Facebook Twitter

საქმე №ას-1198-2023 10 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს ს.კ.„პ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ქ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.ქ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ს.კ.„პ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 1500 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც უცხოეთიდან ყიდულობს საქონელს საქართველოში რეალიზაციის მიზნით.

3. 2021 წლის 16 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ იქნა მოსარჩელის მიერ ფილიპინური კომპანიისაგან 1500 აშშ დოლარად შეძენილი ნივთის ყველა რისკი. სადაზღვევო პრემიად განისაზღვრა 50 აშშ დოლარი. ტვირთი დანიშნულების ადგილზე ჩაიტვირთა და მოსარჩელე ელექტრონული ვებგვერდის მეშვეობით ეცნობოდა ნივთის გადაადგილების მარშრუტს. ბოლო მონაცემებით ტვირთი იყო თურქეთში, თუმცა შემდგომ გაითიშა საიტზე წვდომა, რომლითაც ტვირთის გადაადგილების კონტროლი შესაძლებელი იყო.

4. მოსარჩელის მითითებით, დაზღვეული ნივთები არ მიუღია და მისთვის უცნობია სად არის ტვირთი. მოსარჩელემ მოითხოვა დაკარგული ნივთის, როგორც სადაზღვევო რისკის დადგომის გამო, თანხის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ არ დააკმაყოფილა.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულებით განისაზღვრა ტვირთის დაზღვევის პირობები, რომელთა შორის მოსარჩელისათვის ტვირთის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებული არ ყოფილა. შესაბამისად, ს.კ.მოკლებულია საშუალებას, აანაზღაუროს ზარალი, რომელიც დაკავშირებულია მომწოდებლის მიერ ვალდებულების არ შესრულებასთან და ტვირთის მიუწოდებლობასთან ( იხ. ს.ფ.219).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროში შედის საზღვარგარეთიდან სხვადასხვა სამედიცინო ნაწარმის შეძენა და საქართველოში რეალიზაცია.

9. 2021 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელემ ფილიპინური კომპანია „ I.T.-ისგან“ (მისამართი ფილიპინების რესპუბლიკა, ქალაქი ზამბოანა, .........) შეიძინა 2 000 ყუთი ლატექსის ხელთათმანები. შეძენა დადასტურდა იმავე დღეს გამოწერილი ინვოისით და პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 1 500 აშშ დოლარი. ღირებულება მოიცავდა ტრანსპორტირებას. პროდუქცია 5 დღის ვადაში უნდა მიეღო მყიდველს ქ. თბილისში.

10. 2021 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელესა და ზემოაღნიშნულ ფილიპინური კომპანიას შორის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე დაიდო შეძენილი ტვირთის დაზღვევის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა ტვირთის დაზღვევის პოლისი, ნომრით M/CG/C/000306/21, „ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტი ტვირთის დაზღვევის პირობებით“ A (A) ყველა რისკისგან დაზღვევა, ICC(A).

11. ტვირთის დაზღვევის პოლისის მიხედვით, დაზღვეულმა შესაბამისი ინვოისის საფუძველზე გადაიხადა სადაზღვევო პრემია 50 აშშ დოლარის ეკვივალენტი 155 ლარი და ტვირთის სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 1 500 აშშ დოლარი. 2021 წლის 16 დეკემბერს პოლისი შევიდა ძალაში. მისი მოქმედების ვადა მოიცავდა 2022 წლის 16 იანვრამდე პერიოდს.

12. სადაზღვევო პოლისი განსაზღვრავს დაზღვევის მარშრუტს, როგორიცაა: დატვირთვა, გადატვირთვა, შუალედური პუნქტებისა და საბოლოო დანიშნულების ჩათვლით.

13. ფილიპინურმა კომპანიამ გადამზიდველის სახით მოიწვია „E.L. – S. C.(E)“. მოსარჩელეს ტვირთის გადაადგილების შესახებ შეეძლო კონტროლი განეხორციელებინა u.com / t-form / EX 000405... კოდის გამოყენებით.

14. 2021 წლის 17 დეკემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადამზიდავმა კომპანიამ მოსარჩელეს დაზღვეული ტვირთის მიღება დაუდასტურა. გადაზიდვის პროცესი დაიწყო ქ. მანილაში (ფილიპინები), სადაც ტვირთი 2021 წლის 17 დეკემბერს წარმატებით ჩაიტვირთა, შემდეგ 2021 წლის 20 დეკემბერს ტვირთი გადატანილი იქნა პეკინში (ჩინეთი).

15. გადამზიდავმა კომპანიამ წერილობით შეატყობინა მოსარჩელეს, რომ საჭიროა დამატებითი ხარჯებისთვის 825 აშშ დოლარი და ამ თანხის დაბრუნება მოხდებოდა მას შემდეგ, რაც ტვირთი მივიდოდა ადრესატამდე თბილისში.

16. მოსარჩელემ დამატებით გადარიცხა მოთხოვნისამებრ 825 აშშ დოლარი გამყიდველთან. გადამზიდავმა კომპანიამ გააგრძელა ტრანსპორტირება და ტვირთი 2021 წლის 23 დეკემბერს ჩავიდა ქ. თეირანში (ირანი).

17. 2021 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელემ ელექტრონული ფოსტით მიიღო გადამზიდავი კომპანიის შეტყობინება, რომ ისევ უნდა გადაეხადა დამატებითი ხარჯი 1050 აშშ დოლარი, რომლიდანაც მოსარჩელეს დაუბრუნდებოდა 90% ტვირთის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. მოსარჩელემ დამატებითი 1 050 აშშ დოლარი გადაურიცხა გამყიდველს. ამ დროისათვის ტვირთი იმყოფებოდა სტამბოლში (თურქეთი).

18. დაზღვეული ტვირთის ადგილსამყოფელის დადგენა u.com / t-form/, EX 0 კოდის გამოყენებით შეუძლებელია. ტვირთი დანიშნულების ადგილზე შეთანხმებულ ვადაში არ ჩამოსულა. ტვირთის ადგილსამყოფელი მხარეთათვის უცნობია.

19. მოსარჩელემ მოითხოვა, ტვირთის დაკარგვის გამო, სადაზღვევო თანხის ანაზღაურება, რაზეც 2022 წლის 13 იანვრის მოპასუხემ წერილით უარი განაცხადა.

20. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ საქმეში არსებული დოკუმენტის „განაცხადი ტვირთების დაზღვევაზე“ მე-3 პუნქტში „ინფორმაცია ტვირთის შესახებ“ მითითებული უნდა იყოს „გადაზიდვის მარშრუტი“. მოსარჩელის მიერ კი მითითებულია, რომ მარშრუტი არის მანილას აეროპორტი - თბილისის აეროპორტი. შესაბამისად, თუ ტვირთს უწევდა გადატვირთვა და შუალედური პუნქტების გავლა, ეს ინფორმაცია განაცხადში უნდა ყოფილიყო წარდგენილი. ამასთან, ტვირთის დაზღვევის პოლისშიც, სადაც მითითებული უნდა იყოს მარშრუტი შუალედური პუნქტებისა და საბოლოო დანიშნულების ჩათვლით, მითითებულია მხოლოდ ზემოაღნიშნული ორი მისამართი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ მზღვეველს ექნებოდა ინფორმაცია, რომ ტვირთი გადაიტვირთებოდა სხვა შუალედურ პუნქტებზეც, სადავოა, რამდენად დააზღვევდა იმავე პირობებით ტვირთს. ამდენად, აპელანტი უთითებს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ტვირთი ტრანსპორტირების დროს გაივლიდა შუალედურ პუნქტებს. „ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტი ტვირთის დაზღვევის პირობები A (A) ყველა რისკისგან დაზღვევის“ მე-10 პუნქტში განხილულია მარშრუტის შეცვლის პირობა, რომლის მიხედვითაც „თუ ამ დაზღვევის ძალაში შესვლის შემდეგ დაზღვეული შეცვლის დანიშნულების ადგილს, წინამდებარე დაზღვევა ძალაში დარჩება იმ პირობით, თუ მოხდება მზღვეველის დაუყოვნებლივ ინფორმირება და სადაზღვევო პრემიის და პირობების შეთანხმება“. აპელანტს არ ჰქონია ინფორმაცია შუალედურ პუნქტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ დაზღვევის პოლისი მოიცავდა დატვირთვას, გადატვირთვას, შუალედურ პუნქტებსა და საბოლოო დანიშნულებას.

21. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არც შესაგებელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე არ გაუხდია სადავოდ, რომ მზღვეველს არ ჰქონდა ინფორმაცია, ტვირთის შუალედურ პუნქტებზე გადატვირთვის თობაზე. ამასთან, არ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც მან თავის დროზე ვერ განაცხადა აღნიშნულის თაობაზე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 219-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხემ დაკარგა საქმის მოსამზადებელი სტადიის შემდგომ, ახალ გარემოებებზე მითითებისა და მათზე დაყრდნობით სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო უფლება. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოპასუხემ სსსკ-ის 219-ე, 215-ე მუხლის მოთხოვნები უგულებელყო, მან პროცესუალურად დაკარგა სარჩელზე მითითებულ ნაწილში შედავების კანონისმიერი უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. ზემოაღნიშნული გარემოება, რომელზეც მოპასუხემ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითა, წარმოადგენს სსსკ-ის 380-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ გარემოებას და, როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებს.

23. აპელანტის განმარტებით, გაურკვეველია, თუ რატომ მიუთითებს სასამართლო დაზღვევის ლონდონის პირობების ACC(B) და (C) სექციებს, რადგან დაზღვევის პოლისი, სადაც დამზღვევი იყო მოსარჩელე, მოიცავს მხოლოდ ACC (A) პირობებით დაზღვევას. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მხოლოდ ACC (A) პირობებით. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ხელშეკრულების იმ ნაწილზე და პუნქტებზე დაყრდნობით, რაც მხარეთა შორის არ არის გაფორმებული. ხელშეკრულებაში იყო შემდეგი სტრუქტურა: მოსარჩელესთან გაფორმდა მთლიანი სტანდარტული პირობები, სადაც მითითებული იყო სექციები, სექციის არჩევა, ანუ, თუ რომელი სექციით ეზღვეოდა მომხარებელი მითითებული იყო პოლისში, შესაბამისი ლათინური ასოებით. სასამართლომ კი გადაწყვეტილება მიიღო იმ სექციის პუნქტებზე დაყრდნობით, რაც არ ყოფილა ხელმოწერილი მხარეთა შორის. დაზღვევის პოლისი მოიცავს მხოლოდ ICC (A) პირობებით დაზღვევას, სასამართლომ არასწორად იმსჯელა ICC (B) და (C) პირობებზე, კერძოდ, აღნიშნული პირობებით დაზღვეულია არა გემზე ამანათის სრული დაკარგვა, არამედ - დანაკარგი, რაც გულისხმობს არა ტვირთის უშუალოდ დაკარგვას, არამედ ზიანს, რომელიც მიადგა ტვირთს გემზე. აღნიშნულ შემთხვევაში ტვირთი გაუჩინარდა უგზოუკვლოდ, შესაბამისად, ეს არ შეიძლება იყოს ტვირთის დანაკარგი.

24. აღნიშნული მსჯელობა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა ტვირთის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა პოლისი ნომრით: M/CG/C/000306/21. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების პირობები განისაზღვრებოდა ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის ტვირთის დაზღვევის პირობებით A (A) - ყველა რისკისგან დაზღვევა, ICC(A), მარშუტი: დატვირთვა, გადატვირთვა, შუალედური პუნქტებისა და საბოლოო დანიშნულების ჩათვლით.

25. ამდენად, ლონდონის დაზღვევის წესები მხარეებმა გაიხადეს ხელშეკრულების არსებით პირობად. ხსენებული პირობების ICC(A) განყოფილების შინაარსი ცხადყოფს, რომ შეძენილი საქონელი დაზღვეულია ყველა რისკისგან: ხანძარი / აფეთქება / მეხის დაცემა / ტვირთის დაღუპვა / სრული განადგურება / ნაწილობრივი გადმოტრიალება / გადავარდნა / დამტვრევა დაზიანება / გადაზმიდავი ტრანსპორტით სხვადასხვა ობიექტებთან შეჯახება / გემის ჩაძირვა / გადმოტრიალება / მეჩეჩზე დაჯდომა / გემის გარე ობიექტებთან შეჯახება / ვულკანი / მიწისძვრა / აფეთქება / წყლით ზემოქმედების შედეგად გემბანიდან გარეთ გადაგდება / გემის დაღუპვისგან გადასარჩენად გემბანიდან ტვირთის გადაყრა / წყლით დაზიანებით ზღვაში, მდინარეში, ტბაში შესვლის დროს /ავარიები / ჩავარდნა / გადატრიალება / შეჯახება / მირტყმა / სტიქიური უბედურებები / ქურდობა /ძარცვა / ყაჩაღობა /ვანდალიზმი /მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და სხვა (გარდა საომარი მოქმედებებისა, გაფიცვებისა, აჯანყებებისა, ტერორიზმისა, სამოქალაქო მღელვარებისა, ბირთვული და რადიოაქტიური აფეთქებებისა, აორთქლებისა გაურკვეველი გაუჩინარებისა).

26. ამავე პირობების ICC(B) სექციის თანახმად, იფარება შემდეგი დასახელებული რისკებისგან: ტვირთის დანაკარგი ან დაზიანება, გამოწვეული: ხანძარი /აფეთქება/ტვირთის დაღუპვა /სრული განადგურება /გემის ჩაძირვა/ გადმოტრიალება/ მეჩეჩზე დაჯდომა/ გემის გარე ობიექტებთან შეჯახება/ ჩატვირთვა გადმოტვირთვის დროს ტვირთის მთლიანი განადგურებით/ წყლით ზემოქმედების შედეგად გემბანიდან გარეთ გადაგდება/გემის დაღუპვისგან გადასარჩენად გემბანიდან ტვირთის გადაყრა / დამატებით მიწისძვრით, ვულკანით, ამოფრქვევით, მეხის დაცემით / წყლით დაზიანებით ზღვაში, მდინარეში, ტბაში შესვლის დროს.

27. დაზღვევის ლონდონის პირობების ICC (C) სექციის თანახმად, იფარება შემდეგი დასახელებული რისკებისგან, ტვირთის დანაკარგი ან დაზიანება, გამოწვეული: ხანძრით /აფეთქებით /გემის მეჩეჩზე შეჯდომით /ჩაძირვით/ გადაყრით, გადაცურებით /გადაგდებით/ დაღუპვით /კონტაქტით შეჯახებით ნებისმიერ გარე ობიექტთან გარდა წყლისა /პორტში ტვირთის გადმოტვირთვით ავარიის დროს/საერთო ავარიის შედეგად გემის დაღუპვისგან გადასარჩენად გემბანიდან ტვირთის გადაყრა; მოცემული დაფარვა იცავს მთავარ დანაკარგებს სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვის დროს.

28. დაზღვეული ტვირთის შესახებ მოგვიანებით, 2022 წლის 14 ნოემბერს წარმოდგენილი იგივე დოკუმენტის მეხუთე ნაწილის თანახმად, სადაზღვევო რისკებს შეადგენს ICC (A), აღნიშნულის თანახმად დაზღვეულია ყველა რისკები, რაც იფარება ICC (C) პლუს ICC (B) პლუს დაზიანებით მიყენებული ზარალი: გაკაწვრა, დამსხვრევა, ჩაწნეხვა და შელანძღვა, ქურდობა, განზარახ დაზიანება, არ მიწოდება. ყველა სახის დაზიანება წყლით, მათ შორის, წვიმის წყლით დაზიანება. ICC (B) იფარება შემდეგი დასახელებული რისკებისაგან: მიწისძვრით, ვულკანით, ამოფრქვევით, მეხის დაცემით/წყლით დაზიანებით ზღვაში, მდინარეში, ტბაში შესვლის დროს, გემზე ამანათის სრული დაკარგვა, შეფუთვის სრული დაკარგვა, დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს. ICC (C) იფარება შემდეგი დასახელებული რისკებისგან: ტვირთის დანაკარგი ან დაზიანება, გამოწვეული: ხანძრით /აფეთქებით /გემის მეჩეჩზე შეჯდომით /ჩაძირვით/ გადაყრით, გადაცურებით /გადაგდებით/ დაღუპვით /კონტაქტით შეჯახებით ნებისმიერ გარე ობიექტთან გარდა წყლისა /პორტში ტვირთის გადმოტვირთვით ავარიის დროს/საერთო ავარიის შედეგად გემის დაღუპვისგან გადასარჩენად გემბანიდან ტვირთის გადაყრა; მოცემული დაფარვა იცავს მთავარ დანაკარგებს სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვის დროს.

29. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შეთანხმება ACC (A) პირობაზე ასევე მოიცავდა შეთანხმებას ICC (C) და ICC (B) პირობებზე. წარმოდგენილი ICC (B) სექციის შინაარსის თანახმად კი, დაზღვეულ ნივთზე იფარება სხვა რისკებთან ერთად „გემზე ამანათის სრული დაკარგვა“. შესაბამისად, პალატა არ დაეთანხმა აპელანტის განმარტებას, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მხოლოდ ACC (A) პირობებით.

30. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს დაზღვეული ჰქონდა ტვირთის მესაკუთრისადმი მიუწოდებლობა, ნივთის უგზოუკვლოდ დაკარგვის მოტივით და ამისთვის გათვალისწინებული იყო თანხის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან „ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტი ტვირთის დაზღვევის პირობები A (A) ყველა რისკისგან დაზღვევის“ 4.2 პუნქტის თანახმად, „არცერთ შემთხვევაში ეს დაზღვევა არ ფარავს ჩვეულებრივ გაჟონვას, წონის ან მოცულობის ჩვეულებრივ კლებას ან დაკარგვას, ან დაზღვეული ტვირთის ჩვეულ ცვეთას ან ქურდობას ან ნებისმიერ აუხსნელ დანაკლისს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამტკიცდება, რომ ასეთი ქურდობა ან დანაკლისი მოხდა კონტეინტერში ძალადობით ანდა ძალის ზემოქმედების საშუალებით შეღწევით, ანდა წინამდებარე დაზღვევის პერიოდის განმავლობაში გადაზიდვის განხორციელებისას“. აღნიშნული პუნქტის მიხედვით, ტვირთის უგზოუკვლოდ გაუჩინარება არ იფარება დაზღვევის პირობებით. ამასთან, გარკვევით არის გაწერილი თუ რომელი რისკებია დაზღვევით დაფარული - დაზღვევა ყველა რისკისგან: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, ტვირთის დაღუპვა, სრული განადგურება, ნაწილობრივი გადმოტრიალება, გადავარდნა, დამტვრევა, დაზიანება, გადამზიდავი ტრანსპორტით სხვადასხვა ობიექტებთან შეჯახება, გემის ჩაძირვა, გადმოტრიალება, მეჩეჩზე დაჯდომა, გემის გარე ობიექტებთან შეჯახება, ვულკანი, მიწისძვრა, აფეთქება, წყლის ზემოქმედების შედეგად გემბანიდან გარეთ გადაგდება, გემის დაღუპვისგან გადასარჩენად გემბანიდან ტვირთის გადაყრა, წყლით დაზიანებით ზღვაში, მდინარეში, ტბაში შესვლის დროს, ავარიები, ჩავარდნა, გადატრიალება, შეჯახება, მირტყმა, სტიქიური უბედურებები, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და სხვა (გარდა საომარი მოქმედებებისა, გაფიცვებისა, აჯანყებისა, ტერორიზმისა, სამოქალაქო მღელვარებისა, ბირთვული და რადიოაქტიური აფეთქებებისა, აორთქლებისა, გაურკვეველი გაუჩინარებისა). მოგეხსენებათ, ჩამოთვლილთაგან არცერთი არ მიუთითებს, რომ დაზღვევით დაფარულია უგზოუკვლოდ გაუჩინარების შემთხვევა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წინადადებაში - „გარდა საომარი მოქმედებებისა, გაფიცვებისა, აჯანყებებისა, ტერიროზმისა, სამოქალაქო მღელვარებისა, ბურთვული და რადიოაქტიური აფეთქებებისა, აორთქლებისა გაურკვეველი გაუჩინარებისა“ გაურკვეველი გაუჩინარება მიემართება აორთქლებას, რაც ცხადია, არ შეესაბამება სინამდვილეს, მოცემულ ნაწილში მხოლოდ პუნქტუაციური შეცდომაა დაშვებული (მძიმე აკლია), ამასთან, აორთქლებას რომ მიემართებოდეს გაურკვეველი გაუჩინარება, დაზუსტებისთვის „გაურკვეველი გაუჩინარება“ ფრჩხილებში უნდა იყოს ჩასმული ან მინიშნებული, რომ ეს გაურკვეველი გაუჩინარება აორთქლებისგან გამომდინარეობს, ამასთან, სიტყვა - „აორთქლებისა“ ამ ფორმით არ უნდა ეწეროს, ზემოაღნიშნულ ჩანაწერში კი ყველა საგამონაკლისო შემთხვევა მიესადაგება სიტყვას - „გარდა“. შესაბამისად, აზრს მოკლებულია შეხედულება იმის შესახებ, რომ გაურკვეველი გაუჩინარება მიემართება აორთქლებას.

31. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ; ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული. ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (ის. სუსგ ას-1407-2022).

32. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტი ტვირთის დაზღვევის“ პირობებით ყველა რისკისგან დაზღვევის პირობის ICC (B) სექციასა და ICC (C) სექციებს შორის განთავსებულია ხაზგასმული ტექსტი, რომლის შინაარსიც მოთავსებული სიტყვათა შეთანხმება „გემზე ამანათის სრული დაკარგვა“ ნიშნავს დაზღვეული ნივთის გაურკვეველი მიზეზით გაბნევას იმგვარად, რომ მისი გემბანზე პოვნა შეუძლებელია (დაკარგვა). პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა, რომ დაკარგვა განიმარტება, როგორც შეუმჩნევლად, გაურკვევლად გაქრობა, გაუჩინარება. მოცემულ შემთხვევაში დამზღვევის ნებას წარმოადგენდა, დაეზღვია ნივთის მიუღებლობის ყველა რისკი და სწორედ აღნიშნულზე გამოთქვა თანხმობა.

33. რაც შეეხება აპელანტის/მოპასუხის აპელირებას, რომ ნივთის გაუჩინარება არ წარმოადგენდა სადაზღვევო რისკს, რაზეც მიუთითებს დაზღვევის პირობების პირველი სექციის საგამონაკლისო წესზე, პალატამ განმარტა, რომ ხსენებული სიტყვა უნდა შეფასდეს არა სიტყვასიტყვითა და კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არამედ „გონივრული განსჯის“ შედეგად. ანაზღაურება მოხდებოდა ყველა დაზღვეული რისკის შემთხვევაში, გარდა საომარი მოქმედებებისა, გაფიცვებისა, აჯანყებებისა, ტერორიზმისა, სამოქალაქო მღელვარებისა, ბირთვული და რადიოაქტიური აფეთქებებისა, აორთქლებისა გაურკვეველი გაუჩინარებისა. „გაუჩინარება“ გამონაკლისს წარმოადგენს და მიემართება არა ყველანაირი ნივთის გაუჩინარებისაკენ, არამედ გამონაკლისია „გარდა აორთქლებისა“, ასევე, მისი სახასიათო თვისების მქონე ნივთის გაუჩინარება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მიუღებელ საქონელს წარმოადგენს ინდოპლასის ლატექსის ხელთათმანები 1,500 კგ. ოდენობით, რაც ბუნებრივია ვერ იქნებოდა აორთქლებული და გაუჩინარებული.

34. ამდენად, ვინაიდან დაზღვეულ იქნა ტვირთის მესაკუთრისადმი მიუწოდებლობა ნივთის უგზოუკვლოდ დაკარგვის მოტივით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ ნივთის გაუჩინარება არ წარმოადგენდა სადაზღვევო რისკს. შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

35. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

36. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა დაზღვევის ლონდონის პირობების ACC(B) და (C) სექციებით, რადგან დაზღვევის პოლისი, სადაც დამზღვევი იყო მოპასუხე, მოიცავს მხოლოდ ACC (A) პირობებით დაზღვევას. მოპასუხესთან ხელშეკრულება გაფორმდა მთლიან სტანდარტულ პირობებში მითითებული სექციებიდან რამდენიმეს გამოყენებით, სექციის არჩევა, ანუ - თუ რომელი სექციით ეზღვეოდა მომხარებელი, მითითებული იყო პოლისში შესაბამისი ლათინური ასოებით. სასამართლომ კი გადაწყვეტილება მიიღო იმ სექციის პუნქტებზე დაყრდნობით, რაც არ ყოფილა ხელმოწერილი მხარეთა შორის. დაზღვევის პოლისი მოიცავს მხოლოდ ICC (A) პირობებით დაზღვევას, სასამართლომ არასწორად იმსჯელა ICC (B) და (C) პირობებზე, კერძოდ, აღნიშნული პირობებით გემზე ამანათის სრული დაკარგვა დაზღვეული არ არის. აღნიშნული გულისხმობს არა ტვირთის უშუალოდ დაკარგვას, არამედ ზიანს, რომელიც მიადგა ტვირთს გემზე. მოცემულ შემთხვევაში ტვირთი გაუჩინარდა უგზოუკვლოდ, შესაბამისად, ეს არ შეიძლება იყოს გემზე ამანათის სრული დაკარგვა.

37. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სადაზღვევო ხელშეკრულებით „გაურკვეველი გაუჩინარება“ არ მიემართება აორთქლებას.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

39. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

41. მოსარჩელე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროში შედის საზღვარგარეთიდან სხვადასხვა სამედიცინო ნაწარმის შეძენა და საქართველოში რეალიზაცია.

42. 2021 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელემ ფილიპინური კომპანია „ I.T.-ისგან“ (მისამართი ფილიპინების რესპუბლიკა, ქალაქი ზამბოანა, ნუნეზის ქუჩა, დიან ჰალპის შენობა) შეიძინა 2 000 ყუთი ლატექსის ხელთათმანები. შეძენა დადასტურდა იმავე დღეს გამოწერილი ინვოისით და პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 1 500 აშშ დოლარი. ღირებულება მოიცავდა ტრანსპორტირებას. პროდუქცია 5 დღის ვადაში უნდა მიეღო მყიდველს ქ. თბილისში.

43. 2021 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელესა და ზემოაღნიშნულ ფილიპინური კომპანიას შორის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე დაიდო შეძენილი ტვირთის დაზღვევის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა ტვირთის დაზღვევის პოლისი, ნომრით M/CG/C/000306/21, ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტი ტვირთის დაზღვევის პირობებით A (A) ყველა რისკისგან დაზღვევა, ICC(A).

44. ტვირთის დაზღვევის პოლისის მიხედვით, დაზღვეულმა შესაბამისი ინვოისის საფუძველზე გადაიხადა სადაზღვევო პრემია 50 აშშ დოლარის ეკვივალენტი 155 ლარი და ტვირთის სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 1 500 აშშ დოლარი. 2021 წლის 16 დეკემბერს პოლისი შევიდა ძალაში. მისი მოქმედების ვადა მოიცავდა 2022 წლის 16 იანვრამდე პერიოდს.

45. სადაზღვევო პოლისი განსაზღვრავს დაზღვევის მარშრუტს, როგორიცაა: დატვირთვა, გადატვირთვა, შუალედური პუნქტებისა და საბოლოო დანიშნულების ჩათვლით.

46. ფილიპინურმა კომპანიამ გადამზიდველის სახით მოიწვია „E.L – S.C.(E)“. მოსარჩელეს ტვირთის გადაადგილების შესახებ შეეძლო კონტროლი განეხორციელებინა u.com / t-form /, EX 0004054.. კოდის გამოყენებით.

47. 2021 წლის 17 დეკემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადამზიდავმა კომპანიამ მოსარჩელეს დაზღვეული ტვირთის მიღება დაუდასტურა. გადაზიდვის პროცესი დაიწყო ქ. მანილაში (ფილიპინები), სადაც ტვირთი 2021 წლის 17 დეკემბერს წარმატებით ჩაიტვირთა, შემდეგ 2021 წლის 20 დეკემბერს ტვირთი გადატანილი იქნა პეკინში (ჩინეთი).

48. გადამზიდავმა კომპანიამ წერილობით შეატყობინა მოსარჩელეს, რომ საჭიროა დამატებითი ხარჯებისთვის 825 აშშ დოლარი და ამ თანხის დაბრუნება მოხდებოდა მას შემდეგ რაც ტვირთი მივიდოდა ადრესატამდე თბილისში.

49. მოსარჩელემ დამატებით გადარიცხა მოთხოვნისამებრ 825 აშშ დოლარი გამყიდველთან. გადამზიდავმა კომპანიამ გააგრძელა ტრანსპორტირება და ტვირთი 2021 წლის 23 დეკემბერს ჩავიდა ქ. თეირანში (ირანი).

50. 2021 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელემ ელექტრონული ფოსტით მიიღო გადამზიდავი კომპანიის შეტყობინება, რომ ისევ უნდა გადაეხადა დამატებითი ხარჯი 1050 აშშ დოლარი, რომლიდანაც მოსარჩელეს დაუბრუნდებოდა 90% ტვირთის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. მოსარჩელემ დამატებითი 1 050 აშშ დოლარი გადაურიცხა გამყიდველს. ამ დროისათვის ტვირთი იმყოფებოდა სტამბოლში (თურქეთი).

51. დაზღვეული ტვირთის ადგილსამყოფელის დადგენა u.com / t -form/, EX 00040542..... კოდის გამოყენებით შეუძლებელია. ტვირთი დანიშნულების ადგილზე შეთანხმებულ ვადაში არ ჩამოსულა. ტვირთის ადგილსამყოფელი მხარეთათვის უცნობია.

52. მოსარჩელემ მოითხოვა, ტვირთის დაკარგვის გამო, სადაზღვევო თანხის ანაზღაურება, რაზეც 2022 წლის 13 იანვრის მოპასუხემ წერილით უარი განაცხადა.

53. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა 1500 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ სტანდარტული სადაზღვევო ხელშეკრულების ისეთი დანაწესების საფუძველზე, რომლებსაც მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების სადაზღვევო პირობები არ ითვალისწინებდნენ.

54. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის (მოპასუხე) შედავებების საფუძვლიანობა.

55. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

56. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ: №ას-1172-2021, 10 ივნისი, 2022, პ.14).საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

57. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის 27 000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 814-ე (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით), 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლებიდან.

58. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

59. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველიშესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.

60. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების(სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).

61. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

62. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

63. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წ; №ას-882-2023, 12 სექტემბერი, 2023 წ;№ას-948-2023, 10 ოქტომბერი, 2023 წ.).

64. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

66. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

67. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; ასევე შდრ: სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.

68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (შდრ: სუსგ №ას-1479-2019 21 იანვარი, 2020 წელი).

69. შესაბამისად, იმის დასადგენად, წარმოეშვა თუ არა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა დადგინდეს გარემოება, რომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება, კონკრეტულ შემთხვევაში, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები საკმარისია მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განსახილველად (შდრ: სუსგ №ას-535-511-2016 8 ივლისი, 2016 წელი).

70. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას იწვევს ის გარემოება, წარმოეშვა თუ არა მოსარჩელეს სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება.

71. კასატორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა დაზღვევის ლონდონის პირობების ACC(B) და (C) სექციებით, რადგან დაზღვევის პოლისი, სადაც დამზღვევი იყო მოპასუხე, მოიცავს მხოლოდ ACC (A) პირობებით დაზღვევას. მოპასუხესთან ხელშეკრულება გაფორმდა მთლიან სტანდარტულ პირობებში მითითებული სექციებიდან რამდენიმეს გამოყენებით, სექციის არჩევა, ანუ - თუ რომელი სექციით ეზღვეოდა მომხარებელი, მითითებული იყო პოლისში შესაბამისი ლათინური ასოებით. სასამართლომ კი გადაწყვეტილება მიიღო იმ სექციის პუნქტებზე დაყრდნობით, რაც არ ყოფილა ხელმოწერილი მხარეთა შორის. დაზღვევის პოლისი მოიცავს მხოლოდ ICC (A) პირობებით დაზღვევას, სასამართლომ არასწორად იმსჯელა ICC (B) და (C) პირობებზე, კერძოდ, აღნიშნული პირობებით გემზე ამანათის სრული დაკარგვა დაზღვეული არ არის. აღნიშნული გულისხმობს არა ტვირთის უშუალოდ დაკარგვას, არამედ ზიანს, რომელიც მიადგა ტვირთს გემზე. მოცემულ შემთხვევაში ტვირთი გაუჩინარდა უგზოუკვლოდ, შესაბამისად, ეს არ შეიძლება იყოს გემზე ამანათის სრული დაკარგვა. ( იხ. საკასაციო საჩივარი).

72. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორინ შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. (შდრ: სუსგ №470-470-2018, 30 ივლისი, 2018 წ.).

73. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებათა გამო:

74. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი „ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტი ტვირთის დაზღვევის პირობებით A (A) ყველა რისკისგან დაზღვევის“ ICC(A) განყოფილების თანახმად, შეძენილი საქონელი დაზღვეულია ყველა რისკისგან: ხანძარი / აფეთქება / მეხის დაცემა / ტვირთის დაღუპვა / სრული განადგურება / ნაწილობრივი გადმოტრიალება / გადავარდნა / დამტვრევა დაზიანება / გადაზმიდავი ტრანსპორტით სხვადასხვა ობიექტებთან შეჯახება / გემის ჩაძირვა / გადმოტრიალება / მეჩეჩზე დაჯდომა / გემის გარე ობიექტებთან შეჯახება / ვულკანი / მიწისძვრა / აფეთქება / წყლით ზემოქმედების შედეგად გემბანიდან გარეთ გადაგდება / გემის დაღუპვისგან გადასარჩენად გემბანიდან ტვირთის გადაყრა / წყლით დაზიანებით ზღვაში, მდინარეში, ტბაში შესვლის დროს /ავარიები / ჩავარდნა / გადატრიალება / შეჯახება / მირტყმა / სტიქიური უბედურებები / ქურდობა /ძარცვა / ყაჩაღობა /ვანდალიზმი /მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და სხვა (გარდა საომარი მოქმედებებისა, გაფიცვებისა, აჯანყებებისა, ტერორიზმისა, სამოქალაქო მღელვარებისა, ბირთვული და რადიოაქტიური აფეთქებებისა, აორთქლებისა გაურკვეველი გაუჩინარებისა).

75. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების სფეციფიკა განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.

76. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

77. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

78. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

79. ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა. (იხ. სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წ.).

80. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მხარეთა შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული დაზღვევის პირობების პირველი სექციის საგამონაკლისო წესში ასახული ნივთის გაუჩინარება, უნდა განიმარტოს არა სიტყვასიტყვით და კონტექსტისაგან განცალკევებით, არამედ „გონივრული განსჯის“ შედეგად. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურება მოხდებოდა ყველა დაზღვეული რისკის შემთხვევაში, გარდა საომარი მოქმედებებისა, გაფიცვებისა, აჯანყებებისა, ტერორიზმისა, სამოქალაქო მღელვარებისა, ბირთვული და რადიოაქტიური აფეთქებებისა, აორთქლებისა გაურკვეველი გაუჩინარებისა. „გაუჩინარება“ გამონაკლისს წარმოადგენს არა ყველანაირი ნივთის გაუჩინარების შემთხვევაში, არამედ გამონაკლისია „გარდა აორთქლებისა“, ამრიგად, გამონაკლისებში საუბარია აორთქლებადი ნივთების გაუჩინერებაზე. განსახილველ საქმეზე მიუღებელი საქონელი მსგავსი თვისების მატარებელი არ არის, რადგან ინდოპლასის ლატექსის 1,500 კგ. ხელთათმანები, აორთქლების გზით ვერ გაუჩინარდებოდა, შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა სადავო სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულება.

81. საკასაციო პალატას მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, მოპასუხემ კი ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების გამორიცხვა, შესაბამისად, კასატორმა ვერ დარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

82. ამდენად სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

83. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

84. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

85. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

86. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

87. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 09.10.2023წ. №050 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ს.კ.„პ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს ს.კ.„პ–ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 09.10.2023წ. №050 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე