Facebook Twitter

ბს-603-189(გ-05) 6 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბ. მ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

შინაგან საქმეთა მინისტრის 17.08.04წ. ¹435 ბრძანებით, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა, მათ შორის, შსს სისტემაში შემავალი დაცვის პოლიციის გურჯაანის სამმართველოს უფროსი ბ. მ-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.

ბ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა შს მინისტრის 17.08.04წ. ¹425 ბრძანების ბათილად ცნობა, შესაბამისად სამსახურიდან მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და ხელფასის ანაზღაურება იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მოსარჩელის შუამდგომლობით სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.04.05წ. განჩინებით ბ. მ-ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 17.08.04წ. ¹435-ე ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში მიღებული იქნა წარმოებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველის ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, შს მინისტრის 17.08.04წ. ¹435 ბრძანების ბათილად ცნობა თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან, გათავისუფლების უკანონოდ ცნობის, ბ. მ-ის წინანდელ სამუშაოზე აღდგენის და სამასახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურების ნაწილში ბ. მ-ის მოთხოვნები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით არ არის გათვალისწინებული საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეთა ნუსხაში, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეთა რიცხვს განეკუთვნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული დავა განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მსაალებით დასტურდება, რომ ბ. მ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადების მოითხოვა საქართველოს შს მინისტრის 17.08.04წ. ¹435 ბრძანების ბათილად ცნობა და შესაბამისად ბ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობა; ბ. მ-ის წინანდელ სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა; ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.04.05წ განჩინებით ბ. მ-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს საქართველოს შს მინისტრის 17.08.04წ. ¹435 ბრძანების ბათილად ცნობას. აღნიშნული ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა შს მინისტრის საორგანიზაციო-საშტატო ბრძანებები, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რიგითი და ოფიცერთა პირადი შემადგენლობა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, დაცვის პოლიციის უფროსს დაევალა ახალი საშტატო განრიგის დამტკიცება. ამდენად, სასარჩელო მოთძხოვნის ის ნაწილი, რომელიც ეხება შს მინისტრის 17.08.04წ. ¹435 ბრძანების ბათილად ცნობას, არ იწვევს სასამართლოებს შორის დავას განსჯადობის შესახებ. ვინაიდან სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლო წყვეტს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების განსჯადობაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ. მ-ის გათავისუფლება მოხდა შს მინისტრის 17.08.04წ. ¹435 ბრძანების საფუძველზე, კერძოდ, ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით დეპარტამენტის რიგითი და ოფიცერთა პირადი შემადგენლობა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ბ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების რაიმე სხვა საფუძველი საქმის მასალებში არ მოიპოვება. საქართველოს შს მინისტრის სადავო ბრძანების ბათილად ცნობა თავისთავად გამოიწვევს ბ. მ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ბათილად ცნობას, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, განაცდურის პერიოდში ხელფასის ანაზღაურებას, აღნიშნულ მოთხოვნებს არ აქვთ დამოუკიდებელი ხასიათი, ისინი გამომდინარეობენ შს მინისტრის სადავო ბრძანებით ბათილად ცნობის მოთხოვნიდან. ამდენად, განსახილველი დავის ძირითად საკითხს წარმოადგენს შს მინისტრის 17.08.04წ. ¹435 ბრძანების მართლზომიერება, აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა მოიცავს ყველა დანარჩენ მოთხოვნებს. შს მინისტრის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილება ავტომატურად გამოიწვევს ბ. მ-ის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. მ-ის სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობის, ბ. მ-ის წინანდელ სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურების შესახებ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. ბ. მ-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.