Facebook Twitter

საქმე №ას-986-2023 10 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „გ.. მ–გან“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2023 წლის გადაწყვეტილებით სს „ბ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხეების - ნ.კ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და შპს „გ.. მ–გან“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“ ან „აპელანტები“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 72 486.16 ლარის, პროცენტის - 10 414.57 ლარისა და შემცირებული ოდენობით პირგასამტეხლოს - 3 009.60 ლარის ანაზღაურება; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით, დავალიანების ძირითადი თანხის - 72 486.16 ლარის წლიური 12%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 724.86 ლარს, 18.10.2022 წლიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; განისაზღვრა რომ დავალიანების დაფარვა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხებიდან, რომლის მახასიათებლებია: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......., მისამართი: ქ. ბათუმი, ........, ფართი: 33.70 კვ.მ, მესაკუთრე: მეორე მოპასუხე; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად, დავალიანების დაფარვა განხორციელდეს პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2023 წლის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2023 წლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად; განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.05.2023 წლის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან, სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარმოდგენა რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა; გ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა; დ) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აპელანტებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრათ 7-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

3.2. სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.05.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, 12.06.2023 წელს ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს, გ.გ–ძეს (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 80-82, 111-113; წარმომადგენელი რეგისტრირებულია ადვოკატთა ასოციაციის წევრთა ერთიან სიაში №6273), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 13.06.2023 წელს და ამოიწურა 19.06.2023 წელს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტებს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და დღემდე არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

3.3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 59-ე, 63-ე, 60.2, 61.3, 368.5 მუხლებით და მიუთითა, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7-დღიან საპროცესო ვადაში არ შეავსეს ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მოუმართავთ სასამართლოსათვის, არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2023 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი სადავოდ არ ხდის განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის არც დოკუმენტების მიღებისა და ჩაბარების თარიღებსა და ვადებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გასაჩივრების უფლება წაერთვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფინანსური რესურსის არქონის გამო, რაც წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.05.2023 წლის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და განესაზღვრათ 7-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამასთან, მხარეს განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ. 151-153). საქმის მასალებით ირკვევა და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ, რომ აპელანტების წარმომადგენელს, გ.გ–ძეს (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 80-82, 111-113) სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა 12.06.2023 წელს (ს.ფ. 154,155). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დენა დაიწყო 13.06.2023 წელს და ამოიწურა 19.06.2023 წელს, თუმცა აპელანტებს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის.

10. კერძო საჩივარი ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟი ვერ გადაიხადა, რადგან არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა, რის გამოც წაერთვა გასაჩივრების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს (სუსგ №ას-1825-2018, 29.03.2019წ., პ.13; სუსგ №ას-1952-2018, 29.03.2019წ., პ.14).

11. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების/მისი ოდენობის შემცირების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით (სუსგ №ას-334-2019, 31.05.2019წ; შდრ. სუსგ №ას-1732-2019, 05.06.2020წ; სუსგ №ას-224-2021, 22.06.2021წ.). მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს არათუ თავიანთი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ სასამართლოსთვის, არამედ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირების ან გადახდის გადავადების შუამდგომლობაც არ დაუყენებიათ. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის 19.05.2023 წლის განჩინებით მხარეს, სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან ერთად, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, ასევე, სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრაც დაევალა, თუმცა მას ხარვეზი არც ამ ნაწილში შეუვსია.

12. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-693-2019, 28.06.2019წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია