ას-422-2023
09 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე) (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ნ.ვ.დ–ვის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, 15712 ლარის ოდენობით სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 3-19).
1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი, მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვას“ მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
2.1.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე 2020 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული N11 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2021 წლის სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით დაზღვეული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, ხელშეკრულების N2 დანართის ჩამონათვალით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებები. სადაზღვევო პერიოდი განსაზღვრული იყო 2021 წლის 1 იანვრის 00 საათიდან არაუგვიანეს 2021 წლის 24 დეკემბრის 24 საათამდე.
2.1.2. სადაზღვევო რისკად განისაზღვრა შემთხვევა, როდესაც ზიანი მიადგებოდა დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის მიერ ექსპლუატაციისას, დამზღვევს წარმოეშობოდა პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ.
2.1.3. სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 1-ლი ნაწილის 1-ლი მუხლის თანახმად, სადაზღვევო რისკებად დამატებით განსაზღვრული იყო: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება...); ვ) სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები.
2.1.4. 2021 წლის 09 თებერვალს, ქ. თბილისში, .... ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა მოპასუხე სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული დაზღვეული ავტომანქანა მარკა, მოდელი - „ტოიოტა კოროლა“, სარეგისტრაციო ნომერი ......., რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლი გ.ბ–ნი. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის განმარტება, რომ მძღოლი შემთხვევის დროს ასრულებდა სამსახურებრივი მოვალეობას, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრვი ბარათებითა და პატაკით.
2.1.5. პატრულ ინსპექტორის 2021 წლის 09 თებერვლის პატაკით დადგენილ იქნა, რომ 2021 წლის 09 თებერვალს ქ. თბილისში, .... ქუჩაზე „ტოიოტას“ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სარეგისტრაციო ნომერი ......, მოძრაობისას, დაახლოებით .... ქ. N25-თან, გ.ბ–ნი გაგადავიდა მოძრაობის საპირისპიროდ და შეეჯახა „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანას, სარეგისტრაციო ნომრით ........., რომელსაც მართავდა ზ.ხ–ი. ინერციით „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა „BMW-ს“ ავტომანქანას სარეგისტრაციო ნომრით ....., რომელსაც მართავდა ი.ყ–ი. აღნიშნულის ჩადენაში პატრულ-ინსპექტორის გადაწყვეტილებით, გამოიკვეთა დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის გ.ბ–ნის ბრალეულობა, რის გამოც, იგი დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად. საკუთარ ახსნა-განმარტებაში, რომლითაც აღწერა სადაზღვევო შემთხვევა მზღვეველის წინაშე, ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას მოძრაობის საპირისპირო ზოლში მოძრაობის ფაქტი დაადასტურა მძღოლმა გ.ბ–ნმა, რაც ახსნა გზაზე არსებული საცობით. მოსარჩელე არ უარყოფდა ავტოსაგზაო შემთხვევაში გ.ბ–ნის ბრალეულობას. მოსარჩელეს არასოდეს გაუხდია სადავოდ პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი დაჯარიმების ოქმი, ამასთან არც ის ირკვევა, რომ ეს ოქმი გაასაჩივრა გ.ბ–ნმა.
2.1.6. მოპასუხემ 2021 წლის 18 თებერვლის N52/27 წერილით მოსარჩელეს უარი განუცხადა ანაზღაურების გაცემაზე. უარი ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს: 2021 წლის 09 თებერვალს ქ. თბილისში, .... ქუჩაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა დაზღვეული ავტომანქანის მონაწილეობით, რომელსაც მართავდა გ.ბ–ნი. საპატრულო პოლიციიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, გ.ბ–ნი გადავიდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში და შეეჯახა „ფოლსკვაგენის“ მარკის ავტომანქანას. სატრანსპორტო შემთხვევაში ბრალეულ პირად მიჩნეულ იქნა გ.ბ–ნი და დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად. ხელშეკრულების 17.1 მუხლის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალება და რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები. პრიორიტეტით მოსარგებლე მძღოლი ვალდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლოს ამ პრიორიტეტით, თუ უზრუნველყოფილი იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ის დარწმუნდება, რომ გზას უთმობენ. მოცემულ შემთხვევაში მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა, განახორციელა მანევრი იმის მიუხედავად, რომ მას გზას არ უთმობდნენ და დაინახა აღნიშნული. გ.ბ–ნის მხრიდან განხორციელებული ქმედება (მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადასვლა) წარმოადგენს უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებელ ქმედებას და შესაბამისად არ ექვემდებარება ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიის მხრიდან.
2.1.7. შპს „ტ.ც.თ–ას“ მიერ 2021 წლის 15 მარტს შედგენილი ხარჯთაღრიხცვის მიხედვით, დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ფასი განისაზღვრა 12 852 ლარით, ხოლო ჩასატარებელი სამუშაოების ფასი 2 860 ლარით. შესაბამისად, სადაზღვევო ზიანის ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა მოსარჩელემ განსაზღვრა 15 712 ლარით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ერთ-ერთ სადაზღვევო რისკად განისაზღვრა დაზღვეული ავტომანქანის უფლებამოსილი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით დამდგარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაც, მაგრამ ეს ჩანაწერი, ვერ მიიჩნეოდა მხარეთა ისეთ შეთანხმებად, რომელიც მზღვეველს ავალდებულებს, აანაზღაუროს უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანი. გარდა იმისა, რომ მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე მკაფიო მითითებას ეს სახელშეკრულებო დებულება არ შეიცავდა და ასევე, მისი ამგვარად განმარტება პალატის მითითებით არ იქნებოდა სწორი, რადგან მძღოლის განზრახი ქმედებით ჩადენილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მზღვეველს დაეკისრებოდა. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება სსკ_ის 829-ე მუხლით დაცულ მიზანს. აქედან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, სადავო ჩანაწერი იმგვარად უნდა განმარტებულიყო, რომ ის გულისხმობდა მხოლოდ უფლებამოსილი მძღოლის მარტივი გაუფრთხილებლობით გამოწვეული საგზაო_სატრანსპორტო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
5.2. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დადგა დაზღვეული ავტომანქანის უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით და მზღვეველი უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 6.1. კასატორის მითითებით, მხარეებს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვეო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო რისკებად დამატებით განსაზღვრული იყო ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება...); ვ) სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები. ხელშეკრულების თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილი იყო არ აენაზღაურებინა შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებდა მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას.
6.2. მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას მოპასუხე მხარის მიერ და მიიჩნევს, რომ სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაციით შეთანხმდა, რომ დაზღვეული იყო სხვადასხვა რისკები, მათ შორის უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის გამო დამდგარი ზიანი.
6.3. საქალაქო სასამართლო დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ სამინისტროს აქვს გაზრდილი სადაზღვევო რისკის დაზღვევის ინტერესი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ 829-ე მუხლისგან განსხვავებულ პირობებზე შეთანხმება შესაძლებელია. ამ გარემოებების გათვალისწინებით და ნების გამოვლენის გონივრული განსჯით, ხელშეკრულება ითვალისწინებდა უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანის სადაზღვევო შემთხვევის კომპანიის მიერ ანაზღაურებას.
6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ ნების გამოვლენის განმარტება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და გარემოებები, ასევე მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს ობიექტური დამკვირვებლისთვის.
6.5. უხეში გაუფრთხილებლობის ერთ-ერთი შემთხვევაა უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა. მოცემულ შემთხვევაში, გოგა ბაგიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, კანონით მინიჭებული უფლებით და წესების დაცვით გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს, რა დროსაც მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მომავალი მანქანა გზას დაუთმობდა. კასატორი მიიჩნევს, რომ ბრალის ხარისხი ასეთ შემთხვევაში ნაკლებია და ეს არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უხეშ გაუფრთხილებლობად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის გან
ჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
13. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მუხლები (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში).
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სსკ-ის 829-ე მუხლით (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობა. კასატორი (მოსარჩელე) აღნიშნავს, რომ სადაზღვევო რისკებად დამატებით განსაზღვრული იყო: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება...); ვ) სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაა დაზღვევის ხელშეკრულებაც.
16. განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა. კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული განაპირობებს სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (სუსგ.Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომობილის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). ვინაიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. ამასთან, მოძრაობის წესებს შორის ერთ-ერთი უმნიშნვნელოვანესია დადგენილი სიჩქარის ფარგლებში დაწესებულ ზოლებში მოძრაობა, რისი დარღვევაც უპირატესად იწვევს მძიმე შედეგს. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლს ევალება განსაკუთრებული გულისხმიერებითა და ზედმიწევნით დაიცვას აღნიშნული წესები“ (იხ. სუსგ Nას-ას-654-2019, 26.06.2020წ). მოცემულ შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილებაში მითითებული დაზღვეული ავტომანქანის უფლებამოსილი მძღოლის მიერ გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, საგზაო მოძრაობის წესების უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევამ განაპირობა. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სადავო არ არის, რომ დაზღვეული ავტომანქანის უფლებამოსილი მძღოლი გადავიდა საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში, ხოლო პალატის მოსაზრებით, ასეთი ქმედება იწვევს აშკარა საფრთხეს საგზაო მოძრაობისას, ამიტომ ამგვარი მანევრის უფლება სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მას ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი, ხმოვან სიგნალთან ერთად, და როცა ის დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ („საგზაო მოძრაობის წესების“ 51-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების ფარგლებში ირკვევა, რომ მძღოლი არ დაელოდა მისთვის გზის დათმობას, გადავიდა საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში და შეეჯახა ამ ზოლში მოძრავ ავტომანქანას. საგზაო მოძრაობის წესების ასეთი დარღვევა არ შეიძლება შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად და წინადახედულობის ნორმის უმნიშვნელო დარღვევად, შესაბამისად, მითითებული დარღვევა წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას.
17. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სხვადასხვა რისკებთან ერთად დაზღვეული იყო უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის გამო დამდგარი ზიანი, რადგან ხელშეკრულებაში დამატებით რისკად განსაზღვრული იყო მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევა, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები შეიძლება კანონით ან გარიგებით დაწესდეს. ამ შემთხვევაში კი, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, არ გაუმიჯნიათ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები და არც პირდაპირი მიუთითებიათ უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ანაზღაურების ვალდებულებაზე. შესაბამისად, სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობის შედეგად დგება.
18. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ნების გამოვლენის განმარტება უნდა მოხდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების გათვალისწინებით. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენის შედეგად, რომელიც მიმართული იყო ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისაკენ, დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება და ხელშეკრულების მხარეებს ჰქონდათ სასურველი პირობების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (ხელშეკრულების განმარტების საკითხებზე იხ., სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულება არ შეიცავს ბუნდოვან, ორაზროვან და ურთიერთგამომრიცხავ გამონათქვამებს და მასში ნათლად არის ჩამოყალიბებული მხარეთა უფლებამოვალეობები, რაც გამორიცხავს კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადაზღევო ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
20. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე