საქმე №ას-1333-2023 22 დეკემბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ჯ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ც–ვა, გ.კ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ჯ–იას (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი ან მესაკუთრე) სარჩელი ხ.ც–ვას (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და გ.კ–ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან იპოთეკარი) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.1. მოსარჩელეს უარი ეთქვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
1.2. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 12 864,39 ლარის გადახდა დაეკისრა;
1.3. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაცია სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის, 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (ს/კ ........) და გაიცა სესხი 10 200 ლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3%-ის დარიცხვით და გადახდით;
3.2. 2017 წლის 19 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო რთული სანოტარო წესით (ხელშეკრულების შინაარსი დამოწმებულია ნოტარიუს თ.ბ–ძის მიერ);
3.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნოტარიუსმა შეამოწმა მხარეთა უფლებამოსილება. დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა, შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა, განუმარტა ხელშეკრულების დადების სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ მხარეებმა განაცხადეს, რომ ნოტარიუსისგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ხელშეკრულების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით;
3.4. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იპოთეკარმა მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცა ამავე ხელშეკრულების სანოტარო წესით შემოწმებამდე, ხოლო მესაკუთრემ თანხა სრულად მიიღო. ასევე, ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხზე გადასახდელი საპროცენტო სარგებელი (ყოველთვიურად 3%) და ხელშეკრულების შესრულების (სესხის დაბრუნების) ვადა - ერთი წელი;
3.5. ხელშეკრულების მეცხრე მუხლით განსაზღვრულია იპოთეკარის უფლება, ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით;
3.6. ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ მესაკუთრე, იპოთეკარი და ნოტარიუსი. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს;
3.7. სადავო არ არის, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მოვალე ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, იპოთეკარი მოსარჩელეს დაუკავშირდა, აცნობა ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე და გააფრთხილა შესაძლო შედეგების შესახებ;
3.8. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2018 წლის 21 აგვისტოს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე 2017 წლის 19 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დაიწყო სააღსრულებო წარმოება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში, ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს გაცემული N181002303 აღსრულების ქვემდებარე აქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც კრედიტორს წარმოადგენდა მეორე მოპასუხე;
3.9. მოსარჩელეს 2018 წლის 4 სექტემბერს გაეგზავნა და ჩაჰბარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 4 სექტემბრის NA18113283-004/003 წერილი, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების მიხედვით მოსარჩელეს დაეკისრა 12489,72 ლარის გადახდა იპოთეკარის სასარგებლოდ. იმავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული თანხების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო მისი კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ .........; მდებარე ქ. ფოთი, .........);
3.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 17 ოქტომბრის წერილით NA18113283-009/001 მოსარჩელეს ეცნობა, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ ......; მდებარე ქ. ფოთი, .......) იძულებითი საჯარო აუქციონის დანიშვნის შესახებ;
3.11. მოსარჩელემ ფოთის რაიონულ პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომლის საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2018 წლის 30 დეკემბერს შეწყდა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო;
3.12. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა NA18113283-009/001 საქმეზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის მდებარე ქ. ფოთი, .......; (ს/კ ..........) რეალიზაცია.
4. სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა არსებობდა თუ არა სადავო გარიგების ბათილობის წინაპირობები. კერძოდ, იყო თუ არა სადავო გარიგება მოტყუების შედეგად დადებული. აპელანტის განცხადებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ ხელს აწერდა თავდებობის ხელშეკრულებას და არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. მის მოთხოვნას წარმოადგენდა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 54-ე, 81-ე, 82-ე, 84-ე, მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, არა მხოლოდ მითითება მოტყუებით დადებულ და მის ნამდვილ ნებასთან შეუსაბამო გარიგებაზე, არამედ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებაც, თუ რაში გამოიხატა კონტრაჰენტის ან მესამე პირის მხრიდან მოტყუება.
6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები ვინაიდან, მან სადავოდ არ გახადა თავისი სურვილით დეიდაშვილის - პირველი მოპასუხის დახმარების ფაქტი. მოსარჩელე დაეთანხმა სესხის უზრუნველსაყოფად მისი საკუთრების - საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვას. როგორც თავად აღნიშნა, პირველ მოპასუხეს იმ პირობით დაეთანხმა იპოთეკით საკუთრების დატვირთვაზე, რომ იგი ბანკში მსესხებელი არ იქნებოდა.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოებები ადასტურებდნენ არა მოტყუების ფაქტს, არამედ პირიქით, მოსარჩელის მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად გააზრებული ნების გამოვლენას. ამასთან, დადებული ხელშეკრულების შინაარსი სანოტარო წესით არის დამოწმებული, მხარეებს სრულად განემარტათ ხელშეკრულების დადების და მისი პირობების შეუსრულებლობის შედეგები;
8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა სადავო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისა და ქონების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების მიზნით მოსარჩელის მოტყუების ფაქტი.
9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიიჩნია, რომ 2017 წლის 19 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ და გაცნობიერებული ჰქონდა ხელშეკრულების დადების და დარღვევის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელის განმარტება, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მისივე თანხმობით დაიტვირთა იპოთეკით და ხელშეკრულებასაც ნებაყოფლობით მოაწერა ხელი;
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ხელშეკრულებას და ნოტარიუსთან მას მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერი ადგილი მიუთითეს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის;
11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ვალდებულების არსებობის ნამდვილობისთვის არ აქვს მნიშვნელობა უშუალოდ მოსარჩელე იხდიდა პერიოდულად გადასახდელ თანხას თუ პირველი მოპასუხე. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვალდებულების შესრულების ფაქტი. მოსარჩელემ ასევე დაადასტურა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იპოთეკარი მას დაუკავშირდა და აცნობა, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე, ისე მის თანმდევ შედეგებზე. ამასთან, მან ვერ დაადასტურა იპოთეკარის მხრიდან მისი მოტყუების ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოიშვა ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე.
12. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა მოსარჩელის მიერ მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში შეცილების ერთწლიანი ვადის დაუცველობაზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები აღნიშნულთან დაკავშირებით; მოსარჩელემ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა 2019 წლის 28 თებერვლის სარჩელით მოითხოვა მაშინ, როდესაც, მისი განმარტებით, მოტყუების ფაქტი გამოვლინდა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მიუღებლობის მომენტში. შესაბამისად მოტყუების ფაქტად მითითებული გარემოების შესახებ მისთვის ჯერ კიდევ 2017 წლის 19 ოქტომბერს იყო ცნობილი, საიდანაც გასულია კანონით განსაზღვრული შეცილების ერთ-წლიანი ვადა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
17. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს);, 81-ე (1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. 2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად), 82-ე (მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას), 83-ე (1. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. 2. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან) და 84-ე (მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ) მუხლებიდან.
18. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 327-ე და 81-ე მუხლები. მოსარჩელის განმარტებით, მას რომ სცოდნოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ, ასეთ გარიგებას ხელს არ მოაწერდა. მისი განმარტებით, პირველმა მოპასუხემ აღიარა თანხის მიღების ფაქტი, თუმცა არ აღიარა, რომ მოსარჩელე მოატყუა როგორც მან, ასევე - მეორე მოპასუხემ.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს, სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 19 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისთვის მიცემული განმარტება, რომლის თანახმად საკუთარი ბინა, მისივე თანხმობით, დატვირთა იპოთეკით და ხელშეკრულებასაც ნებაყოფლობით მოაწერა ხელი, რადგან სურდა პირველ მოპასუხეს (საკუთარ დეიდაშვილს) დახმარებოდა. კასატორის პრეტენზია, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ხელშეკრულებას და ნოტარიუსთან მისვლისთანავე მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერი ადგილი მიუთითეს დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
21. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სადავო ხელშეკრულება მოტყუებით დაიდო და მისთვის ცნობილი არ იყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გააფორმებდა აღნიშნულ ხელშეკრულებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მხარემ, რომელიც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა, არსებითობა და მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და ნების გამოვლენას შორის (იხ. სუსგ-ები Nას-1382-2018, 25.01.2019; Nას-1126-2021, 29.05.2023 წ..)
22. მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა, თუ რატომ არ შეეძლო გამოევლინა ნამდვილი ნება. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად „ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, რომ მხარემ არ იცოდა, თუ რა ხელშეკრულებას აწერდა ხელს. ლ.პ-ი ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას ხელშეკრულება არ წაუკითხავს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ხელშეკრულება ვერ იქნება ბათილად ცნობილი, ვინაიდან ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას სახელშეკრულებო პირობებზე, ივარაუდება, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის ცნობილია. კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ბათილობას მხარის დაუდევრობის - ხელშეკრულების გაცნობის გარეშე ხელმოწერის გამო“ (სუსგ №ას-193-180-2015, 30.04.2015წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ხელშეკრულების დადების და მისი შეუსრულებლობის პირობები მხარეებს განემარტათ ნოტარიუსის მიერ.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებულია სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. რომლის დადებისას ნოტარიუსმა შეამოწმა მხარეთა ნების ნამდვილობა, ასევე განუმარტა მას ხელშეკრულებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ იგი რაიმე გარემოების შესახებ მოატყუა. სსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ პირველი და მეორე მოპასუხეები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ამასთან, თუ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის ნდობით ბოროტად ისარგებლა (დაჰპირდა, რომ სესხს გადაიხდიდა, მაგრამ არ გადაიხადა), ეს გარემოება არ შეიძლება იყოს ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძველი. ამასთან, სსკ-ის 81-82-ე მუხლების შესაბამისად მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი გახდება.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება ყველა საღად მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარების და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები Nას-182-171-2014, 16.06.2014 წ; Nას-1117-1051-2015, 20.01.2016 წ.; Nას-1126-2021, 29.05.2023 წ.).
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, წინამდებარე განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის, შესაბამისად, კასატორის პრეტენზიები არ არის გაზიარებული მათი უსაფუძვლობის გამო.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჯ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური