22 დეკემბერი 2023 წელი
№ას-1596-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „ც.ფ.ს–ო“
დირექტორი ლ.ქ–ია
დამფუძნებელი მ.ბ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - ნოტარიუსი ხ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2023 წლის 23 აგვისტოს სარჩელით მიმართა კერძო საჩივრის ავტორის - შ.პ.ს. „ც.ფ.ს–ოს“ წარმომადგენელმა მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის და ნოტარიუს ხ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს ხ.ბ–ძისთვის სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში რწმუნებულების/მინდობილობის ნაწილობრივ გაუქმება.
2. ზემოაღნიშნული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 აგვისტოს განჩინებით განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომელმაც, 2023 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის მიღებაზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით მოსარჩელეთა წარმომადგენელმა წარადგინა კერძო საჩივარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ც.ფ.ს–ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნას საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
8. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 სექტემბრის განჩინებით უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაზეც მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ც.ფ.ს–ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომელზეც მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ხოლო ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი/საჩივარი არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (დაწვრილებით იხ.: სუსგ საქმეზე №ას-21-2019, 21 იანვარი, 2019 წელი).
10. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოსარჩელემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო უფლება და კერძო საჩივარზე მიღებულ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს კერძო საჩივრით.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან კერძო საჩივარზე მიღებულ ზემდგომი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების საკითხზე.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; № ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ც.ფ.ს–ო“-ს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი