Facebook Twitter

საქმე №ას-1536-2019 14 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ც.ბ-ბ–ი, ნ. ბ–ი, გ. ბ–ი, ს. ბ–ი, დ. ბ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით გ. ბ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ნ. ბ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), ს. ბ–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“), ც.ბ-ბ–ისა (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) და დ. ბ–ის (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ნ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა:

1.1. მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 17 765 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 11 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 660 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 2015 წლის 10 თებერვლიდან 2016 წლის 16 თებერვლის ჩათვლით - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი დავალიანების 0,15%. თითოეული მოვალის პასუხისმგებლობა განისაზღვრა სამკვიდრო ქონების მიღებული წილის პროპორციულად;

1.2. მოპასუხეები ცნობილ იქნენ ქ. თბილისი, ............, ს/კ......., თანამესაკუთრეებად;

1.3. დადგინდა, რომ 2014 წლის 10 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების დაფარვა განხორციელდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, ქ. თბილისი, ........., ბინა №11, ს/კ ........, აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2014 წლის 10 სექტემბერს ნ. ბ–სა და მოსარჩელეს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე ნ. ბ–მა მიიღო სესხის სახით 11 000 აშშ დოლარი, 5 თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი 3%. ამავე ხელშეკრულებით, მხარეთა შორის პირგასამტეხლო შეთანხმდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი დავალიანების 0.15%-ის ოდენობით (ს.ფ. 32-37);

2.2. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ. ბ–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, ...... (ს.ფ. 32-37).

2.3. 2016 წლის 16 თებერვალს ნ. ბ–ი გარდაიცვალა (ს.ფ. 20);

2.4. 2016 წლის 16 თებერვალს ნოტარიუსის მიერ ნ. ბ–ის მიმართ სააღსრულებო ფურცელი გაიცა, სადაც ძირითადი თანხის ოდენობად 17 765 აშშ დოლარი განისაზღვრა (ს.ფ. 29-32);

2.5. 2016 წლის 5 მარტის წერილით კერძო აღმასრულებელმა მოსარჩელეს მოვალის გარდაცვალების გამო სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ აცნობა. მოსარჩელემ წერილი 2016 წლის 9 მარტს ჩაიბარა (ს.ფ 26);

2.6. ნ. ბ–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს შვილები: პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე მოპასუხეები და მეუღლე - მეოთხე მოპასუხე წარმოადგენენ. მოპასუხეებს ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო მიღებული აქვთ (მხარეთა ახსნა-განმარტებები);

2.7. მოსარჩელეს მამკვიდრებლებისთვის პრეტენზიის წარუდგენლობის გამო, 2014 წლის 10 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება არ დაუკარგავს.

3. სააპელაციო პალატის მითითებით, სსკ-ის 1488.1. მუხლი აწესრიგებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც კრედიტორმა იცოდა სამკვიდროს გახსნისა და მემკვიდრეების ვინაობის შესახებ, ამ დროს კანონი მას აკისრებს ვალდებულებას ექვსი თვის განმავლობაში მამკვიდრებლის მემკვიდრეებს პრეტენზია წაუყენოს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამგვარ გარემოებებს განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, კერძოდ, მოპასუხეებს სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავთ, საქალაქო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია და მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მათ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით ჰქონდათ მიღებული, მათი უფლება უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. ამასთან, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მოპასუხეების მიერ სსკ-ის 1487-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და მოსარჩელისთვის მოვალის გარდაცვალებისა და მათ მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ შეტყობინების გაგზავნას დაადასტურებდა. საპირისპიროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულმა პირებმა სესხის სახით მიღებული თანხის პირველი მოპასუხის მიერ განკარგვა და მემკვიდრეების მიერ კრედიტორთან კომუნიკაციის არსებობა დაადასტურეს, ეს მტკიცებულება კი მოპასუხეების მიერ რელევანტური მტკიცებულებებით გაქარწყლებული არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რელევანტურ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული მხოლოდ მოპასუხეების ახსნა-განმარტება მოწმეთა ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან ისინი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეები არიან, შესაბამისად, მათი ახსნა-განმარტება სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს და სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მოწმეთა ჩვენებებს ვერ აბათილებს.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე კერძო აღმასრულებლის 2016 წლის 05 მარტით დათარიღებული წერილი, რომლითაც კრედიტორ მოსარჩელეს მოვალის გარდაცვალებისა და სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლეობის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე სააღსრულებო ფურცლის შეჩერების თაობაზე ეცნობა, რომელიც კრედიტორს 2016 წლის 09 მარტს ჩაბარდა (ს.ფ. 26). სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების მითითება, რომ 2016 წლის 09 მარტი არის ის თარიღი, რა დროსაც კრედიტორმა შეიტყო მოვალის გარდაცვალების თაობაზე და, შესაბამისად, მოთხოვნის წაყენების ექვსთვიანი ვადა დაეწყო, ვინაიდან სსკ-ის 1488-ე მუხლის ამოქმედებისთვის მხოლოდ სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაციის არსებობა არ კმარა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 21 სექტემბერს კრედიტორს ნოტარიუსთა პალატიდან მიუვიდა წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ გარდაცვლილი მოვალის ანდერძი არ არსებობს და მის დანაშთ ქონებაზე ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში ჩანაწერები არ იძებნება, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოვალის მემკვიდრეთა თაობაზე კრედიტორს ინფორმაცია არ ჰქონდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ განსახილველი დავის მოწესრიგების მიზნებისთვის სსკ-ის 1488-ე მუხლის გამოყენება უმართებულო იყო და აღნიშნული მუხლის საფუძველზე კრედიტორი მოთხოვნის უფლებას ვერ დაკარგავდა.

5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეების შედავება, ხანდაზმულობასთან მიმართებით, ვინაიდან სსკ-ის 1488.1. მუხლით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა -სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ბ–სა და მოსარჩელეს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა. ნ. ბ–მა სესხის სახით მიიღო 11 000 აშშ დოლარი, 5 თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი 3%. ამავე ხელშეკრულებით, მხარეთა შორის პირგასამტეხლო შეთანხმდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი დავალიანების 0.15%-ის ოდენობით. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ. ბ–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, ............. სარჩელს ერთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი, რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ სადავო ქონება საკუთრების უფლებით მხოლოდ ნ. ბ–ის სახელზე იყო აღრიცხული (ს.ფ. 38-39). ასევე, საქმეზე წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილია 2016 წლის 16 თებერვალს ნოტარიუსის მიერ ნ. ბ–ის მიმართ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სადაც ძირითადი თანხა 17 765 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა. 2016 წლის 5 მარტის წერილით კერძო აღმასრულებელმა კრედიტორს მოვალის გარდაცვალების გამო, სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე აცნობა. საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე შედავება არ განხორციელებულა. ამასთან, ერთიანი სამემკვიდრეო რეესტრიდან 2016 წლის 21 სექტემბერს გაცემული წერილის თანახმად, გარდაცვლილი მოვალის სამკვიდრო ქონების თაობაზე ერთიან ელექტრონულ რეესტრში ინფორმაცია არ მოიძებნა. ამდენად, ცალსახაა, რომ გარდაცვლილის არცერთ მემკვიდრეს სამკვიდროს მიღების 6-თვიან ვადაში განაცხადი არ გაუკეთებია. მოპასუხეები სამკვიდროზე უარს არ აცხადებენ, თავს თვლიან მემკვიდრეებად და გააჩნიათ სამკვიდროს მიღების ინტერესი, რაც მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლიდან დგინდება, სადაც მხარეები აცხადებდნენ, რომ სადავო ქონების პოტენციურ თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ, სადავო ქონებაზე მოვალესთან ერთად წილი მათაც ეკუთვნოდათ, ამიტომ, მოვალეს არ ჰქონდა უფლება მთლიან ქონებაზე დაედო იპოთეკის ხელშეკრულება.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1484.1. მუხლით და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებაზე ვალდებულ პირებად მემკვიდრეებს მოიაზრებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო ქონება - აქტივი, პასივი (სსკ-ის 1328-ე მუხლი) და ამ გზით ამ ქონების მესაკუთრეებად იქცნენ. შესაბამისად, ვალის გადახდა უნდა მოხდეს მამკვიდრებლის იმ დანაშთი ქონებიდან, რომლის მესაკუთრესაც მემკვიდრე წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, მოპასუხეებს კი სააპელაციო საჩივრით დასაბუთებული შედავება არ წარუდგენიათ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხეებს უნდა დაედასტურებინათ, რომ კრედიტორმა იცოდა მოვალის გარდაცვალებისა და, შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის შესახებ, ამასთან, რომ მას მემკვიდრეების ვინაობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გააჩნდა, რაც სსკ-ის 1488-ე მუხლის კონტექსტში მოთხოვნის წაყენების ექვსთვიანი ვადის დარღვევის გამო მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის უფლებას უკარგავდა. აღნიშნული გარემოებები საქმის მასალებით ვერ დადასტურდა, მეტიც, საქალაქო სასამართლოში გამოკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სესხის სახით მიღებული თანხის ნაწილი პირველმა მოპასუხემ განკარგა და მემკვიდრეების მიერ ვალის გადახდის თაობაზე კრედიტორთან კომუნიკაცია არსებობდა. ამ პირობებში სსკ-ის 1487-ე მუხლი ყველა პირველი რიგის მემკვიდრეს კრედიტორებისთვის სამკვიდროს გახსნისა და მემკვიდრეების ვინაობის შესახებ შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებას აკისრებდა, რაც მათ არ შეუსრულებიათ, ამასთან, მათ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს, თუმცა, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ აღურიცხავთ, რაც მათ მიერ გარდაცვლილი მოვალის ვალდებულების შესრულებაზე თავის არიდების მცდელობის ლეგიტიმურ ვარაუდს ქმნის. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მემკვიდრეთა ზუსტი ვინაობის შესახებ ინფორმაციის ქონა საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სსკ-ის 1488-ე მუხლი ვერ დაედება საფუძვლად. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხეებმა მათზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლიეს, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. მოსარჩელეს 2016 წლის 9 მარტიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ნ. ბ–ის გარდაცვალების შესახებ, ექვსი თვის ვადაში უნდა წარედგინა მოპასუხეებისთვის მოთხოვნა-პრეტენზია, რაც მას არ განუხორციელებია;

14.2. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სასარჩელო განცხადებაში შესაძლებელი იყო პრეტენზიის დაფიქსირება მემკვიდრეებისთვის და ამით აღარ იყო აუცილებელი ექვსთვიანი საპრეტენზიო მიმართვის პროცედურის შესრულება კრედიტორის მიერ;

14.3. საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მოპასუხეებისთვის ცნობილი იყო ვალების შესახებ.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის, როგორც გამსესხებლის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მსესხებლის მემკვიდრეებისათვის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1484.1. მუხლი [მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად]. გამსესხებლის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს [მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას].

16. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 1488.1 მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1487-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებული არიან, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების თაობაზე. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების (სამკვიდროს გახსნის) შესახებ (სსკ-ის 1487) და იმ მემკვიდრეების თაობაზე, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროს მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მოვალის სამკვიდრო) (იხ. სუსგ საქმე №ას-171-160-2017, 18 აპრილი, 2017 წელი).

18. ამდენად, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. საკასაციო პალატის განმარტებით, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, არასაკმარისია. მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში. ამასთან, შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ მათ ვერ შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე ნოტარიუსს განცხადებით მიმართავს სსკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადის ბოლო დღეს ან კრედიტორისათვის არ არის ცნობილი იმ ფაქტების თაობაზე, რომლებიც მემკვიდრის მიერ ამავე ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას ადასტურებს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ დროს, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).

19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებს სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავთ, ამასთან, მათ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით ჰქონდათ მიღებული და მათი უფლება უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. მოპასუხეებს სსკ-ის 1487-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებიათ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). ასევე, 2016 წლის 21 სექტემბერს კრედიტორს ნოტარიუსთა პალატიდან მიუვიდა წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ გარდაცვლილი მოვალის ანდერძი არ არსებობს და მის დანაშთ ქონებაზე ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში ჩანაწერები არ იძებნება, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოვალის მემკვიდრეთა თაობაზე კრედიტორს ინფორმაცია არ ჰქონდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის 1488.1. მუხლით დადგენილი ექვსთვიანი საპრეტენზიო ვადის ამოქმედების წინაპირობები.

20. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სარჩელით არ შეიძლება პრეტენზიის დაფიქსირება მემკვიდრეებისთვის, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს საკანონმდებლო შეზღუდვა, თუ რა გზით განახორციელებს კრედიტორი პრეტენზიის წარდგენას, სასამართლოში სარჩელის წარდგენით ამ უფლების განხორციელება ნიშნავს მემკვიდრეების წინაშე მოთხოვნის (პრეტენზიის) გაცხადებას (იხ. სუსგ საქმე №ას-570-2020, 5 თებერვალი, 2021 წელი).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საერთო ჯამში, 2565,28 ლარის 70% – 1795,7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ც.ბ-ბ–ის, ნ. ბ–ის, გ. ბ–ის, ს. ბ–ისა და დ. ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ც.ბ-ბ–ს (პ/ნ: .........), ნ. ბ–ს (პ/ნ: .......), გ. ბ–ს (პ/ნ: ..........), ს. ბ–სა (პ/ნ: .........) და დ. ბ–ს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეთ ნ.ქ–იას (პ/ნ: ........) მიერ 2019 წლის 12 დეკემბერს №8801646246 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1000 ლარისა და ნ.ქ–იას (პ/ნ: ...) მიერ 2020 წლის 10 იანვარს №8922312418 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1565,28 ლარის, საერთო ჯამში 2565,28 ლარის 70% – 1795,7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი