ას-617-2022
05 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ს–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში გ.ს–ძის (შემდეგში) მიმართ, შრომითი ხელშეკრულებით დაწესებული შეზღუდვის საკომპენსაციოდ გადახდილი 15000 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნებისა და 44457.05 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (ს.ფ. 2-22).
1.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 11654.11 ლარის დაბრუნების ნაწილში ცნო (2021 წლის 24 ნოემბრის მოსამზადებელი სხდომის ოქმი). მიუთითა, რომ ვინაიდან, მოსარჩელის მიერ არ მომხდარა დასაქმების შეზღუდვის ამოქმედება, მას არ ჰქონდა თანხის ჩარიცხვის ვალდებულება, მოპასუხეს კი ჩარიცხული თანხის მიღებისა და გამოყენების საფუძველი და ინტერესი.
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპსუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11654.11 ლარის გადახდა.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1. გ.ს–ძე, 2017 წლის 27 ნოემბრიდან, სააქციო საზოგადოება „ს.ბ–ში“ მუშაობდა საცალო ბიზნეს საბანკო მომსახურების ჯგუფის უფროსად და მისი შრომითი ანაზღაურება იყო თვეში 2500 ლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შრომითი ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, დამსაქმებელს უფლება ჰქონდა დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე დასაქმებულისათვის შეეზღუდა ფინანსურ სფეროში დასაქმების უფლება და/ან საკონსულტაციო ან მსგავსი სერვისების გაწევა კონკრეტულ ფინანსურ ინსტიტუტებში, იმ ქვეყანაში, სადაც ოპერირებდა დამსაქმებელი და/ან მისი შვილობილი კომპანიები. შეზღუდვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 6 თვე ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებული იქნებოდა დამსაქმებლისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში გადახდილი ნებისმიერი ანაზღაურების ოდენობით.
5.2. 2020 წლის 10 ნოემბერს, გ.ს–ძემ, 2020 წლის 30 ნოემბრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა „ს.ბ–ს“ და დამსაქმებლის 2020 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა. შრომითი ურთიერთობის ბოლო დღედ განისაზღვრა 2020 წლის 29 ნოემბერი. 2020 წლის პირველი დეკემბრიდან გ.ს–ძემ მუშაობა დაიწყო სააქციო საზოგადოება „ლ.ბ–ის“ ხაშურის ფილიალის მმართველად. 2020 წლის 17 ნოემბერს, გ.ს–ძემ მიიღო წერილობითი შეტყობინება დამსაქმებლისაგან შრომითი დასაქმების შეზღუდვის დაწესების შესახებ. გ.ს–ძემ „ს.ბ–თან“ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე ერთი წლის განმავლობაში დამსაქმებლისგან მიიღო შრომის ანაზღაურება 44 457.05 ლარი.
5.3. მოპასუხეს მიაჩნდა, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვა არ ამოქმედებულა, მოსარჩელისაგან მიიღო 11 654.11 ლარი და არა - 15 000 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.4. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის მხრიდან მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ მოპასუხე დასაქმებული იყო სს „ს.ბ–ში“ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, მაინც დასაქმდა კონკურენტ ბანკში, ხოლო მოსარჩელისაგან ანაზღაურება მიიღო, ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან დასაქმების შეზღუდვის მთავარ პირობას და მიზანს წარმოადგენს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს მისი დამსაქმებლის კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა აღნიშნული გარემოება. პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ სს „ს.ბ–ში“ შეძენილი ცოდნის გამოყენება სს „ლ.ბ–ში“ საქმიანობისას, ასევე არ დასტურდებოდა სს „ს.ბ–ის“ კლინტების გადაბირება სს „ლ.ბ–ში“, შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების დანართით, დასაქმების შეზღუდვით აღებული ვალდებულება გ.ს–ძის მიერ არ დარღვეულა.
5.5. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო, რამეთუ დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის/არაჯეროვნად შესრულების ფაქტი არ დასტურდებოდა. მოპასუხისათვის გადახდილი 15000 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან, დასაქმებით არ დარღვეულა ხელშეკრულება, თანხის დაბრუნების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იყო მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა. მან კი სარჩელი 11 654.11 ლარის დაბრუნების ნაწილში ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ არ მომხდარა დასაქმების შეზღუდვის ამოქმედება და მას არ ჰქონდა თანხის ჩარიცხვის ვალდებულება, მოპასუხეს კი ჩარიცხული თანხის მიღებისა და გამოყენების საფუძველი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.ბ–მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ, კანონით გათგვალისწინებული წესის სრული დაცვით, შეტყობინებითა და შესაბამისი ანაზღაურების დროული გადახდით, აამოქმედა დასაქმების შეზღუდვა.
6.2. განსახილველი შემთხვევა ხასიათდება მნიშვნელოვანი სპეციფიკით. კერძოდ, საკითხი ეხება მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს, რომელიც კონკურენტ დაწესებულებაში, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან დროის უმოკლეს ინტერვალში, რაც მხოლოდ იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ დამსაქმებლისათვის ამგვარი ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი პრეზუმირებულია.
6.3. ქვეყანაში არსებული ბაზრის სიმცირისა და მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეუძლებელია მოპასუხემ მიღებული ცოდნა და გამოცდილება არ გამოიყენოს ახალ სამსახურში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულის პოზიციის ცვლილება განხორციელდა დროის უმოკლეს ინტერვალში - რამდენიმე დღეში, კონკურენტ ბანკში, მენეჯერულ პოზიციაზე, რომლის ფუნქცია-მოვალეობათა დამატებითი კვლევის გარეშეც კი აშკარაა, რომ იგი იდენტურია და მეტიც, მოიცავს იმ ფუნქცია-მოვალეობებს, რომელთა შესრულებაც დასაქმებულს სს „ს.ბ–ში“ ევალებოდა.
6.4. მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს წვდომა აქვს არა მხოლოდ კომპანიის მატერიალურ რესურსზე და არსებითად ინფორმაციულ წყაროებზე, არამედ ადამიანურ რესურსზეც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოპასუხეს, ჰიპოთეტური დაშვების შემთხვევაში, შეიძლება თავისივე დაქვემდებარებაში არსებული პირების გადაყვანის სურვილი გასჩენოდა კონკურენტ დაწესებულებაში და არსებითი საფრთხე შეექმნა სს „ს.ბ–ის“ კონკრეტული ფილიალის ფუნქციონირებისათვის.
6.5. სასამართლომ გადაწყვეტილება დააყრდნო ისეთ გარემოებას, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარეს საერთოდ არ უდავია, მას არცერთ ეტაპზე არ გამოუთქვამს პრეტენზია იმის თაობაზე, რომ უადგილო იყო დასაქმების შეზღუდვის ჩართვა, ვინაიდან, მის მიერ შესრულებული ფუნქცია მოვალეობები არსებითად განსხვავდებოდა მასზე წარსულში დაკისრებული ვალდებულებებისგან. მოპასუხეს თავად შეეძლო სარჩელის უსაფუძვლობა მითითებული არგუმენტით დაესაბუთებინა, რაც მას არ განუხორციელებია.
6.6. სასამართლო უხეშად ჩაერია მხარეთა ნების ავტონომიაში და საკუთარი ინიციატივით, გადაწყვეტილება სრულად ააგო დასაქმებულის მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცილების მიღების და კონკურენტ დაწესებულებაში გამოყენების საკითხზე. მიიჩნია, რომ დამსაქმებლმა ვერ დაადასტურა დასაქმებულის მიერ მასთან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მის საწინააღმედგოდ და კონკურენტი ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოყენება.
6.7. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის სრული ოდენობა განეკუთვნება დაქირავებული პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს და შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს მიღებულ თანხაზე 20% გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელ პირს. სს „ს.ბ–ი“ წარმოადგენს საგადასახადო აგენტს, რომელმაც შეასრულა თავისი საშუამავლო ვალდებულებები ჯეროვნად. ხოლო თანხის დაბრუნების ვალდებულება საგადასახადო ორგანოს ტვირთს წარმოადგენს და მოწინააღმდეგე მხარის მიერ უნდა მოხდეს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის წარდგენა სსიპ შემოსავლების სამსახურში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით დაწესებული შეზღუდვის საკომპენსაციოდ გადახდილი 15000 ლარის სრულად დაკისრება (მოპასუხისათვის დაუკისრებელი 3345.89 ლარის დაბრუნება) და პირგასამტეხლოს 44457.05 ლარის გადახდა. აღნიშნული მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 86-ე მუხლის (ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა) გათვალისწინებით არის მე-60.1 (შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს მისი დამსაქმებლის კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის შრომის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით) და მე-60.3 (ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
11. სშკ-ის მე-60-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და ამ უფლების შეზღუდვისას საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის შრომის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის შესაბამისი ანაზღაურების ვალდებულება. შრომის ანაზღაურება შრომის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზრაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპი იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. შრომის კოდექსის 60.1 მუხლის მოქმედი რედაქციით (ამოქმედდა 2020 წლის 08 ოქტომბრიდან) გათვალისწინებული თანხა - „შრომის ანაზღაურება“ კი არ წარმოადგენს დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებას, თავისი არსით ის წარმოადგენს კომპენსაციას თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. აღნიშნული კომპენსაციის გადახდის წესის შესახებ იმპერატიულ მითითებას შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაა შრომითი ხელშეკრულებაც.
13. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული იყო კონკურენციის შეზღუდვა, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების Nვ დანართით მხარეები შეთანხმდნენ დასაქმების შეზღუდვაზე. აღნიშნული დანართის 1-ლი პუნქტით მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის, მათ შორის ვადის გასვლის შემთხვევაში, დამსაქმებელს უფლება აქვს საკუთარი გადაწყვეტილებით და დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე შეუზღუდოს დასაქმებულს უფლება იმუშაოს ფინანსურ სფეროში და/ან გაუწიოს საკონსულტაციო ან მსგავსი სერვისები (უშუალოდ ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით) კონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტს/ებს იმ ქვეყანაში/ებში, სადაც ოპერირებს დამსაქმებელი და/ან მისი შვილობილი კომპანია/ები (დასაქმების სპეციალური პირობები). დანართის 1.1 პუნქტის თანახმად, დასაქმების სპეციალური პირობების მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან. დანართის 1.3 პუქტით მიხედვით, დასაქმებულის სპეციალური პირობების შესაბამისად, დასაქმებულის კომპენსაციის მიზნით, დასაქმების სპეციალური პირობების მოქმედების პერიოდის ამოწურვამდე დამსაქმებელი ყოველთვიურად გადაუხდის დასაქმებულს თანხას, დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობით. ამავე დანართის 1.5 პუნქტით ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულმა უნდა შეატყობინოს დამსაქმებელს თავისი დასაქმების გეგმებისა და მათი ცვლილებების შესახებ მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ხელშეკრულების დანართის მე-2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, დასაქმებული არ იყო უფლებამოსილი დამსაქმებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე განეხორციელებინა დასაქმების შეზღუდვის შესახებ დანართით გათვალისწინებული საქმიანობა. ამავე დანართის მე-3 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იგი ვალდებული იქნება გადაუხადოს დამსაქმებელს პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რაც ტოლია ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების (შრომის ანაზღაურების და სხვა კომპენსაციის) ჩათვლით. ამასთან, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებდა დამსაქმებელს მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.
14. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის ინიციატივით, კერძოდ: 2020 წლის 10 ნოემბერს, გ.ს–ძემ, 2020 წლის 30 ნოემბრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა „ს.ბ–ს“ და დამსაქმებლის 2020 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა. შრომითი ურთიერთობის ბოლო დღედ განისაზღვრა 2020 წლის 29 ნოემბერი. 2020 წლის 17 ნოემბერს, გ.ს–ძემ მიიღო წერილობითი შეტყობინება დამსაქმებლისაგან შრომითი დასაქმების შეზღუდვის დაწესების შესახებ. ამავდროულად ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დანართის საფუძველზე, კომპენსაციის სახით ყოველთვიურად გადაუხადა თვეში 2500 ლარი, სულ დამსაქმებლის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 15000 ლარი (გადასახადების ჩათვლით), საიდანაც მოპასუხემ ფაქტობრივად მიიღო 11654.11 ლარი. ამდენად, დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შეზღუდვის ამოქმედების მიზნით შესრულებულია. შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ, 2020 წლის პირველი დეკემბრიდან გ.ს–ძემ მუშაობა დაიწყო სააქციო საზოგადოება „ლ.ბ–ის“ ხაშურის ფილიალის მმართველად, ისე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, შეატყობინოს დამსაქმებელს თავისი დასაქმების გეგმების და მათი ცვლილებების შესახებ მომდევნო 6 თვის განმავლობაში არ შეუსრულებია. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობა - დასაქმებულისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, კონკურენტ ფინანსურ დაწესებულებაში 6 თვის განმავლობაში დასაქმების აკრძალვის შესახებ, შეესაბამება შრომის კოდექსით გათვალისწინებულ დანაწესს, ამიტომ ნამდვილია და გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი, რაც როგორც უკვე აღინიშნა გ.ს–ძეს არ შეუსრულებია. ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია შრომის ხელშეკრულებით შეთანხმებული კონკურენციის აკრძალვის პირობა, რაც უნდა შეფასდეს ვალდებულების დარღვევად. ამავე ვალდებულების დარღვევისთვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების დანართის მე-3 პუნქტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, სს „ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა როგორც შრომითი ხელშეკრულებით დაწესებული შეზღუდვის საკომპენსაციოდ მოპასუხის მიერ მიღებული თანხის დაბრუნების შესახებ, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
15. პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, მოპასუხის შედავების არარსებობის პირობებში, გადაწყვეტილება დააფუძნა დასაქმებულის მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების კონკურენტ დაწესებულებაში გამოყენების მოსარჩელის მიერ დაუდასტურებლობას, ანუ ისეთ გარემოებას, რაზეც მოპასუხე მხარეს შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მითითება სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე, მოპასუხის მიერ სს „ს.ბ–ში“ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების კონკურენტ დაწესებულებაში გამოყენების მოსარჩელის მიერ დაუდასტურებლობის მოტივით, უსაფუძვლოა. სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული დასაქმების შეზღუდვა დადგენილი წესით არ ამოქმედებულა, რადგან კომპენსაცია
მოსარჩელეს ერთიანად არ გადაუხდია. საკასაციო სასამართლომ, როგორც უკვე აღნიშნა, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ კომპენსაცია გადაუხადა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისად, დასაქმების შეზღუდვა ამოქმედდა და არ არსებობს აღნიშნულ საკითხზე მოპასუხის პოზიციის გათვალისწინების საფუძველი.
16. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მოპასუხის მიერ ფაქტობრივად მიღებული თანხის ოდენობის ნაწილში (11654.11 ლარის ნაწილში). საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოსარჩელე სადავოდ ხდის კონკურენციის აკრძალვის გამო გადახდილი კომპენსაციის ნაწილის - მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის სახით გადახდილი 3345.89 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმას. საგულისხმოა, რომ მოპასუხემ შესაგებლით აღიარა მითითებული მოთხოვნის ნაწილი - დარიცხული თანხიდან საშემოსავლო გადასახადის დაკავების შედეგად მიღებული თანხის ოდენობის ნაწილში (11654.11 ლარი). ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მითითებული საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი ოდენობით თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების დაბრუნება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგალითად, ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის №ას-1381-2022 განჩინება). ამდენად, იმისთვის, რომ პირს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმის საფუძველზე დაეკისროს პასუხისმგებლობა, აუცილებელი წინაპირობის სახით, სასამართლომ უნდა დაადგინოს მოპასუხის გამდიდრების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ფულადი სახსრები მოსარჩელემ საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხადა. მაშასადამე, აღნიშნული გადახდის შედეგად გ.ს–ძე არ გამდიდრებულა, რაც დაუსაბუთებელს ხდის საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი დაუკისრებელი კომპენსაციის - 3345.89 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნას. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ კასატორი ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას, რომელმაც, საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება, ხოლო 154-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებიდან გამომდინარე, მასვე ევალება საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა. ამრიგად, სს „ს.ბ–ია“ უფლებამოსილი, მიმართოს საგადასახადო ორგანოს უსაფუძვლოდ გადარიცხული თანხიდან გამომდინარე გადახდილი გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით (სუსგ.: ას-1232-2022, 28.04.2023წ.).
18. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ კასატორის მოთხოვნას, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხის მიერ შრომის ხელშეკრულებით შეთანხმებული კონკურენციის აკრძალვის პირობის დარღვევის გამო, მოთხოვნა საფუძვლიანია, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველთან ერთად, მის ოდენობასაც ხდიდა სადავოდ და მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
19. პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
20. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სასამართლოს აღნიშნული მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები N ას-1292-2019, 24.12.2020წ; N ას-386-2019, 02.04.2021წ; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
23. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კონკურენციის წესის დარღვევისთვის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო დასაქმებულის სს „ს.ბ–ში“ არსებული ხელფასის 12 თვის ჯამური ოდენობით, რაც შეადგენს 44 457.05 ლარს. აღნიშნული კი, პალატის შეფასებით, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხისა და ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ კრედიტორის მოლოდინის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ 5000 ლარი წარმოადგენს პირგასამტეხლოს თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობას, რომელსაც ამავდროულად ექნება პრევენციული ხასიათი.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 5000 ლარით, შესაბამისად, გ.ს–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5000 ლარის ოდენობით.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მითითებული საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამრიგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პროპორციულად, ხოლო დანარჩენი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ს.ბ–ი“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გ.ს–ძეს (........) სს „ს.ბ–ის“ (..........) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5000 ლარის ოდენობით;
5. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების 1.1 და მე-2 პუნქტები.
6. გ.ს–ძეს (..........) სს „ს.ბ–ის“ (............) სასარგებლოდ, დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 600 (150+200+250) ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე