Facebook Twitter

საქმე №ას-1363-2023 28 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ.გ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ ხსენებულ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ გასაჩივრებული განჩინების თარიღად 2023 წლის 8 მაისის ნაცვლად მითითებულია 2023 წლის 8 ივლისი.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების თარიღად განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილში 2023 წლის 8 მაისის ნაცვლად მითითებულია 2023 წლის 8 ივლისი.

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რაც ექვემდებარება შესწორებას. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და გასაჩივრებული განჩინების თარიღად განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილში მიეთითოს 2023 წლის 8 მაისი - 2023 წლის 8 ივლისის ნაცვლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა;

2. გასაჩივრებული განჩინების თარიღად განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილში მიეთითოს 2023 წლის 8 მაისი - 2023 წლის 8 ივლისის ნაცვლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე