Facebook Twitter

№ას-500-2023

30 ნოემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ყ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი, „სამინისტრო“) სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში ქ.ყ–ის (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, 4950 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. 2015 წლის 13 იანვარს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქ.ყ–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა მოპასუხისთვის, როგორც მაძიებლისთვის, დიპლომის შემდგომი განათლების დაფინანსება. მაძიებლის ვალდებულებას წარმოადგენდა, რომ რეზიდენტურის წარმატებით დასრულების შემდეგ განეხორციელებინა საექიმო საქმიანობა დანართით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არანაკლებ სამი წლის განმავლობაში.

6.1.2. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, მაძიებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტროს უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და მაძიებლისათვის მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა სამინისტროს მიერ მის დასაფინანსებლად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით, რაც მაძიებლის მიერ უნდა დაფარულიყო შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

6.1.3. ხელშეკრულების 4.3.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად ჩაითვლებოდა სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ მუნიციპალიტეტში შესაბამის ადგილას დასაქმებაზე უარის თქმა.

6.1.4. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, სამინისტროსა და მაძიებელს შორის ხელშეკრულების ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტის შემთხვევაში, მაძიებელს უნდა აენაზღაურებინა მის დასაფინანსებლად სამინისტროს მიერ გაღებული ხარჯი.

6.1.5. სამინისტროს მიერ, მოპასუხის სწავლის დაფინანსების სახით, ჯამში, გადახდილი იქნა 4950 ლარი.

6.1.6. მოპასუხემ დაასრულა სწავლა, თუმცა, უარი განაცხადა სამინისტროს შეთავაზებაზე, განეხორციელებინა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა დედოფლისწყაროს/თიანეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებაში.

6.1.7. 2019 წლის 20 სექტემბერს, სამინისტრომ შეწყვიტა მოპასუხესთან ხელშეკრულება და აცნობა მას სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისა და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ, მოპასუხისაგან მოითხოვა განათლების დაფინანსებისათვის გადახდილი ხარჯის - 4500 ლარისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 9000 ლარის, გადახადა.

6.1.8. მოპასუხემ 2019 წლის 30 ოქტომბერს, სამინისტროს წარმუდგინა 9 900 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ამასთან, წარდგენილ განცხადებაში მიუთითა შემდეგი: „გაცნობებთ, რომ პირგასამტეხლოს თანხის გადახადა ჩემს მიერ განხორციელდა სრულად და დროულად, იმავე წერილით განსაზღვრულ ვადებში... აქვე განვმარტავ, რომ ჩემსა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ფინანსური შედეგები გათვალისწინებულია მხოლოდ 4.3.2. პუნქტით, რაც ადგენს აღნიშნული ვალდებულების დარღვევის პირობებში საექიმო სპეციალობის მაძიებელი პირის ფინანსური პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ფარგლებს და სრულად ამოწურავს სამინისტროს მიმართ მაძიებლის ფინანსურ ვალდებულებას. ხელშეკრულების მსგავს ინტერპრეტაციას შეიცავდა სამინისტროს მხრიდან ჩემთვის გამოგზავნლი 25.05.2019 წლის წერილის შინაარსიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან ხელშეკრულება არ ითვალისწინებს, დარიცხული პირგასამტეხლოს გარდა, რაიმე დამატებითი თანხის მოთხოვნის შესაძლებლობას (რაც ჩემს მიერ უკვე სრულად არის ანაზღაურებული, თუმცა, დავის შემთხვევაში სსკ-ის 420-ე მუხლით განსაზღვრულ შესაძლებლობაზე აპელირების უფლების შეზღუდვის გარეშე), გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ 20.09.2019 წლის წერილში მითითებული დამატებითი ხარჯების ანაზღაურებას არ უზრუნველვყოფ“.

6.2. პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლებზე, რადგან მოპასუხის მიერ პირგასამტეხლო გადახდილი იყო სრულად და იგი წინამდებარე სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა. აპელანტის განმარტებით, განსახილველი სარჩელის მოთხოვნას არა პირგასამტეხლოს გადახდა, არამედ, სამინისტროს მიერ დასაფინანსებლად გაღებული ხარჯის - 4500 ლარის ანაზღაურება წარმოადგენდა, რაც სასამართლომ არასწორად შეაფასა.

6.3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი იყო შემწყვეტი შესაგებელი, რომლითაც არ იყო უარყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სწავლის დაფინანსებისათვის გაღებული ხარჯის - 4500 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების ვალდებულების არსებობა, თუმცა მოპასუხე მიიჩნევდა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულებისა და აღნიშნულით, - მისი შეწყვეტის გამო. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მან სამინისტროს 9000 ლარის ოდენობის გადახდის ქვითარი წარუდგინა, როგორც მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არსებული სრული ფინანსური ვალდებულების შესრულების დოკუმენტი, რის შესახებაც დეტალურად იყო მითითებული მის მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს სამინისტროსადმი წარდგენილ განცხადებაში, სადაც მოპასუხე განმარტავდა, რომ დავის შემთხვევაში, მოპასუხე უფლებას იტოვებდა საცილოდ გაეხადა დარიცხული პირგასამტეხლოს მოცულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად.

6.4. სააპელაციო პალატამ მოპასუხის ზემოაღნიშნული შედავების გათვალიწინებით მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა მოპასუხის 2019 წლის 30 ოქტომბრის განცხადებაში გამოხატული ნების განმარტების აუცილებლობა.

6.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ სამინისტროსადმი 2019 წლის 30 ოქტომბერს წარდგენილი განცხადების ბოლო აბზაცის შინაარსიდან ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობდა მოპასუხის ნება, რომ მან 9000 ლარი გადაიხადა სამინისტროს წინაშე არსებული ყველა ფინანსური ვალდებულების (მათ შორის, სწავლის საფასურისათვის გადახდილი 4500 ლარისა და პირგასამტეხლოს) შესრულების ანგარიშში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო აღნიშნული თანხით არ დაკმაყოფილდებოდა, მოპასუხე იტოვებდა უფლებას სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში განეხორციელებინა შედავება და მოეთხოვა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება, რაც მოპასუხემ განახორციელა კიდეც წარმოდგენილი შესაგებლით.

6.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ გადახდილი 9000 ლარიდან 4500 ლარი უნდა ჩათვლილიყო სამინისტროს მიერ სწავლის დაფინანსებისათვის გაღებული ხარჯის ანაზღაურების ანგარიშში, ხოლო 4500 ლარი - პირგასამტეხლოს ანგარიშში. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სადავო გახადა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, სახეზე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების ღირებულების ორმაგი ოდენობის) გონივრულობის შეფასებისათვის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

6.7. განსახილველ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია (მოსარჩელე არ მიუთითებდა ასეთ გარემოებაზე), პალატამ მიიჩნია. რომ მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების ორმაგი ოდენობის მოთხოვნა არაგონივრული იყო და სცდებოდა სამოქალაქო კოდექსის 8.3-ე მუხლით დადგენილი კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს.

6.8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

7. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სამინისტრო ითხოვს ხელშეკრულების შესრულების შედეგად მიღებული შესრულების (დასაფინანსებლად გადახდილი თანხის - 4950 ლარის) უკან დაბრუნებას, რაც, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოადგენს. მოცემული დავის ფარგლებში, სადავოდ არ არის გამხდარი ნებაყოფლობით გადახდილი, ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა, რამეთუ მოპასუხემ იგი ნებაყოფლობით გადაიხადა. პირგასამტეხლოს გადახდა, მხარეს არ უზღუდავს შესაძლებლობას, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს მოსთხოვს ხელშეკრულების შესრულების შედეგად მიღებული სარგებლის უკან დაბრუნება.

7.2. კასატორის მითითებით, იურიდიული დოქტრინისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით დადგენილია, რომ როდესაც პირი შეთანხმებულ პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით იხდის, შემდგომ მისი შემცირება დაუშვებელია, რაც ლოგიკურიცაა, იმდენად, რამდენადაც მოვალისთვის დაძლევადი ოდენობა იყო და დაეთანხმა პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ამის საპირისპიროდ, სასამართლოებმა, ფაქტობრივად, შეამცირეს მოპასუხის მხრიდან ნებაყოფლობით გადახდილი პირგასამტეხლო და მასში გაქვითეს სამინისტროს მოთხოვნა მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების შესახებ, რაც დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება იურიდიულ დოქტრინაში დამკვიდრებულ მოსაზრებებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

7.3. კასატორის მითითებით, მოპასუხე მხარემ თვითონვე დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოუწევდა, როგორც შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა, ისე მიღებული სარგებლის 4950 ლარის უკან დაბრუნება. ამ უდავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურების პირობებში დაუსაბუთებელია, რა სამართლებრივი და ფაქტობრივ მოცემულობას დაეყრდნო სასამართლო, როდესაც მხარის მიერ ნებაყოფლობით გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობა (როდესაც თვითონვე განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ვალდებულების დარღვევის შედეგები) ფაქტობრივად შეამცირა და მასში მოიცვა დაფინანსებისთვის გადახდილი თანხაც.

7.4. კასატორის მოსაზრებით, თუკი 2019 წლის 30 ოქტომბრის განცხადებაში გამოხატული ნების განმარტებამდე მივალთ, წერილში მოპასუხე აღნიშნავს, რომ მან პირგასამტეხლო სრულად გადაიხადა და სხვა ვალდებულება არ აკისრია, ხოლო შემდგომ, სასამართლო განხილვისას დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი შედეგები, რაც გულისხმობს შეთანხმებული ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდასა და მიღებული შესრულების უკან დაბრუნებას. კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს გადახდა მხარეს არ ათავისუფლებს მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების ვალდებულებისაგან. პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული დამოუკიდებელი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც არ და ვერ გამორიცხავს ვალდებულების დამრღვევი პირის ვალდებულებას, პირგასამტეხლოს გარდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე 352-ე მუხლების საფუძველზე, უკან დააბრუნოს მიღებული სარგებელი.

7.5. კასატორი აღნიშნავს, რომ დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა სამედიცინო სფეროს დეფიციტური მიმართულების სპეციალიზაციის კადრებით უზრუნველყოფა (რაც პროგრამის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს). ასევე, მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობისათვის შესაბამისი სამედიცინო სფეროს მომსახურების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად არის შემუშავებული ეს პროგრამა, რომლის უმთავრეს კომპონენტსაც წარმოადგენს დიპლომის შემდგომი განათლების მიღების შემდგომ, კადრი დასაქმდეს სამინისტროს მიერ შეთავაზებულ მუნიციპალიტეტში, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენს და მხარისათვის წინასწარ არის ცნობილი. პროგრამის მიზნები, ნათლად წარმოაჩენს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ არსებულ მნიშვნელოვან ინტერესს, რაც საბოლოო ჯამში ვლინდება მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული პირებისთვის და არა მხოლოდ, შესაბამისი დეფიციტური სამედიცინო სერვისებზე/მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ხელშეკრულების შესრულების მიმართ გარდა სამინისტროს ინტერესისა, იკვეთება საჯარო ინტერესიც. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი მიზნობრიობით განხორციელება მნიშვნელოვანი ინტერესის მატარებელია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

14. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხე დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს სამინისტროს მიერ მაძიებლისათვის სწავლის დასაფინანსებლად გადახდილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების ვალდებულებისაგან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობს თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულებით მიღებული შესრულების უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

15. განსახილველ საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიმართაც საკასაციო საჩივარში პრეტენზია წარმოდგენილი არ არის და შესაბამისად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვისაც. კერძოდ, დადგენილია, რომ 2015 წლის 13 იანვარს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქ.ყ–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა მოპასუხისთვის, როგორც მაძიებლისთვის, დიპლომის შემდგომი განათლების დაფინანსება. მაძიებლის ვალდებულებას წარმოადგენდა, რომ რეზიდენტურის წარმატებით დასრულების შემდეგ, განეხორციელებინა საექიმო საქმიანობა დანართით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ სამი წლის განმავლობაში. სამინისტროს მიერ, მოპასუხის სწავლის დასაფინანსებლად, ჯამში გადახდილ იქნა 4950 ლარი. სადავო არ არის, რომ მაძიებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტროს უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და მაძიებლისათვის მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა სამინისტროს მიერ მის დასაფინანსებლად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით, რაც მაძიებლის მიერ უნდა დაფარულიყო შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში (4.2. პუნქტი), ხოლო, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად ჩაითვლებოდა სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ მუნიციპალიტეტში შესაბამის ადგილას დასაქმებაზე უარის თქმა (4.3.2 პუნქტი). დადგენილია, რომ მოპასუხემ დაასრულა სწავლა, თუმცა, უარი განაცხადა სამინისტროს შეთავაზებაზე, განეხორციელებინა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა დედოფლისწყაროს/თიანეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებაში. შესაბამისად, სამინისტრომ შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება და აცნობა მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისა და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ. ამის შემდგომ, მოპასუხემ სამინისტროს 2019 წლის 30 ოქტომბრის წერილით წარუდგინა 9 900 ლარის გადახდის ქვითარი და უარი განაცხადა დამატებით 4950 ლარის გადახდაზე.

16. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელემ სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირგასამტეხლო ნებაყოფლობით გადაიხადა. ამასთან 2019 წლის 30 ოქტომბრის წერილის შინაარსი (ვრცლად იხ. ამ განჩინების 6.1.8 პუნქტი) ცხადყოფს, რომ მაძიებელი აცნობიერებდა მის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტს და ამ დარღვევისათვის, ხელშეკრულებით დაწესებული სანქციის - პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. ეს ვალდებულება კი, როგორც უკვე აღინიშნა, მაძიებელმა ნებაყოფლობით შეასრულა. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობა კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რამეთუ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა სასამართლოს გააჩნია იქამდე, სანამ მხარე აღნიშნულ თანხას კრედიტორს აუნაზღაურებს. პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, როცა პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია (იხ. სუსგ. №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ერთი მხრივ, იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეამცირეს მოპასუხის მხრიდან ნებაყოფლობით გადახდილი პირგასამტეხლო და არასწორად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ შეწყდა ურთიერთგაქვითვის გზით, თუმცა, მეორე მხრივ, ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას მასზედ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე 352-ე მუხლების საფუძველზე, არსებობს მოპასუხის სწავლის დასაფინანსებლად გაწეული ხარჯის უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის სპეციალურ წესს ითვალისწინებდა. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, მაძიებლის მიერ ხელშეკრულების პირობის/პირობების შეუსრულებლობისას, ან თუ იგი რაიმე ფორმით თავს აარიდებს განათლების მიღებას, ან ვერ გაივლის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამით განსაზღვრულ კონკრეტულ მოდულს, ან ვერ შეძლებს სწავლის განსაზღვულ დროში დასრულებას, ან სხვა მიზეზით ვერ/არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს სამინისტროს უფლება აქვს, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მაძიებელს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა სამინისტროს მიერ მის დასაფინანსებლად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით, რაც მაძიებლის მიერ უნდა დაიფაროს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდა ერთი თვის ვადაში, ხოლო, ამავე ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად, სამინისტროსა და მაძიებელს შორის ხელშეკრულების ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტის შემთხვევაში, მაძიებელმა უნდა აანაზღაუროს მის დასაფინანსებლად სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯი.

19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 20 სექტემბერს, სამინისტრომ ხელშეკრულება ცალმხრივად, მაძიებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა, რის გამოც მოქმედებაში მოვიდა ხელშეკრულების 4.2. პუნქტი, რომელიც მაძიებლის მხრიდან სანქციის სახით, პირგასამტეხლოს - სწავლის დასაფინანსებლად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით გადახდას ითვალისწინებდა და არა გაწეული ხარჯის დაბრუნებას, რისი ანაზღაურებაც მაძიებელს მხოლოდ ხელშეკრულების ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტის შემთხვევაში ევალებოდა (4.5. პუნქტი). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, ამასთან, მიღებული აქვს ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული, მის მიერ მაძიებლის გადამზადებისათვის დაფინანსებული თანხის ორმაგი ოდენობა, არ არსებობს სამართლებრივი წინაპირობა იმისათვის, რომ მოპასუხეს თანხის დამატებით გადახდა დაეკისროს.

20. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „მ.ტ–ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე