 წლის 13 ივნისს მიიღო. 2015 წლის 7 ივლისს კი რეკლამაციით მიმართა მოპასუხეს და ზიანის თაობაზე აცნობა. მოპასუხე მხარემ ზიანის დადგომის ფაქტი უარყო.

3. სააპელაციო პალატის მითითებით, 2016 წლის 13 აპრილს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და სასარჩელო წესით მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ავტომანქანა გზაში ტექნიკური გაუმართაობის, კერძოდ, აერაციის სისტემაში ჟანგბადის ბალონების უკმარისობის გამო გაჩერდა. მეორე გადამზიდავმა საკუთარი მანქანიდან მოხსნა ჟანგბადის ბალონები და დაამონტაჟა მოპასუხის კუთვნილ მანქანაზე. დამკვეთის აუზებში თევზის გადმოტვირთვისას დაფიქსირებული იქნა ტრამვირებული და დახოცილი თევზი. ჩატარებული იქნა აერაციის სისტემის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, რის შედეგად დადგინდა, რომ ჟანგბადის მიწოდება ხორციელდებოდა არანორმალური წნევის პირობებში.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 686.1. მუხლით და განმარტა, რომ გადამზიდველისთვის ტვირთის გადაცემით მასზე გადადის ტვირთთან დაკავშირებული რისკები და მისი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია გადამზიდავის ბრალეულობასთან მიმართებით. მოსარჩელე (გამგზავნი) იტოვებს საპროცესო უფლებას იყოს პასიური ფაქტების მითითების და მტკიცებულებათა წარმოდგენის კუთხით იმ მოვლენებთან ან მიზეზებთან მიმართებით, რამაც გამოიწვია გადაზიდვის პერიოდში ტვირთის დაზიანება ან დაკარგვა. თუმცა მოსარჩელე (გამგზავნი) ვალდებულია მიუთითოს და ადასტუროს ტვირთის გადამზიდველისათვის გადაცემისა და ზიანის არსებობის ფაქტობრივი შემადგენლობა. ამდენად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა.

5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, კერძოდ:

5.1. ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია რუსულ ენაზე შედგენილი (შემდგომში ნათარგმნი) სამუშაოს შესრულების აქტი №11-05/15, სადაც აღნიშნულია, რომ 4 000 კგ. თევზისაგან შემდგარი პარტია მიჩნეულია წუნდებულად. შესრულების აქტი ხელმოწერილია მოსარჩელის წარმომადგენლებისა და მძღოლის - ო.მ–ძის მიერ. შესრულების აქტი მოპასუხის მიერ ხელმოწერით დადასტურებული არ არის;

5.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული ო.მ–ძის განმარტებით, ტვირთის დაცლის შემდეგ მან ნახა, რომ 15-20 ცალი თევზი იყო მკვდარი. მან რუსული არ იცის და აუხსნეს, რომ აქტზე ხელის მოწერით ამ თევზების დახოცვის ფაქტს ადასტურებდა. მან არ იცოდა, რომ სინამდვილეში 4 ტონა თევზის დახოცვის ფაქტზე მოაწერინეს ხელი. თევზის ავზს ჟანგბადი არ მოჰკლებია. ჟანგბადის წნევა ნორმალური იყო, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით მეორე მანქანიდან ერთი ცალი ჟანგბადის ბალონი მაინც დაამატეს;

5.3. მოწმე რ.გ–ის (მოპასუხე კომპანიის მძღოლის) განმარტებით, ტვირთის გადმოცლისას თევზი დახოცილი არ იყო, ასე რომ ყოფილიყო, მას იქედან არავინ გამოუშვებდა. დაახლოებით ერთ საათში წამოვიდნენ. წამოსვლიდან საათნახევარში დაურეკეს და უთხრეს, რომ თევზი დაიხოცა და აქტის გასაფორმებლად დაბრუნება მოსთხოვეს. იგი არ დაბრუნდა, იმიტომ რომ პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა. თევზის დაცლის შემდეგ მან მხოლოდ 3-4 ცალი მკვდარი თევზი ნახა ს–ოს ხელში (იხ: სხდომის ოქმი 13:12:48). საერთოდ, 1,5-2 ტონა თევზის გადმოტანისას მოსალოდნელია და ნორმალურია, რომ 20-30 კგ (3-5 %) თევზი დაიხოცოს.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ზიანის ფაქტის არსებობისა და მისი მოცულობის დადასტურება, თუმცა მოსარჩელე მხარემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეზე დაკითხულმა ორივე მოწმემ უარყო 4 ტონა თევზის დახოცვის ფაქტი. მათი განმარტებით, მათ მხოლოდ რამდენიმე (4-5, 10-15 ცალი) მკვდარი თევზი ნახეს. მათ ასევე უარყვეს ის ფაქტი, რომ ჟანგბადის მიწოდება შეფერხებით განხორციელდა და განაცხადეს, რომ მოპასუხის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჟანგბადის ნიშნული დასაშვებზე ქვემოთ არ ჩამოსულა, ხოლო დამატებითი ჟანგბადის ბალონის დამაგრება მხოლოდ წინდახედულობის გამოვლენა იყო და თავის დაზღვევის მიზნით განხორციელდა. ამასთან, მოწმეთა განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელს, რომელიც მათ ტვირთის გადაზიდვისას ახლდა თან, რაიმე ტიპის პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი - №11-05/15 აქტი არ შეაფასა ზიანის არსებობის დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, რამდენადაც მოწმე ო.მ–ძის განცხადებით, მან რუსული ენა არ იცის, რუსულენოვანი აქტი კი მის მიერ ხელმოწერილი იქნა მოსარჩელის წარმომადგენლის თარგმანზე დაყრდნობით, შინაარსის გაცნობის გარეშე, რაც პალატის მოსაზრებით, 4 ტონა თევზის განადგურების ფაქტის უტყუარად დადგენილად მიჩნევის მიზნებისათვის წარმოდგენილ მტკიცებულებას არასაკმარისად აქცევს. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადმოტვირთვიდან მოკლე დროში თევზმა დაიწყო თუ არა განადგურება, საქმეზე წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. მოსარჩელის მიერ მისი მტკიცების ფარგლებში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რაც ზიანის მიყენების ფაქტს და ოდენობას დაადასტურებდა, მაგ.: ექსპერტის დასკვნა; სპეციალისტის მოსაზრება; ფაქტების კონსტატაციის სამსახურის დასკვნა; მკვდარი თევზის, როგორც უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტი და ა.შ.; გამომდინარე აქედან, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზიანის არსებობის ფაქტი, რაც ამ სახის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. სასამართლომ არასწორად ასახა მოწმეების - რ.გ–ისა და ო.მ–ძის ჩვენებები, ამასთან, საერთოდ არ ასახა მოპასუხის წარმომადგენლის - დ.მ–ის ახსნა-განმარტება;

14.2. სასამართლომ სიტუაცია იმგვარად წარმოაჩინა, რომ თითქოს მოპასუხის კუთვნილ მანქანაში დაიხოცა 15-20 თევზი. სინამდვილეში მოწმე ო.მ–ძემ ბრძანა, რომ მის მანქანაში დაიხოცა 15-20 თევზი, მანვე დაადასტურა, რომ ნახა დაზიანებული და გადმოტრიალებული (დახოცილი) თევზი, მას აუხსნეს, რომ ხელმოწერით ადასტურებდა თევზის დაზიანება-დახოცვის ფაქტს, მაგრამ არ იცის, რამდენი და რა ღირებულების თევზი დაიხოცა. მომხსენებელმა მოსამართლემ ეს ჩვენება ისე წარმოადგინა, თითქოს მოწმე ო.მ–ძემ დაადასტურა 10-15 თევზის დახოცვის ფაქტი და, რომ მან არ იცის რუსული ენა და არც ის, თუ რას მოაწერა ხელი;

14.3. მოპასუხის წარმომადგენელმა დ.მ–მა და მოწმე რ.გ–მა დაადასტურეს, რომ რ.გ–ს აჩვენეს დახოცილი ეგზემპლარები, თხოვდნენ მისულიყო, შეემოწმებინა მიმღებთან ერთად დაზიანებული თევზი, ხელმოწერით დაედასტურებინა თევზის დახოცვა-დაზიანების ფაქტი, რაზეც მათ უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ მოპასუხე, ხელშეკრულების 2.2.5. მუხლის თანახმად, გათავისუფლებული იყო პასუხისმგებლობისაგან;

14.4. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს მოსარჩელემ ვერ შეძლო თევზის დაზიანება-დახოცვის ფაქტის დადასტურება.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

16. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].

17. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა გადაზიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა [სსკ-ის 668-ე მუხლი: გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე]. აღნიშნული სამართალურთიერთობისას მტკიცების ტვირთის განაწილება სპეციფიკურობით ხასიათდება. კერძოდ, სსკ-ის 687.1. მუხლის თანახმად, იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა [გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა], ეკისრება გადამზიდველს.

18. გადაზიდვის ურთიერთობის რეგულირებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რა გადამზიდველის პასუხისმგებლობის ფარგლებს, სკ-ის 686-ე მუხლის პირველი ნაწილით გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში. ამავე კოდექსის 687-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობის ძირითად პირობას წარმოადგენს რა მისი ბრალი, თავად გადამზიდველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანი მისი ქმედებით არ გამოწვეულა (იხ. სუსგ საქმე №ას-887-1160-04, 1 მარტი, 2005 წელი).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ, მართალია, მოსარჩელეს არ ეკისრება მტკიცების ტვირთი იმ გარემოებებთან მიმართებით, რამაც გამოიწვია გადაზიდვის პერიოდში ტვირთის დაზიანება ან დაკარგვა, თუმცა იგი ვალდებულია მიუთითოს და ადასტუროს ზიანის არსებობის ფაქტობრივი შემადგენლობა.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 394.1. მუხლი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა; 3) მიზეზობრივი კავშირი; 4) ბრალი. მოსარჩელეს ეკისრება არამარტო ზოგადად, ქონებრივი დანაკლისის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების, არამედ ამ დანაკლისის ოდენობის სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება.

21. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ მისი მტკიცების ფარგლებში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რაც ზიანის მიყენების ფაქტს და ოდენობას დაადასტურებდა, მაგ.: ექსპერტის დასკვნა; სპეციალისტის მოსაზრება; ფაქტების კონსტატაციის სამსახურის დასკვნა; მკვდარი თევზის, როგორც უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტი და ა.შ.; გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სათანადო, სარწმუნო და ვარგისი მტკიცებულებების წარდგენის გზით ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დადასტურება, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2275,8 ლარის 70% – 1593,06 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „თ–ს“ (ს/კ: ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 13 მაისს №1557749248 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2275,8 ლარის 70% – 1593,06 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი