№ას-1588-2023
28 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ხ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ხ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბინის პრივატიზებაზე უფლების არარსებობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ხ–ის სარჩელი თ.ხ–ის მიმართ, ბინის პრივატიზებაზე უფლების არარსებობის დადგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ილისის განჩინებით ნ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ხ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა იგი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება სსს კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად, მათ შორის უშუალოდ სასამართლოს შენობაში. ამრიგად, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 21-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა საკასაციო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი, მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი, აქტით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის დასაბუთებული განჩინება მომზადდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 20 ოქტომბერს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 205). ასევე საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლითაც დასტურდება, რომ ნ.ხ–ი არის სოციალურად დაუცველი და იღებს საარსებო შემწეობას. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება ნ.ხ–ის წარმომადგენელს - თ.ჯ–ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად თ.ჯ–ს პ/ნ ..... 2023 წლის 25 ოქტომბერს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 207; მინდობილობა - ს.ფ. 17).
სსსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, ნ.ხ–ისათვის საკასაციო საჩივრის წარმოდგენის 21 დღიანი ვადის დენა დაიწყო კასატორის ადვოკატისათვის განჩინების ჩაბარების - 2023 წლის 25 ოქტომბრის მეორე დღეს - 2023 წლის 26 ოქტომბერს და ამოიწურა 2023 წლის 15 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ოთხშაბათი, ამდენად, კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარი წარმოედგინა 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია. ნ.ხ–ის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი წარმოადგინა 2023 წლის 11 დეკემბერს, კოპესპონდენცია ფოსტაში ჩაბარებული იქნა 2023 წლის 8 დეკემბერს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 215; 233), მისთვის განჩინების ჩაბარებიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 21 დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრების საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია