საქმე №ას-1650-2019 30 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.გ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ს.ჯ–ი, ვ.ზ–ი, დ.ზ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით ნ.კ–ვის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც შ.გ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მესაკუთრე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მოპასუხის, ს.ჯ–ის, ვ.ზ–ისა და დ.ზ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ თბილისში, ......... (ს/კ ..........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქ თბილისში, .........., ბინა N85ა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.........), რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება (იხ. ტ.1, ს.ფ. 14);
2.2. მოპასუხე ფლობს მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს;
2.3. მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას. მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხეს მოსარჩელის სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე, მართალია, წარმოადგინა, თუმცა შესაგებელში არ იყო ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებაზე. შესაგებელში მხოლოდ მითითებული იყო, რომ მოპასუხე არ ეთანხმებოდა სარჩელში ასახულ პირველ და მეორე ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, მოპასუხემ ფაქტობრივად დაკარგა უფლება ახალი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით სადავოდ გაეხადა სარჩელში მითითებული გარემოებები, მოცემულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მართებულად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოსარჩელის კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
4. ზემოაღნიშნული საფუძვლის მიუხედავად, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ემსჯელა სააპელაციო საჩივრის მოტივაციასთან დაკავშირებით.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობით დადგენილია თანასაკუთრების წარმოშობის საფუძვლები, კერძოდ: თანასაკუთრება შეიძლება წარმოიშვას კანონის ან გარიგების საფუძველზე (სსკ-ის 173-ე მუხლი). ამასთან, სსკ-ის 1158-ე მუხლიდან გამომდინარე, თანასაკუთრება წარმოიშობა მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე. პალატის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ მოქმედი სსკ-ის 1151-ე მუხლი მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას და მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარსს. ამ მოსაზრების გასამყარებლად არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე: Kroon v. the Netherlands გამოყენებული განმარტებაა სამართლებრივად ვარგისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა, რომ 1998 წლიდან მოსარჩელესთან ფაქტიურ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ყოფნის გამო ის წარმოადგენს სადავო ნივთის თანამესაკუთრეს.
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 158.2., 183-ე, 311-ე, 312-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მტკიცებულება, რომლის საფუძველზე შესაძლოა დადასტურებულიყო მოპასუხის მხრიდან ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, მხარეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ის ვერ უთითებს ისეთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე, რომელიც მესაკუთრეს კანონისმიერი ან სხვაგვარი (სახელშეკრულებო) შებოჭვის ფარგლებში მოაქცევდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
12. საკასაციო საჩივრის თანახმად:
12.1. მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 1998 წელს, თუმცა ქორწინება ოფიციალურად არ გააფორმეს სამოქალაქო რეესტრში, რადგან არ მიიჩნიეს სავალდებულოდ;
12.2. 2003 წელს მათ შეიძინეს ბინა თბილისში, რომლის ნასყიდობის საფასურის დიდი ნაწილი მოპასუხის მშობლებმა გადაიხადეს. ბინა თავის საკუთრებაში დაირეგისტრირა მოსარჩელემ, რომელმაც საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ დაიწყო დავა მოპასუხესთან, რაც სრულიად უსაფუძვლოა;
12.3. მოპასუხეს სადავო ბინაში ცხოვრების უფლება მოპოვებული აქვს არარეგისტრირებული ქორწინებით, იგი სადავო ბინის თანამესაკუთრეა, გადასახადებსაც მოპასუხე იხდიდა;
12.4. სასამართლომ მოპასუხის საწინააღმდეგოდ განმარტა კანონი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება საქმეზე „Kroon v. the Netherlands“;
12.5. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა მოწმეების დაკითხვაზე. შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, მათ შორის, მოწმეთა დაკითხვა.
13. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სსკ-ის 172.1. მუხლით [მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება] გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა. კერძოდ, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
14. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქ თბილისში, ........... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №........), რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. ქვეპუნქტი), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე (კასატორი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს.
15. კასატორი მიიჩნევს, რომ მას სადავო ბინაში ცხოვრების უფლება მოპოვებული აქვს არარეგისტრირებული ქორწინებით.
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მეორე მეუღლის საკუთრებაში არსებული ბინის მართლზომიერ მფლობელად, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შებოჭილია შესაძლებლობით იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე, რადგან მოსარჩელესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტზე მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ საქმის მომზადების დასრულების შემდეგ მიუთითა.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
18. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].
19. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში არ იყო ასახული მისი მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებაზე. შესაგებელში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში ასახულ პირველ და მეორე ფაქტობრივ გარემოებებს. შესაგებლის გრაფაში „სხვა სახის შუამდგომლობები“ მითითებულია, რომ მოწმეთა დაკითხვის, მტკიცებულებათა წარმოდგენის შესახებ შუამდგომლობას მოპასუხე მხარე წარმოადგენდა გონივრულ ვადაში საქმის მოსამზადებელ სხდომაზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 21-28).
21. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2018 წლის 21 აგვისტოს. სასამართლომ აღნიშნულის თაობაზე მოპასუხის წარმომადგენელს აცნობა 2018 წლის 9 აგვისტოს (იხ. ტ. I, ს.ფ. 41,42). მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ 2018 წლის 20 აგვისტოს წარადგინა სასამართლოში პირველად განცხადება, რომელშიც მიუთითა მხარეთა შორის ცოლ-ქმრული ფაქტობრივი ურთიერთობის არსებობაზე, მოწმეთა ჩვენებების მნიშვნელობაზე და განცხადებას დაურთო მტკიცებულებები (იხ. ტ. I, ს.ფ. 54). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე მოწმის დაკითხვისა და წერილობითი მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. I, ს.ფ. 68).
22. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 201.4. მუხლზე, რომლის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინებით დასრულდა საქმის მოსამზადებელი ეტაპი და შესაბამისად, ამ თარიღიდან მოპასუხეს უკვე შეეზღუდა ახალი მტკიცებულებების წარდგენისა ან ახალ გარემოებებზე მითითების უფლება [სსსკ-ის 219.1. მუხლი: მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული]. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხემ ფაქტობრივად დაკარგა უფლება ახალი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით (რომ იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან) სადავოდ გაეხადა სარჩელში მითითებული გარემოებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორის პრეტენზიაზე, რომ მას სადავო ბინაში ცხოვრების უფლება მოპოვებული აქვს არარეგისტრირებული ქორწინებით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.კ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.კ–ვს (პ/ნ: .........) დაუბრუნდეს ა.ჯ–ის (პ/ნ: ......) მიერ 2019 წლის 5 დეკემბერს №22440035 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი