Facebook Twitter

საქმე №ას-1203-2019 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ნ–ძე (მოპასუხე)

მოპასუხეები – თ.ფ–ძე, ჰ.ო–ი, ვ.ე–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით ბ.ნ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მერია“ ან „კასატორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა და პირველ მოპასუხეს, ჰ.ო–ს, ვ.ე–ძეს და თ.ფ–ძეს მერიის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის 234311.56 ლარის ანაზღაურება) და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ პირველი მოპასუხის ნაწილში და საქმე პირველი მოპასუხის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი მოპასუხე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ........, ბინა 16-ში არ ცხოვრობს და ათეული წლებია, მისი ფაქტიური საცხოვრებელი ადგილია: .........., სადაც ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. სარჩელში მითითებულ მისამართზე, სადაც ჩაბარდათ გზავნილი, ცხოვრობენ მისი მოხუცებული მშობლები.

3. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სარჩელში პირველი მოპასუხის ძირითად მისამართად მითითებულია: თბილისი, ........ ხოლო ალტერნატიულ მისამართად კი - თბილისი, ........., კორპ. 10, ბინა 59.

4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს აკისრებს მოპასუხის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) მითითების ვალდებულებას, ხოლო არსებობის შემთხვევაში, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, მათ შორის, მობილური, ელექტრონული ფოსტის და ფაქსის მითითების ვალდებულებასაც. სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნები მოპასუხის ზუსტი ადგილსამყოფელის მითითების თაობაზე, სწორედ სასამართლო დავის შესახებ მხარის ჯეროვნად ინფორმირებულობის, მისთვის სასამართლო გზავნილისა თუ უწების ჩაბარების მიზანს ემსახურება. მხარე ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ჩაბარების მიზანი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელში პირველი მოპასუხის ძირითად მისამართად მიუთითა: თბილისი, ........., ხოლო ალტერნატიულ მისამართად კი - თბილისი, .......... ......., ბინა 59, მაშინ როდესაც თბილისი, აეროპორტის დასახლება, კორპ. 41, ბინა 16 წარმოადგენდა პირველი მოპასუხის რეგისტრირებულ მისამართს, ხოლო ძირითად ფაქტობრივ ადგილსამყოფელს კი წარმოადგენდა: თბილისი, .......... ........., ბინა 59. ამ გარემოებაზე პირველი მოპასუხის მიერ მითითებული იქნა საჩივარში და აღნიშნულის დასტურად წარდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულებებიც.

5. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, სსსკ-ის 71.1. მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა, თუმცა, როგორც სასამართლო, ასევე მხარე, გზავნილის ჩაბარების საშუალების შერჩევისას ვალდებულია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩაბარების მიზანს. სასამართლომ ეფექტურად უნდა განახორციელოს კანონით განსაზღვრული ყველა ღონისძიება მხარისათვის სამართალწარმოების თაობაზე შეტყობინების შესახებ.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა მოპასუხის როგორც რეგისტრაციის, ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, რომელიც, ბუნებრივია, მისთვის ცნობილი ყოფილა. სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის ეტაპზე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, თანაც იმ ვითარებაში, როდესაც ამგვარ მისამართზე თავად მოსარჩელეც მიუთითებდა სარჩელში, გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროცედურა ოჯახის წევრის შეტყობინების შესახებ და არ დააკმაყოფილა საჩივარი. პალატის მოსაზრებით, მოცემულ საქმეში ამ წესის ხისტი გამოყენება არყევდა განმცხადებლის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღო სამართალწარმოებაში და დაეცვა საკუთარი ინტერესები (იხ. „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი N 30459/13).

7. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელშივე მითითებული იქნა პირველი მოპასუხის რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, რის საფუძველზედაც სასამართლოს გზავნილი პირველ მოპასუხეს ჩაბარდა რეგისტრირებულ და არა ფაქტობრივ/საცხოვრებელ მისამართზე. შესაბამისად, ოჯახის წევრზე, პირველი მოპასუხის მამაზე ჩაბარება ვერ მიიჩნევა სსსკ-ის 74-ე მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით პირველ მოპასუხესთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრის ჩაბარებად. პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1078-1107-2011, სადაც აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ფიზიკური პირის შესაძლებლობა, ჰქონდეს არაერთი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, განსაზღვრულ მისამართზე პირის რეგისტრაცია არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ეს უკანასკნელი ფაქტობრივად ცხოვრობდეს არა რეგისტრირებულ, არამედ სხვა მისამართზე. პალატამ განმარტა, რომ სხვა შემთხვევაში გაურკვეველია, რატომ მიუთითა მოსარჩელემ პირველი მოპასუხის მისამართი: გ. .......... N59 და რა მიზანს ემსახურებოდა ამ მისამართის მითითება.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 241-ე და 233-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში პირველ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ ჩაბარდა, აღნიშნული წარმოადგენდა მის მიმართ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, პირველი მოპასუხე არ უარყოფდა სარჩელის ჩაბარების ფაქტს და მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ ფაქტობრივად ცხოვრობს სხვა მისამართზე. ამასთან, საჩივრის განხილვის დროს აღნიშნავდა, რომ მას გადასცეს სარჩელი, თუმცა ეგონა იმავე სასამართლოში მიმდინარე სხვა სამოქალაქო საქმე. აღნიშნული ვერ გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან თვითონ მხარის განმარტებით დასტურდება, რომ ამავე მისამართზე ბარდებოდა გზავნილები თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ სხვა სამოქალაქო საქმეებზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც სწორედ იმავე მისამართზე ჩაბარდა.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი მოპასუხის ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების კანონიერება წარმოადგენს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 232​1 მუხლით [მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით].

18. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

19. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

20. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ პირველ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი). დადგენილია, რომ სასამართლოს გზავნილი პირველ მოპასუხეს ჩაბარდა რეგისტრირებულ და არა ფაქტობრივ/საცხოვრებელ მისამართზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი) [სამოქალაქო კოდექსის 20.1. მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი]. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ ოჯახის წევრზე, კერძოდ, პირველი მოპასუხის მამაზე ჩაბარება მართებულად არ მიიჩნია სსსკ-ის 74.1. მუხლის საფუძველზე [თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით] პირველ მოპასუხესთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრისთვის ჩაბარებად.

21. კასატორის პრეტენზიებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობაა - მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე, ამასთან, საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია სსსკ-ის 74.1. მუხლით განსაზღვრული წესი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პირველ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარდა, რაც სსსკ-ის 241-ე მუხლისა და 233.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე [გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები] დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობაა.

22. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხილეთ „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), no. 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), no. 27841/07, 10/06/2010). თუმცა სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხილეთ, რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ(Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ მომჩივანს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015). სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, §26, 31/05/2016). თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე (ibid.; ასევე იხილეთ mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული საქმე - „ზადოვნიკი“ (Zavodnik), §72) (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, (საჩივარი N 30459/13), 17 იანვარი, 2017 წელი, §33-§34).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი