Facebook Twitter

საქმე №ას-1067-2021 25 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ე.ჰ–ბი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ი (მოსარჩელე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე.ჰ–ბი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2021 წლის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.07.2019 წლის გადაწყვეტილებით ვ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „მეორე კასატორი“) სარჩელი სს „ე.ჰ–ბის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „პირველი კასატორი“) მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2021 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს“ 09.11.2017 წლის №TIH-17-1109-01/გ ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 5000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ოდენობით; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 01.11.2014 წელს მოსარჩელესა და შპს „მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს „მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს“ ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად. ამავე ხელშეკრულებით ხელფასის ოდენობა განისაზღვრა ფიქსირებული 400 ლარით.

3.2. 23.10.2017 წელს, სამსახურის ცვლის უფროსის - გ.რ–ძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური. მოხსენებითი ბარათის თანახმად, 23.10.2017 წელს, 13:25 სთ.-ზე მოსარჩელემ, კლინიკაში არა ნახვის საათებში, დაუკითხავად შეუშვა მოქალაქე. მისი მხრიდან ეს ფაქტი არ არის პირველი, მას არაერთხელ ჰქონდა მიღებული შენიშვნა შიდა დისციპლინის დარღვევის გამო. როდესაც მას ხელმძღვანელმა განუმარტა, რომ ის არ ემორჩილებოდა კლინიკის შინაგანაწესს და სისტემატურად არღვევდა მას, იმის ნაცვლად, რომ მიეღო შენიშვნა, იმავე დღეს მიატოვა სამსახური დაუკითხავად.

3.3. 23.10.2017 წელს ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დ.ვ–სა და ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსის გ.რ–ძის მიერ შედგა №TH-17-1023-01 ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს გაეცნო მოხსენებითი ბარათი და ბრძანება, მაგრამ უარი განაცხადა ხელმოწერაზე.

3.4. 27.10.2017 წელს, სამსახურის ცვლის უფროსის - გ.რ–ძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური. მოხსენებითი ბარათის თანახმად, 26.10.2017 წელს მოსარჩელე არ გამოცხადდა სამსახურში.

3.5. 27.10.2017 წელს ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დ.ვ–სა და ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსის გ.რ–ძის მიერ შედგა №TH-17-1027-01 ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს გაეცნო მოხსენებითი ბარათი და ბრძანება, მაგრამ უარი განაცხადა ხელმოწერაზე.

3.6. 02.11.2017 წელს სამსახურის ცვლის უფროსის - გ.რ–ძის მოხსენებითი ბარათით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის 29 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს მოსარჩელე არ გამოცხადდა სამსახურში ზედიზედ მესამედ.

3.7. სამსახურის ცვლის უფროსის - გ.რ–ძის 02.11.2017 წლის მოხსენებით ბარათს არ დაეთანხმა მოსარჩელე და ამავე ბარათზე მიუთითა, რომ მასში მოყვანილი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს.

3.8. შპს „მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს“ 09.11.2017 წლის №TIH-17-1109-01/გ ბრძანების თანახმად, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, 09.11.2017 წლიდან მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის გამო, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

3.9. შპს „მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოს“ უფლებამონაცვლე არის მოპასუხე.

3.10. მოსარჩელე არ ურყოფს 2017 წლის 26 ოქტომბერს, 29 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს სამსახურში გამოუცხადებლობას, თუმცა ამ ფაქტს ხსნის 23.10.2017 წელს ხელმძღვანელ პირთან მომხდარი კონფლიქტის გამო (მოსარჩელე მიუთითებს ფიზიკურ დაპირისპირებაზე), ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ მისთვის მიცემული მითითებით, რომ იგი გათავისუფლებული იყო დაკავებული პოზიციიდან და სამსახურში აღარ უნდა გამოცხადებულიყო.

3.11. პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავო არ არის 23.10.2017 წელს მოსარჩელისათვის სიტყვიერი საყვედურის გამოცხადება, რაც გამოიწვია კლინიკაში, არა ნახვის საათებში, დაუკითხავად მოქალაქის შეშვებამ. რაც შეეხება ამ ფაქტის შემდეგ მოსარჩელისთვის სამსახურის დატოვების მითითებას, აღნიშნული სადავო გარემოების დასადგენად საყურადღებოა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები.

3.12. მოწმის სახით დაკითხულმა ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსმა გ.რ–ძემ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა სასამართლოს. მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან თავისუფლდებოდა არანახვის საათებში მოქალაქის კლინიკაში შეშვების გამო და ამ მიზნით მან რამდენჯერმე დაურეკა მოსარჩელეს, რომ მისულიყო კლინიკაში და გაცნობოდა მასალებს (იხ. სხდომის ოქმი 06.06.19, 13:10:00-13:12:30). ამავდროულად, მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელე არ გათავისუფლებულა 23 ოქტომბრის ფაქტთან დაკავშირებით და სიტყვიერად არავის მიუთითებია მისთვის დაეტოვებინა სამსახური (იხ. სხდომის ოქმი 06.06.19, 13:14:00-13:19:00, 13:23:22-13:22:32). აღნიშნული მოწმის ჩვენება საწინააღმდეგოა საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებითაც, კერძოდ, მოწმე განმარტავს, რომ იგი ტელეფონის საუალებით უკავშირდებოდა მოსარჩელეს, რომ ეს უკანასკნელი გამოცხადებულიყო სამსახურში დაკისრებული სამუშაოს შესრულების მიზნით. ანუ, თუ მოწმის ჩვენებას გავიზიარებთ, ასეთი დაკავშირება უნდა მომხდარიყო 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის შუალედში, ვინაიდან სწორედ ამ თარიღებში არ გამოცხადდა მოსარჩელე სამსახურში და ეს სადავო გარემოება არ არის. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი, რომელიც ასახავს 23.10.2017 წლიდან 02.11.2017 წლის მდგომარეობით მოსარჩელის ტელეფონზე შემავალი ზარების მონაცემებს. აღნიშნული მტკიცებულების თანახმად, მოსარჩელესთან სატელეფონო კონტაქტი კლინიკიდან (დამსაქმებლის მხრიდან) შედგა 23.10.2017 წელს ნომრით 955577046235 (ორი ზარი) და 02.11.2017 წელს (ორი ზარი). აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებაში მოყვანილი მონაცემები მოპასუხის მიერ არც უარყოფილია და არც საწინააღმდეგო მტკიცებულება არის საქმეში წარმოდგენილი. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოწმე გ.რ–ძის ჩვენება, რომ მოსარჩელეს 23 ოქტომბერს ზეპირსიტყვიერად არ განმარტებია დაეტოვებინა სამსახური და მასთან დაკავშირება ხდებოდა იმ მიზეზით, რათა გაერკვიათ თუ რატომ არ ცხადდებოდა სამსახურში.

3.13. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა იური ავდოევმა (ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი) განმარტა, რომ დ.ვ–ს (შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) ოთახიდან გამოსვლის შემდეგ მოსარჩელემ მას უთხრა, რომ გაათავისუფლეს სამსახურიდან (იხ. სხდომის ოქმი 06.06.19).

3.14. რაც შეეხება მოწმეების მალხაზ პაპავას (კურიერი) და დ.ვ–ს (შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) ჩვენებებს, მართალია, დასახელებული მოწმეები არ ადასტურებენ, რომ მოსარჩელე სამსახურიდან 23 ოქტომბრის ფაქტთან დაკავშირებით გათავისუფლდა, თუმცა ეს ახსნა-განმარტებები წინააღმდეგობაშია ზემოაღნიშნულ მოწმეთა (იური ავდოევი და გ.რ–ძე) ჩვენებებთან და, შესაბამისად, ისინი სასამართლომ არ გაიზიარა, როგორც უტყუარი მტკიცებულება. ამასთან, საყურადღებოა, რომ დასახელებულ პირთა ახსნა-განმარტება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსარჩელის 23 ოქტომბრის შემდეგ სამსახურში გამოცხადებასთან დაკავშირებულ სატელეფონო ზარებს (მოწმეთა განმარტებით მოსარჩელესთან მოხდა ტელეფონის საშუალებით დაკავშირება, რომ გარკვეულიყო სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი), წინააღმდეგობაშია საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებასთან, რომელიც ასახავს 23.10.2017 წლიდან 02.11.2017 წლის მდგომარეობით მოსარჩელის ტელეფონზე შემავალი ზარების მონაცემებს.

3.15. სამსახურში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით საყურადღებოა საქმეში წარმოდგენილი, 25.09.2017 წელს მოსარჩელის მიერ შედგენილი ხელწერილი, რომლითაც მან დაადასტურა ის გარემოება, რომ მის მიმართ დაცვის სამსახურის უფროსის მხრიდან არსებობდა არაერთი პრეტენზია გადაცდომების გამო, აცნობიერებდა, რომ ბოლოჯერ იყო გაფრთხილებული და მისი მხრიდან გადაცდომის განმეორების შემთხვევაში, შეწყდებოდა მასთან შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელი შეწყვეტდა შრომითი ურთიერთობას მოსარჩელესთან, თუ ეს უკანასკნელი ჩაიდენდა გადაცდომას და ეს ნება დამსაქმებელს გამოხატული ჰქონდა, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივია, ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ 23.10.2017 წლის გადაცდომის შემდეგ (არანახვის საათებში კლინიკაში უცხო პირის შეშვება) დამსაქმებელი შეწყვეტდა მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობას.

3.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად, იგი 23.10.2017 წელს ზეპირსიტყვიერად დაითხოვეს სამსახურიდან, რაც გახდა მიზეზი არ გამოცხადებულიყო სამსახურში 26 ოქტომბერს, 29 ოქტომბერს და 1 ნოემბერს. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ 2017 წლის 29 ოქტომბერს და 1 ნოემბერს მოსარჩელე სამსახურში არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით და მის მიერ ადგილი ჰქონდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უხეშ გადაცდომას (სადავო პერიოდში მოქმედი ნორმა).

3.17. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის მასალებით არ დასტურდება დამსაქმებლის მცდელობა გაერკვია, თუ რატომ არ ცხადდებოდა მოსარჩელე სამსახურში. არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 26 ოქტომბერს სამსახურში გამოუცხადებლომის გამო მის მიმართ შედგენილი მოხსენებითი ბარათის თაობაზე, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი 26 ოქტომბერს სამსახურში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, შედგენილია 27 ოქტომბერს და ამავე თარიღით არის შედგენილი ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (დ.ვ–) და ცვლის უფროსის (გ.რ–ძე) ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს გაეცნო საყვედურის შესახებ მოხსენებითი ბარათი და ბრძანება, მაგრამ უარი განაცხადა ხელმოწერაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ამონაწერზე, რომელიც ასახავს 23.10.2017 წლიდან 02.11.2017 წლის მდგომარეობით მოსარჩელის ტელეფონზე შემავალი ზარების მონაცემებს. მტკიცებულების თანახმად, მოსარჩელესთან სატელეფონო კონტაქტი დამსაქმებლის მხრიდან შედგა 23.10.2017 წელს ნომრით 9555... (ორი ზარი) და 02.11.2017 წელს (ორი ზარი). დასახელებულ წერილობით მტკიცებულებაში მოყვანილი მონაცემები მოპასუხის მიერ არც უარყოფილია და არც აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არის საქმეში წარმოდგენილი. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ 26 ოქტომბერს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ მოსარჩელეს და გააცნეს მის მიმართ შედგენილი მოხსენებითი ბარათი. სხვა მხრივ რომ ვერ მოხდებოდა მისთვის მოხსენებითი ბარათის გაცნობა, ეს იმ გარემოებითაც დასტურდება, რომ 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე სამსახურში გამოუცხადებლობა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ დამრღვევს გაეცნო მოხსენებითი ბარათების შინაარსი, მის მიმართ გამოყენებული დისციპლინარული სახდელები, მაგრამ უარი განაცხადა ხელმოწერაზე. რაც შეეხება თავად მოხსენებით ბარათზე და ოქმებზე ხელმომწერ პირებს, საყურადღებოა, რომ ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დ.ვ– და ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსი გ.რ–ძე წარმოადგენენ დამსაქმებელთან დაკავშირებულ, ურთიერთდაქვემდებარებულ პირებს, რაც სადავოობის პირობებში, ეჭვქვეშ აყენებს როგორც მოხსენებით ბარათებში, ისე აქტებში მითითებული გარემოების უტყუარობასა და დოკუმენტის მიუკერძოებელ ხასიათს.

3.18. პალატამ მხედველობაში მიიღო 01.11.2014 წელს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მე-11 მუხლით განსაზღვრული კომუნიკაციის წესიც, რომლის 11.1 პუნქტის მიხედვით, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის დაზღვეული წერილის) საშუალებით...., 11.4 პუნქტის მიხედვით, შესაძლოა დასაქმებულს შეტყობინება გაეგზავნოს მის მიერ დასაქმებულისათვის მიწოდებულ სატელეფონო ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით, პალატამ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთი. პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მისთვის მოწინააღმდეგე მხარეს არ გადაუცია მოხსენებითი ბარათები, შესაბამისად, მოსარჩელისთვის უცნობი იყო მათი შინაარსი. პალატამ მიიჩნია, რომ დაირღვა მოსარჩელის მიმართ მიმდინარე დისციპლინური სამართალწარმოების წესი.

3.19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევად ვერ მიიჩნევა მისი სამსახურში ზედიზედ სამჯერ გამოუცხადებლობა, ვინაიდან, საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის 29 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს მოსარჩელე სამსახურში არ გამოცხადდა საპატიო მიზეზით - 23 ოქტომბერს მომხდარი დისციპლინური გადაცდომის გამო მას ხელმძღვანელმა პირმა მიუთითა, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. ამასთან, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დასაქმებულის მიმართ შედგენილი მოხსენებითი ბარათი 26.10.2017 წელს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ, მოსარჩელეს გასაცნობად არ გადასცემია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იგი არ შედის 23.10.2017 წელს მომხდარი დისციპლინური გადაცდომის კვლევაში, ვინაიდან აღნიშნული არ გამხდარა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა მიჩნეულ უნდა იქნას საპატიოდ, ვერ იარსებებს ვერც სშკ-ის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

3.20. მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, დისციპლინური სახდელის დაკისრების ფორმალური სისწორისა და საფუძვლიანობის მითითება დამსაქმებელს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტები, მტკიცებულებები, რომლებიც გასაჩივრებული ბრძანების ფაქტობრივ-სამართლებრივ გამართულობას დაადასტურებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ დასაქმებულის ქმედება, რაც საფუძვლად დაედო შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას, ვერ შეფასდება იმგვარ გადაცდომად, რაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამართლებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილ ნებას, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენებას. აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, საფუძვლიანს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე.

3.21. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით (დავის წარმოშობის პერიოდში ამავე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებდა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი). მოსარჩელე მოითხოვს აღდგეს შპს „მ. ი.ს.ბ.ც.ს–ოში“ ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე (დღეისათვის მოპასუხე) და მოპასუხეს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 23.10.2017 წლიდან სამუშაოზე აღდგენამდე - ყოველთვიურად 320 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ოდენობით. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის თანამდებობაზე ამჟამად დასაქმებულია სხვა პირი და პოზიცია ვაკანტური არ არის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც ის განუმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება არ შეესაბამება რეალობას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამსახურში ვერ აღდგება და მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 5000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ოდენობით (ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა მოთხოვნილი არ არის).

3.22. რაც შეეხება ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს, განაცდური თანხის 0,07%-ის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, პალატამ მიიჩნია, რომ იგი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ გადახდის ვალდებულების არსებობას და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობას.

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. დამსაქმებლის (პირველი კასატორი) საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე და 38-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (შდრ. სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.).

10. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ.).

11. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).

12. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).

13. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) და „თ“ (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) ქვეპუნქტები. გათავისუფლების შესახებ ბრძანება უთითებს მოხსენებით ბარათზე, რომლის თანახმად, 2017 წლის 29 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს მოსარჩელე არ გამოცხადდა სამსახურში ზედიზედ მესამედ.

14. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა იმ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის კანონიერება, რომელიც მიუთითა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივად შეფასების შედეგად მართებულად დაადგინა, რომ დასაქმებულის სამსახურში გამოუცხადებლობა განაპირობა ხელმძღვანელი პირის მითითებამ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დადგენილია ისიც, რომ 26.10.2017 წელს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ მოხსენებითი ბარათი მოსარჩელეს გასაცნობად არ გადასცემია. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მოსარჩელის დათხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, სამსახურში ზედიზედ სამჯერ გამოუცხადებლობა, იმ პირობებში, როდესაც დგინდება სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, არ შეიძლება შეფასდეს დაკისრებული შრომითი ვალდებულებების უხეშ დარღვევად. ამავე საფუძვლით არ არსებობს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა არც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე. შესაბამისად, არსებობდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

15. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31.05.2019წ; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).

16. დადგენილია, რომ დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც ის განუმარტავს, რომ მითითებული გარემოება არ შეესაბამება რეალობას. რაც შეეხება ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე, მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებულის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული შესაძლებელია, გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (სუსგ №ას-890-857-2016, 09.10.2017წ; სუსგ №ას-475-456-2016, 24.06.2016წ; №ას-1208-2018, 18.02.2021წ., პუნ. 103). განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულს არ მიუთითებია რომელიმე ტოლფას თანამდებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ამ საკითხზე მსჯელობის წინაპირობა. ამდენად, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის საშუალებას მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება წარმოადგენს; არ არსებობს დასაქმებულის (მეორე კასატორი) საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის და მისი თანმდევი შედეგის - იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

17. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს. იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (შდრ. სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ.). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ. სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ; №ას-361-2022, 10.06.2022წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია გონივრულია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია და კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ე.ჰ–ბის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ვ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. სს „ე.ჰ–ბს“ (ს/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №740, გადახდის თარიღი 29.07.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. ვ.მ–ს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 01.11.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია