Facebook Twitter

საქმე №ას-1282-2023 11 დეკემბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ-ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ლ.ბ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი რატი ა–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი აპელანტი) და ნ.მ-ა–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, დავალიანების გადახდისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ N101.1400672-001 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის („დავალიანების შესახებ“ ცნობის გაცემის თარიღისათვის, ანუ 2021 წლის 21 მაისის მდგომარეობით) - 45 376.28 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 42 948.73 აშშ დოლარი, პროცენტი - 2340.22 აშშ დოლარი და ჯარიმა - 87.33 აშშ დოლარი); კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია: ს/კ ......., მისამართი: თბილისი, ......., 43 კვ.მ., მესაკუთრე: მეორე მოპასუხე და ს/კ ....... (ძველი სკ .........), მისამართი: თბილისი, ......., N6ა, სარდაფი N3ა, 39.91 კვ.მ., მესაკუთრე: მეორე მოპასუხე; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული იპოთეკარის მოთხოვნა, იპოთეკარს უფლება მიეცა აღსრულება მიაქციოს მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით პირველი და მეორე მოპასუხეების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მაისის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდათ და დაევალათ, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოში წარედგინათ პირველი მოპასუხის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი ან კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა; დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით რამდენი მონაწილეც არის საქმეში; სააპელაციო საჩივრის ელ. ვერსია და სახელმწიფო ბაჟის 1 815 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინებით პირველი აპელანტის ნაწილში ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა განუხილველი დარჩა, ხოლო მეორე აპელანტს 7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა და დაევალა, სასამართლოში წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით რამდენი მონაწილეც არის საქმეში; სააპელაციო საჩივრის ელ.ვერსია და სახელმწიფო ბაჟის 1 815 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2023 წლის 19 ივლისის განჩინება, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, მეორე აპელანტის წარმომადგენელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლების დაცვით, 2023 წლის 21 ივლისს ჩაჰბარდა, საპროცესო ვადის დენა 2023 წლის 22 ივლისს დაიწყო და 2023 წლის 28 ივლისს ამოიწურა. პირველ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განჩინება ორჯერ გაეგზავნა, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

8. პირველი აპელანტის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 71-ე, 73.1-ე, 70.3-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად კურიერის მეორე ვიზიტის თარიღიდან - 2023 წლის 31 ივლისიდან ჩათვალა, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა 2023 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 2023 წლის 7 აგვისტოს ამოიწურა.

9. დროის მითითებულ მონაკვეთებში აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ.

10. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 368.5-ე მუხლზე მიუთითა და მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

11. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება მეორე მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შემოწმების მიზნით სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნების მოთხოვნით.

12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მეორე აპელანტი სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, ფინანსური პრობლემების გამო ითხოვდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მეორე მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.

16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

17. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს.

18. დადგენილია, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე 2023 წლის 19 ივლისის განჩინება მეორე მოპასუხის წარმომადგენელს - დ.ა–ძეს პირადად 2023 წლის 21 ივლისს ჩაჰბარდა. აპელანტებს 2023 წლის 19 ივლისის განჩინებით განემარტათ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.

19. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

20. სსსკ-ის 59.1-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

21. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 7-10 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ პირველ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განჩინება ორჯერ გაეგზავნა, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. პირველი აპელანტის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 71-ე, 73.1-ე, 70.3-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად კურიერის მეორე ვიზიტის თარიღიდან - 2023 წლის 31 ივლისიდან- ათვლით მიიჩნია, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა 2023 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 2023 წლის 7 აგვისტოს ამოიწურა. მეორე აპელანტის წარმომადგენელს, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით, 2023 წლის 21 ივლისს ჩაჰბარდა გზავნილი, შესაბამისად საპროცესო ვადის დენა 2023 წლის 22 ივლისს დაიწყო და იმავე წლის 28 ივლისს ამოიწურა. ამ დროის განმავლობაში აპელანტებს არც ხარვეზი გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

22. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ებები: №ას-851-817-2016, 4.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ).

23. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება,თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებებით (იხ. სუსგ Nას-1615-2019, 14.01.2020წ).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. სუსგ Nას-366-366-2018, 18.05.2018წ). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც, პირველ რიგშ,ი უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ. Nას-1023-2019 , 25.09.2019წ).

25. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

26. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის ფარგლებში განმარტავს, რომ იმ შემთვევაშიც კი, თუკი სასამართლო მეორე აპელანტის მტკიცებას გაიზიარებდა, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დრომდე განცხადების წარდგენის გზით შეეძლოთ დამატებითი შუამდგომლობით მიემართათ სასამართლოსთვის და საპროცესო ვადის გაგრძელება მოეთხოვა, რაც არ შეასრულა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სასამართლომ მისი ფინანსური მდგომარეობა არ გაითვალისწინა, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან მეორე აპელანტს სასამართლოსთვის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღეში სააპელაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მიუმართავს და არც მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება წარუდგენია.

27. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, სასამართლოს განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

28. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ-ა–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური