საქმე №ა-4897-შ-144-2023
15 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები – ი.კ–ძე, ტ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ს.დ–ი
განხილვის საგანი – ბელგიის აღმოსავლეთ ფლანდრიის ქ.დენდერმონდეს სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – შვილად აყვანა
აღწერილობითი ნაწილი
ბელგიის აღმოსავლეთ ფლანდრიის ქ.დენდერმონდეს სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ.ს.დ–მა (დაბადებული 1947 წლის 17 აპრილს, ბერხემში, შემდეგში - მშვილებელი) შვილად აიყვანა ტ.კ–ძე (დაბადებული 1989 წლის 14 იანვარს თბილისში, საქართველოს მოქალაქე, შემდეგში - პირველი შუამდგომლობის ავტორი) და ი.კ–ძე (დაბადებული 1990 წლის 9 ნოემბერს, შემდეგში - მეორე შუამდგომლობის ავტორი).
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს ტ. და ი.კ–ძეებმა და ზემოხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ი.კ–ძესა და ტ.კ–ძეს შუამდგომლობაზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში ხარვეზის აღმოფხვრა.
2023 წლის 6 დეკემბერს პალატას განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორთა წარმომადგენელმა ხ.გ–მა, რომლის განცხადების შინაარსობრივი მხარის ანალიზის შესაბამისად განცხადების ავტორი შუამდგომლობს განცხადების გამოხმობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.კ–ძის და ტ.კ–ძის წარმომადგენლის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მისი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსთვის წარდგენილ მოთხოვნაზე(იხ.: სუსგ-ები №ა-5745-შ-141-2018, 26.02.2019წ.; №ა-1187-შ-23-2021, 16.04.2021წ.).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში 2023 წლის 6 დეკემბერს ი.კ–ძის და ტ.კ–ძის ადვოკატმა წარმოდგენილი განცხადებით გაიხმო შუამდგომლობა. ამასთან, გამოხმობის განცხადება წარმოდგენილია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ შუამდგომლობის წარმოებაში მიღებამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.კ–ძის და ტ.კ–ძის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, მე-7, 831, 284-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ი.კ–ძის და ტ.კ–ძის წარმომადგენლის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ი.კ–ძის და ტ.კ–ძის შუამდგომლობა ბელგიის აღმოსავლეთ ფლანდრიის ქ.დენდერმონდეს სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი;
3. ი.კ–ძეს და ტ.კ–ძეს დაუბრუნდეს წარმოდგენილი შუამდგომლობა თანდართული მასალით.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე