Facebook Twitter

№ა-5957-შ-180-2023

26 დეკემბერი, 2023 წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ლ–ძე

განხილვის საგანი – საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ლ–ძე და ე.ლ–ძე განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით დამოწმდა მხარეთა წერილობითი შეთანხმება, რომელიც არეგულირებს მათი არასრულწლოვანი შვილების მეურვეობისა და კომუნიკაციის საკითხებს.

ე.ლ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ე.ლ–ძისა და დ.ლ–ძის განქორწინების ნაწილში.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ე.ლ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ლ–ძე და ე.ლ–ძე განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით დამოწმდა მხარეთა წერილობითი შეთანხმება, რომელიც არეგულირებდა მათი არასრულწლოვანი შვილების მეურვეობისა და კომუნიკაციის საკითხებს. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მხარეებმა ერთობლივად მიმართეს სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება დ.ლ–ძისა და ე.ლ–ძის განქორწინების თაობაზე, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. ე.ლ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება დ.ლ–ძისა და ე.ლ–ძის განქორწინების ნაწილში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე