საქმე №ას-1327-2023 26 დეკემბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ბ–ა" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით გ.ბ–ძეს შპს "ბ–ას" მიმართ წარდგენილ სარჩელზე, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსახილველად მიღებაზე ეთქვა უარი.
გ.ბ–ძემ, 2023 წლის 7 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო, 2022 წლის 27 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით, გ.ბ–ძის განცხადება დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
განმცხადებელმა 2023 წლის 26 ივნისს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ.ბ–ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 25 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული კერძო საჩივრის წარმოდგენა.
ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გ.ბ–ძეს პირადად ჩაბარდა, 2023 წლის 9 ნოემბერს.
2023 წლის 14 ნოემბერს, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება. გ.ბ–ძეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც დაზუსტებული კერძო საჩივარი არ წარმოუდგენია, არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 25 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული კერძო საჩივრის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2023 წლის 9 ნოემბერს, ჩაბარდა პირადად გ.ბ–ძეს.
დადგენილია, რომ 2023 წლის 14 ნოემბერს, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება. გ.ბ–ძეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც დაზუსტებული კერძო საჩივარი არ წარმოუდგენია, არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გ.ბ–ძისთვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 10 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 14 ნოემბერს (სამშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი