Facebook Twitter

საქმე №ა-6637-შ-194-2023 12 იანვარი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –თ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე –ო.ბ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საფრანგეთის, ნანტის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის დადგენილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საფრანგეთის, ნანტის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის დადგენილებით თ.გ–სა და ო.ბ.ს შორის, 2005 წლის 13 აგვისტოს ქ. თბილისში, რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. თ.გ–მა, 2023 წლის 26 დეკემბერს, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საფრანგეთის, ნანტის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის დადგენილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს, განქორწინების თაობაზე, დადგენილებაში მითითებულია, რომ მხარეებმა სასამართლოს განქორწინების თაობაზე, 2011 წლის 1 აპრილს, ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით თ.გ–ის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ თ.გ–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. უცხო ქვეყნის სასამართლოს, განქორწინების თაობაზე, დადგენილებაში მითითებულია, რომ მხარეებმა სასამართლოს განქორწინების თაობაზე, 2011 წლის 1 აპრილს, ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

7. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც თ.გ–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უცხო ქვეყნის სასამართლოს დადგენილება.

10. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.გ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საფრანგეთის, ნანტის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის დადგენილება, რომლითაც თ.გ–სა და ო.ბ–ს შორის, 2005 წლის 13 აგვისტოს ქ. თბილისში, რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური