Facebook Twitter

საქმე №ას-1356-2023 13 დეკემბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საჩივრის ავტორი - შპს "ბ.ბ.გ–ა"

წარმომადგენლები - გ.კ–ნი, გ.ს–ძე, ლ.ხ–ძე, ბ.ძ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - „ H.P.T.I.V.D.T.L.S.“

წარმომადგენლები - მ.კ–ი, ა.ხ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინება და, მისი უცვლელად დატოვების თაობაზე, იმავე სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინების და, მისი უცვლელად დატოვების თაობაზე, იმავე სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 11 სექტემბერს განცხადებით მიმართეს „ H.P.T.I.V.D.T.L.S.“-ის /ჰ.პ.ტ.ი.დ.თ.ლ.ს–ის/ (შემდეგში: ქვეკონტრაქტორი, განმცხადებელი, საარბიტრაჟო მოსარჩელე ან „ჰ.თ–ი“), როგორც მომავალი საარბიტრაჟო მოსარჩელის, წარმომადგენლებმა და მოითხოვეს საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:

1.1. „ H.P.T.I.V.D.T.L.S.“-სა და შპს „ბ.ბ.გ–ას“ (შემდეგში: კონტრაქტორი, „ბბგ“, საარბიტრაჟო მოპასუხე ან საჩივრის ავტორი) შორის 2021 წლის 13 მარტს გაფორმდა ქვეკონტრაქტი, რომლის საფუძველზე „H.P.T.I.V.D.T.L. S“-მა, როგორც ქვეკონტრაქტორმა კონტრაქტორის - შპს „ბ.ბ.გ–ის“ სასარგებლოდ რედისონ რედ სასტუმროს პროექტის (Raddison Red Hotel Project) ფარგლებში გარკვეული სამუშაოების (ძირითადად სადურგლო სამუშაოების) შესრულება იკისრა. მომავალი საარბიტრაჟო მოსარჩელე თურქეთში დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირია, ხოლო მისი მოწინააღმდეგე - შპს „ბ.ბ.გ–ა“ საქართველოში რეგისტრირებულ შპს-ას წარმოადგენს;

1.2. შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ კონტრაქტორს ქვეკონტრაქტორისათვის უნდა გადაეხადა 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) აშშ დოლარი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ ქვეკონტრაქტორს ქვეკონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად უნდა წარედგინა საბანკო გარანტია ხელშეკრულების ფასის 10 % -ის ოდენობით, რაც „ჰ.თ–მა“ განახორციელა კიდეც;

1.3. მხარეთა შორის 2021 წლის 13 მარტს გაფორმებული ქვეკონტრაქტიდან გამომდინარე ქვეკონტრაქტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სს „ი.ს–ოს“ (ს/ნ .........; შემდეგში: გარანტი) მიერ 2021 წლის 27 აპრილს გაიცა საბანკო გარანტია N 0646GLF100167, 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარზე;

1.4. მომავალმა საარბიტრაჟო მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოსთვის 2023 წლის 11 სექტემბერს წარდგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ მას ამ დროისათვის სრულად და დროულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით აქვს შესრულებული 2021 წლის 13 მარტის ქვეკონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარეს (კონტრაქტორს) მხოლოდ ნაწილობრივ აქვს გადახდილი ქვეკონტრაქტორისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური. განცხადების სააპელაციო სასამართლოში წარდგენის დროისათვის კონტრაქტორს ქვეკონტრაქტორისათვის (განმცხადებლისათვის) გადასახდელი აქვს 464 392 (ოთხას სამოცდაოთხი ათას სამას ოთხმოცდათორმეტი) აშშ დოლარი. კონტრაქტორი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ სახელშეკრულებო ვალდებულებას, რის გამოც განმცხადებელი იძულებულია, ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართოს არბიტრაჟს.

1.5. ხელშეკრულების 17.4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმებული არიან ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მათ შორის არსებულ დავებზე „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე (იხ. ხელშეკრულება- ს.ფ.44);

1.6. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ კონტრაქტორმა, გარდა იმისა, რომ არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, 2021 წლის 7 სექტემბერს მიმართა გარანტს- სს „ი.ს–ოს“ და 2021 წლის 27 აპრილის საბანკო გარანტიის (იხ. წინამდებარე განჩინების 1.3 ქვეპუნქტი) ფარგლებში, მისთვის როგორც ბენეფიციარისათვის, თანხის გადახდა მოითხოვა. საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობებისა და ზოგადად, საბანკო გარანტიის, როგორც ინსტიტუტის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, გარანტი ვალდებულია, ბენეფიციარის მიმართვიდან სამ სამუშაო დღეში მოახდინოს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ბენეფიციარისათვის გადახდა ისე, რომ გარანტი არ/ვერ იკვლევს იმ ძირითადი ვალდებულების შესრულება/არშესრულების საკითხს, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. აქედან გამომდინარე, მომავალი საარბიტრაჟო მოსარჩელის ინტერესების დასაცავად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება;

1.7. ქვეკონტრაქტორმა სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადებით მოითხოვა დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლანმდე აიკრძალოს „ჰ.თ–სა“ (ქვეკონტრაქტორსა) და შპს „ბ“-ას (კონტრაქტორს) შორის 2021 წლის 13 მარტს გაფორმებული ქვეკონტრაქტიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს „ი.ს–ოს“ (ს/ნ .....) მიერ 2021 წლის 27 აპრილს გაცემული საბანკო გარანტიის N0646GLF100167 საფუძველზე ან/და მისგან გამომდიანრე ნებისმიერი თანხის საარბიტრაჟო მოპასუხისათვის (კონტრაქტორისათვის) გადაცემა/გადახდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით „ H.P.T.I.V.D.T.L.S.“-ის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. საარბიტრაჟო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სს „ი.ბ–ი საქართველოს“ აეკრძალა „ H.P.T.I.V.D.T.L.S.“-სა და შპს „ბ.ბ.გ–ას“ (ს/ნ .....) შორის 2021 წლის 13 მარტს გაფორმებული ქვეკონტრაქტიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს „ი.ს–ოს“ (ს/ნ .......) მიერ 2021 წლის 27 აპრილს გაცემული საბანკო გარანტიის N0646GLF100167 საფუძველზე ან/და მისგან გამომდინარე, ნებისმიერი თანხის საარბიტრაჟო მოპასუხისთვის (შპს „ბ.ბ.გ–ისთვის“) გადაცემა/გადახდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2023 წლის 14 სექტემბერს კრედიტორზე „ H.P.T.I.V.D.T.L.S.“ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ.77).

4. საქმის მასალებშია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) 2023 წლის 22 სექტემბრით დათარიღებული საარბიტრაჟო განაცხადის/საარბიტრაჟო სარჩელის მიღების დასტური, რომლის თანახმად საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნო ადასტურებს, რომ 2023 წლის 21 სექტემბერს სამდივნომ მიიღო “ჰ.თ–ის“ (ქვეკონტრაქტორი საწარმოს) საარბიტრაჟო განაცხადი, რომლის მიხედვითაც შპს „ბ.“ (კონტრაქტორი საწარმო) დასახელებულია საარბიტრაჟო მოპასუხედ. სამდივნომ შეამოწმა საარბიტრაჟო განაცხადის შესაბამისობა საარბიტრაჟო წესების მე-6 მუხლის მოთხოვნებთან და 2023 წლის 22 სექტემბერს გაატარა საარბიტრაჟო განაცხადი რეგისტრაციაში (ს.ფ. 85).

5. საარბიტრაჟო მოპასუხემ - შპს „ბ.ბ.გ–ამ“ (კონტრაქტორმა) 2023 წლის 22 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოს საჩივრით (იხ. ს.ფ.86-119) მიმართა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 194-ე მუხლის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმება იმ მოტივით მოითხოვა, რომ ის უკანონოა და ეწინააღმდეგება საპროცესო კოდექსის ნორმებს. საჩივარში მითითებულია, რომ უზრუნველყოფის განჩინების შესახებ კონტრაქტორმა (საარბიტრაჟო მოპასუხემ) შეიტყო გარანტი ბანკისაგან.

5.1. განცხადებაში მითითებულია, რომ გაუგებარია რომელი ფაქტითა თუ მტკიცებულებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის განაღდება არ აეკრძალებოდა ბანკს, განსახილველ საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას შეექმნებოდა საფრთხე. ფაქტია, რომ განმცხადებელი (ქვეკონტრაქტორი) აპირებს ქვეკონტრაქტის საფუძველზე თანხის ანაზღაურების დასაკისრებლად მოწინააღმდეგე მხარესთან დავას, სწორედ ამიტომ ამ მოთხოვნას არ აქვს კავშირი საბანკო გარანტიასთან;

5.2. განმცხადებელი (ქვეკონტრაქტორი) არსად უთითებს, რომ საბანკო გარანტია უცილოდ/საცილოდ ბათილია ან ვადაგასულია და ამ მიმართულებით დავას გეგმავს. განმცხადებელი (ქვეკონტრაქტორი) მხოლოდ იმაზე აცხადებს პრეტენზიას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს (კონტრაქტორს) ქვეკონტრაქტორის წინაშე შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულება აქვს, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს, რომ ქვეკონტრაქტორის უშუალოდ ამ მოთხოვნის მიმართ არსებობს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი ან საერთოდაც - კონტრაქტორის შეგებებული მოთხოვნა. მოწინააღმდეგე მხარისათვის (საჩივრის წარმდგენი კონტრაქტორისათვის) საბანკო გარანტიის გამოყენების აკრძალვა ამ დავაში ვერ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან ამით ვერ იფარება ის ჰიპოთეტური რისკები, რომლებზეც უზრუნველყოფის განჩინებაშია საუბარი;

5.3. იმ შემთხვევაში, თუ „ჰ.თ–ს“ (ქვეკონტრქტორს) მიაჩნია, რომ მას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე და აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენას (რისი საფუძველიც მას არ აქვს), მას აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად უნდა მოეთხოვა არა იმ საბანკო გარანტიის ფარგლებში კონტრაქტორისათვის თანხის გადახდის/გადარიცხვის აკრძალვა, რომელიც წარმოადგენდა ქვეკონტრაქტორის მიმართ კონტრაქტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობად ღონისძიებას, არამედ კონტრაქტორის ნებისმიერი სხვა აქტივის გასხვისების/უფლებრივი დატვირთვის/განკარგვის აკრძალვა;

5.4. განმცხადებლის (ქვეკონტრაქტორის) არგუმენტი, რომ საბანკო გარანტიის განაღდება მას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა, სრულიად უსაფუძვლოა, რადგან სამოქალაქო კოდექსი მას სთავაზობს დაცვის მექანიზმს იმ შემთხვევებში, თუკი საბანკო გარანტიის თანხა მართლაც უსაფუძვლოდ გაიცემა. საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო სამართალწარმოების ბუნება ნათელს ხდის, რომ ბანკის მიერ საგარანტიო თანხის გაცემით, მყისიერი ფინანსური შედეგი განმცხადებლის (წინამდებარე დავაში ქვეკონტრაქტორის) მიმართ არ და ვერ დადგებოდა, რადგან ბანკის მხრიდან რეგრესული მოთხოვნის დაყენებას და აღსასრულებელი შედეგის მიღებას, მნიშვნელოვანი დრო სჭირდება და ამ ნაწილშიც, განმცხადებელს, როგორც პრინციპალს, ექნებოდა შესაძლებლობა, დაეყენებინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი (თუკი მართლაც მიაჩნია, რომ არ არსებობს საგარანტიო თანხის გაცემის საუძველი; იხ. სუსგ N ას-40-2022 განჩინება პარ.18.1);

5.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 879-ე მუხლის თანახმად, „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას“. სსკ-ის 881-ე მუხლის თანახმად, „საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომელის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე“ . ამავე კოდექსის 882-ე მუხლის მიხედვით, „საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. 890.1-ე მუხლის თანახმად კი „გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია“;

5.6. გარანტიის უპირატესობა, უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან შედარებით, მდგომარეობს გარანტისაგან დაკმაყოფილების დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობაში. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას, არამედ მისი გამცემის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. ბენეფიციარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ორი საფუძველი არსებობს: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს და თუ ისინი წარდგენილია გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. ამ პირობებს კავშირი არ აქვს ძირითადი ვალდებულების შესრულებასთან. ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის დადებული ძირითადი ხელშეკრულება დამოუკიდებელია ბენეფიციარსა და გარანტს შორის არსებული ურთიერთობისგან. გარანტს არ აქვს უფლება უარი განაცხადოს შესრულებაზე და ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც საფუძვლად უდევს საბანკო გარანტიას. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ბენეფიციარს ევალება მოთხოვნაში ან მის დანართში, პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტისა და იმ გარემოების მითითება, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა, ხოლო იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება. მოთხოვნის სწრაფად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკის ვალდებულება დამოუკიდებელია არა მარტო ბენეფიციარისა და პრინციპალის, არამედ პრინციპალსა და გარანტს შორის არსებული ურთიერთობისგანაც. საბანკო გარანტია, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი, ითვლება დამოუკიდებელ გარიგებად, რომელსაც არ აქვს აქცესორული ბმა იმ ძირითად გარიგებასთან, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ის. ამდენად, ძირითადი ხელშეკრულების მხარეებს შორის რაიმე ტიპის უთანხმოების არსებობა, არ უნდა ახდენდეს გავლენას თავად საბანკო გარანტიაზე, მის ნამდვილობაზე ან თუნდაც, საბანკო გარანტიით ბენეფიციარისთვის მინიჭებულ უფლებებზე (იხ. სუსგ-ები: N ას-40-2022; N ას-1365-2019; N ას-1231-1151-2017);

5.7. საჩივრის ავტორმა (კონტრაქტორმა) მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ბანკს (როგორც გარანტს), კონტრაქტორ საწარმოს (როგორც ბენეფიციარს) და ქვეკონტრაქტორს (როგორც პრინციპალს) შორის გაფორმებული საბანკო გარანტია, თავისი ბუნებითა და შინაარსით, უპირობო საბანკო გარანტიაა, რაც ითვლება ისეთი ტიპის საბანკო გარანტიად, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა საკუთარი დამოუკიდებლობით ძირითადი ხელშეკრულებისგან (ამ შეთხვევაში ქვეკონტრაქტისგან);

5.8. კონტრაქტორის მსჯელობით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული უზრუნველყოფის განჩინებით ასეთი შედეგი დადგა: ბანკს საერთოდ აეკრძალა იმ მოქმედების განხორციელება (გარანტიის თანხის გაცემა), რომლის შესრულებაც მას, როგორც გარანტს, ევალებოდა თუკი ამას მოითხოვდა ბენეფიციარი, ანუ კონტრაქტორი). ბანკი, როგორც ქვეკონტრაქტორთან სამართლებრივ ურთიერთობაში არმყოფი მხარე, არ არის წინამდებარე დავაში ჩართული და მის მიერ გაცემული უპირობო საბანკო გარანტიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბანკს არც უნდა შეემოწმებინა, რამდენად სამართლიანი იყო კონტრაქტორის (ბენეფიციარის) მოთხოვნა გარანტიის თანხის გაცემაზე და ეს თანხა მხოლოდ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უნდა გაეცა;

6. საჩივრის წარმდგენმა კონტრაქტორმა სააპელაციო სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა ვალდებულებები და უფლებები ჰქონდათ/აქვთ ქვეკონტრატორსა („ჰ.თ–ი“) და კონტრაქტორს (შპს „ბ.“) ქვეკონტრაქტიდან გამომდინარე:

6.1. ქვეკონტრაქტის ფარგლებში შპს „ბ“ წარმოადგენს კონტრაქტორს/დამკვეთს, ხოლო „ჰ.თ–ი“ - ქვეკონტრაქტორს/შემსრულებელს. შემსრულებელს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა შეესრულებინა გარკვეული სამუშაოები კონტრაქტორის სასარგებლოდ. თავის მხრივ, ქვეკონტრაქტორის პირდაპირ და ცალსახა ვალდებულებას წარმოადგენდა, დროულად და ჯეროვნად შეესრულებინა ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თარიღამდე, რაც ქვეკონტრაქტის მიხედვით თავდაპირველად 2021 წლის 30 სექტემბრით განისაზღვრა, ხოლო შემდეგ მხარეთა 2022 წლის 29 ნოემბრის შეთანხმებით ქვეკონტრაქტში შეტანილი ცვლილების თანახმად - 2022 წლის 31 დეკემბრით. სწორედ ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების სათანადოდ შესრულების სანაცვლოდ უნდა მიეღო ქვეკონტრაქტორს/შემსრულებელს შესაბამისი ანაზღაურება;

6.2. ქვეკონტრაქტის საფუძველზე ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების არადროული შესრულების ან სხვა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კონტრაქტორს მიენიჭა უფლებამოსილება, ბანკისაგან (გარანტისაგან) მოეთხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურება. ქვეკონტრაქტის მე-5 მუხლით განისაზღვრა ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების უზრუნველსაყოფად კონტრაქტორისათვის ვალდებულების შესრულების გარანტიის წარდგენა, რაც სახელშეკრულებო ღირებულების 10 %-ს - 270 000 აშშ დოლარს შეადგენს. გარანტმა გასცა საბანკო გარანტია. საჩივრის ავტორი უთითებს ქვეკონტრაქტის 5.3 მუხლზე და განმარტავს, რომ ამჟამად მოქმედი საბანკო გარანტიის ვადა 2024 წლის 30 მარტია (იხ. ს.ფ. 55 და 92-93).

6.3. საჩივრის ავტორის (კონტრაქტორის) მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ კონტრაქტორს ჩამოართვა ქვეკონტრაქტორის მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევების საპასუხოდ გათვალისწინებული ის ერთადერთი დაცვითი და მოთხოვნის უზრუნველმყოფი მექანიზმი, რაც მას მინიჭებული ჰქონდა ქვეკონტრაქტით და ამით უხეშად ჩაერია ისეთ გარიგებაში (იგულისხმება საბანკო გარანტია), რომელიც დამოუკიდებელია ქვე-კონტრაქტისგან;

7. საჩივრის ავტორის მტკიცებით მოცემული დავის ქვეკონტრაქტორი არის არასათანადო განმცხადებელი, რაც მან განზრახ დამალა. შესაბამისად, მას არ ჰქონდა იურიდიული ინტერესი უზრუნველყოფის განჩინების მიმართ და ამიტომ ვერც მისი გამოუყენებლობით მიადგება გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი. 2023 წლის 1 აპრილს კონტრაქტორს, ქვეკონტრაქტორსა და შპს „ჰ.ჯ–ას“ (ს/ნ .....; შემდეგში: მიმწოდებელი) შორის გაფორმდა უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემის ხელშეკრულება. გადაცემის ხელშეკრულების თანახმად, ქვეკონტრაქტორს და კონტრაქტორს სურდათ, რომ პროექტის დაწყებიდან ქვეკონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილი ნებისმიერი და ყველა უფლება და ვალდებულება გადაცემულიყო მიმწოდებლისათვის;

7.1. გადაცემის ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა („ჰ.ჯ–ამ“) აიღო ვალდებულება, შეესრულებინა ქვეკონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ქვეკონტრაქტორის ნებისმიერი და ყველა უფლება და ვალდებულება. სწორედ მიმწოდებელ კომპანიას („ჰ.ჯ–ას“) გადაეცა ყველა უფლება, რაც მინიჭებული ჰქონდა ქვეკონტრაქტორს („ჰ.თ–ს“) ქვეკონტრაქტიდან გამომდინარე. თავის მხრივ, 2023 წლის 1 აპრილის შემდეგ, ნებისმიერი და ყველა გადახდა კონტრაქტორის მიერ უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის („ჰ.ჯ–ას“) სასარგებლოდ და არა ქვეკონტრაქტორის („ჰ.თ–ის“) სასარგებლოდ;

7.2. გადაცემის ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან- 2023 წლის 1 აპრილს. შესაბამისად აღნიშნული თარიღის შემდეგ კონტრაქტორის მიმართ ნებისმიერი მოთხოვნის დაყენების უფლება ჰქონდა მიმწოდებელს („ჰ.ჯ–ას“), რომელსაც გადაეცა ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული „ჰ.თ–ის“ ნებისმიერი და ყველა უფლება და ვალდებულება. შესაბამისად, „ჰ.თ–ი“ არ წარმოადგენს იმ იურიდიული პირს, რომელსაც შეეძლო/შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელით მიმართოს კონტრაქტორის წინააღმდეგ და, მეტიც, მოითხოვოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება, მით უმეტეს, იმაზე მითითებით, რომ „უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით“.

8. საჩივრის ავტორი ასევე უთითებს, რომ განმცხადებელი უბრალოდ ცრუობს ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე, როდესაც ამბობს, რომ „განცხადების სასამართლოში წარდგენის დროისათვის, განმცხადებელს სრულად და დროულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით აქვს ზემოთ აღნიშნული ქვეკონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული“. რეალურად, განმცხადებელს ქვეკონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში - 2022 წლის 31 დეკემბრამდე, არ დაუსრულებია შესაბამისი სამუშაოები. სამუშაოების დროულად დაუსრულებლობის თაობაზე, 2023 წლის 6 სექტემბერს კონტრაქტორმა ქვეკონტრაქტორსა და მიმწოდებელს (როგორც „გადაცემის ხელშეკრულების“ საფუძველზე ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორის ვალდებულებების მიმღებ პირს) გაუგზავნა წერილი, რომლითაც განმცხადებელსა („ჰ.თ–სა“) და მიმწოდებელს („ჰ.ჯ–ას“) აცნობა: იმის გათვალისწინებით, რომ ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა ამოიწურა 2022 წლის 31 დეკემბერს და ამ ვადაში ისინი არ დასრულებულა, კონტრაქტორი მათგან ითხოვდა გარიგებით შეთანხმებული თანხის ანაზღაურებას იმ წესის შესაბამისად, რომელიც შეთანხმდა ქვეკონტრაქტორთან;

8.1. უფრო კონკრეტულად, ქვეკონტრაქტორმა დათქმულ ვადაში ვერ დაასრულა გარიგებით გათვალისწინებული სამუშაოები და, თავის მხრივ, მიმწოდებელმა („ჰ.ჯ–ამ“) იკისრა ვადაგადაცილებული ვალდებულებების შესრულება. საბოლოოდ კი ქვეკონტრაქტორისა და მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების პერიოდი ითვლიდა 212 კალენდარულ დღეს (2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე). ამასთან, კონტრაქტორმა ქვეკონტრაქტორსა და მიმწოდებელს ისიც აცნობა, რომ ქვეკონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად: „თუ ქვეკონტრაქტორი ვერ იცავს ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას, კონტრაქტორი უფლებამოსილია აუნაზღაურდეს დაგვიანებული შესრულებით გამოწვეული ზიანი“. ხსენებული ორი კომპანიისგან კონტრაქტორმა მოითხოვა 574,739.38 (ხუთას სამოცდათოთხმეტი ათას შვიდას ოცდაცხრამეტი მთელი ოცდათვრამეტი მეასედი) აშშ დოლარის ანაზღაურება. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო არა უგვიანეს 2023 წლის 7 სექტემბრისა, რაც დღემდე არ შესრულებულა;

8.2. საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია, რათა სასამართლომ იცოდეს, რომ განმცხადებლის (ქვეკონტრაქტორის) მხრიდან ადგილი აქვს ქვეკონტრაქტის დარღვევას და მას კონტრაქტორისათვის გადასახდელი აქვს 243,993.13 (ორას ორმოცდასამი ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი მთელი ცამეტი მეასედი) აშშ დოლარი, ხოლო ქვეკონტაქტორის უფლებამონაცვლეს - მიმწოდებელ კომპანიას კონტრაქტორისათვის გადასახდელი აქვს 330,746.25 (სამას ოცდაათი ათას შვიდას ორმოცდაექვსი მთელი ოცდახუთი მეასედი) აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, უზრუნველყოფის გასაჩივრებული განჩინებით კონტრაქტორს ჩამოერთვა ის ერთადერთი დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი, რაც მას აძლევდა საშუალებას, მის წინაშე ხსენებული ორი კომპანიის დავალიანების ნაწილი მაინც მიეღო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხით.

9. კონტრაქტორის მოსაზრებით, არ არსებობს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გაცემის აკრძალვის მატერიალური და პროცესუალური საფუძვლები, ქვეკონტრაქტორი არ არის სათანადო განმცხადებელი, რადგან ეს უფლება გადაცემული აქვს მიმწოდებლისათვის; ქვეკონტრაქტორი ვალდებულია ქვეკონტრაქტის დარღვევიდან გამომდინარე, კონტრაქტორს გადაუხადოს 243,993.13 აშშ დოლარი, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია კონტრაქტორს აუნაზღაუროს 330,746.25 აშშ დოლარი. როგორც ქვეკონტრაქტორს, ისე მიმწოდებელს ერთობლივად კონტრაქტორისათვის გადასახდელი აქვთ ჯამში 574,739.38 აშშ დოლარი, რაც აღემატება იმ თანხას, რისი კონტრაქტორისგან მოთხოვნის უფლებაც, ქვეკონტრაქტორის მტკიცებით, მას გააჩნია.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

11. 2023 წლის 17 ოქტომბერს აღნიშნულ საჩივარზე წარმოდგენილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი პოზიცია, სადაც მითითებულია, რომ 2023 წლის 21 სექტემბერს დაიწყო საარბიტრაჟო პროცესი. საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და არ უნდა გაუქმდეს 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინება, რომელიც სასამართლოს მიერ კანონის სრული დაცვით იქნა მიღებული (იხ. ს.ფ. 158—162).

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი იმავე სასამართლოს 12 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა და, საქმის მასალებთან ერთად, უზენაეს სასამართლოში გამოიგზავნა.

12.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნით, საკმარისია ჰქონდეს დასაბუთებული პოზიცია, სადაც ნათლად იქნება მითითებული იმ გარემოებების შესახებ, თუ რატომ გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა, რაც განმცხადებლის (ქვეკონტრაქტორის) მხრიდან კანონის სრული დაცვით განხორციელდა და სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული სრულად გაიზიარა. ამავე კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ წარმოადგენს პროცესუალური მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას მაშინ, როდესაც მხარეს გამოყენებული არ აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებები. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რადგანაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, არამედ ასევე - მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასაც. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ამ ღონისძიების გამოყენებისას, საკმარისია სასამართლოს გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი იმის თაობაზე, თუ რა დაბრკოლება შეიძლება შეექმნას მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს ვალია არა მხოლოდ სწორად და ობიექტურად გადაწყვიტოს დავა მხარეებს შორის, არამედ უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილების დაცვა აღუსრულებლობისაგან;

12.2. სსკ-ის 880-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. შესაბამისად, თუ პრინციპალის მიერ თავისი მოვალეობა სათანადოდ შესრულებულია, ბენეფიციარს საბანკო გარანტიის მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობა. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას არ წარმოადგენს იმსჯელოს, მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ დავაზე, ვინაიდან აღნიშნული არბიტრაჟის მიერ გადასაწყვეტი საკითხია. შეუძლებელია საარბიტრაჟო მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არდანახვა, როდესაც საბანკო გარანტიის საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარის-კონტრაქტორის მიერ სს „ი.ბ.ს–თვის“ წარდგენილ მიმართვაში თავადვე უთითებს, რომ სწორედ საარბიტრაჟო მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულება და რომ ეს უკანასკნელია საბანკო გარანტიის პრინციპალი. უდავოა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, სწორედ საარბიტრაჟო მოსარჩელეს მიადგებოდა გამოუსწორებელი ზიანი, სწორედ მას მოსთხოვდა ბანკი საბანკო გარანტიის ფარგლებში გადახდილი თანხის ანაზღაურებას. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არასათანადო განმცხადებლის საკითხის შემოტანა მხოლოდ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

12.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

12.4. ამდენად, ხსენებული ნორმა ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის, როგორც მოსარჩელის დროებითი (შუალედური) დაცვის საპროცესო საშუალების, არსს, ფუნქციას და მისი გამოყენების პირობებს, კერძოდ: ა) აღძრული/აღსაძრავი სარჩელი იყოს იურიდიულად გამართული, ესე იგი, მოსარჩელე (განმცხადებელი) უნდა მიუთითებდეს ისეთ ფაქტებზე, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში, კანონის შესაბამისი მატერიალური ნორმის საფუძველზე, მისი სარჩელი დაკმაყოფილდება. ამასთან, უზრუნველყოფის ეტაპზე, საკმარისია მხოლოდ მითითება ამგვარ ფაქტებზე და არა მათი დამტკიცება, რაც უნდა მოხდეს საქმის არსებითი განხილვის დროს; ბ) განმცხადებელმა ასევე უნდა მიუთითოს იმგვარ გარემოებაზე, რომლებიც მიანიშნებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების გაძნელების, დარღვეული ან სადავო უფლების განუხორციელებლობის ან/და განხორციელების გაძნელების, განმცხადებლისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეებზე; გ) გამოსაყენებელი ღონისძიება უნდა იყოს სასარჩელო დავის ადეკვატური.

12.5. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სარჩელის უზრუნველყოფა მოიცავს ისეთ კანონიერ ღონისძიებებს, რომლებსაც სასამართლო იყენებს მხარის შუამდგომლობისა და დასაბუთებული ვარაუდის ფარგლებში და რომლებიც ხელს უწყობს არა მხარისთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანას, არამედ, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მის აღსრულებას, გამოუსწორებელი ზიანისა და რისკების თავიდან არიდებას. კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დაცული უნდა იყოს სსსკ-ის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის პრინციპი. საკუთრების უფლების შეზღუდვისას, ის უნდა განხორციელდეს მხარეების ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით.

12.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, გათვალისწინებულ იქნა როგორც სამომავლოდ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლობის, ისე გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის, ან ისეთი ზიანის გამოწვევის დასაბუთებული ვარაუდი, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კონტრაქტორის საჩივრის დასაბუთება, თითქოს არანაირი კავშირი არ არსებობდეს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის განაღდებასა და საქმეზე საბოლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას შორის.

12.7 სააპელაციო სასამართლომ საჩივრის ავტორის (კონტრაქტორის) ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი ითხოვდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას არა მარტო საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხის, არამედ იმ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის გამოც, რომ შესაძლებელია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების უპირობოდ და შეუქცევადად გამოყენებას მოჰყოლოდა გამოუსწორებელი ზიანი განმცხადებლისთვის, რომელიც უთითებდა, რომ გააჩნდა ფინანსური პრეტენზია 464 392 აშშ დოლარის ოდენობით მოწინააღმდეგე მხარის მიმართ, ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მხოლოდ სათანადო პირობები იქმნება იმისთვის, რომ ინიციატორს არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი ან ხელი არ შეეშალოს გადაწყვეტილების აღსრულებას მით უფრო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საბანკო გარანტიის პირობით გარანტი ვალდებულია მოთხოვნისთანავე გადაუხადოს ბენეფიციარს საგარანტიო თანხა. ეს ფინანსური ოპერაცია იმავდროულად წარმოშობს გარანტის უფლების რეალიზების შესაძლებლობას პრინციპალთან რეგრესული წარმოების ფარგლებში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, რასაც შესაძლებელია პირდაპირი და გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა საარბიტრაჟო მოსარჩელისთვის (ქვეკონტრაქტორისათვის).

12.8. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საჩივრის შინაარსს საბანკო გარანტიის ინსტიტუტის განმარტებასა და ვალდებულების შესრულებაში მის განსაკუთრებულ როლთან დაკავშირებით, კერძოდ იმაში, რომ ბანკის ვალდებულება დამოუკიდებელია არა მარტო ბენეფიციარისა და პრინციპალის, არამედ პრინციპალსა და გარანტს შორის არსებული ურთიერთობისგანაც. საბანკო გარანტია, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი, ითვლება დამოუკიდებელ გარიგებად, რომელსაც არ აქვს აქცესორული ბმა იმ ძირითად გარიგებასთან, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ის. იმავდროულად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ეს მსჯელობა ესადაგება სასარჩელო დავის მოცემულობას და არა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს შექმნილ სურათს. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა და არც გასაჩივრებულ განჩინებაშია სადმე მითითება, რომ სახეზე იყო საბანკო გარანტიის უცილოდ/საცილოდ ბათილობა ან ის ვადაგასული იყო და ამ მხრივ სადავო შეიძლება ყოფილიყო საბანკო გარანტიის ხელშეკრულების პირობები. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლო ეჭვქვეშ კი არ აყენებს ან აკნინებს საბანკო გარანტიის იურიდიულ ბუნებას ბენეფიციართან მიმართებით, არამედ მსჯელობს მისი მყისიერი მსუსხავი ეფექტის შესაძლო გამოუსწორებელ შედეგებზე პრინციპალთან მიმართებით, უზრუნველყოფის ღონისძიების მართლზომიერების ჭრილში.

12.9. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 885-ე მუხლის იმ მოთხოვნაზეც იმსჯელა, რომლის ძალითაც მოთხოვნაში (საგარანტიო თანხის მოთხოვნა) ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მოთხოვნა გარანტის მისამართით (სს „ი.ს–ო“) შეიცავდა ზოგად მითითებას იმის შესახებ, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელე არღვევდა ბენეფიციარსა და მარწმუნებელს შორის გაფორმებული ქვეკონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ თუ რაში გამოიხატებოდა ეს დარღვევა, საბანკო გარანტიის მოთხოვნაში მითითებული არ არის. კანონის ამ მოთხოვნის შესახებ ამახვილებს ყურადღებას საკასაციო სასამართლოც იმავე გადაწყვეტილებაში, რომელიც მოხმობილია საჩივარში და სადაც მითითებულია, რომ ბენეფიციარს ევალება მოთხოვნაში ან მის დანართში პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტისა და იმ გარემოების მითითება, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა, ხოლო იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ევალება (სუსგ Nას-40-2022, 28.09.2022წ.). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, ეს გარემოებაც სასარჩელო დავის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ როგორც მნიშვნელოვანი დეტალი აქტუალობას იძენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების (ბანკისთვის აკრძალვის გამოყენების) დროსაც, რადგან სასამართლოს ეხმარება იმ სურათის შექმნაში, თუ რამდენად გამოუსწორებელი ან პირდაპირი ზიანი შეიძლება მიადგეს პრინციპალს ბანკის მიერ გარანტიის პირობების შესრულებით და ბენეფიციარისთვის მოთხოვნილი თანხის ჩარიცხვით.

13. საჩივრის ავტორის პრეტენზიის გასაბათილებლად, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელე არასათანადო განმცხადებელია, რადგან საარბიტრაჟო მოპასუხესა და მიმწოდებელ კომპანიას შორის გაფორმებული უფლებებისა და მოვალეობების გადაცემის ხელშეკრულებით, თავდაპირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა უფლება და მოვალეობა ქვეკონტრაქტორიდან გადაეცა „მიმწოდებელს“- „ჰ.ჯ–ას“, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაპყრო იმ არსებით გარემოებას, რომ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ ურთიერთობაში პრინციპალს წარმოადგენს სწორედ განმცხადებელი და გარანტიის მოთხოვნის წერილშიც საარბიტრაჟო მოპასუხე თავადვე ამახვილებს ყურადღებას გარანტიის პირობების შესრულებაზე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაძლო გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მისდგომოდა სწორედ საარბიტრაჟო მოსარჩელეს და არა მიმწოდებელ კომპანიას („ჰ.ჯ–ას“), მიუხედავად დასახელებული უფლებებისა და მოვალეობების გადაცემის ხელშეკრულებისა. გარდა ამისა, ფაქტია რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეა ქვეკონტრაქტორი და ამიტომ მის არასათანადო განმცხადებლად მიჩნევაზე მსჯელობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე, ნაადრევია.

14. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეკონტრაქტორმა და მიმწოდებელმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და მათ მიმართ კონტრაქტორს თავად გააჩნია ფინანსური პრეტენზია 574,739.38 აშშ დოლარის ფარგლებში, საიდანაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს გადასახდელი აქვს 243,993.13 აშშ დოლარი, ხოლო მიმწოდებელ კომპანიას - 330,746.25 აშშ დოლარი. კონტრაქტორის ამ პრეტენზიის პასუხად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში არ ექცევა მხარეთა შორის არსებითი დავის გარემოებები. ამიტომ საჩივრის ეს პრეტენზიაც არარელევანტურად მიიჩნია, რის გამოც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება არ იქნება მიზანშეწონილი.

15. ამდენად, განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მართებულია. საჩივარი არ არის საკმარისად დასაბუთებული, არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რაც გახდებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

16. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. შესაბამისად, ვინაიდან საჩივარი დაუსაბუთებელია, საქმის მასალებთან ერთად ის განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრებებისა და არგუმენტების ზეპირი განხილვის ფორმით მოსმენის, კონტრაქტორი საწარმოს საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი დასაბუთებულია იმ ნაწილში, რომლითაც სადავოდაა გამხდარი გამოყენებული წინასასარჩელო უზრუნველყოფის ღონისძიების კავშირი საარბიტრაჟო დავასთან და მის შესაძლო იურიდიულ შედეგებთან, შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

18. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერების შეფასება.

18.1. მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით (იხ. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი);

18.2. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის (ისევე, როგორც უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხვევაში) შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი, სსსკ-ის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და 1971-ე მუხლის თანახმად, ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას.

18.3. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს/არბიტრაჟის საბოლოო გადაწყვეტილებაზე (სსსკ-ის 191.1 მუხლი).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

19.1.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი − აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა, იმავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება.

19.2. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კონტრაქტორი საწარმო (საარბიტრაჟო სარჩელის მოპასუხე) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების (ასევე, მისი უცვლელად დატოვების თაობაზე იმავე სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინების) გაუქმებას მოითხოვს წინამდებარე განჩინების 5-9 პუნქტებში მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, ხოლო დასახელებული ნორმის მე-3 ნაწილით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სსსკ-ის 35618 -ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საარბიტრაჟო სარჩელის უზურნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები.

22. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებული იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე (სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას გასათვალისწინებელია საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება N 1/5/675.681, რომლის მიხედვით დასახელებული საკანონმდებლო დანაწესის კონკრეტული ნაწილის ნორმატიული შინაარსია ძალადაკარგული). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 198.3-ე მუხლის მოხმობა განპირობებულია იმით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით „ H.P.T.I.V.D.T.L.S.“-ის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. საარბიტრაჟო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არა მოპასუხეს (სსსკ-ის 198.2-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა), არამედ მესამე პირს - სს „ი.ბ.ს–“ აეკრძალა მის მიერ „ H.P.T.I.V.D.T.L.S.“-სა და შპს „ბ.ბ.გ–ას“ (ს/ნ ......) შორის 2021 წლის 13 მარტს გაფორმებული ქვეკონტრაქტიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2021 წლის 27 აპრილს გაცემული საბანკო გარანტიის N0646GLF100167 საფუძველზე ან/და მისგან გამომდინარე, ნებისმიერი თანხის საარბიტრაჟო მოპასუხისთვის (შპს „ბ.ბ.გ–ისთვის“) გადაცემა/გადახდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი).

23. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ „ჰ.თ–სა“ და შპს „ბ.ბ.გ–ას“ შორის 2021 წლის 13 მარტს გაფორმდა ქვეკონტრაქტი, რომლის საფუძველზე „ჰ.თ–მა“, როგორც ქვეკონტრაქტორმა, კონტრაქტორის - შპს „ბ“-ის სასარგებლოდ რედისონ რედ სასტუმროს პროექტის (Raddison Red Hotel Project) ფარგლებში გარკვეული სამუშაოების (ძირითადად სადურგლო სამუშაოების) შესრულება იკისრა.

23.1.შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ კონტრაქტორს ქვეკონტრაქტორისათვის უნდა გადაეხადა 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) აშშ დოლარი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ ქვეკონტრაქტორს ქვეკონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად უნდა წარედგინა საბანკო გარანტია ხელშეკრულების ფასის 10 % -ის ოდენობით, რაც „ჰ.თ–მა“ განახორციელა კიდეც;

23.2. მხარეთა შორის 2021 წლის 13 მარტს გაფორმებული ქვეკონტრაქტიდან გამომდინარე ქვეკონტრაქტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სს „ი.ს–ოს“ (ს/ნ .......; შემდეგში: გარანტი) მიერ 2021 წლის 27 აპრილს გაიცა საბანკო გარანტია N 0646GLF100167, 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარზე;

23.3. მომავალმა საარბიტრაჟო მოსარჩელემ (განმცხადებელმა) სააპელაციო სასამართლოსთვის 2023 წლის 11 სექტემბერს წარდგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ მას ამ დროისათვის სრულად და დროულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით აქვს შესრულებული 2021 წლის 13 მარტის ქვეკონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარეს (კონტრაქტორს) მხოლოდ ნაწილობრივ აქვს გადახდილი ქვეკონტრაქტორისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური. განცხადების სააპელაციო სასამართლოში წარდგენის დროისათვის კონტრაქტორს ქვეკონტრაქტორისათვის (განმცხადებლისათვის) გადასახდელი აქვს 464 392 (ოთხას სამოცდაოთხი ათას სამას ოთხმოცდათორმეტი) აშშ დოლარი. კონტრაქტორი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ სახელშეკრულებო ვალდებულებას, რის გამოც განმცხადებელი იძულებულია, ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართოს არბიტრაჟს.

24. საჩივრის ავტორის (კონტრაქტორის) ერთ-ერთი პრეტენზია სწორედ იმას ეხება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად ბანკს (გარანტორს) საერთოდ აეკრძალა იმ მოქმედების განხორციელება (გარანტიის თანხის გაცემა), რომლის შესრულებაც მას, როგორც გარანტს, ევალებოდა თუკი ამას მოითხოვდა ბენეფიციარი, ანუ კონტრაქტორი (საარბიტრაჟო მოპასუხე). ბანკს, რომელიც ქვეკონტრაქტორთან (საარბიტრაჟო მოსარჩელესთან) სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფება და, შესაბამისად, არც წინამდებარე დავაშია ჩართული, აეკრძალა მის მიერ გაცემული უპირობო საბანკო გარანტიის საფუძველზე მოპასუხისათვის გარანტიის თანხის გადახდა/გადაცემა. საბანკო გარანტიის არსი კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გარანტორი არც კი ამოწმებს, თუ რამდენად სამართლიანია კონტრაქტორის (ბენეფიციარის) მოთხოვნა გარანტიის თანხის გაცემაზე და ეს თანხა მხოლოდ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უნდა გასცეს. საჩივრის ავტორის (კონტრაქტორის) მოსაზრებით ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა საბანკო გარანტიის ნამდვილობა და არ არის მოთხოვნილი მისი გაუქმება, ამასთან, საბანკო გარანტია მოქმედია 2024 წლის 30 მარტის ჩათვლით.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად არის განვითარებული მსჯელობა საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებასა და მის არააქცესორულ ხასიათზე, ასევე, წინასასარჩელო თუ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საპროცესოსამართლებრივ მოწესრიგებასა და მისი გამოყენების სამართლებრივ შედეგებზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ „უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მხოლოდ სათანადო პირობები იქმნება იმისთვის, რომ ინიციატორს არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი ან ხელი არ შეეშალოს გადაწყვეტილების აღსრულებას მით უფრო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საბანკო გარანტიის პირობით გარანტი ვალდებულია მოთხოვნისთანავე გადაუხადოს ბენეფიციარს საგარანტიო თანხა. ეს ფინანსური ოპერაცია იმავდროულად წარმოშობს გარანტის უფლების რეალიზების შესაძლებლობას პრინციპალთან რეგრესული წარმოების ფარგლებში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, რასაც შესაძლებელია პირდაპირი და გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა საარბიტრაჟო მოსარჩელისთვის/ქვეკონტრაქტორისათვის“ (იხ. წინამდებარე განჩინების 12.8-12.9 ქვეპუნქტები).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში საბანკო გარანტიებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი), სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით, კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. დასახელებული ნორმის მიხედვით, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (იხ. სუსგ-ები: N ას-1038-999-2016, 1.0.2017 წ; Nას-960-925-2016, 27.09.2017წ; N ას-894-834-2017, 3.11.2017წ; N ას-1627-2018, 29.01.2019წ; N ას-245-2019, 6.06.2019წ; ას-523-2020, 11.11.2020წ; N ას-1789-2018, 03.03.2021წ; N ას-1365-2019. 8.10.2021წ; N ას-380-2023.20.06.2023წ; N ას-1385-2023, 30.11.2023წ; N ას-1164-2023, 4.12.2023წ.).

27. სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის

უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ-ები: N ას-562-871-09, 20.10.2009 წ; N ას-1058-992-2012, 14.11.2012წ; N ას-871-833-2014, 29.09.2015წ; N ას-1038-999-2016, 1.02.2017წ; N ას-1217-1176-2016, 10.02.2017წ; N ას-782-739-2015, 19.10.2015წ; N ას-1511-2018, 26.03.2019წ; N ას-1778-2018, 15.05.2019წ; Nას- 174-2020, 17.06.2020წ; Nას-523-2020, 11.11.2020წ; N ას-1108-209, 30.07.2021წ; N ას-1789-2018, 3.08.2021წ; Nას -775-2019, 5.8.2021წ; N ას-476-2020, 17.10.2021წ; N ას- 702-702-2018, 29.12.2021წ; N ას-1317-2021, 02.03.2022წ; N ას-978-2020, 18.04.2022წ; N ას-605-2023, 07.07.2023წ; N ას-1528-2022, 113.07.2023წ; N ას-1385-2023, 30.11.2023წ.).

28. საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნება ასახულია სსკ-ის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნით ბენეფიციარი, როგორც წესი, ორ მიზანს ისახავს: 1) მოიპოვოს უზრუნველყოფა მოვალის გადახდისუუნარობის შემთხვევაში და 2) სწრაფად მიიღოს ის თანხა, რომლის მოთხოვნის უფლებაც მას, თავისი აზრით, გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარე ამას სადავოდ ხდის; ამ შემთხვევაში საბანკო გარანტია მოქმედებს, როგორც სახელშეკრულებო რისკის განაწილების მექანიზმი (რომელიც უზრუნველყოფს, რომ დავის შემთხვევაში ბენეფიციარს არ მოუწიოს სასამართლო გადაწყვეტილების ლოდინი თანხის მიღებამდე), თუ თვითონ ძირითად ხელშეკრულებაში არ არსებობს მკაფიო დათქმა მხარეთა შორის სახელშეკრულებო რისკების სხვაგვარად გადანაწილების შესახებ. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობის პრინციპის მიუხედავად, იშვიათ შემთხვევაში გარანტს უფლება აქვს უარი თქვას გადახდაზე, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა არამართლზომიერია. არამართლზომიერი მოთხოვნა საბანკო გარანტიისა და აკრედიტივის დამოუკიდებელი ბუნების საერთაშორისოდ აღიარებული გამონაკლისია.

29. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: არამართლზომიერი მოთხოვნის ყველაზე ფართოდ აღიარებული სახე ინგლისურენოვან ლიტერატურაში მოხსენიებულია, როგორც „Fraud“, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „თაღლითობა“, „მოტყუება“, „სიყალბე“, „სიცრუე“. აღნიშნული ტერმინი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად განიმარტება. საერთაშორისო პრაქტიკაში ბენეფიციარის მხრიდან ამგვარ არამართლზომიერ მოთხოვნად მიიჩნევენ შემდეგ შემთხვევებს: ა) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები არ წარმოშობილა (მაგ., პრინციპალის ბრალით ძირითადი ვალდებულების დარღვევა, ზიანის დადგომა და ა.შ.); ბ) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები დადგა, მაგრამ ის არაარსებითია (მაგ., ვალდებულების დარღვევა არაარსებითია, ზიანის მოცულობა მცირეა და ა.შ.); გ) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები დადგა, მაგრამ მასზე პრინციპალი პასუხს არ აგებს (მაგ., პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბენეფიციარის ბრალით ან პრინციპალის ბრალის გარეშე); დ) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ საგარანტიო მოთხოვნაში დასახელებული ფაქტი არანამდვილია ან თანდართული დოკუმენტაცია გაყალბებულია (იხ. ფოფხაძე გ., საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნება, 2016, გვ. 42; სუსგ N ას-245-2019, 6.06.2019წ; ).

29.1. „Fraud“ ერთადერთი გამონაკლისია, რომელმაც ფართო საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა. სხვა გამონაკლისები, როგორიცაა: ძირითადი ხელშეკრულების უკანონო ბუნება, ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ბათილობასთან ერთად; ბენეფიციარის გაუცნობიერებელი ქმედება გარანტიის გადახდის მოთხოვნისას, მაშინ როცა მას აღნიშნულის უფლება არ აქვს; ბენეფიციარის გაუფრთხილებლობა (დაუდევრობა); ძირითად ხელშეკრულებაში არსებული დათქმა, რომელიც გარკვეულ გარემოებებში ზღუდავს ბენეფიციარის უფლებას გარანტისაგან გადახდა მოითხოვოს - არის მეტ-ნაკლებად აღიარებული სხვადასხვა ქვეყნების სასამართლოების მიერ და არ არსებობს ერთიანი პოზიცია მათთან დაკავშირებით (იხ. ALAVI Hamed, Illegality as an exception to principle of autonomy in Documentary Letters of Credit; A comparative approach, Korea University Law Review, 2016, vol. 20, pp. 3–23; JOHNS, R. J., & BLODGETT, M. S. . Fairness at the Expense of Commercial Certainty:The International Emergence of Unconscionability and Illegality as Exceptions to the Independence Principle of Letters of Credit and Bank Guarantees. Northern Illinois University Law Review, 2010, vol. 31, no. 2, p. 297; LIPTON, Jacqueline. D. Documentary Credit Law and Practice in the Global Information Age. Fordham International Law Journal, 1998, vol. 22, no. 5, p. 1972; ENONCHONG, Nelson. Effects of Illegality: A Comparative Study in French and. English Law. International & Comparative Law Quarterly, 1995 vol. 44, no. 1, p. 196, 198–199; REN, John . A nullity exception in letter of credit law? Journal of business law, 2015, no.1, pp. 1–19; ANTONIOU, Anna Mari. Nullities in Letters of Credit: Extending the Fraud Exception. Journal of International Banking Law and Regulation, 2014, vol. 29, no. 4, pp. 229–238; HOOLEY, Richard. Fraud and Letters of Credit: Is there a Nullity Exception? The Cambridge Law Journal, 2002, vol. 61, no. 2, pp. 239–294; ALAVI Hamed, Comparative study of Unconscionability exception to the principle of autonomy in law of Letter of Credits, Acta Universitatis Danubius. Juridica, 2016, vol. 12, no. 2, pp. 94–121; ALAVI Hamed, Contractual restrictions on right of beneficiary to draw on a letter of credit; possible exception to principle of autonomy, Faculty of Law, Autonomous University of Barcelona, Spain, ICLR, 2016, Vol.16, No.2, pp. 67-86)- იხ. სუსგ N ას-245-2019, 6.06.2019წ.

29.2. ბენეფიციარის არამართლზომიერი მოთხოვნის შესაჩერებლად ან მისი თავიდან არიდების მიზნით პრინციპალი ხშირად მიმართავს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. დროებითი ღონისძიების სახით შეიძლება მოთხოვნილ იქნას: ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის განხორციელების აკრძალვა ან ბანკისთვის ბენეფიციარის მოთხოვნის შესაბამისად საგარანტიო თანხის გადახდის აკრძალვა. ორივე ღონისძიებას დროებითი ხასიათი აქვს და დავის დასრულებამდე საგარანტიო შემთხვევის რეგულირების შეჩერებას ახდენს. მათი მიზანი Status quo-ს შენარჩუნებაა, რომელიც ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ძირითადი დავის დასრულებამდე შეიძლება შეიცვალოს. ორივე ღონისძიების მოთხოვნისას საჭიროა დადასტურდეს მათი გამოყენების აუცილებლობა და ძირითად დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან კავშირი (იხ., ნ. ლიპარტია, „საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და მისი სამართლებრივი შედეგები“, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომი, თბილისი, 2018, გვ. 147, 203-204; სუსგ N ას-245-2019, 6.06.2019წ.).

30. საბანკო გარანტიის დამოუკიდებელი ბუნების პრაქტიკული ახსნა მის ეკონომიკურ დანიშნულებაშია. სამოქალაქო ბრუნვის სისწრაფისა და სიმარტივის ხელშესაწყობად, კანონმდებელმა საბანკო გარანტიის სახით შექმნა მოთხოვნის უზრუნველყოფის იმგვარი მექანიზმი, რომელიც კრედიტორის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს და დავის წარმოების გარეშე უზრუნველყოფს მის მყისიერ დაკმაყოფილებას მაღალი რეპუტაციის, გადამხდელუნარიანი მეწარმე სუბიექტის (ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის) უშუალო ჩართულობით. საბანკო გარანტიის სიმყარე და ეფექტურობა ხელს უწყობს მრავალი ისეთი გარიგების დადებას, რომელიც ვერ შედგებოდა, რომ არა გარანტის სახით ბანკის ურთიერთობაში მონაწილეობა, რაც მესამე პირის ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე ვალდებულების აღებასა და მისი შესაგებლების გამოყენების გარეშე საბანკო გარანტიის მოსარგებლის ფინანსურ დაკმაყოფილებაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილებაში სასამართლოს იმგვარი ჩარევა, რომელიც ბენეფიციარისთვის თანხის გადახდას გაურკვეველი დროით გადაავადებს, უნდა იყოს ძალზედ იშვიათი, საგამონაკლისო შემთხვევა იმ ზოგადი წესიდან, რომლის თანახმადაც, ბენეფიციარის მოთხოვნა ექვემდებარება მყისიერ დაკმაყოფილებას, თუნდაც სადავო იყოს სამართალურთიერთობა, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება. როგორც უკვე აღინიშნა, გამონაკლისს წარმოადგენს: 1) არამართლზომიერი მოთხოვნა და 2) უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად წარდგენილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა (იხ., ლიპარტია ნ., „საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და მისი სამართლებრივი შედეგები“, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომი, თბილისი, 2018, გვ. 199; სუსგ N ას-1385-2023, 30.11.2023წ.).

31. საბანკო გარანტიის ეფექტური ფუნქციონირებისა და მისი კომერციული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ტერმინი „არამართლზომიერი მოთხოვნა“ სასამართლოს მხრიდან ფართოდ არ უნდა იქნეს განმარტებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გარანტისათვის საგარანტიო თანხის გადახდის მოთხოვნის აკრძალვა ან ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის განხორციელების აკრძალვა გამარტივდება ყველა ისეთ საქმეში, სადაც პრინციპალს სურს, შეაყოვნოს ბენეფიციარის დაკმაყოფილება და შესაბამისად, გარანტის რეგრესული მოთხოვნის დაკმაყოფილება მის მიმართ. საკასაციო სასამართლო არამართლზომიერ მოთხოვნად განიხილავს იმგვარ შემთხვევებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 29-ე პუნქტშია მითითებული (შეად. სუსგ-ებს: N ას-245-2019, 6.06.2019წ; N ას-1385-2023, 30.11.2023წ.).

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მსჯელობისას სასამართლო იყენებს მხარეთა ინტერესების დაბალანსების მეთოდს. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ შემთხვევაში ხდება, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა არამართლზომიერია ან უფლების ბოროტად გამოყენების შედეგია. სასამართლოები მიიჩნევენ, რომ ასეთი შემთხვევების დროს საბანკო გარანტიების მიმართ გავრცელებული პრინციპი „ჯერ გადაიხადე, შემდეგ იდავე“ - არ მოქმედებს (იხ. სუსგ N ას-245-2019, 6.06.2019წ.). სხვადასხვა ქვეყნების სასამართლოებს აქვთ განსხვავებული მიდგომა უზრუნველყოფის იმ ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ბენეფიციარს უკრძალავს საბანკო გარანტიის საფუძველზე გადახდის მოთხოვნის წარდგენას (იხ. ENONCHONG, Nelson. The Independence Principle of Letters of Credits and Demand Guarantees. Oxford: Oxford University Press, 2011, p.212; O’DONOVAN James and PHILLIPS, John. The Modern Contract of Guarantee. London: Sweet and Maxwell, 2013, para 13–27). კიდევ უფრო ფრთხილია სასამართლოთა დამოკიდებულება უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიების გამოყენების მიმართ, რომელიც ბანკს ბენეფიციარის მოთხოვნის შესრულებას უკრძალავს (იხ. Werner Blau, Joachim Jedzig, Bank Guarantees to Pay upon First Written Demand in German Courts, 23 Int'l L.725-730, 1989).

33. საქართველოს სამართლებრივ სისტემასთან გერმანული სამართლებრივი სისტემის სიახლოვიდან გამომდინარე, საინტერესოა გერმანული სასამართლოების დამოკიდებულება უზრუნველყოფის ზემოაღნიშნული ღონისძიებების გამოყენების მიმართ. გერმანული პრაქტიკის თანახმად, ასეთი ღონისძიების გამოყენება მისაღებია მხოლოდ მაშინ, თუ საკმაოდ ნათელია, რომ ბენეფიციარის მოთხოვნას გარანტის მიმართ საერთოდ არ გააჩნია საფუძველი. მაგალითად, გარანტისაგან გადახდის მოთხოვნის აკრძალვა მისაღები იქნება საქმეში, სადაც მტკიცებულებებიდან ცხადად ჩანს, რომ სამუშაო შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამის გამო ნათელია, რომ გარანტისაგან გადახდის მოთხოვნას ვადის გადაცილების საფუძვლით ბენეფიციარის მხრიდან ცალსახად უფლების ბოროტად გამოყენების ხასიათი აქვს. გერმანული სასამართლოები არ იყენებენ უზრუნველყოფის ღონისძიებას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა „გაუმართლებელია“. უფლების ბოროტად გამოყენება უნდა დასტურდებოდეს შეუდავებელი მტკიცებულებებით. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვა მიმდინარეობს მეტად შემჭიდროვებულ ვადებში (რამდენიმე საათში ან დღეში) და მასში მეორე მხარე არ მონაწილეობს, მოსარჩელემ უნდა აჩვენოს ცალსახად, წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომ უფლების ბოროტად გამოყენებას აქვს ადგილი. გერმანული სასამართლოები კიდევ უფრო თავშეკავებულნი არიან ბანკის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაში (იხ. Werner Blau, Joachim Jedzig, Bank Guarantees to Pay upon First Written Demand in German Courts, 23 Int'l L.725-730, 1989). მოთხოვნის არამართლზომიერების ან/და ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი, საბანკო გარანტიის განაღდების აკრძალვის შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას განმცხადებლის მხარეზეა, რომელმაც მაღალი სტანდარტით, მკაფიოდ და არაორაზროვნად შესატყვისი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მოთხოვნის არამართლზომიერება ან ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის უფლების ბოროტად გამოყენება (შეად. სუსგ-ებს: N ას-245-2019, 6.06.2019წ; N ას-1385-2023, 30.11.2023წ.).

34. საჩივრის პრეტენზიების დასაბუთებულობისა და მართებულობის შეფასებისას, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები იმის ცალსახად დასადასტურებლად, რომ ბენეფიციარის (საარბიტრაჟო მოპასუხის) მიერ საბანკო გარანტიის გადახდის მოთხოვნა არამართლზომიერია ან იგი მოთხოვნის უფლებას ბოროტად იყენებს. საარბიტრაჟო სარჩელის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა ქვეკონტრაქტორის (საარბიტრაჟო მოსარჩელის) მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის კონტრაქტორის (საარბიტრაჟო მოპასუხის) მიერ ასანაზღაურებული თანხა, თავის მხრივ, მოპასუხე (კონტრაქტორი) უთითებს, რომ მასაც გააჩნია მოთხოვნა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელს (საარბიტრაჟო მოსარჩელეს) განსაკუთრებით მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისთვის, რომლის მიზანიც არის გარანტისა და ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელების შეფერხება. მოცემულ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ბენეფიციარისათვის გადახდის აკრძალვა არ უკავშირდება საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნას და ვერ უზრუნველყოფს მომავალში თუნდაც მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

35. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს მაშინ, როდესაც დავის საგანს ესაჭიროება დაცვა. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას, უპირველესად, უნდა გაირკვეს განსახილველი დავის საგანი (სარჩელის მოთხოვნა), დარღვეული ან სადავო უფლება, მათი კავშირი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან და საკითხი იმის შესახებ, რამდენად უზრუნველყოფს ამ ღონისძიების გამოყენება მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაცვას აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების საფრთხისგან, ასევე, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას.

36. ზემოხსენებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მოტივაციით გაზიარებულია მოპასუხე საწარმოს საჩივრის პრეტენზია, რომ განმცხადებლის (საარბიტრაჟო მოსარჩელის) მოთხოვნას წინასასარჩელო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ აქვს კავშირი საარბიტრაჟო დავასთან და მის შესაძლო იურიდიულ შედეგებთან. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის საჩივარი და გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა „ჰ.პ.ტ.ი.დ.თ.ლ.ს–ის” / H.P.T.I.V.D.T.L.S.“/ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 199-ე, 419-ე, 408-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ბ.ბ.გ–ის" საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ, იმავე სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. შპს "ბ.ბ.გ–ის" საჩივარი, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინება, რომლითაც “ H.P.T.I.V.D.T.L.S.”-ს განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა და საარბიტრაჟო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აეკრძალა „ H.P.T.I.V.D.T.L.S.“-სა (ს/ნ .....) და შპს „ბ.ბ.გ–ას“ (ს/ნ .....) შორის 2021 წლის 13 მარტს გაფორმებული ქვეკონტრაქტიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს „ი.ს–ოს“ (ს/ნ .....) მიერ 2021 წლის 27 აპრილს გაცემული საბანკო გარანტიის N0646GLF100167 საფუძველზე ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერი თანხის საარბიტრაჟო მოპასუხისთვის (შპს „ბ.ბ.გ–ისთვის“ (ს/ნ ........)) გადაცემა/გადახდა; ასევე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვების თაობაზე, იმავე სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;

4. „ H.P.T.I.V.D.T.L.S.“-ის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ვ. კაკაბაძე