Facebook Twitter

საქმე №ას-1103-2019 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ტ–სი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით შპს „ტ–სის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „სამინისტრო“) სარჩელი მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 8085,30 ლარის გადახდა) და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაეგზავნა სამინისტროს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და სასამართლო გზავნილი, რომლითაც მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა გზავნილის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის ვალდებულებისა და მისი წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

3. სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს სამინისტროს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები სასამართლო გზავნილთან ერთად 2018 წლის 23 აპრილს ჩაბარდა, კერძოდ, გზავნილი მოპასუხე კომპანიის გაყიდვების მენეჯერს - მ.ს–ს ჩაბარდა.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 73.8. მუხლით და განმარტა, რომ დასახელებული ნორმის თანახმად, ორგანიზაციის მისამართზე გაგზავნილი გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის საჭიროა მისი მიღება დასტურდებოდეს საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. კორესპონდენციის მიღებისათვის პირდაპირ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს კანცელარიის თანამშრომელი, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს ორგანიზაციის სხვა თანამშრომლის მიერ კორესპონდენციის მიღებისას ეს უკანასკნელი ჩაითვალოს უფლებამოსილ პირად. ამავე მუხლის ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ პირი, რომელიც ორგანიზაციის სახელით, ორგანიზაციის მისამართზე გამოხატავს კორესპონდენციის მიღების ნებას და აღნიშნული ქმედების მართლზომიერებას ხელმოწერით დაამოწმებს, სსსკ-ის 73.8. მუხლის კონტექსტში ითვლება „ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს“. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში გზავნილის მიმღები - მ.ს–ი მიჩნეულ უნდა იქნეს კორესპონდენციის მიღებისათვის უფლებამოსილ პირად, ვინაიდან მან გზავნილის მიღებით დაადასტურა, რომ ამგვარი უფლებამოსილება გააჩნდა. უფრო მეტიც, აღნიშნულმა პირმა შეტყობინების ბარათზე მიუთითა, რომ იგი გზავნილის ადრესატის მინდობილი პირია, თანახმად №171158216 მინდობილობისა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულებაში მხარის მიერ მითითებული თავისი მისამართი, სადაც ამ უკანასკნელს სასამართლო გზავნილი გაეგზავნა, სისწორის თვალსაზრისით, ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და საწინააღმდეგოს დადასტურებამდე არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ მხარე მის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინებისა თუ კორესპონდენციის სათანადოდ მიღება-ჩაბარებას უზრუნველყოფს.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია, რომ მ.ს–ის მიერ გზავნილის მიღებისას არ არსებობდა ამ გზავნილის მოპასუხისთვის ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველი. მოპასუხის პრეტენზია სარჩელისა და თანდართული მასალების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობასთან დაკავშირებით მოკლებული იყო ფაქტობრივ საფუძველს. გარდა ამისა, მართალია, მოპასუხის წარმომადგენელი უთითებდა, რომ გზავნილის მიმღებს სასამართლო გზავნილი ორგანიზაციის დირექტორისთვის არ გადაუცია, თუმცა აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად ამ უკანასკნელს, მისივე ახსნა-განმარტების გარდა, რომელსაც არ ეთანხმება მოსარჩელე, სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებაზე არ მიუთითებია. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ საზოგადოებაში დასაქმებულმა პირმა ჩაბარებული სასამართლო გზავნილი საზოგადოების ხელმძღვანელობას არ გადასცა ან დაგვიანებით გადასცა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება.

6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იყო არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის გამო (იხ. სსსკ-ის 2321 მუხლი), რა დროსაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი ისეთი დამატებითი პირობაა საჭირო, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.

7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხია. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით სასამართლომ არ მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, არ შეიძლება გახდეს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის მტკიცების საგანი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სარჩელში მითითებული და დადასტურებულად მიჩნეული გარემოებები და დაასკვნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია გონივრულად მოპასუხისათვის, პირგასამტეხლოს სახით, 8085.30 ლარის დაკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი წინაპირობა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად ჩაბარდა საამისოდ არაუფლებამოსილ პირს, ასევე ამ უკანასკნელმა მასალა არ გადასცა ორგანიზაციის დირექტორს. ორგანიზაციას დავის მიმართ გააჩნია იურიდიული ინტერესი;

14.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მითითებულ დავაში კი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლოს შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა, რადგან დასაფიქრებელი იყო პირგასამტეხლოს ოდენობაზე.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაცული იყო შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები [სსსკ-ის 2321 მუხლი: მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით]. ამასთან, არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები [დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის].

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელი ფორმალური წინაპირობის არსებობის მხრივ სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 და მე-5 პუნქტები), ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, პირგასამტეხლოს სახით, 8085,30 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლო აღნიშნულზე იმსჯელებს ქვევით.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

18. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

19. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

20. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

21. სასამართლოს ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

22. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, – კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას შეუძლია გამოიყენოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი; შდრ. სუსგ. საქმე N ას-819-771-2012, 12 სექტემბერი, 2012 წელი).

23. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

24. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ წარუდგენია შესაგებელი და, შესაბამისად, არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს შემცირება, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში სასამართლო ამოწმებს მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართებას, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ამ მხრივ კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 404,26 ლარის 70% – 282,98 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ტ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ტ–სს“ (ს/კ: .....) დაუბრუნდეს ვ.მ–ის (პ/ნ: .....) მიერ 2019 წლის 16 ოქტომბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 404,26 ლარის 70% – 282,98 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი