საქმე №ას-409-2023 25 დეკემბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ა–სი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ღ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზოგადოებიდან ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, რ.ღ–იას მოთხოვნა შპს „ა–სი“-ს მიმართ, საზოგადოებიდან ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2023 წლის 18 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს მ.ბ–ს ჩაბარდა 2023 წლის 26 აპრილს.
2023 წლის 2 მაისს შპს "ა–სის პარტნიორებმა მ.რ–ძემ (წარმომადგენელი მ.ბ–ი) და რ.ღ–იამ წარმოადგინეს განცხადება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
აღნიშნული განცხადების სისწორის დასაზუსტებლად სასამართლომ არაერთხელ ცადა მოსარჩელე რ.ღ–იასთან დაკავშირება, თუმცა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია ვერ შედგა. შემდეგ, 2023 წლის 7 აგვისტოს სასამართლომ რ.ღ–იას ფოსტის მეშვეობით, გაუგზავნა წარმოდგენილი განცხადება და სთხოვა მისი წერილობითი მოსაზრება განცხადების შინაარსთან დაკავშირებით.
სასამართლოს გზავნილი ადრესატს პირადად ჩაბარდა 2023 წლის 8 აგვისტოს, თუმცა მას სასამართლოში წერილობითი პასუხი არ წარმოუდგენია.
2023 წლის 13 ნოემბერს სასამართლომ განმეორებით გაუგზავნა მოსარჩელეს ზემოთხსენებული განცხადების ასლი მოსაზრების წარმოსადგენად.
აღნიშნული განცხადების ასლი რ.ღ–იას პირადად ჩაბარდა 2023 წლის 15 ნოემბერს.
2023 წლის 28 ნოემბერს, რ.ღ–იამ სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც დაეთანხმა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მხარეთა მიერ წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ რ.ღ–იას სარჩელზე შპს "ა–სის" მიმართ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
2023 წლის 2 მაისს შპს "ა–სის პარტნიორებმა მ.რ–ძემ (წარმომადგენელი მ.ბ–ი) და რ.ღ–იამ წარმოადგინეს განცხადება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
აღნიშნული განცხადების სისწორის დასაზუსტებლად სასამართლომ არაერთხელ ცადა მოსარჩელე რ.ღ–იასთან დაკავშირება, თუმცა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია ვერ შედგა. შემდეგ, 2023 წლის 7 აგვისტოს სასამართლომ რ.ღ–იას ფოსტის მეშვეობით, გაუგზავნა წარმოდგენილი განცხადება და სთხოვა მისი წერილობითი მოსაზრება განცხადების შინაარსთან დაკავშირებით.
სასამართლოს გზავნილი ადრესატს პირადად ჩაბარდა 2023 წლის 8 აგვისტოს თუმცა მას სასამართლოში წერილობითი პასუხი არ წარმოუდგენია.
2023 წლის 13 ნოემბერს სასამართლომ განმეორებით გაუგზავნა მოსარჩელეს ზემოთხსენებული განცხადების ასლი მოსაზრების წარმოსადგენად.
აღნიშნული განცხადების ასლი რ.ღ–იას პირადად ჩაბარდა 2023 წლის 15 ნოემბერს.
2023 წლის 28 ნოემბერს, რ.ღ–იამ სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც დაეთანხმა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის თაობაზე, სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, პალატა მიიჩნევს, რომ რ.ღ–იას სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.ღ–იას შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე რ.ღ–იას სარჩელის გამო, შპს "ა–სის" მიმართ,საზოგადოებიდან ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი