Facebook Twitter

ბს-596-21-გ-04 9 თებერვალი 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სარჩელის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა 13.01.03. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ამავე სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, სს “ქ-ისა” და სს “ს-ის” მიმართ და მოითხოვა სს “ქ-ის” აქციათა პაკეტის (30%, 7898139 აქცია) და სს “ს-ის” აქციათა პაკეტის (51%, 3302394 აქცია) ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებული აუქციონის ფორმით 2002წ. ივლის-ოქტომბრის პერიოდში განხორციელებული პრივატიზაციის უკანონოდ ცნობა და მისი შედეგების გაუქმება, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

აუქციონის მიმდინარეობისას დაირღვა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 04.07.02წ. ¹1-3\472 ბრძანების მე-14 პუნქტის მოთხოვნა, რადგან აღნიშნული სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მინისტრის ბრძანება და მასზე დართული ნუსხები არ მიუწოდებია შესაბამისი საბანკო დაწესებულებებისათვის, არ გადაუცია მათთვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და მისი ხელმძღვანელობა დასჯერდა მხოლოდ ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალისთვის 15.07.02. ¹1321 წერილის გაგზავნას მაშინ, როდესაც ამ ფილიალს დაქვემდებარებული სტრუქტურა არ გააჩნია. აღნიშულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, იგნორირებულ იქნა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, ადგილზე ესარგებლათ საბანკო მომსახურებით; იმერეთის საბანკო დაწესებულებებში თანხენის შეტანა, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, არ მომხდარა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს შესაბამისი ინფორმაცია მის ზემდგომ ორგანოშიც არ წარუდგენია, რითაც დაირღვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 04.07.02წ. ¹1-3\472 ბრძანების მე-14 პუნქტის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

აუქციონის ჩატარებით დაირღვა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა. იმის გამო, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში ჰქონდა მიღებული სს “ქ-ის” დირექციის განცხადება გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი, გამოეცხადებინა და ჩაეტარებინა აუქციონი სს “ქ-ის” აქციათა პაკეტის ნაწილის ნულოვანი საწყისი ფასით გაყიდვის მიზნით.

პრივატიზაციისას პრაქტიკულად არ შესრულებულა საქართველოს პრეზიდენტის 14.01..02წ. ¹37 განკარგულების მე-10 მუხლის მოთხოვნა. კერძოდ, იმერეთის მსხვილი სამრეწველო საწარმოების, მათ შორის, სს “ქ-ის” და სს “ს-ის” პროგრამული პრივატიზებისა და მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის შესახებ დასკვნები არ განხილულა საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

მოსარჩელის განცხადებით, კონტროლის პალატაც მოითხოვდა სს “ქ-ის” აქციათა ნულოვან აუქციონზე გატანის შეჩერებას (კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ბატონ ვ. პ-ის წარდგინება ¹6-01\1-2008 25.10.02.), აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულებულა, რაც უტყუარად ადასტურებს ამავე აუქციონის უკანონობას.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ 20.01.03წ. შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი არასათანადო მოპასუხედ ცნობა და საქმის გადაგზავნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ადგილსამყოფელის მიხედვით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.02.03. განჩინებით საქმეში მესამე პირად(მოპასუხის მხარეზე) ჩაება ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა სპეციალიზირებულ აუქციონში და საქმეში მესამე პირად ჩაბმის სურვილი გამოთქვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.03.03. განჩინებით მოპასუხის სს “ქ-ის” წარმომადგენლების საქმის თბილისის საოლქო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ შუამდგომლობას უარი ეთქვა.

17.03.03. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და მოითხოვა საქმის თბილისის საოლქო სასამართლოსთვის გადაცემა. იმავე მოთხოვნით სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართეს მესამე პირის რწმუნებულმა გ. კ-ამ და სს “ქ-ამ”.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.03.03.წ. განჩინებით მოპასუხეების სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, სს “ქ-ის” და მესამე პირის ბ. შ-ის რწმუნებულის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.04.03წ. განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, მესამე პირის ბ. შ-ის და სს “ქ-ის” კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.06.03. განჩინებით მოპასუხის _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უფლებამონაცვლედ – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.07.03. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სარჩელი, უკანონოდ იქნა ცნობილი სს “ქ-ის” აქციათა 30%-იანი პაკეტის და სს “ს-ის” 51,83%-იანი პაკეტის პრივატიზაცია და გაუქმდა პრივატიზაციის შედეგები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.07.03. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “მ-ამ”, შ. ო-ემ, ა. დ-მა, მოპასუხე ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრომ.

შპს “მ-ას” წარმომადგენელმა 22.03.04. სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა შპს “მ-ას” სააპელაციო საჩივრის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ მოტივით, რომ იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩაბმული არ ყოფილა და მისი სააპელაციო საჩივარი არ იყო დასაშვები. სასამართლოს საოქმო განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეწყდა საქმე შპს “მ-ას” სააპელაციო საჩივრის ნაწილში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 22.03.04. განჩინებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.07.03. გადაწყვეტილება, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

ვინაიდან მოცემული საქმის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის მოთხოვნით მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართეს და მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საოლქო სასამართლო სსკ-ის 377-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილია, იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 04.07.02. ბრძანების ბათილობას. მითითებული ბრძანება, ზაკ-ის მე-2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. A”აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სამინისტრო სამთავრობო დაწესებულებაა. Aამდენად, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე წარდგენილი სარჩელი ასკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, განხილულ უნდა იქნეს პირველი ინსტანციით საოლქო სასამართლოს მიერ.

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები არ არიან თანახმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, როგორც არაგანსჯადი სასამართლოს, მიერ მოცემული საქმის განხილვაზე, რის გამოც იგი განსახილველად უნდა გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.04.04. განჩინებით არ იქნა გაზიარებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრება განსჯადობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლოს განსჯადი საქმეების სრულ ჩამონათვალს შეიცავს ასკ-ის მე-6 მუხლი, რომლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელებს, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს. Mმოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელიც დავის საგნის ღირებულებას დაადასტურებდა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია და საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და სასარჩელო მოთხოვნის შესწავლის, საქმის განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იმერეთის რეგიონრში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

ასკ-ის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება. პრივატიზაცია, ზაკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნული გარიგების ერთი-ერთი მხარე _ ადმინისტრაციული ორგანო, ზაკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

განსახილველ შემთხვევაში იმერეთის რეგიონში სს “ქ-ის” და სს “ს-ის” პრივატიზაციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 16.06.02წ. ¹766 განკაგულება. აღნიშნული განკარგულების I პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ნება დაერთო სს “ა-ის” 51,83% და სს “ქ-ის” 30% აქციათა პაკეტის ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებული აუქციონის ფორმით პრივატიზაციაზე. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მოეწყო აუქციონი, რომლის ორგანიზებაც განხორციელდა ამ უწყების მიერ გამოცემული აქტებით, მათ შორის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 04.07.02წ ¹1-3/472 ბრძანებით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული ბრძანება არის ადმინსტრაციული გარიგების მაორგანიზებელი აქტი, ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი, ბრძანების გამოცემის მიზანია ადმინისტრაციული გარიგების დადება, ამასთანავე პრივატიზაციის პროცესის შედეგად დადებულ ხელშეკრულებას აქვს პრივატიზაციის პროცესის შემაჯამებელი მნიშვნელობა, რაც განაპირობებს პრივატიზაციის შესახებ დავების განსჯადობის საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმის დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგების დადება და არა ასკ-ის მე-6 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

ასკ-ის მე-6 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების თაობაზე წარდგენილ სარჩელს საოლქო სასამართლოები I ინსტანციის წესით განიხილავენ, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 ათას ლარს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ადმინისტრაციული გარიგებით განხორციელდა სს “ს-ის”, აქციათა 51,83% პაკეტისა და სს “ქ-ის” აქციათა 30% პაკეტის პრივატიზაცია. პრივატიზაცია განხორციელდა ნულოვანი საწყისი აუქციონის ფორმით. საქმის მასალებით, ასევე, დასტურდება, რომ აღნიშნული აქციების პრივატიზებისათვის გამოცხადებული იყო კონკურსები, როგორც საწყისი გასაყიდი ღირებულებით, ასევე, 50%-იანი და 75%-იანი ფასდაკლებით, მაგრამ მყიდველის არარსებობის გამო სასურველი შედეგი ვერ იქნა მიღწეული. 2002წ. ივლის-ნოემბერში ჩატარდა განმეორებითი აუქციონი. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სს “ს-ის” აქციათა პაკეტის, აგრეთვე, სს “ქ-ის” აქციათა პაკეტის რეალიზაცია საერთო ჯამში მოხდა იმ ფასით, რომელიც არ აღემატება 500 ათას ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ აუქციონი ტარდებოდა განმეორებით, ნულოვანი საწყისი ფასით და საქმის მასალებით საწინააღმდეგო არ დასტურდება, მართებულია თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი არ აღემატება 500 ათას ლარს, რის გამოც არ არსებობს განსახილველი საქმის საოლქო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციით განხილვის სამართლებრივი საფუძველი.

ასკ-ის მეორე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების თაობაზე წამოჭრილ დავას განიხილავენ საერთო სასამართლოები. სსკ-ის მე-20 მუხლის მიხედვით, რამდენიმე მოპასუხის არსებობისას სასამართლოს არჩევის უფლება აქვს მოსარჩელეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა მოპასუხეების სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, სს “ს-ის” და სს “ქ-ის” ადგილსამყოფელის მიხედვით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

საქმის განმხილველ სასამართლოს საქმის სხვა სასამართლოსათვის გადაცემა შეუძლია მხოლოდ სსკ-ის 23-ე მუხლის I ნაწილით განსაზღვრული პირობების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული გარემოებების არარსებობის გამო დაუშვებელია მოპასუხეთა ინიციატივის საფუძველზე საქმის განსახილველად სხვა სასამართლოსათვის დაქვემდებარება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია. რომ იმერეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჯად საქმეს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ასკ-ის I, მე-6, 26-ე მუხლებით, სსკ-ის მე-16 მუხლის I ნაწილით, 23-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. იმერეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.