20 დეკემბერი 2023 წელი
№ას-1427-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ.ე–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. "ჯ.ს..."
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. "ჯ.ს..."-მა სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ნ.ე–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის გაწეული მოსახურების საფასურის - 1418.23 ლარის და პირგასამტეხლოს - 3896.27 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. ,,ჯ.ს..."-ის სარჩელი მოპასუხე - ნ.ე–ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების საფასურის - 707.20 ლარის და პირგასამტეხლოს - 200 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის მომსახურების საფასურის - 711.03 ლარისა და პირგასამტეხლოს - 3696.27 ლარის დაკისრებაზე.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე და განმარტა, რომ აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნაწილობრივ, კერძოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ანუ დავის საგნის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში იყო 934.30 ლარი, რაც არ აღემატებოდა 2000 ლარს და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით ნ.ე–ძემ კერძო საჩივარი წარადგინა სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარს არ აღემატებოდა. ის აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შეიცავს გასაჩივრების წესს, ვადას და ადგილს, რაც გულისხმობს, მხარეების უფლებას გაასაჩივრონ გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კი ეს უფლება მხოლოდ მეორე მხარეს რჩება. მოპასუხისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 6.1. მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც სასამართლოსათვის მიმართვის/გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებასაც მოიცავს. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მხოლოდ ერთი მხარისათვის შეზღუდვა არღვევს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სხვა საქმეზე მიღებულ განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე და მასზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საფრთხე ექმნება ერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
10. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, მოცემული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.
11. სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრის კონკრეტულ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების საფასურის - 707.20 ლარის და პირგასამტეხლოს - 200 ლარის გადახდა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნაწილობრივ - სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში, იყო 907.20 ლარი, რაც არ აღემატებოდა 2000 ლარს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
13. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების ჩამორთმევით ილახება დავის ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ განხილვის შესაძლებლობა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მართლაც მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, თუმცა ეს უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს ლეგიტიმური საჯარო მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (სუსგ-ები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას-533-533-2018, 22.06.2018წ.).
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არც იმ პრეტენზიას, რომ მის მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოპასუხის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი).
15. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).
16. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებაზე, რომელიც შეეხება სხვა ანალოგიური შინაარსის საქმეზე მიღებულ განსხვავებულ გადაწყვეტილებას და შესაბამისად ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის საფრთხის შექმნას, რადგან მოცემულ ეტაპზე საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და არსებულ პროცესუალურ ფარგლებს საკასაციო პალატა ვერ გასცდება.
17. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-317-2023, 27.04.2023, №ას-673-2022, 21.10.2022; №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018).
18. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, ნ.ე–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ე–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი