Facebook Twitter

საქმე №ას-688-2020 30 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „A.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „A“-ს (შემდგომში - „მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 1 578,16 ლარის ანაზღაურება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2016 წლის 10 მაისს მოსარჩელეს (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.01/10/263 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში ოლიმპიური სოფლის საკანალიზაციო გარე ქსელის ჩართვების და განშტოების დასასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში აეროპორტის ტრასის დაჭირხვნის მეთოდით გადაჭრის სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო;

2.2. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება 444 500,69 ლარს (ხელშეკრულების 2.2. პუნქტი) შეადგენდა;

2.3. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღით განისაზღვრა (ს.ფ. 21-26);

2.4. ხელშეკრულების მე-6 მუხლით შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი შეთანხმდა. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, შესყიდვის ობიექტის ნაწილი მიღებულად მხოლოდ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ჩაითვლებოდა. სამუშაოების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად კი შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა-2) მითითებული სამუშაოთა დასრულების თარიღი უნდა ყოფილიყო მიჩნეული (ს.ფ. 21-26);

2.5. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 8.6. პუნქტის თანახმად, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს, ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაკისრების წინაპირობები შეთანხმდა (ს.ფ. 21-26);

2.6. 2016 წლის 28 ივლისს გაფორმებული №3 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ №02.01/10/263 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება 135 412,14 ლარს (რასაც ემატებოდა ექსპერტიზის მომსახურების ღირებულება 600,00 ლარი) შეადგენდა;

2.7. 2016 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული №4 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ №02.01/10/263 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება 188 779,85 ლარს (რასაც ემატებოდა ექსპერტიზის მომსახურების ღირებულება 600,00 ლარი) შეადგენდა (ს.ფ. 3-5, 18,20).

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის 2016 წლის 10 მაისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლო მართებულად შემცირდა.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ, ერთ შემთხვევაში, სამუშაოები 19 დღის, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სამუშაოები 70 დღის დაგვიანებით შესრულდა.

5. სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მოპასუხის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, რომლებითაც დგინდება, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მხარეებმა 2016 წლის 10 მაისის №02.01/10/263 ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 41 730,87 ლარით გაიზარდა, შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება, ნაცვლად 444 500,69 ლარისა, 486 231,56 ლარით განისაზღვრა. მართალია, ამავე შეთანხმებით მხარეები 2016 წლის 10 მაისის №02.01/10/263 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა მიწოდების ვადის გაგრძელებაზე არ შეთანხმებულან, თუმცა, სააპელაციო პალატის განმარტებით, ხელშეკრულების ღირებულებაში თითქმის 10%-იანი ფასის გაზრდა, უდავოდ მიანიშნებდა შესასრულებელი პროექტის ნაკლოვანებაზე. ისეთ დროს, როდესაც შემკვეთი თანხმობას აცხადებს ხელშეკრულებაში ამგვარი სოლიდური ცვლილება შეიტანოს, არსებობს პრეზუმფცია, რომ იგი კონკლუდენტურად გამოთქვამს თანხმობას, რომ სამუშაოები პირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დასრულდება. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი, კერძოდ ის, რომ ღირებულების თითქმის 10%-იანი გაზრდა შესასრულებელი სამუშაოს ოდენობაზე გავლენას ვერ იქონიებდა, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა, რომელიც მან ვერ დაადასტურა.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის მცირე ვადა, ასევე თავდაპირველ ხელშეკრულებაში, ღირებულებით ნაწილში, საკმაოდ სოლიდური ცვლილების შეტანის ფაქტი, ასევე გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ შემკვეთს სამუშაო სრულად აქვს მიღებული, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს და მისი სრულად დაკისრების წინაპირობა არ არსებობდა.

7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის სახით, მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას მოიცავდა და მოთხოვნა ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დაყენებული არ ყოფილა, შესაბამისად, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას სააპელაციო ინსტანციაში მხარის მიერ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ემსჯელა და სამართლებრივად შეეფასებინა იგი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული წესების თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც მას არ მოუთხოვია, შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

13. საკასაციო საჩივრის თანახმად:

13.1. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 420-ე მუხლი;

13.2. მოპასუხე იურიდიული პირია, რაც გულისხმობს, რომ მხარეს სრულად უნდა ჰქონოდა გათვითცნობიერებული მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღვევისას;

13.3. გასათვალისწინებელია ასევე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე;

13.4. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ფაქტიურად დადგინდა გონივრული პირგასამტეხლოს მოჭრილი ოდენობა 0,05% (იხ. სუსგ საქმე №ას-1031-992-2016);

13.5. ხელშეკრულების 8.6. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის დასათვლელად მხარეები ხელმძღვანელობდნენ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თანხის ოდენობით და ფაქტობრივი დანახარჯით, რაც, ბუნებრივია, თავის თავში მოიცავს ექსპერტიზის ხარჯებსაც.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

15. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

16. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

17. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

18. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. შდრ. სუსგ საქმე №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

19. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).

20. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგებთან მიმართებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანია.

21. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი