საქმე №ას-1473-2019 7 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ვ.ჯ–ია, თ.ჯ–ია (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით გ.გ–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ჯ–იასა და თ.ჯ–იას (შემდგომში - „მოსარჩელეები“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ აღიკვეთოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეების საკუთრების უფლების ხელშეშლის მიზნით განხორციელებული ქმედება, კერძოდ, აეკრძალოს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N........) წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისათვის ყოველგვარი ფიზიკური ხელშეშლა - მშენებლების ნაკვეთიდან გაძევება, მათთვის დისკომფორტის შექმნა, სხვადასხვა მოძრავი ნივთების ნაკვეთზე განთავსება, სატვირთო ავტომობილებისათვის ნაკვეთზე შესვლის პროტესტი და წინაღობების შექმნა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 03.07.2015 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ........, დაზუსტებული ფართობი: 234.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5, N6 და მშენებარე ნაგებობა N7, ს/კ N........, წარმოადგენს მოსარჩელეებისა და ს.კ–ის თანასაკუთრებას. ვ.ჯ–იას (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) საკუთრებად დაფიქსირებულია 51/81 ნაწილიდან 16/81 ნაწილი (მათ შორის, ამჟამად დანგრეულ ყოფილ შენობა N1-ში სხვენის ფართი 56.82 კვ.მ.), თ.ჯ–იას (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) საკუთრებად - 51/81 ნაწილიდან 35/81 ნაწილი. ამჟამად დანგრეული ყოფილი შენობა-ნაგებობა N1-ში 51.6 კვ.მ. ფართის მესაკუთრე ასევე არის ს.კ–ი, რომელიც ამ საქმეში არ წარმოადგენს მხარეს (ტომი 1; ს.ფ. 19-20 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
2.2. ქ. თბილისში, ......., N ........ საკადასტო კოდით რეგისტრირებული 56 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას.
3. სააპელაციო პალატის განჩინების თანახმად, მოსარჩელეები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ, ვინაიდან მათ სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობები იყო ძალიან ძველი და ამორტიზებული, ქალაქის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაანგრიეს და მათ ადგილას უნდა აშენდეს ახალი შენობები. 2017 წლის 26 ივლისის N3427931 გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ის“ მიერ არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმდა შენობის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტი, თუმცა აღნიშნული მშენებლობის განხორციელებას ხელს უშლის მოპასუხე მხარე. მოპასუხეს საკუთრებაში აქვს მოსარჩელეთა მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც კავშირში არ არის მოსარჩელეთა საკუთრებასთან, გარდა იმისა, რომ ნაკვეთებს გააჩნიათ საერთო ღობე და კედელი. მოპასუხე ხელს უშლის მოსარჩელეებს ნივთით სარგებლობაში, მისამართზე მისულ მუშებს საშუალებას არ აძლევს დაიწყონ სამშენებლო სამუშაოები, გადაკეტილი აქვს მისასვლელი გზა და სამშენებლო მასალებით დატვირთული სატვირთო ავტომობილები ნაკვეთში ვერ შედიან.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ........, დაზუსტებული ფართობი: 234.00 კვ.მ., ს/კ N......., ხოლო მოსარჩელეთა კუთვნილი ნივთის მომიჯნავედ, მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, ს/კ N......... მოპასუხეს სადავო მისამართზე მდებარე 234.00 კვ.მ. ფართის მოსარჩელეთა საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხის მითითებით, რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ მოცემულობას, კერძოდ, არის უფრო ნაკლები, ვიდრე მითითებულია ამონაწერში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარე ამ გარემოებას სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ ადასტურებს. სსკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად კი, რეესტრის ჩანაწერი, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, მიიჩნევა ნამდვილად. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 172.2. მუხლით და განმარტა, რომ ნეგატორული სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო შემოიფარგლება იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე, ადგილი აქვს თუ არა მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას მისი არამართლზომიერი ქმედების გზით. შესაბამისად, ამგვარი წარმოების ფარგლებში მესაკუთრის მიერ საკუთრების მოპოვების კანონიერების შემოწმება (მოპასუხის მხრიდან სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის შეტანის გარეშე) სასამართლოს კომპეტენციას სცდება.
5. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეების მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მათი საკუთრებით სარგებლობაში მოპასუხე მხარის მიერ ხელშეშლის ფაქტი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთში ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ის“ მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სამუშაოთა წარმოების ხელშეშლა ხდება მოპასუხე მხარის მიერ. ამ კუთხით, პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ შემდეგ წერილობით მტკიცებულებებზე:
5.1. ტომი I, ს.ფ. 33-34-ზე წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 07 აპრილს განცხადებით მიმართა ა(ა)იპ „თ.გ.ფ–მა“ და ითხოვა ქ. თბილისში, ........ მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმება. საკითხი განსახილველად გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს, რომლის დასკვნის საფუძველზეც გაიცა დადებითი შეფასება. გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ის“ მიერ სამსახურში შესათანხმებლად წარდგენილ იქნა განმარტებითი ბარათი შესაბამისი დასაბუთებით და ქ. თბილისში, ........ არსებულ შენობაზე რეკონსტრუქციის პროექტის სამშენებლო დოკუმენტაცია, რომელიც მოწონებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ, არქიტექტურის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება (სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის აპელირება, რომ წინამდებარე სარჩელის სასამართლოში აღძვრისა და განხილვის დროისათვის არ არსებობდა ნებართვა ...... მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტის თაობაზე. სასამართლოს მითითებით, შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ თანხმობის გაცემა დასტურდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, რასაც ვერ გააბათილებს სააპელაციო საჩივარში მოპასუხის მიერ მითითებული მტკიცებულებები: 1) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება N2589..; 2) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება N2662739; 3) ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება N3202988; 4). თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება N3229578; 5). თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება N3304303; 6). თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება N3407460; 7). თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება N3411153; 8). თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N3764178, ვინაიდან, სასამართლოს მითითებით, ისინი ასახავენ ადმინისტრაციული წარმოების პროცესს და არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის თანხმობის გაცემის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს 2017 წლის 26 ივლისამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლის საფუძველზეც, საბოლოოდ, ყველა ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ ა(ა)იპ „თ.გ.ფ–მა“ მიაღწია ქ. თბილისში, ....... შესახვევი N10-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმებას. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სადავოდ გახადა ნ. გ–ამ, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 10.01.2018 წლის N3764178 გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს განუმარტა, რომ, თუკი იგი მიიჩნევდა, რომ ადმინისტრაციული აქტები აყენებდა პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეული იყო მისი გამოცემის წესი, განმცხადებელს შეეძლო გაესაჩივრებინა აქტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ტომი 1; ს. ფ. 96). ამასთან, მოპასუხე მხარეს მითითებული აქტების გასაჩივრების უფლება არ გამოუყენებია, რაც, სასამართლოს მითითებით, დასტურდება საქმის მასალებში ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობით და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით);
5.2. ტომი I, ს. ფ. 32-ზე წარმოდგენილია ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ის“ 2018 წლის 26 იანვრის წერილი, რომლის თანახმად, ფონდმა 2016 წლის 22 თებერვალს გამოაცხადა ტენდერი ქ. თბილისში, ....... და ....... მდებარე შენობების სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად. 2016 წლის 11 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. 2016 წლის 31 ოქტომბერს ფონდმა შეწყვიტა ხელშეკრულება ....... ქ. N10-ში სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში, ....... შესახვევი N12-ის მესაკუთრე მოპასუხე არ აძლევდა ფონდს სამშენებლო სამუშაოების წარმოების საშუალებას როგორც ....... შესახვევი N10-ში, ასევე - ....... შესახვევი N12-სა და ....... ქ. N34-ში. ქ. თბილისში, ....... ქ. N10-სა და ....... ქ. N12-ში არსებულ საცხოვრებელ სახლებს კი გააჩნიათ საერთო კედელი, რისი გათვალისწინებითაც მისამართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია;
5.3. ტომი I, ს.ფ. 143-144-ზე წარმოდგენილია ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ 2018 წლის 24 მაისის წერილი, რომლის თანახმად, 2016 წლის 11 აპრილს ა(ა)იპ „თ.გ.ფ–სა“ და სს „ს.კ. ი–ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება ქ. თბილისში, ....... ქ. N10-სა და ....... ქ. N34-ში მდებარე შენობების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე შეწყდა 2016 წლის 31 ოქტომბერს, ვინაიდან ქ. თბილისში, ....... ქ. N12-ის მესაკუთრე მოპასუხე არ აძლევდა ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ს“ სამშენებლო სამუშაოების წარმოების საშუალებას და ასევე, მიმდინარეობს დავა ა(ა)იპ „თ.გ.ფ–სა“ და მოპასუხეს შორის, რადგანაც სამუშაოების წამოწყების ყველა მცდელობას მესაკუთრე მოპასუხემ არამართლზომიერად შეუშალა ხელი.
6. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეშლის ფაქტი დასტურდება არა მხოლოდ მოსარჩელეების ახსნა-განმარტებით, არამედ - საქმის მასალებში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებებით.
7. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ სცილდება რეესტრში რეგისტრირებულ სასაზღვრო წითელ ხაზებს და არ ხდება მოპასუხის კუთვნილ ქონებაში შეჭრა (გადაფარვა). აღნიშნული დასტურდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2017 წლის 14 ივნისს გაცემული დასკვნით (ტომი 1; ს.ფ. 21-28), რომლის თანახმად, 2015 წლის 10 ოქტომბერს შპს „ა–ას“ მიერ მომზადებულ გენგეგმაზე არსებული საპროექტო შენობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, რომელიც მდებარეობს N........ მიწის ნაკვეთის მხარეს, ერთ ნაწილში უმნიშვნელოდ ცილდება ქ. თბილისში, ....... შესახვევი N10-ში მდებარე N...... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს და მოიცავს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დაურეგისტრირებელ სივრცეს. შესაბამისად, გენგეგმაზე არსებული საპროექტო შენობა არ მოიცავს (გადაფარავს) ქ. თბილისში, ....... შესახვევი N12-ში მდებარე N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე აპელირებდა შპს „დ.ს.ე–ის“ მიერ 2018 წლის 22 ოქტომბერს გაცემულ დასკვნაზე (ტომი 1; ს.ფ. 197-264) იმის დასტურად, რომ, ვინაიდან მოსარჩელეთა მხრიდან მოხდა ფართების მართლსაწინააღმდეგო მიტაცება და მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა, ადგილი არ აქვს ხელშეშლას; რომ იგი წინააღმდეგია მხოლოდ მის კუთვნილ უძრავ ქონებაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანებისა.
9. ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისი, ....... შესახვევი N12-ში დანგრეული სახლის ორი მომიჯნავე კედლის (საკადასტრო მყარი საზღვრების) და არსებული საძირკვლების ფრაგმენტებისა და საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტური მასალების და ექსპერტიზის პერიოდში ობიექტის ადგილზე შესწავლით მიღებული მონაცემების ურთიერთშედარებიდან გამომდინარე, მოპასუხის საკუთრებაში არსებული განაშენიანების ფართი შეადგენს 96 კვ.მ.-ს. ექსპერტიზაზე წარდგენილი საპროექტო და საკადასტრო დოკუმენტაციის და ობიექტის ადგილზე შესწავლით მიღებული მონაცემების ურთიერთშედარებიდან გამომდინარე, მისამართზე: ქ. თბილისი, ....... შესახვევი N12-ში მდებარე განაშენიანებაზე მომხდარია მომიჯნავე ობიექტებიდან უძრავი ქონების საზღვრების გარკვეული ნაწილის გადაფარვა.
10. აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, მოპასუხის დაკვეთით, მისამართზე ქ. თბილისი, ....... შესახვევი N12-ში ჩატარდა საკადასტრო აზომვითი სამუშაოები, მოხდა ნაკვეთის საზღვრების მითითება. წერტილები აღებულ იქნა და ნახაზი შესრულებულ იქნა თანამედროვე ტექნოლოგიით. ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა ქ. თბილისი, ....... ქ. N34-ში მდებარე ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი, რომელიც არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ საკადასტრო მონაცემებს. ექსპერტიზაზე წარდგენილი საკადასტრო გეგმების მონაცემებიდან და ამხანაგობის კრების ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხის განაშენიანების მოსაზღვრედ მეზობლის განაშენიანების კედლის სიგრძე უნდა ყოფილიყო 9.70 გრძ. მ., ფაქტიურად ახალი ნაგებობის კედლის სიგრძე შეადგენს 10.10 გრძ. მ.-ს, რითაც ....... ქ. N12-ში მდებარე განაშენიანების საზღვარს კვეთს 0.40 მ-ით სიგანეში. ექსპერტიზაზე წარდგენილი ყველა დოკუმენტაცია მიუთითებს, რომ ექსპერტიზის პერიოდში ქ. თბილისში, ....... შესახვევი N12-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ წარმოდგენილია მოპასუხე, ვისი უძრავი ქონებაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაციისა და ობიექტის ადგილზე შესწავლით მიღებული მონაცემების ურთიერთშედარებიდან გამომდინარე, გადაფარულია მომიჯნავე განაშენიანებებით. ქ. თბილისი, ....... შესახვევი N12-ში დანგრეული სახლის ორი მომიჯნავე კედლის (საკადასტრო მყარი საზღვრების) და არსებული საძირკვლების ფრაგმენტებისა და საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტური მასალების და ექსპერტიზის პერიოდში ობიექტის ადგილზე შესწავლით მიღებული მონაცემების ურთიერთშედარებიდან გამომდინარე, მოპასუხის საკუთრებაში არსებული განაშენიანების ფართი შეადგენს 96 კვ.მ.-ს. ექსპერტიზაზე წარდგენილი საპროექტო და საკადასტრო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, მისამართზე: ქ. თბილისი, ....... შესახვევი N12-ში მდებარე განაშენიანებაზე მომხდარია მომიჯნავე ობიექტებიდან საზღვრის გადაფარვა. აღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლის განაშენიანებისა და საცხოვრებელ სახლში ......... ქ. N34-ის მხრიდან ....... შესახვევი N12-ში მდებარე განაშენიანების საზღვარს ჰკვეთს 8.18მ-ით, ხოლო სიგანეზე 0.4მ-ით.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ სხვადასხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სადავო ფართები ერთმანეთის ფართებში არ იჭრებიან, დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემული განმარტებით, რომელიც განმარტავს, რომ მათ შორის არის დაურეგისტრირებელი სივრცე, ეს მცირედი გადასვლა არის დაურეგისტრირებელ სივრცეში და არა - მოპასუხის ნაკვეთზე (მტკიცებულება: ექსპერტის ახსნა-განმარტება, ს.ფ. 176, 16:17:02). საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტო (ს.ფ. 147), ასევე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნა ადასტურებს, რომ შპს „ა–ას“ მიერ მომზადებული საპროექტო შენობის საზღვრები არ მოიცავს ქ. თბილისში, ....... შესახვევი N12-ში მდებარე N...... საკადასტრო კოდით მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს (არ ხდება გადაფარვა). შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის მითითება, რომ ადგილი აქვს მოსარჩელეთა მიერ მისი კუთვნილი ტერიტორიის მიტაცებასა და გადაფარვას.
12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ სასამართლოს საქმის გამოკვლევის მიზნით უნდა დაეკმაყოფილებინა მოპასუხის შუამდგომლობები ალტერნატიულად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაზე ხელმომწერი ექსპერტის დაკითხვის შესახებ, ასევე, შუამდგომლობა ადგილზე დათვალიერების თაობაზე. ამ კუთხით პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს არ გამოუყენებია სსსკ-ის 377.3. მუხლით გათვალისწინებული მისი საპროცესო უფლება და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ გაუსაჩივრებია მითითებული საოქმო განჩინებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მათ კანონიერებაზე.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. მოპასუხემ ასევე გაასაჩივრა ამავე სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინება დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ და მოითხოვა საქმეზე მათი დართვა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
18. საკასაციო საჩივრის თანახმად:
18.1. შპს „ა–ას“ 2015 წლის ქ. თბილისი, ....... ქუჩა №10-ში მდებარე შენობის (რომელიც მჭიდროდ ემიჯნება შენობას ....... ქუჩა №12-ში) რეკონსტრუქციის პროექტით, ნებართვის მაძიებელი პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მოპასუხის კანონიერ ინტერესებზე, რის გამოც არქიტექტურის სამსახურმა შვიდი გადაწყვეტილება მიიღო, რათა გაესწორებინა მის მიერ შეგნებულად, წინასწარ გამიზნულად დარღვეული ....... №10-ის წითელი ხაზები, რომლებიც იჭრებოდა სამეზობლო ზონაში, მაგრამ მან ეს მოთხოვნა არცერთხელ არ შეასრულა. ამის შემდეგ, სამსახურმა მოპასუხის განცხადებების საფუძველზე ზემოთაღნიშნულ მისამართზე შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება, ე.ი. არ გასცა ნებართვა;
18.2. მტკიცებულებაა 2018 წლის 22 ოქტომბრის №17-09-A007 ექსპერტიზის დასკვნაც, რითაც დგინდება, რომ 2015 წლის 10 ოქტომბერს შპს „ა–ას“ მიერ შემუშავებული სარეაბილიტაციო ნაგებობის პროექტის მიხედვით, ქ. თბილისში, ....... შეს. №10-ში საპროექტო (ასაშენებელი) საცხოვრებელი ობიექტის ნაწილი ....... შეს. №12-ში მდებარე ნაკვეთის საზღვარს ჰკვეთს 0,40მ+0,22მ=0,62მ-ით (....... შეს. №10-დან წრფივად, მოპასუხის საცხოვრებელი სახლის (ექსპერტიზის პერიოდში უკვე დანგრეული) კედლის შემორჩენილი კონტურის გასწვრივ 10,80 მ-ით ჰკვეთს ....... ქ. №12-ში მდებარე განაშენიანების საზღვარს, ხოლო წინა მხარეს ....... ქუჩის მხრიდან ....... ქუჩა №12-ის განაშენიანების საზღვარს ჰკვეთს 0,40მ-ით და უკანა მხარეს - 0,62 მ-ით). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახურმა არ მისცა მშენებლობის ნებართვა;
18.3. ....... №10 მჭიდროდ ემიჯნება ....... შეს. №12-ს, რაც დასტურდება 2015 წლის ქ. თბილისის ....... ქ. №10-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტის არქიტექტურული ნაწილის ზოგად შენიშვნებში არსებული მითითებით, რომლის თანახმად, შენობის იმ ნაწილის არქიტექტურული თუ სტრუქტურული გადაწყვეტა, რომლებიც მჭიდროდ ემიჯნება მიმდებარე შენობას, შესაძლოა დაზუსტდეს ან განიცადოს ცვლილება. აღნიშნული დასტურდება ასევე კასატორის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალით;
18.4. შპს „ა–ას“ მიერ 2015 წელს შედგენილ პროექტში მიზანმიმართულად არის დამახინჯებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები და დარღვეულია 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების იმპერატიული მოთხოვნები. აღნიშნულ პროექტში არ არის წარმოდგენილი ნაკვეთის სამეზობლო და საზოგადოებრივი საზღვრის მიმდებარე ნაკვეთების/სივრცეების საზღვრები. ასეთის არსებობის შემთხვევაში ნათელი გახდებოდა მოპასუხის ხელშეშლის არარსებობა;
18.5. არ არსებობს მტკიცებულება, რომ სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზს მოპასუხის რაიმე მოქმედება წარმოადგენდა. მოსამართლე ვერ ასაბუთებს, კონკრეტულად საკუთრების ხელყოფის რა გზებით ხდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლებაში ჩარევა, ამასთან, არ დასტურდება, რომ ხელშეშლა იმავდროულად იყო მართლსაწინააღმდეგო;
18.6. მოცემულ საქმეში ხელისშემშლელად მიჩნეულ უნდა იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, რომელმაც არ გამოიტანა აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი, რომელიც მშენებლობის ნებართვას მისცემდა თავდაპირველ მოსარჩელეს (2015 წლის პროექტი არის ხარვეზიანი, რასაც შეგნებულად არ ასწორებენ);
18.7. სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო ახალი მტკიცებულებები იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს შეეძლო მათი წარდგენა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში, თუმცა, ეს მტკიცებულებები ვერ იქნებოდა მოპასუხისთვის ადრე ხელმისაწვდომი. კერძოდ, დანართი №1 შემთხვევით იქნა საჯარო რეესტრიდან მოწოდებული და იგი არის შიდაუწყებრივი წერილი, რომელიც არ იყო განკუთვნილი დაინტერესებული პირისათვის. წერილის ავტორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი და წერილის ადრესატია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მოთხოვნილია საველე სამუშაოების ჩატარება, სადაც ასახული იქნებოდა საკადასტრო მონაცემების რეალური/ფიზიკური საზღვრები 2018 წლის 23 ივლისისათვის. ჩამონათვალ საკვლევ სიაში შედის თბილისში, ....... შეს. №10-ში არსებული ფართი, თუმცა თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე (ს/კ №......) მითითებულია 224 კვ.მ., რაც ეწინააღმდეგება მოსამართლის მითითებას 234 კვ.მ.-ზე.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 170.1. [მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას] და 172.2. მუხლები [თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით].
20. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ. საქმე №ას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი).
21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ..........., დაზუსტებული ფართობი: 234.00 კვ.მ., ს/კ N......., ხოლო მოსარჩელეთა კუთვნილი ნივთის მომიჯნავედ, მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, ს/კ N........(იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).
22. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ პრეტენზიას, რომ სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი მოპასუხის ქმედებით არ იყო გამოწვეული.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
24. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].
25. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
26. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ის“ 2018 წლის 26 იანვრისა და 2018 წლის 24 მაისის წერილებით დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ხელშეშლის ფაქტი (იხ. წინამდებარე განჩინების 5.2. და 5.3. ქვეპუნქტები) და ამ მხრივ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია კასატორს.
27. რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას შპს „დ.ს.ე–ის“ 2018 წლის 22 ოქტომბრის №17-09-A007 ექსპერტიზის დასკვნაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 18.2. ქვეპუნქტი), საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს სადავო მისამართზე მდებარე 234.00 კვ.მ. ფართის მოსარჩელეთა საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადავოდ არ გაუხდია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი). შესაბამისად, სსკ-ის 312.1. მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ის“ მიერ სამსახურში შესათანხმებლად წარდგენილ იქნა განმარტებითი ბარათი შესაბამისი დასაბუთებით და ქ. თბილისში, ....... შესახვევი N10-ში არსებულ შენობაზე რეკონსტრუქციის პროექტის სამშენებლო დოკუმენტაცია, რომელიც მოწონებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ, არქიტექტურის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება. დადგენილია ისიც, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სადავოდ გახადა ნ. გ–ამ, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 10.01.2018 წლის N3764178 გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს განუმარტა, რომ, თუკი იგი მიიჩნევდა, რომ ადმინისტრაციული აქტები აყენებდა პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეული იყო მისი გამოცემის წესი, განმცხადებელს შეეძლო გაესაჩივრებინა აქტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მოპასუხე მხარეს მითითებული აქტების გასაჩივრების უფლება არ გამოუყენებია (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1. ქვეპუნქტი).
28. საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2017 წლის 14 ივნისს გაცემული დასკვნის თანახმად, 2015 წლის 10 ოქტომბერს შპს „ა–ას“ მიერ მომზადებულ გენგეგმაზე არსებული საპროექტო შენობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, რომელიც მდებარეობს N........მიწის ნაკვეთის მხარეს, ერთ ნაწილში უმნიშვნელოდ ცილდება ქ. თბილისში, ....... შესახვევი N10-ში მდებარე N.........საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს და მოიცავს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დაურეგისტრირებელ სივრცეს. შესაბამისად, გენგეგმაზე არსებული საპროექტო შენობა არ მოიცავს (გადაფარავს) ქ. თბილისში, ....... შესახვევი N12-ში მდებარე N.....საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი). ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემული განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ფართებს შორის არის დაურეგისტრირებელი სივრცე, ეს მცირედი გადასვლა არის დაურეგისტრირებელ სივრცეში და არა - მოპასუხის ნაკვეთზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი).
29. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე [სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ] საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვის შედეგად სწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ სცილდება რეესტრში რეგისტრირებულ სასაზღვრო წითელ ხაზებს და არ ხდება მოპასუხის კუთვნილ ქონებაში შეჭრა (გადაფარვა).
30. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინების კანონიერებაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნული საოქმო განჩინების საწინააღმდეგოდ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა 2019 წლის 27 ივნისს განცხადებით, რომელზეც პასუხი მიიღო 2019 წლის 2 ივლისს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპატიო მიზეზი, რამაც ხელი შეუშალა მას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიემართა 2019 წლის 27 ივნისამდე და, შესაბამისად, მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარედგინა. იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ მტკიცებულებებზე, რომელთა წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე კასატორს არ მიუთითებია [სსსკ-ის 380-ე მუხლი: სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2019 წლის 2 ივლისის მიმართვა; 2018 წლის 23 ივლისის წერილი; სიტუაციური ნახაზი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება №4459709; საჩივარი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება №4495512; 2019 წლის 2 აპრილის წერილი), მთლიანობაში „10“ ფურცლად (ტ. 2., ს.ფ. 62-71).
33. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.გ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.გ–ვას (პ/ნ: ........) დაუბრუნდეს ნ. გ–ას (პ/ნ: ......) მიერ 2019 წლის 1 ნოემბერს №21962009 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. გ.გ–ვას დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2019 წლის 2 ივლისის მიმართვა; 2018 წლის 23 ივლისის წერილი; სიტუაციური ნახაზი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება №4459709; საჩივარი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება №4495512; 2019 წლის 2 აპრილის წერილი), მთლიანობაში „10“ ფურცლად (ტ. 2., ს.ფ. 62-71);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი