საქმე №ას-1152-2023 27 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ....“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჯ....“-მა (შემდეგში: გამყიდველი ან მოსარჩელე კომპანია ან აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სს „პ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ბანკი ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 272 800 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.
2. მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე კომპანია ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რაც ძირითადად თხილის შესყიდვას, გადამუშავებასა და მის უცხოეთში ექსპორტს მოიცავს.
3. 2021 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელემ, იტალიაში დარეგისტრირებულ კომპანია „პ.ე.გ–თან“ ( P. G. S.R.L.) (შემდეგში - მყიდველი) დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველს მყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა 44 000 კგ. თხილის გული. ნასყიდობის საფასურის გადახდის ფორმად, მყიდველის ინიციატივით, განისაზღვრა დოკუმენტალური ინკასოს პრინციპი. ვინაიდან ამ სახის გადახდის პირობა გამყიდველისთვის უცნობი იყო, ხელშეკრულების ხელმოწერამდე გამყიდველმა მიმართა მოპასუხე ბანკის ზუგდიდის ფილიალს და დამატებით გააცნო ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები.
4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ბანკმა განუმარტა დოკუმენტალური ინკასოს პრინციპი და დაარწმუნა მოსარჩელე, რომ თანხის ჩარიცხვის გარეშე არ მოხდებოდა ტვირთის მიმღებზე დოკუმენტების გაცემა, ხოლო თუ თანხა არ ჩაირიცხებოდა, დოკუმენტები უკან დაბრუნდებოდა. მოპასუხე ბანკის განმარტებამ მოსარჩელე დაარწმუნა დოკუმენტალური ინკასოს უსაფრთხოებაში. საბოლოოდ, მოსარჩელე დასთანხმდა მყიდველის მიერ შეთავაზებულ ანაზღაურების ფორმას.
5. მოსარჩელემ მოპასუხე ბანკს გადასცა სატრანსპორტო დოკუმენტები. თავის მხრივ, მოპასუხე ბანკმა გასცა წერილობითი ინსტრუქცია. ბანკის ინსტრუქცია ორიგინალ სატრანსპორტო დოკუმენტებთან ერთად გაიგზავნა იტალიაში. ინკასოს ინსტრუქციით, ნასყიდობის საფასურის გადახდა უნდა მომხდარიყო ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტების მყიდველისთვის გადაცემამდე.
6. იტალიაში დოკუმენტები ჩაბარდა გვარად რუსოს (დამატებითი იდენტიფიცირების გარეშე).
7. გამყიდველმა უზრუნველყო ტვირთის ჩატანა სალერნოს პორტში, 2021 წლის 5 ოქტომბერს. მყიდველმა ტვირთი გაიტანა 2021 წლის 22 ოქტომბერს, ისე რომ საფასური მას არ გადაუხდია.
8. მყიდველთან დღემდე ვერ ხერხდება დაკავშირება. მოსარჩელე ცდილობდა მოპასუხე ბანკისგან ახსნა-განმარტების მიღებას იმის თაობაზე, თუ როგორ შეძლო მყიდველმა თანხის გადახდის გარეშე, ორიგინალი სატრანსპორტო დოკუმენტაციის დაუფლება.
9. მოპასუხე ბანკის განმარტებით, მყიდველს დოკუმენტაცია არ უნდა გადასცემოდა. მათ დამატებით აცნობეს, რომ ვერ შეძლეს B. P.-სთან დაკავშირება და არ იცოდნენ ინსტრუქციის პირობების შეუსრულებლობის მიზეზები. მოპასუხე ბანკმა მოსარჩელეს აცნობა, რომ აღნიშნულ ბანკთან მათ წარსულში საქმიანი კომუნიკაცია არ ჰქონიათ და გაგზავნისას არ მოუხდენიათ მისი მისამართისა, თუ სხვაგვარი ინფორმაციის იდენტიფიცირება. ასევე, არ მიუღიათ და არ მოუთხოვიათ ინკასოს ინსტრუქციისა და ორიგინალი დოკუმენტების მიღების სვიფტით დადასტურება, როგორც ეს ჰქონდათ ინსტრუქციით განსაზღვრული. თავად B. P.-ს მიღებული ინფორმაციით, იტალიური ბანკი არ აწარმოებდა დოკუმენტალური აკრედიტივის ოპერაციებს, ხოლო აწარმოებდა თუ არა დოკუმენტალური ინკასოს ოპერაციებს, მოპასუხისთვის უცნობი იყო.
10. მოსარჩელის განმარტებით, მას მოპასუხე ბანკმა არ გააცნო დოკუმენტალური ინკასოს, როგორც საგადასახადო ფორმის შესაძლო უარყოფითი შედეგები. პირიქით, მოპასუხე ბანკის განმარტებით, ანგარიშსწორების ეს ფორმა იყო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო. მოპასუხეს არ უწარმოებია წინასწარი მოკვლევა B. P.-ს შესახებ, არ უცდია დაკავშირება ან გაგება, თუ ვინ მიიღებდა ტვირთთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, არ მოუთხოვია B. P.-სგან ინფორმაციის სვიფტის საშუალებით დადასტურება, როგორც ეს მითითებული ჰქონდა ინკასოს ინსტრუქციაში და დროულად არ აცნობა მოსარჩელეს დოკუმენტების ჩაბარების შესახებ. დროული შეტყობინების შემთხვევაში მოსარჩელე შეძლებდა სათანადო ღონისძიებების გატარებით (სამართალდამცავი ორგანოების შეტყობინებას, კონოსამენტის შეცვლას სხვა შემძენის სასარგებლოდ და სხ.) თაღლითური სქემისაგან თავის დაღწევას და ზიანის თავიდან აცილებას.
11. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან ჯეროვნად შეასრულა კლიენტის წინაშე დოკუმენტალური ინკასოს წესებით გათვალისწინებული ვალდებულება და B. P.-ს მხრიდან ინსტრუქციის წესების დარღვევაზე პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა, ბრალის არარსებობის გამო.
12. ამასთან, დოკუმენტალური ინკასოს უნიფიცირებული წესების თანახმად, მთლიანი ტრანზაქცია არის პრინციპალის (ანუ პირის ვინც მიმართა ბანკს ამ სერვისით სარგებლობის მიზნით) რისკის ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარება, მათ შორის, თანხის გადაუხდელობა, თაღლითობა და მსგავსი რამ, არ შეიძლება გახდეს დოკუმენტალური ინკასოს გამგზავნი ბანკის, კლიენტის ინსტრუქციის შემსრულებლის პასუხისმგებლობის საფუძველი.
13. მოპასუხე ბანკმა მოსარჩელეს გაუწია კონსულტაცია საბანკო პროდუქტთან დაკავშირებით და განუმარტა, რომ ბანკი ასრულებს შუამავლის ფუნქციას - აგზავნის დოკუმენტაციას მიმღებ ბანკთან, რომელიც არ არის უფლებამოსილი, თანხის გადმორიცხვამდე მოახდინოს დოკუმენტაციის მყიდველზე გადაცემა. სწორედ ამიტომ, საკომისიოს სახით მოსარჩელეს გადაახდევინა 20 ევრო, ხოლო ბანკის უშუალო მონაწილოებით და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით საბანკო პროდუქტისთვის კი საკომისიო გაცილებით მაღალია (მაგალითისთვის, საბანკო გარანტიის გაცემისას ამავე თანხაზე ბანკის საკომისიო დაახლოებით 1000 აშშ დოლარამდე იქნებოდა).
14. მოპასუხე ბანკისთვის მიმართვამდე მოსარჩელე ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობდა სს „ტ–თან“ და ექნებოდა ინფორმაცია ინკასოს რისკებთან დაკავშირებით.
15. მოპასუხემ მიუთითა, რომ მყიდველმა მოსარჩელეს უარი უთხრა აკრედიტივის გამოყენებაზე, ასევე უარი თქვა ავანსის ჩარიცხვაზე, რაც გამოცდილი მეწარმისთვის ეჭვის გაჩენის საფუძველი უნდა ყოფილიყო.
16. ამასთან, მოსარჩელემ თავად შესთავაზა მოპასუხე ბანკს B. P., როგორც დოკუმენტალური ინკასოს მიმღები ბანკი. ასეც რომ არ ყოფილიყო, დოკუმენტალური ინკასოს უნიფიცირებული წესების მიხედვით, პასუხისმგებლობა არ ეკისრება ინკასოს გამგზავნ ბანკს. მოპასუხე ბანკს არ და ვერც ეცოდინებოდა, მიმღები ბანკის ადგილობრივი რეგულაციებით დაწესებული შეზღუდვების შესახებ. B. P. მიიჩნევა ბანკად და მისი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ საბანკო და საფინანსო კანონს, რომლითაც რეგულირდება ბანკების, საბროკერო კომპანიებისა და სხვა ანგარიშვალდებული შუამავლების საქმიანობა. იმ შემთხვევაში, თუკი მას შეზღუდული ჰქონდა დოკუმენტალური ინკასოს მიღება, ინკასოს უნიფიცირებული წესები ავალდებულებდა მიმღებს, დაებრუნებინა მიღებული დოკუმენტაცია გამგზავნთან. ასეთი წესის არსებობა მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ის დაშვება, რომ მიმღები საბანკო დაწესებულება, ამა თუ იმ მიზეზით, შესაძლოა არ ემსახურებოდეს დოკუმენტალურ ინკასოს და ამის თაობაზე გამგზავნი არ იყოს ინფორმირებული. ამდენად, გამგზავნი ბანკი ყოველთვის დარწმუნებულია, რომ თუკი მიმღები არ ემსახურება დოკუმენტალურ ინკასოს, ორიგინალური დოკუმენტები დაუბრუნდება გამგზავნ ბანკს. B. P. არის ერთ-ერთი ცნობილი ინსტიტუტი იტალიაში. აღნიშნული ბანკი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ცნობილია, როგორც წამყვანო საფოსტო ქსელი, რომელიც, ამავდროულად, სთავაზოს მის კლიენტებს საბანკო მომსახურებას. თაღლითური ოპერაცია კი შესაძლოა ნებისმიერ ბანკის საშუალებით განხორციელდეს.
17. სადავო შემთხვევაში, გაგზავნილი დოკუმენტები ჩაბარდა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე მიმღებ ბანკს - ბანკის წარმომადგენელ პირს. საერთაშორისო საკურიერო ფოსტის პრაქტიკის თანახმად, საფოსტო გზავნილის ჩაბარებისას ჩაბარების დასტურში დამატებითი დეტალები არ აღინიშნება და ჩაბარების დასტურად გამოიყენება წარმომადგენლის ხელმოწერა.
18. ამასთან, მოპასუხე ბანკი არ ეთანხმება მოსარჩელის მითითებას ინკასოს მხოლოდ SWIFT-ის საშუალებით დადასტურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დოკუმენტური აკრედიტივისგან განსხვავებით, ინკასო არ იგზავნება სვიფტით. ხოლო თუკი მიმღები ბანკი დოკუმენტების მიღებისას გამოაგზავნიდა სვიფტ შეტყობინებას (რის შესახებაც ინსტრუქციაში იყო მითითება) ეს იქნებოდა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, რომ დოკუმენტები მიღებულია (დოკუმენტების მიღება ისედაც დადასტურდებოდა საკურიერო ფოსტის ჩაბარების დოკუმენტით). შესაძლოა, მიმღებ ბანკს სვიფტით გამოეგზავნა დასტური გადახდაზე, თუმცა, რეალურად გადახდა არ შესრულებულიყო და თანხა მაინც არ ასახულიყო ანგარიშზე. შესაბამისად, მოპასუხე ბანკი მიიჩნევს, რომ SWIFT-ის ფორმატით შეტყობინების მიღება დამატებით ღირებულებას ან დაცულობას დოკუმენტალურ ინკასოს ტრანზაქციას ვერ შესძენდა.
19. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ პირნათლად შეასრულა დოკუმენტალური ინკასოს წესებით გათვალისწინებული პროცედურა, ბანკი მაქსიმალურად შეეცადა მოსარჩელის სიტუაციის გარკვევაში და საკუთარი ხარჯებით სცადა გერმანიის ბანკის დახმარებით მიმღებ ბანკთან დაკავშირება, თუმცა B. P. - სგან პასუხი არ მიუღია. საქმის მასალებით არ დასტურდება პორტში საქონლის 5 ოქტომბერს შესვლა, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რა რიცხვში გავიდა ტვირთი პორტიდან და კონკრეტულად ვის მიერ მოხდა მისი გატანა. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ ვინ იყო ალტერნატიული მყიდველი, ვისთანაც ტვირთის პორტიდან გატანამდე მოსარჩელე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
22. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
23. მოსარჩელე არის ქართული კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებული კომპანია, რომლის საქმიანობის სფეროს 20 წელზე მეტია წარმოადგენს თხილის შესყიდვა-გადამუშავება და რეალიზაცია, მათ შორის, უცხოეთში ექსპორტი.
24. „პ.ე.გ–ი“ ( P. G. S.R.L.) არის იტალიის რესპუბლიკაში დარეგისტრირებული კომპანია.
25. მყიდველსა და გამყიდველს შორის 2021 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა მოლაპარაკება. მყიდველს მოსარჩელისგან უნდა შეესყიდა 272 800 აშშ დოლარის ღირებულების 44 000 კგ. თხილის გული.
26. თავდაპირველად, ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების ფორმად გამყიდველმა მყიდველს დოკუმენტური აკრედიტივის წესი შესთავაზა. საბოლოოდ, მყიდველის მოთხოვნის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ დოკუმენტალური ინკასოს გამოყენების წესზე და ხელი მოაწერეს საქონლის შესყიდვის დოკუმენტს.
27. მოპასუხე ბანკმა, როგორც შუამავალმა გახსნა დოკუმენტალური ინკასო (გასცა საინკასო დავალება) და B. P. P-ს (როგორც მიმღებ, შემგროვებელ ბანკს (c.b.) 27.09.2021 წელს გაუგზავნა ინკასოს ინსტრუქცია და შემდეგი კომერციული დოკუმენტაციის დედნები: კონოსამენტი; ინვოისი; შეფუთვის ფურცელი; წარმოშობის სერთიფიკატი; ფიტოსანიტარული სერტიფიკატი; ექსპორტის დეკლარაცია; „ცმრ“. დოკუმენტალური ინკასოს ინსტრუქცია მოიცავდა მიმღები ბანკის მხრიდან შემდეგი სპეციალური პირობების შესრულებას: დოკუმენტების მიღების დადასტურება სვიფტის (SWIFT)-ის მეშვეობით; გადახდა/არგადახდის დადასტურება სვიფტის (SWIFT)-ის მეშვეობით; საქართველოს გარეთ ყველა ხარჯი არის მიმღების პასუხისმგებლობა; ხარჯებზე უარის თქმა არ დაიშვება; დოკუმენტები მიწოდებულ უნდა იქნას გადახდის საპირისპიროდ.
28. წერილობით ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ მასზე ვრცელდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინკასოს უნიფიცირებული წესები (პუბლიკაცია 522, 1995 წლის რედაქცია).
29. დოკუმენტალური ინკასოს წერილობით ინსტრუქციაში მიმღებ ბანკად B. P. P-ს დასახელება, აგრეთვე მისი მისამართი, მიეთითა მოსარჩელის მიერ.
30. დადგენილია, რომ დოკუმენტალური ინკასოს ინსტრუქციაში მოპასუხემ მიმღები ბანკის, B. P. P-ს მისამართით გასცა ასევე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ინსტრუქცია, რომ გადარიცხვა უნდა მომხდარიყო P . B. A. F.A. (S.P.) (ბანკის S. M.) საშუალებით, შემდეგი ნომრით -104DC2... მოპასუხის მითითებით.
31. დოკუმენტალური ინკასოს ინსტრუქცია და კომერციული დოკუმენტაციის დედნები მოპასუხე ბანმა მიმღებ ბანკს, B. P. P-ს გაუგზავნა საკურიერო ფოსტით (TNT) ზედდებულზე მითითებულ მისამართზე. გზავნილის ჩაბარებაზე ხელს აწერს რ. (R–o), დამატებითი იდენტიფიცირების გარეშე და ჩაბარების თარიღია 2021 წლის 5 ოქტომბერი.
32. მოსარჩელემ უზრუნველყო ნასყიდობის საგნის გაგზავნა. მან გადამზიდველს გადასცა/ჩააბარა საქონელი.
33. მიმღებ ბანკს - B. P. P-ს მოპასუხე ბანკისთვის არ უცნობებია მიღებული კომერციული დოკუმენტაციის დედნები გადასცა თუ არა ადრესატს და გადაცემის შემთხვევაში, ვინ არის მიმღები პირი. მას არც მიღებული დედანი დოკუმენტები დაუბრუნებია მოპასუხე ბანკისთვის.
34. ამასთან, მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის დოკუმენტალური ინკასოს ფარგლებში ნასყიდობის ღირებულება - 272 800 აშშ დოლარი, არ აუნაზღაურებია.
35. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 877-ე მუხლით (საინკასო დავალებით საინკასო ოპერაციაზე უფლებამოსილი საკრედიტო დაწესებულება (ბანკი) კისრულობს ვალდებულებას, კლიენტის (მარწმუნებლის) დავალებით გასცეს სავაჭრო ფასიანი ქაღალდები აქცეპტირების და/ან, აუცილებლობის შემთხვევაში, – გადამხდელის მიერ გადახდის სანაცვლოდ).
36. სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელემ იმ გარემოებას დააფუძნა, რომ მოპასუხე ბანკმა, როგორც საბანკო დაწესებულებამ, მომსახურების გაწევისას არ დაიცვა კეთილსინდისიერების პრინციპი, ბანკმა არ გააცნო დოკუმენტალური ინკასოს, როგორც საგადასახადო ფორმის შესაძლო უარყოფითი შედეგები, პირიქით, მოპასუხე ბანკის განმარტებით, ანგარიშსწორების ეს ფორმა იყო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო. მოპასუხეს არ უწარმოებია წინასწარი მოკვლევა B. P.-ს შესახებ, არ უცდია დაკავშირება ან გაგება, თუ ვინ მიიღებდა ტვირთთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, არ მოუთხოვია B. P.s-სგან ინფორმაციის სვიფტის საშუალებით დადასტურება, როგორც ეს მითითებული ჰქონდა ინკასოს ინსტრუქციაში და დროულად არ აცნობა მოსარჩელეს დოკუმენტების ჩაბარების შესახებ. დროული შეტყობინების შემთხვევაში (მაგალითად: B. P. არ ადასტურებს ინსტრუქციის მიღებას, დოკუმენტალური ინკასოს ოპერაციაში მონაწილეობას, ან არ გამოდის კავშირზე) მოსარჩელე შეძლებდა სათანადო ღონისძიებების გატარებით (სამართალდამცავი ორგანოების შეტყობინება, კონოსამენტის შეცვლა სხვა შემძენის სასარგებლოდ და სხვა) თაღლითური სქემისა და ზიანის თავიდან აცილებას.
37. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმისთვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს პასუხისმგებლობა, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობების არსებობა, კერძოდ: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, ზიანის მიმყენებლის ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მოპასუხის ქმედების ბრალეულობა, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებოდა.
38. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, საერთაშორისო დოკუმენტალური ოპერაციების (მათ შორის, დოკუმენტალური ინკასოს) წარმოების პირობები რეგულირდება კანონმდებლობითა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი უნიფიცირებული წესებით.
39. სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების სამ ფორმას: საბანკო გარანტიას, დოკუმენტურ აკრედიტივსა და დოკუმენტალურ ინკასოს.
40. კლიენტსა და ბანკს შორის დადებული ინკასოს ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბანკის ვალდებულება, რათა მან უშუალოდ ან/და ინკასოს შუამავალი ბანკის საშუალებით უზრუნველყოს მიმღებისათვის საინკასო დავალების მიწოდება, მიმღების მიერ გადახდის ან/და ფასიანი ქაღალდების აქცეპტირების სანაცვლოდ კომერციული დოკუმენტების მიმღებისათვის გადაცემა და მიმღებისაგან მოწოდებული ინკასოს თანხის კლიენტისათვის გადაცემა.
41. ამდენად, ინკასოს შემთხვევაში ექსპორტიორი (გამყიდველი) გადასცემს კომერციულ დოკუმენტებს თავის ბანკს, რომელიც თავის მხრივ, დოკუმენტებს უგზავნის მყიდველის ბანკს და აძლევს დავალებას თანხის გადახდაზე. მყიდველი უხდის თავის ბანკს, რომელიც, თავის მხრივ, უხდის ექსპორტიორის ბანკს, ხოლო იგი - ექსპორტიორს (გამყიდველს). საგულისხმოა, რომ ამ ტრანზაქციის დროს ბანკების მიერ არ ხდება არც დოკუმენტების შემოწმება და არც გადახდაზე ვალდებულების აღება, ისინი უბრალოდ, გამტარის როლს ასრულებენ. სწორედ ამიტომ, დოკუმენტალური ინკასო მიიჩნევა ნაკლებად რთულ და უფრო იაფ გადახდის მექანიზმად.
42. საბანკო საქმიანობაში დოკუმენტალური ინკასო წარმოადგენს უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთ ფორმას, რომლის საშუალებითაც გადახდა წარმოებს სხვადასხვა დოკუმენტების საბანკო არხებით მოძრაობის გზით. დოკუმენტალური ინკასოს დროს მყიდველის მომსახურე ბანკის ძირითადი ფუნქციაა, წარდგენილი დოკუმენტების გადაცემა ინკასოს ინსტრუქციის შესაბამისად. დოკუმენტების გადაცემა ხდება ორი წესით: 1) დოკუმენტები მყიდველს გადაეცემა თანხის გადახდის შემთხვევაში (აღნიშნული წესი განმარტებულია, როგორც D/P – “Documents against payment” - რაც სიტყვასიტყვითი თარგმანით ნიშნავს - დოკუმენტები გადახდის სანაცვლოდ) და 2) დოკუმენტები მყიდველს გადაეცემა თამასუქის აქცეპტის საპირისპიროდ, თანხის გადახდის ვადა კი წინასწარ განსაზღვრულია დოკუმენტური ინკასოს ინსტრუქციით (ეს წესი განმარტებულია, როგორც D/A – “Documents against acceptance” - გადახდა აქცეპტის სანაცვლოდ). როგორც მოსარჩელის მიერ „პ.ე.გ–თან“ ( P. G. S.R.L.) წარმოებული ელექტრონული მიმოწერით დასტურდება, ანგარიშსწორების ფორმად მხარეებმა დოკუმენტალური ინკასოს წესი აირჩიეს, რა დროსაც დოკუმენტები მყიდველს მხოლოდ თანხის გადახდის შემთხვევაში გადაეცემოდა (D/P). აღნიშნული პირობა ჩაიწერა მოპასუხის მიერ B. P. P-სთვის გაგზავნილ ინკასოს ინსტრუქციაშიც (დოკუმენტები მიწოდებულ უნდა იქნას გადახდის საპირისპიროდ).
43. ინკასოს წესით ანგარიშსწორების მახასიათებელია ის ფაქტი, რომ გარდა იმისა, რომ გამყიდველი და მყიდველი უნდა იცნობდნენ ერთმანეთს, როგორც საიმედო პარტნიორებს, გამყიდველს აქვს საშუალება, შეინარჩუნოს მიწოდებულ პროდუქციაზე კონტროლი მყიდველის მიერ თანხის გადახდის ან თამასუქის აქცეპტამდე. ეს ფაქტორი შეძლება მიჩნეულ იქნეს ინკასოს, როგორც ანგარიშსწორების უსაფრთხო ფორმად.
44. დოკუმენტალური ინკასოს დროს არის რისკი იმის, რომ მყიდველმა უარი განაცხადოს უკვე გაგზავნილი პროდუქციის ნასყიდობის საფასურის გადახდაზე. ასეთ შემთხვევაში, ანაზღაურება არ ხდება და გაგზავნილი დოკუმენტაცია უბრუნდება ჯერ გამგზავნ ბანკს და შემდგომში, გამყიდველს. რა დროსაც, გამყიდველი ვერ იღებს გაგზავნილი პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების პირობას ბანკისგან, განსხვავებით დოკუმენტური აკრედიტივისა.
45. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის, მ.ფ–ს ჩვენებაზე, სადაც მოწმე განმარტავს, რომ თუკი გაგზავნილი დოკუმენტები დაიკარგება, ბანკი იხსნიდა პასუხისმგებლობას.
46. უარყოფილი იქნა მოსარჩელის (აპელანტის) მსჯელობა, რომ მოპასუხე ბანკი ვალდებული იყო ინკასოს დავალების გაცემამდე ეწარმოებინა B. P. P-ს შესახებ კვლევა.
47. ასევე არაა დასაბუთებული მსჯელობა, რომ ინფორმაციის დადასტურება მხოლოდ სვიფტის საშუალებით უნდა მომხდარიყო.
48. უნიფიცირებული წესები არ ადგენს გამხსნელი ბანკის ვალდებულებას, რომ საინკასო დავალების შესრულება მხოლოდ მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ბანკთან აწარმოოს. ბანკს უფლებამოსილება აქვს დოკუმენტები გაუგზავნოს, როგორც მის საკორესპონდენციო ბანკს, ასევე ნებისმიერ ბანკს, მთავარია, რომ მიმღები ბანკისთვის ცნობილი უნდა იყოს მყიდველი. სწორედ ამიტომაც, შესაძლოა, მიმღები ბანკი ნასყიდობის მხარეების მიერაც დასახელდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, B. P. P, როგორც ინკასოს მიმღები ბანკი, მოპასუხე ბანკს მოსარჩელემ დაუსახელა, თავის მხრივ, მოსარჩელეს ამ ბანკის მონაცემები მყიდველმა, „პ.ე.გ–მა“ ( P. G. S.R.L.) მიაწოდა.
49. ამდენად, ივარაუდება, რომ B. P. P წარმოადგენდა მყიდველის საკორესპონდენციო ბანკს, რაც გულისხმობს, რომ მყიდველის მხრიდან გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს უკან უნდა გადმოეგზავნა დოკუმენტაცია.
50. განსახილველი დავის მხარეებს სწორედ ეს მოლოდინი ჰქონდა, რომ საინკასო დავალებისთვის კანონით და უნიფიცირებული წესებით განსაზღვრული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდებოდა, ვინაიდან, ინკასოს უნიფიცირებული წესების თანახმად, ბანკებისთვის დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ ინკასოს ინსტრუქციაში განსაზღვრული წესებით მოქმედება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მიმღები ბანკის დასახელება თავად კლიენტსაც შეუძლია, უკვე ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მიმღები ბანკის მხრიდან კანონმდებლობით, ინკასოს უნიფიცირებული წესებითა და ინსტრუქციის წესების დარღვევის შემთხვევაში რისკის მატარებელი ვერ იქნება გამგზავნი ბანკი.
51. ზემოაღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს დოკუმენტალური ინკასოს უნიფიცირებული წესებიდან, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, ბანკები, რომლებიც იყენებენ მეორე ბანკის ან სხვა ბანკების სერვისებს პრინციპალის (ამ შემთხვევაში, გამყიდველის) ინსტრუქციების შესასრულებლად, ამას ახორციელებენ ამ პრინციპალის ხარჯზე და რისკით. ბანკები არ კისრულობენ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას თუ არ შესრულდება მათ მიერ გაცემული ინსტრუქციები, მაშინაც კი თუ მათ თავად აქვთ აღებული ინიციატივა სხვა ბანკების არჩევაზე. დოკუმენტალური ინკასოს გახსნამდე მოპასუხე ბანკმა გადაამოწმა, რომ მიმღები ბანკი სარგებლობდა სვიფტით (SWIFT), რომელსაც ფლობენ ბანკები და ბანკები ენდობიან მსგავსი ტიპის შეტყობინებებს. სწორედ ამიტომ, ინკასოს ინსტრუქციაში მიმღებ ბანკს დაევალა კიდეც მიღების სვიფტის საშუალებით დადასტურება.
52. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ დოკუმენტალური ინკასოს უნიფიცირებული წესები არ ადგენს ბანკების ვალდებულებას, საკორესპონდენციო მექანიზმად მხოლოდ სვიფტის გამოყენებას და განმარტავს, რომ ინკასოს საფუძველზე წერილობით, ან ელექტრონულად (SWIFT-ის საშუალებით) გაიცემა საინკასო დავალება, რომელშიც აისახება ინკასოს პირობები. აღნიშნული წესები ბანკებს არ ავალდებულებს ასევე დოკუმენტალური ინკასოს ინსტრუქციის გაგზავნამდე ჰქონდეთ ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით. მუხლი არ მიუთითებს იმ შედეგებზე და მასში მონაწილე პირთა პასუხისმგელობაზე, რა შეიძლება წარმოიშვას ინკასოს დავალების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინკასოს უნიფიცირებული წესები, რომლებიც თავისი შინაარსით ავსებს სამოქალაქო კოდექსით მოცემულ ნორმებს დოკუმენტალურ საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესახებ.
53. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი სწორად იქნა უარყოფილი.
54. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივრი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
55. კასატორი აღნიშნავს, როგორც სარჩელში იყო მითითებული, მყიდველმა გამყიდველს შესთავაზა 44000 კგ. გარჩეული თხილის გულის სანაცვლოდ 272 800 აშშ დოლარის გადახდა მომხდარიყო არა წინასწარი გადახდით, არა აკრედიტივის ფორმით რომელიც მოსარჩელეს მიერ იყო შეთავაზებული, არამედ დოკუმენტალური ინკასოს ფორმით. გადახდის ასეთი ფორმა მოსარჩელესათვის უცნობი იყო. ამ საკითხში გარკვევის მიზნით გამყიდველმა მიმართა მოპასუხე ბანკს და მიაწოდა იტალიური კომპანიის მონაცემები საბანკო რეკვიზიტები. მოპასუხე ბანკმა მოსარჩელეს განუმარტა, რომ ანგარიშსწორების ეს ფორმა საკმაოდ გავრცელებული და უსაფრთხო იყო. მოპასუხე ბანკმა განუმარტა მოსარჩელეს, რომ დოკუმენტალური ინკასოს შემთხვევაში, მყიდველი ვერ შეძლებდა ტვირთის მიღებას ანგარიშსწორებამდე, რადგან ამისათვის საჭირო დოკუმენტები მას გადაეცემოდა მხოლოდ შეთანხმებული თანხების ანაზღაურების (ნასყიდობის ღირებულების გადახდის) შემდგომ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თანხა არ ჩაირიცხებოდა, მაშინ დოკუმენტები მას კვლავ უკან დაბრუნდებოდა. მოპასუხის ამ განმარტებ(ებ)მა მოსარჩელე დაარწმუნა ანაზღაურების ამ ფორმის უსაფრთხოებაში. მოპასუხემ მოსარჩელეს ამ ფორმის უსაფრთხოების მოლოდინი შეუქმნა, მოპასუხესგან აღებული ფინანსური უსაფრთხოების გარანტებისა და დამაჯერებელი განმარტების საფუძველზე იგი დათანხმდა მყიდველის მიერ შეთავაზებულ ამ დოკუმენტალური ინკასოს ფორმას. აღნიშნულის დასტურად, მხარეთა შორის გაიცვალა განაცხადი ინკასოს გახსნაზე მოპასუხის მიერ მიწოდებული ფორმით, სადაც სხვა მონაცმებთან ერთად შეტანილ იქნა მოპასუხე ბანკის მიერ დასახელებული ბანკის B. P.-ს მონაცემები, როგორც დოკუმენტალური ინკასოს მონაწილე მხარის. მოსარჩელემ მოპასუხე ბანკს ამ მომსახურეობისათვის გადაუხადა დოკუმენტური ინკასოს საკომისიო - 20 ევრო, ასევე დაფარა ინკასოს ფარგლებში იტალიაში გასაგზავნი დოკუმენტების საფოსტო მომსახურების ხარჯი - 78.75 ლარი.
56. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისადმი მნიშვნელობის არმქონედ 2021 წლის 27 სექტემბერს მოპასუხეს მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქცია B. P.-ს, მისამართით პიედმონტე მატეზეში, იტალია. B. P. როგორც ინსტრუქციის მიმღები, დასახელებული იყო მყიდველის მიერ, როგორც ამ უკანასკნელის მომსახურე ბანკი. მოსარჩელემ შესაბამისი ინფორმაცია ( B. P.-სთან დაკავშირებით) გადასცა მოპასუხეს. წერილობით ინსტრუქციასთან ერთად, B. P.-ს გაეგზავნა აგრეთვე ტვირთის მიღებისათვის აუცილებელი დოკუმენტებიც (ნასყიდობის საგანთან/ტვირთთან დაკავშირებული: კონოსამენტები, შეფუთვის ფურცელი, ფიტო სანიტარული და წარმოშობის სერტიფიკატები, ექსპორტის დეკლარაცია), რომელთა ორიგინალები მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს. ინსტრუქციის პირობების შესაბამისად, დოკუმენტების „პ.ე.გ–ისთვის“ გადაცემა უნდა მომხდარიყო ამ უკანასკნელის მიერ პროდუქციის ნასყიდობის საფასურის B. P.-თვის წინასწარ გადახდის სანაცვლოდ, რის შემდგომაც მიღებული თანხმები მიმართული იქნებოდა მოპასუხეზე (საბოლოოდ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ასახვით). საყურადღებოა, რომ ამავე ინსტრუქციაში მითითებული იყო, მიმღებს „სვიფტის“ საშუალებით უნდა დაედასტურებინა ინსტრუქციისა და მასზე თანდართული დოკუმენტების მიღების, ასევე გადახდის/არგადახდის შესახებ. მიმოწერები.
57. მოსარჩელემ შეახსენა მოპასუხეს, დოკუმენტალურ ინკასოსთან დაკავშირებით მისი განმარტება, რომლის მიხედვითაც, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, „მყიდველს“ არ უნდა გადასცემოდა დოკუმენტების ორიგინალები თანხის ჩარიცხვის გარეშე და მოპასუხისაგან მოითხოვა ამ დოკუმენტების უკან დაბრუნება, თუმცა, მოპასუხის 2022 წლის 23 თებერვლის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ იტალიურმა ბანკმა დაარღვია დოკუმენტალური ინკასოს წესი და დოკუმენტები თანხის ჩარიცხვის გარეშე გადასცა იტალიურ კომპანიას, რის გამოც, მოკლებული იყო ხსენებული დოკუმენტების უკან დაბრუნების შესაძლებლობას.
58. კასატორი დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში, დახმარების და ბანკო-ფოსტას შესახებ ინფრმაციის მოპოვების მიზნით. შედეგად მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ბანკის მეშვეობით იტალიაში გავრცელებულია თაღლითური ოპერაციები და მიიღო რჩევა იტალიაში ადვოკატის აყვანის შესახებ. ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ, მოსარჩელე დაუკავშირდა იტალიაში მოღვაწე ადვოკატებს, რომელთა მიერ მოწოდებულ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესწავლილ იქნა ,,ბანკო-ფოსტას" უფლება-მოვალეობები და დადგინდა, რომ ის არ არის ტიპიური საბანკო დაწესებულება, წარმოადგენს საფოსტო მომსახურების პროფილის დაწესებულებას და რომელსაც მინიჭებული აქვს გარკვეული საბანკო ოპერაციების განხორციელების უფლება და ეკრძალება აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანხის გადახდაზე შეთანხმებების დადება და მისი აღსრულება, რაც თავის მხრივ, უნდა სცოდნოდა მოპასუხე ბანკს და ასეთი ორგანიზაციისთვის არ უნდა გადაეგზავნა ორიგინალი დოკუმენტები, რის გამოც, უკვე მოსარჩელეს მიადგა ზიანი 272 800 აშშ დოლარის ოდენობით.
59. კასატორის პრეტენზია შეეხება აგრეთვე მოპასუხე ბანკის მხრიდან ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების სტანდარტის დარღვევას, რომელიც განამტკიცებს სახელშეკრულებო კეთილსინდისიერების პრინციპს ურთიერთობის მონაწილეთათვის, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის ჯერ კიდევ წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას ცნობილი იყო ფინანსურ ოპერაციაში მონაწილე სუბიექტთა (მათ შორის, B. P.-სთან დაკავშირებით) შესახებ. ამ სუბიექტთა მონაწილეობით, მოპასუხეს არ ჰქონდა დოკუმენტალური ინკასოს (და არამარტო) ოპერაცია შესრულებული და შესაბამისად მისთვის უცნობი იყო ამ ოპერაციაში მონაწილე ბანკის უფლებამოსილებებისა და კოპეტენციის შესახებ. შესაბამისად, ზემოხსენებული კეთილსინდისიერების და სახელშეკრულებო მხარის (ამ შემთხვევაში - მარწმუნებლის) ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობის პრინციპი, მას აკისრებდა ამ საბანკო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტების (განსაკუთრებით „ბ.ფ–ას“ მიმართ) შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოძიების ვალდებულებას, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, მისი მხრიდან სწორედ ეს ვალდებულება იქნა დარღვეული, რამაც გამოიწვია ის, რომ „პ.ე.გ–მა“ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება მიიღო ისე, რომ მას არ მოხდენია მისი ღირებულების გადახდა. შედეგად, მოსარჩელემ განიცადა ზიანი პირდაპირი ქონებრივი დანაკლისის სახით, 272 800 აშშ დოლარის ოდენობით.
60. კასატორი შუამდგომლობს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს კასატორის სასარგებლოდ კასატორის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი 12 135 ლარი და 1646 ევრო, ასეევ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი საადვოკატო მომსახურების თანხა 1000 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
61. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
62. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
63. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა.
64. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
65. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
67. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
68. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
69. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი.
70. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ - საჩივარი N21447/11 და N35839/11 2020 წლის 27 თებერვალი - განმარტავს: „&65. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ეროვნულ სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [დიდი პალატა], no. 926/05, § 91, ECHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, 13 ივლისი 2017). ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ. Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 29, Series A no. 303-A; García Ruiz v. Spain [დიდი პალატა], no. 30544/96, § 26, ECHR 1999-I; და Moreira Ferreira v. Portugal (no.2) [დიდი პალატა] (no. 19867/12, § 84, 11 ივლისი 2017). 66. ზემოაღნიშნული ვალებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, 11 ოქტომბერი 2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ. Moreira Ferreira, § 84; Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, 21 ივნისი 2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21 ივლისი 2015). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. Boldea v. Romania, no. 19997/02, § 30, 15 თებერვალი 2007, და Uche v. Switzerland, no. 12211/09, § 37, 17 აპრილი 2018) (ასევე იხ. ასევე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03).
71. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 877-ე (საინკასო დავალებით საინკასო ოპერაციაზე უფლებამოსილი საკრედიტო დაწესებულება (ბანკი) კისრულობს ვალდებულებას, კლიენტის (მარწმუნებლის) დავალებით გასცეს სავაჭრო ფასიანი ქაღალდები აქცეპტირების და/ან, აუცილებლობის შემთხვევაში, – გადამხდელის მიერ გადახდის სანაცვლოდ), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
72. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
73. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ, იმ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება, რომ მოპასუხე ბანკმა, როგორც საბანკო დაწესებულებამ, მომსახურების გაწევისას არ დაიცვა კეთილსინდისიერების პრინციპი. ბანკმა არ გააცნო მოსარჩელეს დოკუმენტალური ინკასოს, როგორც საგადასახადო ფორმის შესაძლო უარყოფითი შედეგები, პირიქით, მოპასუხე ბანკის განმარტებით, ანგარიშსწორების ეს ფორმა იყო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო. მოპასუხე ბანკს არ უწარმოებია წინასწარი მოკვლევა B. P.-ს შესახებ, არ უცდია დაკავშირება ან გაგება, თუ ვინ მიიღებდა ტვირთთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, არ მოუთხოვია B. P.s-სგან ინფორმაციის სვიფტის საშუალებით დადასტურება, როგორც ეს მითითებული ჰქონდა ინკასოს ინსტრუქციაში და დროულად არ აცნობა მოსარჩელეს დოკუმენტების ჩაბარების შესახებ. აღსანიშნავია, კასატორს იდენტური პრეტენზიები აქვს დაყენებული საკასაციო საჩივარში.
74. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე ბანკმა განუმარტა მოსარჩელეს, რომ დოკუმენტალური ინკასოს შემთხვევაში, მყიდველი ვერ შეძლებდა ტვირთის მიღებას ანგარიშსწორებამდე, რადგან ამისათვის საჭირო დოკუმენტები მას გადაეცემოდა მხოლოდ შეთანხმებული თანხების ანაზღაურების (ნასყიდობის ღირებულების გადახდის) შემდგომ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თანხა არ ჩაირიცხებოდა, მაშინ დოკუმენტები მას კვლავ უკან დაუბრუნდებოდა. მოპასუხე ბანკის ამ განმარტებ(ებ)მა მოსარჩელე დაარწმუნა ანაზღაურების ამ ფორმის უსაფრთხოებაში, მოპასუხემ მოსარჩელეს ამ ფორმის უსაფრთხოების მოლოდინი შეუქმნა, მოპასუხესგან აღებული ფინანსური უსაფრთხოების გარანტებისა და დამაჯერებელი განმარტების საფუძველზე იგი დათანხმდა მყიდველის მიერ შეთავაზებულ ამ დოკუმენტალური ინკასოს ფორმას (იხ.,ტ.2.ს.ფ. 94.).
75. კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და მითითებებს, როგორც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებებს, საკასაციო პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
76. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
77. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მყიდველსა და გამყიდველს შორის 2021 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა მოლაპარაკება. მყიდველს მოსარჩელისგან უნდა შეესყიდა 272 800 აშშ დოლარის ღირებულების 44 000კგ. თხილის გული. თავდაპირველად, ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების ფორმად გამყიდველმა მყიდველს დოკუმენტური აკრედიტივის წესი შესთავაზა. საბოლოოდ, მყიდველის მოთხოვნის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ დოკუმენტალური ინკასოს გამოყენების წესზე და ხელი მოაწერეს საქონლის შესყიდვის დოკუმენტს. მოპასუხე ბანკმა, როგორც შუამავალმა გახსნა დოკუმენტალური ინკასო (გასცა საინკასო დავალება) და B. P. P-ს (როგორც მიმღებ, შემგროვებელ ბანკს (collecting bank) 27.09.2021 წელს გაუგზავნა ინკასოს ინსტრუქცია და შემდეგი კომერციული დოკუმენტაციის დედნები. დოკუმენტალური ინკასოს ინსტრუქცია მოიცავდა მიმღები ბანკის მხრიდან შემდეგი სპეციალური პირობების შესრულებას: დოკუმენტების მიღების დადასტურება სვიფტის (SWIFT)-ის მეშვეობით; გადახდა/არგადახდის დადასტურება სვიფტის (SWIFT)-ის მეშვეობით; საქართველოს გარეთ ყველა ხარჯი არის მიმღების პასუხისმგებლობა; ხარჯებზე უარის თქმა არ დაიშვება; დოკუმენტები მიწოდებულ უნდა იქნას გადახდის საპირისპიროდ. წერილობით ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ მასზე ვრცელდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინკასოს უნიფიცირებული წესები (პუბლიკაცია 522, 1995 წლის რედაქცია).
78. დოკუმენტალური ინკასოს წერილობით ინსტრუქციაში მიმღებ ბანკად B. P. POSTA ITALIANE-ს დასახელება, აგრეთვე მისი მისამართი მიეთითა მოსარჩელის მიერ.
79. დოკუმენტალური ინკასოს ინსტრუქცია და კომერციული დოკუმენტაციის დედნები, მოპასუხე ბანკმა მიმღებ ბანკს, B. P. P-ს გაუგზავნა საკურიერო ფოსტით (TNT) ზედდებულზე მითითებულ მისამართზე. გზავნილის ჩაბარებაზე ხელს აწერს რ–ო (R–o), დამატებითი იდენტიფიცირების გარეშე და ჩაბარების თარიღია 2021 წლის 5 ოქტომბერი.
80. მოსარჩელემ უზრუნველყო ნასყიდობის საგნის გაგზავნა. მან გადამზიდავს გადასცა/ჩააბარა საქონელი.
81. მიმღებ ბანკს - B. P. P-ს მოპასუხე ბანკისთვის არ უცნობებია მიღებული კომერციული დოკუმენტაციის დედნები გადასცა თუ არა ადრესატს და გადაცემის შემთხვევაში, ვინ არის მიმღები პირი. მას არც მიღებული დედანი დოკუმენტები დაუბრუნებია მოპასუხე ბანკისთვის.
82. მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის დოკუმენტალური ინკასოს ფარგლებში ნასყიდობის ღირებულება - 272 800 აშშ დოლარი, არ აუნაზღაურებია.
83. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის რა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებს მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არარსებობის შესახებ, ვალდებულია მიუთითოს იმ გარემოებებზე, რაც მოპასუხე ბანკის ბრალეულობას დაადასტურებდა ზიანის დადგომაში, რაც მოსარჩელის მითითებით მდგომარეობს მყიდველის მიერ გამყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის ღირებულების - 272 800 აშშ დოლარის გადაუხდელობაში.
84. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 877-ე მუხლზე (საინკასო დავალებით საინკასო ოპერაციაზე უფლებამოსილი საკრედიტო დაწესებულება (ბანკი) კისრულობს ვალდებულებას, კლიენტის (მარწმუნებლის) დავალებით გასცეს სავაჭრო ფასიანი ქაღალდები აქცეპტირების და/ან, აუცილებლობის შემთხვევაში, – გადამხდელის მიერ გადახდის სანაცვლოდ) და განმარტავს, რომ დოკუმენტალური ინკასო წარმოადგენს ექსპორტიორის მიერ ბანკისათვის მიცემულ განკარგულებს, მოახდინოს იმპორტიორისაგან გარკვეული თანხის ინკასირება კომერციული დოკუმენტების (რომელთაც შეიძლება ახლდეს ფინანსური დოკუმენტები) სანაცვლოდ. (იხ. თ. ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 877- საინკასო დავალება, ველი 1, 2016 წ, www. gccc.tsu.ge)
85. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დოკუმენტალური ინკასოს ხელშეკრულების მხარეები არიან გამყიდველი (პრინციპალი), მომსახურე ბანკი და საქონლის მყიდველი (ტრასტი). დოკუმენტალური ინკასოს გაფორმებისას მხარეები გადიან შემდეგ საოპერაციო ფაზებს: 1. სავაჭრო კონტრაგენტები აფორმებენ ხელშეკრულებებს საქონლის შეძენაზე, სადაც გადახდის პირობად მიეთითება ანგარიშსწორება დოკუმენტალური ინკასოთ; 2. გამყიდველი (პრინციპალი) აგზავნის საქონელს მყიდველთან (ტრასტთან); 3. გამყიდველი (პრინციპალი) გადასცემს მის ბანკს დოკუმენტაციას; 4. გამყიდველის (პრინციპალის) ბანკი აგზავნის დოკუმენტაციას საინკასო დავალებასთან ერთად მყიდველის (ტრასტი) ბანკში; 5. მყიდველის/ტრასტის ბანკი ატყობინებს მყიდველს/ტრასტს აღნიშნული დოკუმენტაციის პირობებს (ავიზირება); 6. იმ შემთხვევეაში, თუ მყიდველი (ტრასტი) თაანახმაა დოკუმენტური ინკასოს პირობებზე. ის იღებს დოკუმენტაციას და აწარმოებს გადახდას საინკასო დავალებაში მითითებული ფორმით; 7. მყიდველი (ტასტი) იღებს საქონელს მიღებული დოკუმენტაციის სანაცვლოდ; 8. მომსახურება საინკასო დავალებაზე თამასუქის აქცეპტისაა და გადახდის ვალდებულების აღების შემთხვევაში განახლდება ინდივიდუალურად (იხ., ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2017წ., გვ.298).
86. საანგარიშსწორებო ურთიერთობები რეგულირდება როგორც ცალკეულ სახელმწიფოთა ნორმატიული აქტებით, ისე საქმიანი ბრუნვის წესებითა და ჩვეულებებით. საერთაშორისო სავაჭრო პალატის „უნიფიცირებული წესები ინკასოსათვის“ (საერთაშორისო სავაჭრო პალატის პუბლიკაცია # 522 -ICC Uniform for Collections, ICC Publication No.522, 1995 Revision in force as of 1 January 1996.), დეტალურად არეგულირებს ინკასოთი ანგარიშსწორების ურთიერთობას, ხოლო სსკ-ის 878-ე მუხლი კი ადგენს უნიფიცირებული წესების უპირატესობას დოკუმენტალური ინკასოთი ანგარიშსწორებისას.
87. დოკუმენტური ინკასოს დროს ბრუნვაშია კომერციული ( ანუ) სავაჭრო დოკუმენტები (ანგარიშ-ფაქტურა, სატრანსპორტო დოკუმენტები, საქონელგანმკარგავი დოკუმენტები) და ფინანსური ( მაგ. ჩეკი, თამასუქი) ან მხოლოდ კომერციული დოკუმენტები ( უნიფიცირებული წესები, მუხ.2). ანუ მაკვალიფიცირებელი ნიშანი დოკუმენტური ინკასოსათვის არის კომერციული (სავაჭრო) დოკუმენტების სანაცვლოდ ანგარიშსწორება. (იხ. თ. ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 877- საინკასო დავალება, ველი 3, 2016 წ, www. gccc.tsu.ge).
88. აკრედიტივისაგან განსხვავებით, საანგარიშსწორებო ოპერაცია საინკასო დავალებისას იწყება კრედიტორის ინიციატივით. დოკუმენტურ ინკასოზე შეთანხმების დროს ბანკი ახდენს ნასყიდობის ფასის ( ან სხვა ხელშეკრულების საზღაურის) გადამხდელისაგან ( მყიდველი ან სხვა) მიღებას კლიენტის (გამყიდველის ან სხვა) სასარგებლოდ კომერციული ( სავაჭრო) დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ. ( იხ. რ. შენგელია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II მუხ.877, თბილისი, გვ. 212.). დოკუმენტური ინკასოთი ანგარიშსწორების ფორმა შედარებით მომგებიანია მყიდველისათვის (იმპორტიორისათვის), რომელიც ახორციელებს გაადხდას მხოლოდ საქონლის განკარგვის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტების მიღებისა და ექსპორტიორის მიერ ნაკის ვალდებულებათა სრულად შესრულების შემდგომ. ამასთან არსებობს გარკვეული რისკი თავად იმპორტიორის მხრიდან საქონლის ფასის გადახდაზე უარის თქმასთან დაკავშირებით (იხ. ლ.ჯანაშია, წიგნში: ძლიერიშვილი/ ცერცვაძე/ რობაქიძე/ სვანაძე/ ცერცვაძე/ ჯანაშია, სახელშეკრულებო სამართალი, თბილისი, 2014, გვ. 279.).
89. სსკ-ის 877-ე მუხლის თანახმად, საინკასო ურთიერთობაში კლიენტი (მარწმუნებელი) აძლევს საინკასო დავალებას ბანკს, ბანკი კი კისრულობს ვალდებულებას, გასცეს სავაჭრო დოკუმენტები აქცეპტირების და/ან, აუცილებლობის შემთხვევაში - გადამხდელის მიერ გადახდის სანაცვლოდ. ამდენად, დოკუმენტალური ინკასო წარმოადგენს გამყიდველი (ექსპორტიორის) მიერ ბანკისთვის მიცემულ განკარგულებას, მოახდინოს მყიდველისაგან (იმპორტიორისაგან) გარკვეული თანხის ინკასირება კომერციული დოკუმენტების (რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ფინანსური დოკუმენტებიც) სანაცვლოდ (იხ. თ. ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 877- საინკასო დავალება, ველი 5, 2016 წ, www. gccc.tsu.ge).
90. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები მოპასუხე ბანკის მეშვეობით ანგარიშსწორებაზე დოკუმენტალური ინკასოს გამოყენებით შეთანხმდნენ, კერძოდ, უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხე ბანკმა, როგორც შუამავალმა გახსნა დოკუმენტალური ინკასო (გასცა საინკასო დავალება) და B. P. P-ს (როგორც მიმღებ, შემგროვებელ ბანკს (collecting bank) 27.09.2021 წელს გაუგზავნა ინკასოს ინსტრუქცია და შემდეგი კომერციული დოკუმენტაციის დედნები: დოკუმენტალური ინკასოს წერილობით ინსტრუქციაში მიმღებ ბანკად B. P. P-ს დასახელება, აგრეთვე, მისი მისამართი მიეთითა მოსარჩელის მიერ. მოსარჩელემ უზრუნველყო ნასყიდობის საგნის გაგზავნა. მან გადამზიდს გადასცა/ჩააბარა საქონელი, თუმცა დადგენილია, რომ მყიდველმა ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა.
91. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნასყიდობის საფასურის მიუღებლობით, მას მიადგა ზიანი, რაშიც ბრალი მიუძღვის მოპასუხე ბანკს, და შესაბამისად, სწორედ მოპასუხე ბანკია ვალდებული ზიანის ანაზღაურებაზე; მოსარჩელის მითითებით სწორედ მოპასუხე ბანკის განმარტებ(ებ)მა დაარწმუნა მოსარჩელე ანაზღაურების ამ ფორმის უსაფრთხოებაში. მოპასუხემ მოსარჩელეს ამ ფორმის უსაფრთხოების მოლოდინი შეუქმნა, მოპასუხესგან აღებული ფინანსური უსაფრთხოების გარანტებისა და დამაჯერებელი განმარტების საფუძველზე, მოსარჩელე დათანხმდა მყიდველის მიერ შეთავაზებულ ამ დოკუმენტალური ინკასოს ფორმას.
92. კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს და მსჯელობებს, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ დოკუმენტალური ინკასოს პრაქტიკაში გამოიყენება მიზანშეწონილია, როდესაც: ა) იმპორტიორსა და ექსპორტიორს აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება და ენდობიან ერთმანეთს; ბ) მყიდველის გადახდისუნარიოანობა და გადახდის სურვილი არ არის საეჭვო; გ) იმპორტიორი მხარის ქვეყანაში არის სტაბილური პოლიტიკური, ლეგალური და ეკონომიკური გარემო; დ) არ არსებობს იმპორტის აკრძალვები იმპორტიორი მხარის ქვეყანაში და ყველა საჭირო ლიცენზია უკვე არსებობს. დოკუმენტალური ინკასოს ძირითადი უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ ექსპორტიორს აქვს საშუალება, შეინარჩუნოს კონტროლი გადამხდელის მიერ გადახდისას, ან თამასუქის მიღებამდე, აგრეთვე ოპერაციის შესრულება სხვა საბანკო პროდუქტებთან შედარებით მარტივი და იაფია და გადახდაც ხშირად უფრო სწრაფად სრულდება, ვიდრე ღია ანგარიშის შემთხვევაში (იხ., ზ.გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2017წ., გვ. 296-299).
93. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ როგორც საქმეზე დადგენილია, მოსარჩელე კომპანიის საქმიანობის სფეროს 20 წელზე მეტია წარმოადგენს თხილის შესყიდვა-გადამუშავება და რეალიზაცია, მათ შორის, უცხოეთში ექსპორტი. იტალიის რესპუბლიკაში დარეგისტრირებულ კომპანია „პ.ე.გ–ი“ ( P. G. S.R.L.) და მოსარჩელე კომპანიას შორის 272 800 აშშ დოლარის ღირებულების 44 000კგ. თხილის გულის შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების ფორმად, თავდაპირველად გამყიდველმა მყიდველს დოკუმენტური აკრედიტივის წესი შესთავაზა, თუმცა, საბოლოოდ, მყიდველის მოთხოვნის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ დოკუმენტალური ინკასოს გამოყენების წესზე. მოპასუხე ბანკმა, როგორც შუამავალმა გახსნა დოკუმენტალური ინკასო (გასცა საინკასო დავალება) და B. P. P-ს (როგორც მიმღებ, შემგროვებელ ბანკს (collecting bank) 27.09.2021 წელს გაუგზავნა ინკასოს ინსტრუქცია და შემდეგი კომერციული დოკუმენტაციის დედნები.
94. სსკ-ის 877-ე მუხლის მიხედვით, დოკუმენტალური ინკასოს შემთხვევაში, თანხა ერიცხება პრინციპალს (ექსპორტიორს) მხოლოდ და მხოლოდ ტრასტისგან (იმპორტიორსაგან) ანაზღაურების მიღების შემდეგ. როდესაც ბანკი ახორციელებს დოკუმენტური ინკასოს ოპერაციებს, იგი თანახმაა შეასრულოს გამყიდველის საინკასო დავალების ინსტრუქციები, მაგრამ არ იღებს თავის თავზე გადახდის ვალდებულებას.
95. დოკუმენტალური ინკასოსაგან განსხვავებული თავისებურებით ხასიათდება აკრედიტივოს ხელშეკრულება, რომლის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია გადახდაზე იმ პირობით, თუ ბენეფიციარი სრულიად უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრული აკრედიტივის პირობების შესრულებას. საგულისხმოა, რომ დოკუმენტალური ინკასოს ტრანზაქციის დროს ბანკების მიერ არ ხდება არც დოკუმენტების შემოწმება და არც გადახდაზე ვალდებულების აღება, ისინი უბრალოდ, გამტარის როლს ასრულებენ.
96. საინკასო ანგარიშსწორების ფორმა შედარებით მომგებიანია იმპორტიორისათვის, რომელიც ახორციელებს გადახდას მხოლოდ საქონლის გაკარგვის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტების მიღებისა და ექსპორტიორის მიერ ნაკისრი ვალდებულებათა სრულად შესრულების შემდგომ. მართალია ექსპორტიორი ინარჩუნებს გარკვეულ უფლებებს საქონლის განკარგვასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული რისკი იმპორტიორის მხრიდან საქონლის ფასის გადახდაზე უარის თქმასთან დაკავშირებით (იხ., ლ.ჯანაშია, წიგნში: სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014წ., გვ. 279). გარდა ამისა, დოკუმენტალური ინკასო საგრძნობლად იაფია დოკუმენტურ აკრედიტივთან შედარებით და საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება პარტიორებს შორის ნდობის არსებობის შემთხვევაში (იხ., ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2012წ., გვ.222).
97. საკასაციო პალატა მიუთითებს მოპასუხის განმარტებაზე, რომ დოკუმენტალური ინკასოს უნიფიცირებული წესების მიხედვით, პასუხისმგებლობა არ ეკისრება ინკასოს გამგზავნ ბანკს. მოპასუხე ბანკს არ და ვერც ეცოდინებოდა, მიმღები ბანკის ადგილობრივი რეგულაციებით დაწესებული შეზღუდვების შესახებ. B. P. მიიჩნევა ბანკად და მისი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ საბანკო და საფინანსო კანონს, რომლითაც რეგულირდება ბანკების, საბროკერო კომპანიებისა და სხვა ანგარიშვალდებული შუამავლების საქმიანობა. იმ შემთხვევაში, თუკი მას შეზღუდული ჰქონდა დოკუმენტალური ინკასოს მიღება, ინკასოს უნიფიცირებული წესები ავალდებულებდა მიმღებს, დაებრუნებინა მიღებული დოკუმენტაცია გამგზავნთან. ასეთი წესის არსებობა მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ის დაშვება, რომ მიმღები საბანკო დაწესებულება, ამა თუ იმ მიზეზით, შესაძლოა არ ემსახურებოდეს დოკუმენტალურ ინკასოს და ამის თაობაზე გამგზავნი არ იყოს ინფორმირებული. ამდენად, გამგზავნი ბანკი ყოველთვის დარწმუნებულია, რომ თუკი მიმღები არ ემსახურება დოკუმენტალურ ინკასოს, ორიგინალური დოკუმენტები დაუბრუნდება გამგზავნ ბანკს (იხ., მოპასუხე ბანკის შესაგებელი).
98. ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწმის - მ.ფ–ს განმარტებით, თუკი გაგზავნილი დოკუმენტები დაიკარგება, ბანკი იხსნიდა პასუხისმგებლობას.
99. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან და დოკუმენტალური ინკასოს იმ თავისებურებიდან გამომდინარე, რომ ამ ტრანზაქციის დროს ბანკების მიერ არ ხდება არც დოკუმენტების შემოწმება და არც გადახდაზე ვალდებულების აღება, ისინი უბრალოდ, გამტარის როლს ასრულებენ, რის გამოც, დოკუმენტალური ინკასო მიიჩნევა ნაკლებად რთულ და უფრო იაფ გადახდის მექანიზმად, მოპასუხე ბანკის ბრალეულობა არ დგინდება. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხე ბანკი ვალდებული იყო ინკასოს დავალების გაცემამდე ეწარმოებინა B. P. P-ს შესახებ კვლევა, საკასაციო პალატა არ იზიარებს.
100. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქმეზე უდავოდ დადგენილ გარემოებაზე, რომ დოკუმენტალური ინკასოს წერილობით ინსტრუქციაში მიმღებ ბანკად B. P. P-ს დასახელება, აგრეთვე მისი მისამართი, მიეთითა მოსარჩელის მიერ. ( იხ. წინამდებარე განჩინების პ.29).
101. კასატორის პრეტენზია შეეხება აგრეთვე მოპასუხე ბანკის მხრიდან ვალდებულებათა კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულების სტანდარტის დარღვევას, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის ჯერ კიდევ წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას ცნობილი იყო ფინანსურ ოპერაციაში მონაწილე სუბიექტთა (მათ შორის, „ბ.ფ–ას“) შესახებ. ამ სუბიექტთა მონაწილეობით, მოპასუხეს არ ჰქონდა დოკუმენტალური ინკასოს (და არამარტო) ოპერაცია შესრულებული და შესაბამისად მისთვის უცნობი იყო ამ ოპერაციაში მონაწილე ბანკის უფლებამოსილებებისა და კოპეტენციის შესახებ. შესაბამისად, ზემოხსენებული კეთილსინდისიერების და სახელშეკრულებო მხარის (ამ შემთხვევაში - მარწმუნებლის) ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობის პრინციპი, მას აკისრებდა ამ საბანკო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტების (განსაკუთრებით „ბ.ფ–ას“ მიმართ) შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოძიების ვალდებულებას, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მისი მხრიდან სწორედ ეს ვალდებულება იქნა დარღვეული, რამაც გამოიწვია ის, რომ „პ.ე.გ–მა“ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება მიიღო ისე, რომ მას არ მოხდენია მისი ღირებულების გადახდა. შედეგად, მოსარჩელემ განიცადა ზიანი პირდაპირი ქონებრივი დანაკლისის სახით, 272 800 აშშ დოლარის ოდენობით (იხ. საკასაციო საჩივარი).
102. საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მოპასუხე ბანკის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულების სტანდარტის დარღვევის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
103. სსკ-ის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
104. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (იხ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (იხ: ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (იხ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.)
105. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება (იხ; ნ. ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.102,103). მოსამართლე ვალდებულია, გამოავლინოს და მხედველობაში მიიღოს ყველაფერი ის, რაც მხარეებმა არ გაამხილეს, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოო მიზნის გათვალისწინებით, მასში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუ ხარვეზიანი ადგილები მოწესრიგდებოდა სამართლიანობის პრინციპისა და საქმიანი ბრუნვის ჩვეულებათა შესატყვისად (იხ: ალ. იოსელიანი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში (შედარებით-სამართლებრივი გამოკვლევა), ჟ. „ქართული სამართლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, თბ., 2007, 54). ამა თუ იმ ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არც კი იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (მაგ.: ინფორმაციის გაცემისა და ზრუნვის ვალდებულება). კეთილსინდისიერების პრინციპი მხარეებს ავალდებულებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას. თუ უფლება იმდაგვარად გამოიყენება, რომ მხარეთა ინტერესების ურთიერთგათვალისწინების ვალდებულება (მოთხოვნა) ირღვევა, უფლების ასეთი გამოყენება ბოროტ განზრახვად უნდა დაკვალიფიცირდეს (Christian Eckl, Treu und Glauben im spanischen Vertragsrecht, Mohr Siebeck, Tübingen, 2007, 34, მითითებულია ნ. ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.117,118).
106. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება. იგი შეიძლება გულისხმობდეს ასევე წინასახელშეკრულებო პერიოდში მხარის მიერ განხორცილებული ქმედებებისადმი პატივისცემას, აგრეთვე მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასაც.
107. აღნიშნული ნორმის დანაწესი არ შეიცავს გულისხმიერების ვალდებულებათა ჩამონათვალს და არ აზუსტებს მის შინაარს. კანონმდებელი მხოლოდ ამ ვალდებულების აუცილებელ ნიშან-თვისებებზე მითითებით შემოიფარგლება, კერძოდ: ა) გულისხმიერების ვალდებულება გამომდინარეობს ვალდებულებითი ურთიერთობის ბუნებიდან, მიუხედავად იმისა, შეთანხმდნენ თუ არა მასზე მხარეები (naturalia negotii); ბ) გულისხმიერების ვალდებულება მიმართულია მოვალის ქონებრივი და არაქონებრივი status quo-ს შენარჩუნებაზე (განსხვავებით შესრულების ვალდებულებისაგან, რომელიც status quo-ს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად); გ) გულისხმიერების ვალდებულება ეკისრება ვალდებულების ორივე მხარეს. გულისხმიერების ვალდებულება, როგორც ბუნებრივი ვალდებულება, ახასიათებს ყველა ვალდებულებით ურთიერთობას, რომელშიც ამ ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით, მხარეებს ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ. ის გარემოება, რომ კანონმდებელი არა ჩვეულებრივ, არამედ „განსაკუთრებულ“ გულისხმიერებაზე მიუთითებს, მეტყველებს იმაზე, რომ სსკ-ის 316 II-ე მუხლით დადგენილი ქცევის სტანდარტი იმაზე მაღალია, ვიდრე სსკ-ის 992-ე მუხლის სტანდარტი. სტანდარტის სიმკაცრე, თავის მხრივ, დამოკიდებულია ვალდებულების ხასიათზე. იგი მით უფრო მაღალია, ა) რაც უფრო მაღალია ობიექტური ნდობის ხარისხი კონტრაჰენტთან მიმართებაში ბ) მაღალია დაინტერესებული მხარის ეკონომიკური და სამართლებრივი რისკები. რაც შეეხება ობიექტურ ნდობას, იგი განსაკუთრებით ინტენსიურია საბანკო და სადაზღვევო ურთიერთობებში (შდრ: სუსგ-ები №ას-372-2023, 6 ოქტომბერი, 2023 წელი, პ.121; №ას-559-2019, 04 დეკემბერი, 2019, პპ: 187-189) და ამ თვალსაზრისით, ყურადღებაა გასამახვილებელი ხელშეკრულების დებულებათა სიცხადის აუცილებლობაზეც.
108. სსკ-ის 8.3-ე და 115-ე მუხლები საფუძველზე ნებისმიერი ურთიერთობის სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მხედველობაში მიიღება სამოქალაქო უფლებათა გონივრული, სამართლიანი, თანაზომიერი განხორციელება. კეთილსინდისიერების პრინციპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მხარეთა უფლებებისა და მოვალეობის დადგენის (წარმოშობის) დროს, არამედ უფლებებისა და მოვალეობის განხორციელების დროსაც. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება. არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (შდრ: სუსგ-ები №ას-226-2019, 24 აპრილი, 2020წ; №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015წ ). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. კეთილსინდისიერი მხარის დამცავი ერთ-ერთი ნორმაა სსკ-ის 54-ე მუხლის დანაწესი, კერძოდ, „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“ ამ ნორმის მიზანია, სასამართლომ ბათილად ცნოს შეთანხმება, რომელიც უარყოფს სამართლებრივ ფასეულობას, ან ამგვარი ურთიერთობა დაფუძნებულია ნდობის ბოროტად გამოყენებაზე, მოტყუებაზე, ბაზარზე გაბატონებულ მდგომარეობაზე, ხელშემკვრელი მხარის გამოუცდელობაზე, უფლებებით ბოროტად სარგებლობაზე და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 54-ე მუხლით გარანტირებულია ამგვარ გარიგებათა უცილოდ ბათილი ხასიათი, რაც ნიშნავს, რომ იგი სასამართლომ ბათილად უნდა ცნოს მაშინაც კი, თუ მხარეები ამაზე არ მიუთითებენ, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი სასამართლოს კუთვნილი შესაგებელია (შდრ: სუსგ №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).
109. მხარეები მოქმედებენ რა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სახის სარჩელი აღძრან სასამართლოში, რომელ ფაქტებს დაამყარონ თავიანთი მოთხოვნა, რა ტიპის შესაგებელი დაუპირისპირონ სასარჩელო მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (შდრ: სუსგ-ები: №ას-1152-2021, 31 იანვარი, 2022წ.; №ას-1329-2019, 12 აპრილი, 2022 წ.)
110. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველ საფუძველს (იხ: ჰ. ბიოლინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბილისი, 2003წ., გვ.67).
111. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
112. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
113. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
114. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითოეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.
115. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების გამორიცხველი შესაგებელი.
116. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გარემოების საფუძველზე მიუთითებს, რომ მყიდველსა და გამყიდველს შორის ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების ფორმად დოკუმენტალური ინკასოს გამოყენება შეთანხმდა; ამ ტრანზაქციის დროს ბანკების მიერ არ ხდება არც დოკუმენტების შემოწმება და არც გადახდაზე ვალდებულების აღება, ისინი უბრალოდ, გამტარის როლს ასრულებენ, რის გამოც, დოკუმენტალური ინკასო მიიჩნევა ნაკლებად რთულ და უფრო იაფ გადახდის მექანიზმად. მოცემულ შემთხვევაში, ნაკლებად უსაფრთხო გადახდის ფორმაზე არჩევანი, თავად მოსარჩელემ ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში განახორციელა, ხოლო მოპასუხე ბანკის მხრიდან რაიმე არაკეთილსინდისიერი ქმედება არ დგინდება.
117. დაუსაბუთებლობის გამო გასაზიარებელი არაა კასატორის პრეტენზია, რომ ინფორმაციის დადასტურება მხოლოდ სვიფტის საშუალებით უნდა მომხდარიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს:
118. მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტალური ინკასოს წერილობით ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ მასზე ვრცელდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინკასოს უნიფიცირებული წესები (პუბლიკაცია 522, 1995 წლის რედაქცია).
119. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინკასოს გამოყენება საერთაშორისო ანგარიშსწორებისას რეგულირდება საერთაშორისო-სავაჭრო პალატის მიერ შემუშავებული სპეციალური დოკუმენტით - Uniform rules for collections (URC). ამჟამად მოქმედებს 1995 წლის რედაქცია. ბანკებს უფლება აქვთ იმოქმედონ მხოლოდ ინსტრუქციებისა და ინკასოს წესებით. ბანკებს დოკუმენტების შემოწმების გარდა, სხვა რაიმე ვალდებულება არ ეკისრებათ. საინკასო ოპერაციაში მონაწილე ბანკებს არ ეკისრებათ რაიმე ვალდებულება რაიემე სახის შეტყობინებების, წერილების ან დოკუმენტების გზაში დაკარგვის ან შეფერხებისათვის (იხ., ლ.ჯანაშია, წიგნში: სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014 წ., გვ. 277, 280).
120. იმის მიხედვით, თუ რამდენი ბანკი მონაწილეობს საანგარიშსწორებო ურთიერთობაში, „უნიფიცირებული წესები“ მიჯნავს შემდეგ სუბიექტებს: ბანკი რემიტენტი - ბანკი, რომელსაც კლიენტმა დაავალა ინკასოს შემუშავება; მაინკასირებელი ბანკი - ნებისმიერი ბანკი, რომელიც ჩართულია საინკასო დავალების დამუშავებაში; წარმდეგნი ბანკი - მაინკასირებელი ბანკი, რომელიც დოკუმენტებს წარუდგენს გაადმხდელს (უნიფიცირებული წესები, მუხლი 3) (იხ. თ. ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 877- საინკასო დავალება, ველი 6, 2016 წ, www. gccc.tsu.ge).
121. საინკასო დავალება, რომელიც იგზავნება შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, უნდა შეიცავდეს სრულ და ზუსტ ინფორმაციას. საინკასო დავალებაში უნდა აღინიშნოს: საანგარიშსწორებო ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა რეკვიზიტები; თანხის ოდენობა და ვალუტა, რომლის ინკასირებაც განხორციელდება; ტანდართული დოკუმენტების დანომრილი ჩამონათვალი; პირობები, რომლის შესაბამისადაც მოხდება გადახდა ან აქცეპტის მიღება და დოკუმენტების გაცემა; საბანკომომსახურების ღირებულება და ა.შ. საინკასო დავალებაში ნათლად უნდა მიეთითოს დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გადამხდელმა უნდა განახორციელოს ესა თუ ის მოწმედება („უნიფიცირებული წესები“, მუხლი 4 b).
122. დოკუმენტები და საინკასო დავალება მაინკასირებელ ბანკს ბანკმა რემიტენტმა შეიძლება გადაუგზავნოს ან თავად ან სხვა ბანკის მეშვეობით. თუ ბანკმა რემიტენტმა არ მიუთითა განსაზღვრული წარმდეგნი ბანკი, მაშინ მაინკასირებელი ბანკი გადამხდელისათვის გადახდის მოთხოვნის და დოკუმენტების წარმდეგნ ბანკს არჩევს თავისი შეხედულებისამებრ („უნიფიცირებული წესები“, მუხლი 5,e f). ბანკები პასუხს არ აგებენ გადაცემული დოკუმენტების ფორმის, სისრულის, სიზუსტის, ნამდვილობის ან იურიდიული ძალისათვის; ასევე საქონლის რაოდენობის, წონის, ხარისხის, მდგომარეობის, შეფუთვის, აღწერილობისათვის (“უნიფიცირებული წესები, მუხლი 13) (იხ. თ. ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 877- საინკასო დავალება, ველი 10, 2016 წ, www. gccc.tsu.ge).
123. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როდესაც ბანკი ახორციელებს დოკუმენტური ინკასოს ოპერაციას, იგი თანახმაა შეასრულოს გამყიდველის საინკასო ინსტრუქციები, მაგრამ არ იღებს თავის თავზე გადახდის ვალდებულებას. ამით იგი განსხვავდება აკრედიტივისაგან. აკრედიტივის შემთხვევაში, დამმოწმებელი ბანკი ან აკრედიტივის გამცემი ბანკი ვალდებულია გადახდაზე იმ პირობით, თუ ბენეფიციარი სრულად უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრული აკრედიტივის პირობების შესრულებას. გარდა ამისა, დოკუმენტური ინკასო საგრძნობლად იაფია დოკუმენტურ აკრედიტივთან შედარებით და საერთაშორისო პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება პარტნიორებს შორის ნდობის არსებობისას (იხ. დამატებით: ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2012 წ, გვ. 222).
124. „უნიფიცირებული წესები“ არ ადგენს გამხსნელი ბანკის ვალდებულებას, რომ საინკასო დავალების შესრულება მხოლოდ მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ბანკთან აწარმოოს. ბანკს უფლებამოსილება აქვს დოკუმენტები გაუგზავნოს, როგორც მის საკორესპონდენციო ბანკს, ასევე, ნებისმიერ ბანკს, მთავარია, რომ მიმღები ბანკისთვის ცნობილი უნდა იყოს მყიდველი. სწორედ ამიტომაც, შესაძლოა, მიმღები ბანკი ნასყიდობის მხარეების მიერაც დასახელდეს. განსახილველ შემთხვევაში, B. P. P, როგორც ინკასოს მიმღები ბანკი, მოპასუხე ბანკს მოსარჩელემ დაუსახელა, თავის მხრივ, მოსარჩელეს ამ ბანკის მონაცემები მყიდველმა, „პ.ე.გ–მა“ ( P. G. S.R.L.) მიაწოდა.
125. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, ივარაუდება, რომ B. P. P წარმოადგენდა მყიდველის საკორესპონდენციო ბანკს, რაც გულისხმობს, მყიდველის მხრიდან გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს უკან უნდა გადმოეგზავნა დოკუმენტაცია.
126. განსახილველი დავის მხარეებს სწორედ ეს მოლოდინი ჰქონდათ, რომ საინკასო დავალებისთვის კანონით და „უნიფიცირებული წესებით“ განსაზღვრული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდებოდა, ვინაიდან, ინკასოს უნიფიცირებული წესების თანახმად, ბანკებისთვის დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ ინკასოს ინსტრუქციაში განსაზღვრული წესებით მოქმედება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მიმღები ბანკის დასახელება თავად კლიენტსაც შეუძლია, უკვე ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მიმღები ბანკის მხრიდან კანონმდებლობით, ინკასოს „უნიფიცირებული წესებითა“ და ინსტრუქციის წესების დარღვევის შემთხვევაში, რისკის მატარებელი ვერ იქნება გამგზავნი ბანკი.
127. ზემოაღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს დოკუმენტალური ინკასოს უნიფიცირებული წესებიდან, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, ბანკები, რომლებიც იყენებენ მეორე ბანკის ან სხვა ბანკების სერვისებს პრინციპალის (ამ შემთხვევაში გამყიდველის) ინსტრუქციების შესასრულებლად, ამას ახორციელებენ ამ პრინციპალის ხარჯზე და რისკით. ბანკები არ კისრულობენ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას, თუ არ შესრულდება მათ მიერ გაცემული ინსტრუქციები, მაშინაც კი თუ მათ თავად აქვთ აღებული ინიციატივა სხვა ბანკების არჩევაზე. დოკუმენტალური ინკასოს გახსნამდე მოპასუხე ბანკმა გადაამოწმა, რომ მიმღები ბანკი სარგებლობდა სვიფტით (SWIFT), რომელსაც ფლობენ ბანკები და ბანკები ენდობიან მსგავსი ტიპის შეტყობინებებს. სწორედ ამიტომ, ინკასოს ინსტრუქციაში მიმღებ ბანკს დაევალა კიდეც მიღების სვიფტის საშუალებით დადასტურება. დოკუმენტალური ინკასოს „უნიფიცირებული წესები“ არ ადგენს ბანკების ვალდებულებას, საკორესპონდენციო მექანიზმად მხოლოდ სვიფტის გამოყენებას. ინკასოს საფუძველზე წერილობით, ან ელექტრონულად (SWIFT-ის საშუალებით) გაიცემა საინკასო დავალება, რომელშიც აისახება ინკასოს პირობები. აღნიშნული წესები ბანკებს არ ავალდებულებს ასევე დოკუმენტალური ინკასოს ინსტრუქციის გაგზავნამდე ჰქონდეთ ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლი არ მიუთითებს იმ შედეგებზე და მასში მონაწილე პირთა პასუხისმგელობაზე, რა შეიძლება წარმოიშვას ინკასოს დავალების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინკასოს „უნიფიცირებული წესები“, რომლებიც თავისი შინაარსით ავსებს სამოქალაქო კოდექსით მოცემულ ნორმებს დოკუმენტალურ საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესახებ.
128. სადავო შემთხვევაში, დადგენილია, რომ გაგზავნილი დოკუმენტები ჩაბარდა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე მიმღებ ბანკს - ბანკის წარმომადგენელ პირს. საერთაშორისო საკურიერო ფოსტის პრაქტიკის თანახმად, საფოსტო გზავნილის ჩაბარებისას ჩაბარების დასტურში დამატებითი დეტალები არ აღინიშნება და ჩაბარების დასტურად გამოიყენება წარმომადგენლის ხელმოწერა.
129. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სუფთა და დოკუმენტური ინკასო. „სუფთა“ ინკასოს დროს მყიდველისაგან (იმპორტიორისაგან) გადახდის მიღების პროცესში ბანკს საქმე აქვს მხოლოდ ფინანსურ დოკუმენტებთან (მაგ: თამასუქი, ჩეკი). კომერციული დოკუმენტები ამ დროს არ გამოიყენება („უნიფიცირებული წესები“, მუხლი 2). ინკასოს ეს სახე მეტად სარისკოა გამყიდველისათვის ( ექსპორტიორისათვის), რადგან ის ვერ აკონტროლებს საქონელზე საკუთრების უფლების გადასვლის პროცესს. ასეთ დროს არსებობს რისკი, რომ მყიდველი (იმპორტიორი) მიიღებს საქონელს და უარს იტყვის გადახდაზე. „დოკუმენტური“ ინკასოს დროს ხდება ფინანსური და კომერციული (ანუ სავაჭრო) დოკუმენტების, ან მხოლოდ კომერციული დოკუმენტების ბრუნვა („უნიფიცირებული წესები“, მუხლი 2). დოკუმენტური ინკასო სუფთა ინკასოსთან შედარებით უფრო უსაფრთხო ოპერაციაა. თუ მყიდველი უარს ამბობს გადახდაზე, კომერციული დოკუმენტები არ გადაეცემა და მას არ წარმოეშობა საქონლის განკარგვის უფლებამოსილება (იხ. თ. ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 877- საინკასო დავალება, ველი 13, 2016 წ, www. gccc.tsu.ge).
130. სააკსაციო პალატა მიუთითებს, რომ ინკასოს კლასიფიკაცია შესაძლებელია შესრულების ხერხის მიხედვითაც: შესრულება შეიძლება განხორციელდეს სათანადო დოკუმენტების წარდგენისას, ან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. დოკუმენტური ინკასოს არსი არის ის, რომ მყიდველმა (იპორტიორმა) ნაყიდი საქონლის ფასის გადახდის სანაცვლოდ მიიღოს საქონელზე კომერციული ( სავაჭრო) დოკუმენტები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დოკუმენტების გადასვლის რეგლამენტაცია. სსკ-ის 877-ე მუხლი, ისეევ როგორც „უნიფიცირებული წესების“ მე-7 მუხლი, განსაზღვრავენ დოკუმენტის გადაცემის ორ წესს: დოკუმენტები აქცეპტის სანაცვლოდ (D/A); დოკუმენტები გაადხდის სანაცვლოდ (D/P).
131. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე მოპასუხე ბანკის შედავებაზე, რომელიც არ ეთანხმება კასატორის მითითებას ინკასოს მხოლოდ SWIFT-ის საშუალებით დადასტურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დოკუმენტური აკრედიტივისგან განსხვავებით, ინკასო არ იგზავნება სვიფტით. ხოლო თუკი მიმღები ბანკი დოკუმენტების მიღებისას გამოაგზავნიდა სვიფტ შეტყობინებას (რის შესახებაც ინსტრუქციაში იყო მითითება) ეს იქნებოდა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, რომ დოკუმენტები მიღებულია (დოკუმენტების მიღება ისედაც დადასტურდებოდა საკურიერო ფოსტის ჩაბარების დოკუმენტით). შესაძლოა, მიმღებ ბანკს სვიფტით გამოეგზავნა დასტური გადახდაზე, თუმცა, რეალურად გადახდა არ შესრულებულიყო და თანხა მაინც არ ასახულიყო ანგარიშზე. შესაბამისად, მოპასუხე ბანკი მიიჩნევს, რომ SWIFT-ის ფორმატით შეტყობინების მიღება დამატებით ღირებულებას ან დაცულობას დოკუმენტალურ ინკასოს ტრანზაქციას ვერ შესძენდა.
132. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა მოსარჩელე სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების დამფუძნებელი ნორმებით ყველა წინაპირობის დადასტურებას (სსკ-ის 877-ე, 394, 408- ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხე ბანკის ბრალეულობა, კერძოდ, არ დასტურდება, რომ მოპასუხე ბანკმა დაარღვია ინკასოს მომწესრიგებელი ეროვნული თუ „უნიფიცირებული წესები“. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეს არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, კონკრეტულად რომელი წესი დაარღვია მოპასუხე ბანკმა. მოპასუხე ბანკის ვალდებულებას დოკუმენტალური ინკასოს პირობებში ტრანზაქციის წესების დაცვით შესრულება წარმოადგენდა, აღნიშნული ვალდებულება სწორად არის შესრულებული, შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში, რაც მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობაში გამოიხატა, მოპასუხე ბანკის ბრალეულობა არ იკვეთება.
133. საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სარჩელი სწორად იქნა უარყოფილი, ხოლო კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძლების არსებობაში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, ამიტომაც არ არსებობს საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
134. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
135. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
136. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
137. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
138. ვინაიდან სარჩელი და სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუშვებლადაა ცნობილი, კასატორის შუამდგომლობა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს კასატორის სასარგებლოდ კასატორის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი 12 135 ლარი და 1646 ევრო, სააპელაციო სასამართლოში გადახდილ საადვოკატო მომსახურების თანხა 1000 ლარი, არ უნდა დაკმაყოფილდეს სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ....“ -ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. შპს „ჯ....“ -ს (ს.კ:......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 10.2.2023-ში N1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
თამარ ზამბახიძე