საქმე №ას-1238-2023 17 ნოემბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.ლ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "ს.ბ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი ან გამსესხებელი) სარჩელი ო.ტ–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან მსესხებელი) და თ.ლ–ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე) წინააღმდეგ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს - მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26 374,08 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა: 19 036,82 ლარია, საპროცენტო სარგებელი 6 217,45 ლარი, საკომისო 119,81 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 28 იანვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით სარგებლის 15,64 ლარის ყოველდღიურად გადახდა დაეკისრა; პირველი მოპასუხისათვის დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, (1) შენობა #1-ის ერთი გამოყოფილი ნაწილი ფართი #2- 232,41 კვმ; 2) შენობა #2-13.12 კვმ) მდებარე: ქ. ქუთაისში, ......, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .......; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვას, დაკისრებული თანხის გადახდევინება უნდა განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონებიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის, 2018 წლის 1 ნოემბერს, დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 300 თვით, წლიური საპროცენტო სარგებელი 0-დან 4%-მდე;
3.2. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებელსა და გამსესხებელს შორის, 2018 წლის 1 ნოემბერს, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც პირველი მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი 19 390 ლარი, 84 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის 1.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27 %-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადაგაცილების სრულ აღმოფხვრამდე ერთჯერადად 20 ლარი, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო წლიური 0,27 %;
3.3. გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 1 ნოემბერს, იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, (1) შენობა #1-ის ერთი გამოყოფილი ნაწილი ფართი #2-232,41 კვმ; 2) შენობა #2-13.12 კვმ) მდებარე, ქ. ქუთაისში, ......, ს/კ: ..... ამჟამად იპოთეკის საგნის მესაკუთრე მეორე მოპასუხეა;
3.4. მსესხებლის დავალიანება გამსესხებლის მიმართ შეადგენს 28 764,08 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 19 036,82 ლარი, პროცენტი 6 217,45 ლარი, საკომისო 119,81 ლარი, პირგასამტეხლო 3 390 ლარი;
3.5. პირველი მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნული სესხით მეორე მოპასუხემ შეიძინა საცხოვრებელი სახლი და სესხის გადახდის ვალდებულებაც მან (მეორე მოპასუხემ) იკისრა, შესაბამისად გამსესხებელი ბანკის მიმართ მას (პირველ მოპასუხეს) შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია;
3.6. მეორე მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, მისი განმარტებით, აღნიშნული სესხით პირველი მოპასუხისაგან შეიძინა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, ...... ქუჩა #138, ს/კ: ...... და აიღო ვალდებულება, რომ დადგენილი გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად გადაეხადა სესხის თანხა თვეში 500 ლარი. მეორე მოპასუხე სადავოდ ხდის სესხის პროცენტს და პირგასამტეხლოს;
3.7. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის მტკიცება, რომ სესხის გადახდის ვალდებულება მეორე მოპასუხეს გააჩნდა იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული სესხით მეორე მოპასუხემ შეიძინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება და თავად აიღო სესხის გადახდის ვალდებულებაც, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება პირველ მოპასუხეს სასამართლოში არ წარუდგენია;
3.8. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებლის (პირველი მოპასუხის) მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც კრედიტორს სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას აძლევს.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა მათ შორის დადებული საბანკო კრედიტის და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს.
5. აპელანტი (მეორე მოპასუხე) დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ძირითადი თანხის ოდენობას, შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის (30%), პირგასამტეხლოს (1000 ლარი), საკომისიოს (119,81 ლარი) და მიუღებელი შემოსავლის (სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 28 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური 15,64) დაკისრება, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის მართლზომიერება.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 867-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სსკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
7. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა სესხის სარგებლობისათვის პროცენტი წლიური 30 %, მოვალისათვის სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდა სრულად გამომდინარეობს სსკ-ის 623-625-ე, 686-ე, 891-ე და 895-ე მუხლების მოთხოვნებიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სარგებლის (პროცენტი) – გადახდის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია, ამდენად არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
8. ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე პერიოდზე, მიუღებელი შემოსავლის სახით ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის პროპორციულად ზიანის ანაზღაურების ნაწილში აპელანტის (მეორე მოპასუხის რომელიც ამჟამად იპოთეკის საგნის მესაკუთრეა) პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა:
8.1. სსკ-ის 411-412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ -მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;
8.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის №-ას-1385-1307-2012 გადაწყვეტილებაზე მიუთითა, რომელშიც ასახული მსჯელობის შესაბამისად, მოსარჩელე არის საკრედიტო ორგანიზაცია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კრედიტის გაცემის გზით სარგებლის მიღება; ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება სწორედ იმ მოლოდინით ხდება, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. აქედან გამომდინარე დასაბუთებულია ვარაუდი, რომ კრედიტის მიმღების (მსესხებლის, პირველი მოპასუხის) მიერ კრედიტის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში კრედიტის გამცემი (მოსარჩელე ბანკი), მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაბრუნებულ კრედიტს გამოიყენებდა სარგებლის მისაღებად, ხოლო კრედიტის დაუბრუნებლობით ან დაგვიანებით დაბრუნებით მიადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით;
8.3. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით, განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი. ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემა, სწორედ სარგებლის მიღებამ განაპირობა, თუმცა ბანკი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვეღარც სარგებელს იღებს. შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც კრედიტორთან მიმართებით მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა და რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, არ გადაიხადა კრედიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მოსარჩელეს, როგორც კრედიტის გამცემს, უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ტოლფასი ოდენობის ზიანის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება მოითხოვა სარჩელის შეტანიდან - 2020 წლის 28 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამდენად, სახეზეა სსკ-ის 411-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
9. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
9.1. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა. იგი წარმოადგენს ძირითადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა;
9.2. სადავო არ არის, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა, არ გადაიხადა ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაეკისრა კიდეც მოპასუხე მხარეს;
9.3. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე კრედიტორის მოთხოვნა საფუძვლიანად ჩაითვალა, დასაბუთებულია.
10. აპელანტის (მეორე მოპასუხის) მოთხოვნიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობით პირგასამტეხლო გონივრულია თუ არა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა:
10.1. მოპასუხის მიერ კრედიტის ძირითადი თანხის ნაწილში სადავო არ გამხდარა შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობა და არც ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა, ამასთან, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო დაანგარიშებული იყო 1,5 %-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის, 0,27%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც მთელ ვადაგადაცილებულ პერიოდზე 3 390 ლარი შეადგინა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა თითქმის 4-ჯერ და განისაზღვრა 1000 ლარით, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით გონივრულია და გამორიცხავს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
11. რაც შეეხება დავალიანების დაფარვის მიზნით ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის მართლზომიერებას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
11.1. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 1 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 84256-12-ა და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 1 ნოემბერს, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ქუთაისში, ....., ს/კ: ....., დღევანდელი მდგომარეობით იპოთეკის საგნის მესაკუთრე მეორე მოპასუხეა. მხარეები ამავე იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე;
11.2. მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგინდა მოვალის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტი, მხარეთა აღნიშნული შეთანხებიდან გამომდინარე, არსებობდა როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის, ასევე, რეალიზაციიდან მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავ ქონებებზე გადახდევინების მიქცევის საფუძველი.
12. რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ დაზღვევის მართვის საკომისიოს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამსესხებელსა და მსესხებელს შორის 01.11.2018 წელს დადებული N8425642-ა-8425642 საკრედიტო ხელშეკრულების 4.14 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიოზე წლიური 0,27 %-ის ოდენობით, ამავდროულად ეს ოდენობა თავსდება სსკ-ის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილით საკომისიოსათვის დადგენილ ფარგლებში. შესაბამისად, მითითებული გარემოებები ქმნიდა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ბანკის სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის საკომისიოს სახით 119,81 ლარის დაკისრებისათვის, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ პროცენტის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
13.2. კასატორმა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე მიუთითა. კასატორის განმარტებით, ბანკი კაბალურ პირობებს სთავაზობს მსესხებლებს, რისი შეცვლაც მათ არ შეუძლიათ;
13.3. კასატორის განმარტებით მიუღებელი შემოსავლის დაკისრება პროცენტიდან პროცენტის დაკისრებას ემსგავსება, რაც დაუშვებელია.
13.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
16. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
17. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
19. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დაირღვა. შესაბამისად, იგი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტი. აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მეორე მოპასუხემ (კასატორმა) სარჩელი ცნო საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხების მოთხოვნის ნაწილში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში. სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (სუსგ №ას-1028-2021, 01.07.2022წ.). ამასთან, სსსკ-ის 208.3-ე მუხლის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგი.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირითად ნაწილს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (შეად. სუსგ-ებს: Nას-681-652-2016, 17.02.2017წ.; Nას-226-2019, 24.04.2020წ; N ას-1471-2022, 28.04.2023წ; N ას-1585-2022, 12.06.2023წ; N ას-1054-2021, 27.06.2023წ; N ას-278-2023, 27.06.2023წ; N ას-440-2023, 18.07.2023წ.).
21. სასამართლომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა (შეად. სუსგ-ებს: Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; N ას-1056-2021, 17.12.2021წ.). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და შეამცირა მისი ოდენობა 1 000 ლარამდე, რაც გონივრული ოდენობაა და მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების რაიმე საფუძველი. რაც შეეხება პირველი მოპასუხისთვის დაკისრებულ მიუღებელ შემოსავალს - საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას, გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც შესაბამება დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. სუსგ-ები: Nას-1381-2018, 28.06.2019წ.; Nას-681-652-2016, 17.02.2017წ.; Nას-1427-2019, 17.07.2020წ; N ას-577-2021, 2.12.2021წ; N ას-242-2022, 13.10.2022წ; N ას-874-2022, 27.10.2022წ; N ას-1267-2020, 15.11.2022წ; N ას-1459-2022, 14.02.2023წ; N ას-41-2023, 7/03.2023წ.).
22. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე ბანკის (გამსესხებლის) სარჩელი, სსკ-ის 420-ე და 411-ე მუხლების დანაწესების გათვალისწინებით, გონივრულ და სამართლიან ფარგლებში დაკმაყოფილდა.
23. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური