Facebook Twitter

ას-2-2023

28 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ.პ–ი (მოპასუხე პ.პ–ის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში პ.პ–ის (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის 14 959.20 ლარის დაკისრება, ასევე 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს 7136.86 ლარისა და მზარდი პირგასამტეხლოს დაკისრება, 2017 წლის 17 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 15 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე (ს.ფ. 1-17).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, საიჯარო ქირის - 14959.20 ლარის ნაწილში.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) ცნობილ იქნა სათანადო მოსარჩელედ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14959.20 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასეე დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 500 ლარის ოდენობით; პ.პ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მზარდი პირგასამტეხლო 2017 წლის 17 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარის ოდენობით, საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დაჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 13 თებერვლის QN1190968 გადაწყვეტილების საფუძველზე, თ.მ–ძეს (პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 10 (ათი) წლის ვადით, გადაეცა შემდეგი მიწის ნაკვეთები: ქ. თბილისში, ........ ქუჩის მიმდებარედ არსებული 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: .........) და 13 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი (ს/კ: .........).

5.2. თ.მ–ძეს სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის NQN1294762 გადაწყვეტილების საფუძველზე უცვლელი საიჯარო პირობებითა და ვალდებულებებით ჩაენაცვლა პ.პ–ი.

5.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 13 თებერვილს QN1190968 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართის (საიჯარო პირობები) 3.1. და 3.2. პუნქტების თანახმად, ყოველწლიური საიჯარო ღირებულება შეადგენდა 6 000 (ექვსი ათას) ლარს. ამასთან, საიჯარო ქირა უნდა გადახდილიყო თანაბარწილად ყოველ 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა.

5.4. ამავე დანართის 12.1 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდაზე, რომელიც განიზღვრა ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5.5. პ.პ–ის მხრიდან ადგილი ქონდა ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებელობას, ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს გაფრთხილების წერილებს ადრესატის მხრიდან შედეგი არ მოჰყოლია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 31 აგვისტოს Nბ 61.01172439 ბრძანებით შეწყდა იჯარის უფლება.

5.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 13 თებერვლის QN1190968 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საიჯარი ქირის დავალიანებამ შეადგინა 14 959.20 ლარს, ხოლო საიჯარო ქირის გადაუხდელობისა და გადახდის ვადის დარღვევისათვის დარიცხულმა პირგასამტეხლომ 2017 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 7136.86 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე 2017 წლის 16 ნოემბრიდან, საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მზარდი პირგასამტეხლო 15 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ განმარატა რომ, მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

5.4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლის არსებობის შესახებ და მიიჩნია, რომ 500 ლარამდე შემცირებული პირგასამტეხლო იყო გონივრული და სრულად შეესაბამებოდა მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და როდესაც სასამართლო ერევა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, მან უნდა დაასაბუთოს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა. სასამართლოს უნდა შეეფასებინა ის გარემოება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო საიჯარო ქირის საფასური და მისი გადაუხდელობის გამო განსაზღვრული პირგასამტეხლო. შესაბამისად, მას გაცნობიერებული ჰქონდა მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღვევისათვის.

6.2. კასატორი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ასევე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომში მისი განაწილება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე. შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული გადასახდელი თანხების დაყოვნება ზიანს აყენებს საჯარო ინტერესებს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

7.1. ამავე სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე პ.პ–ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა პირველი რიგის მემკვიდრე (შვილი) გ.პ–ი.

7.2. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი

ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება მოპასუხისათვის. საიჯარო ქირის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. რაც შეეხება მის საკასაციო მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ, ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

12. უდავოა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 13 თებერვლის QN1190968 გადაწყვეტილების საფუძველზე, თ.მ–ძეს (პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 10 (ათი) წლის ვადით, გადაეცა შემდეგი მიწის ნაკვეთები: ქ. თბილისში, ....... ქუჩის მიმდებარედ არსებული 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: ........) და 13 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი (ს/კ: ......). თ.მ–ძეს, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის NQN1294762 გადაწყვეტილების საფუძველზე უცვლელი საიჯარო პირობებითა და ვალდებულებებით ჩაენაცვლა პ.პ–ი. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა ასევე მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

14. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის მიერ განსაზღვრული 500 ლარი, 2014 წლის 04 სექტემბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრამდე ვადადარღვეული პერიოდისათვის, არ წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და პროპორციულ ოდენობას და ვერ უზრუნველყოფს იმ ფუნქციის შესრულებას, რაც გააჩნია პირგასამტეხლოს მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას, რის გამოც უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას.

17. პალატის შეფასებით, იმისათვის, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო ჩაითვალოს თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვედა ზღვარის მიხედვით, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარის ოდენობით (იხილეთ: ხელშეკრულების 12.1. პუნქტი, რომლის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). ხელშეკრულებით სარგებლობის წლიურ საფასურად განსაზღვრული იყო 6000 (ექვსი ათასი) ლარი, რომლის გადახდაც მხარეს უნდა განეხორციელებინა თანაბარწილად, ყოველ 6 თვეში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი 6-თვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. გადახდის ვადა აითვლებოდა გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან. აღსანიშნავია, რომ სადავო არ არის ვადადარღვეული პერიოდის რაოდენობა. პირველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ საიჯარო ქირა გადახდილი უნდა ყოფილიყო 2014 წლის 04 სექტემბერს, 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია. შესაბამისად, ვადაგადაცილებამ შეადგინა 180 დღე (180X1=180); 2015 წლის მარტის თვეში, მოპასუხემ გადაიხადა საიჯარო ქირა 6000 ლარის ოდენობით. ხოლო, აღნიშნულის შემდგომ მოპასუხეს საიჯარო ქირის გადახდის შესახებ ვალდებულება აღარ შეუსრულებია და 2015 წლის 04 სექტემბრისთვის საიჯარო ქირის გადახდის სახით შეუსრულებელმა ვალდებულებამ შეადგინა 3000 ლარი, საბოლოოდ კი საიჯარო დავალიანებამ შეადგინა 14949.20 ლარი. შესაბამისად, 2015 წლის 04 სექტემბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 977 ლარი (977 დღეX1=977), რასაც უნდა დაემატოს 2014 წლის 4 სექტემბრისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 180 ლარი. ჯამში დასაკისრებელი პირგასამტეხლო შეადგენს 1157 ლარს. რაც შეეხება 2017 წლის 17 ნოემბრიდან საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი ოდენობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად განისაზღვრა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 (ერთი) ლარით.

18. ზემოაღნიშნული მსჯელობის თანახმად, 2017 წლის 17 ნოემბრამდე, გ.პ–ს (პ.პ–ის უფლებამონაცვლე) მოსარჩელის სასარგებლოდ, ნაცვლად 500 ლარისა უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1157 ლარის ოდენობით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება მოპასუხისათვის 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 500 ლარის ნაწილში და გ.პ–ს 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1157 ლარის ოდენობით.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

21. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 126.69 (67.56+26.28+32.85) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი, რომლითაც მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 500 ლარი და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 47.84 ლარის ოდენობით.

4. გ.პ–ს (პ.პ–ის უფლებამონაცვლე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა 1157 ლარის ოდენობით;

4. გ.პ–ს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 126.69 (67.56+26.28+32.85) ლარის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ლევან მიქაბერიძე