№ას-190-2023
01 დეკემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.მ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.მ–ის (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისში, .......... 113.19 კვ.მ. ფართის (ს/კ ......) ¼ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობა.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით, ი.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ი.მ–ი ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისში, ........ 113.19 კვ.მ. ფართის (ს/კ ........) ¼ ნაწილის თანამესაკუთრედ.
3.1.პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2011 წლის 1 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონება, ფართით 113 კვ.მ. ს/კ ....... საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე.
3.1.2. 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიამდე, მოსარჩელე მეუღლესთან-თ.ჯ–თან, შვილთან- ლ.მ–თან და დედასთან-მოპასუხეთან ერთად, ერთ ოჯახად მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, ..........
3.1.3. თბილისის მერიის 2015 წლის 25 დეკემბრის №52.01.1494 განკარგულებით, მ.მ–ი, ი.მ–ი, თ.ჯ–ი და ლ.მ–ი ცნობილ იქნენ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად პირველი კატეგორიის დაზარალებულ პირებად.
3.1.4. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 02/09/2020 წ. №5943 წერილის თანახმად, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესით გათვალისწინებულ პირთა (ოჯახთა) სიის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 25 დეკემბრის N52.01.1494 განკარგულების შესაბამისად, მოსარჩელე ფიქსირდება პირველი კატეგორიის დაზარალებულ პირად, მოპასუხის ოჯახის წევრად, უძრავი ქონების მისამართი: ........ მიმდებარედ.
3.1.5. 2015 წლის 30 ნოემბერს, თბილისის ქონების მართვის სააგენტოსა და მ.მ–ს შორის დაიდო ხელშეკრულება უძრავი ქონების დათმობის შესახებ. „2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილების და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების, მდებარე: .......... მიმდებარედ 105 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, თბილისში, ....... 113 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის დათმობის სანაცვლოდ, მოპასუხეს კომპენსაციის სახით გადაეცა 248 420 ლარი.
3.1.6. ქ. თბილისის მერიის მიერ კომპენსაციის სახით გადაცემული თანხით მოპასუხემ გ.ჯ–გან 2015 წლის 10 დეკემბერს 87000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება, მდენარე: ქ. თბილისში, ......, ბინა 75-ში ,113.19 კვ.მ. ფართით და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა თავის სახელზე.
3.1.7. საქართველოს ეროვნული ბანკის 2015 წლის დეკემბრის თვის მონაცემების მიხედვით, უცხოური ვალუტის კურსმა ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში შეადგინა:1 აშშ დოლარი - 2.36 ლარი, შესაბამისად, 87000 აშშ დოლარმა შეადგინა 205 320 ლარი.
3.1.8. 2018 წლის 10 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ......... 104.20 კვ.მ. ქონება 2018 წლის 24 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე დატვირთულია იპოთეკით სს „ა.ბ–ის“ სასარგებლოდ.
3.1.9. ქ. თბილისის მერიის მიერ, მოპასუხისთვის კომპენსაციის გაცემა მოხდა სულადობის მიხედვით - ოჯახის 4 წევრზე, რაც წარმოადგენს აღნიშნული თანხის ¼ ნაწილზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის შესახებ დადგენილებით“.
3.1.10. ქ. თბილისის მერიის მიერ მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით გადახდილი 248 420 ლარიდან გარკვეული თანხა მოპასუხეს არ გადაუცია მოსარჩელისთვის, რომელმაც აღნიშნული თანხით შეიძინა უძრავი ქონება.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის შესახებ დადგენილებაზე“ (შემდეგში დადგენილება), სსკ-ის 180-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა თანასაკუთრების უფლების აღიარება უძრავ ქონებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა მოხდა სულადობის მიხედვით - ოჯახის 4 წევრზე, აღნიშნული კი წარმოადგენდა კომპენსაციის თანხის ¼ ნაწილზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის შესახებ დადგენილებით“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ბინის ¼ ნაწილი მოპასუხის სახელზე უნდა აღრიცხულიყო.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ.მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ი.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო სასამართლომ, უპირველესად იმსჯელა აპელანტის იმ პრეტენზიაზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებულ ნორმათა მართებულობას შეეხებოდა და ამ მიმართებით, ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი საფუძვლის არამართებულობას ადასტურებდა: სასამართლომ განმარტა, რომ თანასაკუთრება შეიძლება წარმოიშვას კანონის ან გარიგების საფუძველზე (სსკ-ის 173-ე უხლი). განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრებად (იხ. ტომი I, ს.ფ. 26-28). ამასთან, უდავო იყო, რომ 2011 წლის 1 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში, ...... N61ა-ში მდებარე უძრავი ქონება, ფართით 113 კვ.მ. ს/კ ..... საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე. 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიამდე მოსარჩელე მეუღლესთან, შვილთან და დედასთან-მოპასუხეთან ერთად ერთ ოჯახად მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, ....... №61ა-ში. თბილისის მერიის 2015 წლის 25 დეკემბრის №52.01.1494 განკარგულებით ისინი ცნობილი იქნენ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად პირველი კატეგორიის დაზარალებულ პირებად. პალატამ ყურადღება მიაპყრო 30.11.2015 წლის „უძრავი ქონების დათმობის შესახებ“ ხელშეკრულების მე-2 მუხლს, რომლის თანახმად, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისის მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოლს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილებისა და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, შემფასებლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 2015 წლის 30 ნოემბრის N500620815 დასკვნის გათვალისწინებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირს (ოჯახს) უძრავი ქონების ქ. თბილისში, ........ N61-ის მიმდებარედ 105 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ის (ს.კ. .......) და ქ. თბილისში, ......, 113 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობა N1 და 2 ის (ს.კ......) დათმობის სანაცვლოდ გადაეცა ფულადი თანხა 248 420 ლარის ოდენობით.“ (იხ. ტომი I. ს.ფ. 23-24). ამასთან, პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ მიღებული თანხით მოპასუხემ შეიძინა სადავო უძრავი ქონება (ქ. თბილისი, ......, ბინა N75, ფართი. 113.19 კვ.მ.).
6.2. პალატამ მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ (შემდეგში დადგენილება) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, „I კატეგორიაში მითითებულ ყველა ჯგუფის დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი სახლის/ბინის შესაძენად მიეცემათ ფულადი თანხა ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით კომისიის მიერ განსაზღვრული ტერიტორიის არეალში შემფასებლის მიერ დადგენილი საცხოვრებელი ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება: ა) 1-2 წევრიანი ოჯახისათვის - 45 კვადრატული მეტრის ღირებულებით; ბ) 3-4 წევრიანი ოჯახისათვის - 65 კვადრატული მეტრის ღირებულებით; გ) 5-6 წევრიანი ოჯახისათვის - 90 კვადრატული მეტრის ირებულებით; დ) 7 და მეტ წევრიანი ოჯახისათვის - 110 კვადრატული მეტრის ღირებულებით“, ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვით, „საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებისას თბილისის მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას, კომისიის მიერ სტიქიური უბედურების ზონის დადგენის შემდეგ, ხსენებულ ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლის/ბინის მესაკუთრეებს უძრავი ქონების (მათ შორის მიწის ნაკვეთის) მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ხოლო მფლობელებს/მოსარგებლეებს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლების დათმობის სანაცვლოდ აუნაზღაუროს, სტიქიამდე მათ საკუთრებაში/მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის მიწის ნაკვეთის) შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება, რა დროსაც ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდება დაზარალებული პირის (ოჯახის) მიერ ამ მუხლის მე–2 პუნქტით დადგენილი წესით, მიღებული თანხა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული თანხა აღემატება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, დაზარალებულ პირს (ოჯახს) რჩება მეტობით მიღებული თანხა. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული დადგენილების მიხედვით, დაზარალებული პირები (ოჯახები) იყოფიან შემდეგ ძირითად კატეგორიებად: ა) I კატეგორია - დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას; ბ) II კატეგორია - დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე I კატეგორიის დაზარალებულია (იხ. ტომი I, ს.ფ. 34). ზემოთ ხსენებული დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კატეგორიაში მითითებულ ყველა ჯგუფის დაზარალებულ პირებს მიეცემათ თანხა ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით; ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უძრავი ქონების მესაკუთრეებს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ აუნაზღაურდებათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმატიული აქტი, დაზარალებული პირების ფულად ანაზღაურებას ითვალისწინებს და არა უძრავი ქონების თანასაკუთრებაში გადაცემას. საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად კი, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, თანასაკუთრების წარმოშობის არც ნორმატიული და არც სახელშეკრულებო საფუძველი არ არსებობდა.
6.4. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ფულადი ანაზღაურების თაობაზე შესაძლოა წარმატებული ყოფილიყო სსკ-ის 982-ე მუხლით (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) გათვალისწინებული ხელყოფის კონდიქციის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.მ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7.1. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის შესახებ“ დადგენილების მუხლები და არასწორად აღნიშნა, რომ მითითებული ნორმატიული აქტი, დაზარალებული პირების ფულად ანაზღაურებას ითვალიწინებს და არა უძრავი ქონების თანასაკუთრებაში გადაცემას. ამდენად, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას მასზედ, რომ თანასაკუთრების წარმოშობის არც ნორმატიული და არც სახელშეკრულებო საფუძველი არ არსებობს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით, ი.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
14. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის შედავება სასამართლოს მიერ ნორმის არასწორ განმარტებას ემყარება. კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის შესახებ“ დადგენილების დებულებები, რის გამოც არასწორად დაადგინა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების წარმოშობის არც ნორმატიული და არც სახელშეკრულებო საფუძველი არ არსებობდა.
15. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, არსებობს თუ არა სადავო უძრავი ქონების ¼ ნაწილზე მოსარჩელის თანასაკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობები.
16. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების არსის ცნება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნში - სანივთო სამართალში, თუმცა საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები მხოლოდ სანივთო სამართალში არ მოიპოვება. იმის მიხედვით, თუ რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები ვლინდება, განსხვავებულია ამ ფაქტიდან გამომდინარე საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი. საკუთრების უფლების რეალიზაციისათვის კი, კანონმდებლობა, რიგ შემთხვევაში, ითვალისწინებს გარკვეული იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების განხორციელების სავალდებულობას (უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია). საერთო საკუთრების იურიდიული რეჟიმის ცნება მოცემულია სწორედ სანივთო სამართლებრივ ნორმებში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1-ლი წინადადებით დადგენილია, რომ საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშვება კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. შესაბამისად, თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს ნორმის აღწერილობით ნაწილში მოცემული ერთ-ერთი წინაპირობა: თანასაკუთრების წარმოშობის საკანონმდებლო ან სახელშეკრულებო დათქმა.
17. ამდენად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ერთ შემთხვევაში კანონის საფუძველზე წარმოიშობა, ხოლო მეორე შემთხვევაში - გარიგების საფუძველზე, რა დროსაც კანონი განსაზღვრავს გარიგების ფორმას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმით დადებული გარიგება და ამ გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიამდე, მოსარჩელე მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და დედასთან - მოპასუხე მ.მ–თან ერთად, ერთ ოჯახად მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, ........
19. . სტიქიის შედეგად დაინგრა მათი საცხოვრებელი სახლი. თბილისის მერიის 2015 წლის 25 დეკემბრის N52.01.1494 განკარგულებით, მ.მ–ი, ი.მ–ი, თ.ჯ–ი და ლ.მ–ი ცნობილ იქნენ 1-ლი კატეგორიის დაზარალებულ პირებად. თბილისის მერიის მხრიდან, მ.მ–ზე კომპენსაცია გაიცა სულადობის მიხედვით - ოჯახის 4 წევრზე. გაცემული თანხით მოდავე მხარეებმა ერთად შეიძინეს სადავო უძრავი ქონება, რომელიც დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, მოსარჩელის მოსაზრებით, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის შესახებ დადგენილების“ თანახმად, სადავო უძრავი ქონების ¼ ნაწილზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
20. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საკასაციო შედავების ფარგლებში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ 2015 წლის 5 ივლისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა №17-66 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი (შემდგომში - „წესი“), რომლის ზოგადი დებულებების თანახმად, ეს წესი არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის პირობებს, დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმებს (მუხლი 1.1); წესის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა და საცხოვრისით უზრუნველყოფა (მუხლი 1.2); საცხოვრისით უზრუნველყოფისა და უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ხოლო სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემას ახორციელებენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები (მუხლი 1.3).
21. ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლით განისაზღვრა „დაზარალებული პირის (ოჯახის)“, „უძრავი ქონების დათმობისა“ და „სხვა სახის ფულადი დახმარების“ დეფინიცია. კერძოდ, „დაზარალებული პირი (ოჯახი) არის კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტები, რომლებსაც ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაენგრათ/დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი/ბინა („ბ“ პუნქტი); „უძრავი ქონების დათმობა“ გულისხმობს დაზარალებული პირის (ოჯახის) საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული უძრავი ქონების თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემას, საბაზრო ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ („ე“ პუნქტი); „სხვა სახის ფულად დახმარებაში“ კი, მოიაზრება ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შეძენისთვის („ვ“ პუნქტი).
22. რაც შეეხება დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფას, აღნიშნული ხორციელდება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული დაზარალებულების კატეგორიებისა და ჯგუფების შესაბამისად (4.1 მუხლი). მე-3 მუხლი დაზარალებულთა კატეგორიებსა და ჯგუფებს შემდეგი სახით განსაზღვრავს: 1. დაზარალებული პირების (ოჯახების) კატეგორიები: ა) I კატეგორია - დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას; ბ) II კატეგორია - დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას. 2. დაზარალებული პირების (ოჯახების) ჯგუფები: ა) I ჯგუფი - მესაკუთრეები; ბ) II ჯგუფი - „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები; გ) III ჯგუფი - „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები. ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კატეგორიაში მითითებულ ყველა ჯგუფის დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი სახლის/ბინის შესაძენად მიეცემათ ფულადი თანხა ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით კომისიის მიერ განსაზღვრული ტერიტორიის არეალში შემფასებლის მიერ დადგენილი საცხოვრებელი ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. ამავე წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებისას თბილისის მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას, კომისიის მიერ სტიქიური უბედურების ზონის დადგენის შემდეგ, ხსენებულ ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლის/ბინის მესაკუთრეებს უძრავი ქონების (მათ შორის მიწის ნაკვეთის) მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ხოლო მფლობელებს/მოსარგებლეებს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლების დათმობის სანაცვლოდ, აუნაზღაუროს სტიქიამდე მათ საკუთრებაში/მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის მიწის ნაკვეთის) შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება, რა დროსაც ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდება დაზარალებული პირის (ოჯახის) მიერ ამ მუხლის მე–2 პუნქტით დადგენილი წესით, მიღებული თანხა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული თანხა აღემატება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, დაზარალებულ პირს (ოჯახს) რჩება მეტობით მიღებული თანხა.
23. აქვე, საყურადღებოა ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ დაზარალებული პირი (ოჯახი) უარს განაცხადებს ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საცხოვრისის უზრუნველყოფის წესით სარგებლობაზე, დანგრეული ან დაზიანებული სახლის/ბინის მესაკუთრეებს უძრავი ქონების (მათ შორის მიწის ნაკვეთის) მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ხოლო მფლობელებს/მოსარგებლეებს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლების დათმობის სანაცვლოდ საცხოვრებელი სახლის/ბინის შესაძენად მიეცემათ ფულადი თანხა, სტიქიამდე მათ საკუთრებაში/მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
24. ზემოაღნიშნული ნორმების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის (უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა) საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული აქტი, დასახული მიზნის (დაზარალებული ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა და საცხოვრისით უზრუნველყოფა) მისაღწევად ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის ფულად ანაზღაურებას და არა უძრავი ქონების თანასაკუთრებაში გადაცემას, როგორც ეს სააპელაციო პალატამ თავადაც აღნიშნა. ამასთან, საცხოვრისის უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებისას (4.5 მუხლი), ისევე, როგორც მაშინ, თუ დაზარალებული პირი (ოჯახი) უარს განაცხადებს მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საცხოვრისის უზრუნველყოფის წესით სარგებლობაზე (4.6. მუხლი), ნორმატიული აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ფულადი ანაზღაურების გაცემას ითვალისწინებს სტიქიური უბედურების ზონაში მდებარე დანგრეული ან დაზიანებული საცხოვრებელი სახლის/ბინის მესაკუთრეებზე უძრავი ქონების (მათ შორის მიწის ნაკვეთის) მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ხოლო მფლობელებზე/მოსარგებლეებზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლების დათმობის სანაცვლოდ.
25. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ უძრავი ქონება (მდებარე: თბილისში, ............ N61ა-ში), სადაც მოსარჩელე მეუღლესთან-თ.ჯ–თან, შვილთან-ლ.მ–თან და დედასთან-მოპასუხე მ.მ–თან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობდა, საკუთრების უფლებით მხოლოდ მოპასუხე მ.მ–ის სახელზე ირიცხებოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე ი.მ–ი, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, არც სტიქიური უბედურების ზონაში მდებარე იმ დანგრეული/დაზიანებული საცხოვრებელი სახლის/ბინის (მათ შორის მიწის ნაკვეთის) მესაკუთრეს წარმოადგენდა, რომლის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის (დათმობის) სანაცვლოდაც ფულადი ანაზღაურება გაიცა და არც მფლობელს/მოსარგებლეს, რომელსაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა გააჩნდა (რომლის დათმობის სანაცვლოდაც, იგი უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო ფულადი ანაზღაურება).
26. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილებისა და 2015 წლის 30 ნოემბრის „უძრავი ქონების დათმობის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მ.მ–მა ფულადი ანაზღაურება (248 420 ლარი) შემფასებლის (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს) მიერ გაცემული 2015 წლის 30 ნოემბრის №5006208015 დასკვნის (წერილის) გათვალისწინებით მიიღო იმ უძრავი ქონების (მდებარე: თბილისში, ............ N61ა-ს მიმდებარედ 105 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის და თბილისში, ............ 61ა-ს 113 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობა №1 დ №2) დათმობის სანაცვლოდ, რომელიც მის პირად საკუთრებას წარმოადგენდა და რამდენადაც დადგენილია, რომ ი.მ–ი სტიქიური უბედურების ზონაში მდებარე დანგრეული/დაზიანებული საცხოვრებელი სახლის/ბინის (მათ შორის მიწის ნაკვეთის) მესაკუთრეს არ წარმოადგენდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მ.მ–ისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაცემული თანხის განკარგვით შეძენილი სადავო უძრავი ქონების ¼ ნაწილზე, მისი თანასაკუთრების დადგენის თაობაზე, უსაფუძვლოა.
27. აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საცხოვრისის უზრუნველყოფის წესით სარგებლობის შემთხვევაშიც (4.5 მუხლი) და მაშინაც, თუ დაზარალებული პირი (ოჯახი) უარს განაცხადებს საცხოვრისის უზრუნველყოფის ამ წესით სარგებლობაზე (4.6. მუხლი), N17-66 დადგენილება ორივე შემთხვევაში, უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ ითვალისწინებს ფულადი ანაზღაურების გაცემას უძრავი ქონების შემფასებლის (სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ - მუხლი 2, პუნქტი „ი“) მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების მიხედვით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საცხოვრისის უზრუნველყოფის წესით სარგებლობისას, ასანაზღაურებელ თანხას, ანუ, შემფასებლის მიერ დადგენილ საბაზრო ღირებულებას გამოაკლდება დაზარალებული პირის (ოჯახის) მიერ ამ მუხლის მე–2 პუნქტით დადგენილი წესით მიღებული თანხა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა აღემატება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, დაზარალებულ პირს (ოჯახს) რჩება მეტობით მიღებული თანხა.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელეს სადავო უძრავ ქონებაზე არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მარტოოდენ ის გარემოება, რომ მოსარჩელე თბილისის მერიის 2015 წლის 25 დეკემბრის N52.01.1494 განკარგულებით, მოპასუხესთან ერთად ცნობილ იქნა 1-ლი კატეგორიის დაზარალებულ პირად, ვერ წარმოშობს სადავო უძრავ ქონებაზე ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებას. ანალოგიურად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე, დაუშვებლად ცნო წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და გაიზიარა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომელმაც უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხეთა პრეტენზია იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოსარჩელე და მოპასუხეები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 25 დეკემბრის №52.01.1494 განკარგულებით ცნობილ იქნენ 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად პირველი კატეგორიის დაზარალებულ პირებად, პირველი მოპასუხისათვის გადაცემულ ბინაზე მათ, როგორც დაზარალებულ პირებს, წარმოეშვათ თანასაკუთრების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა და საკასაციო სასამართლომაც გაიზიარა, რომ ვინაიდან, არ არსებობს უძრავი ნივთის გადაცემასთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და მოპასუხეებს შორის წერილობითი ფორმით დადებული გარიგება, მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ვერ ჩაითვლება სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძლად (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-708-708-2018, 26.07.2019 წ.).
29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ.ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2840 ლარის 70% – 1988 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ი.მ–ს (.........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ.ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2840 ლარის (საგადახდო დავალება N3025, გადახდის თარიღი 06.03.2023) 70% – 1988 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე