25 დეკემბერი 2023 წელი
№ას-1480-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს ,,ტ.უ.ქ.ფ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ,,S.U. I.-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.პ.ს ,,ტ.უ.ქ.ფ–ის“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ,,S.U. I.-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P.”-ს მიმართ და მოითხოვა 366 917.87 ლარის წლიური 11.4%-ის გადახდა ზიანის (მიუღებელი შემოსავალი) ანაზღაურების სახით, 2017 წლის 31 დეკემბრიდან ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით ან იძულებით სრულად აღსრულებამდე.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით: შპს,,ტ.უ.ქ.ფ–ის“ სარჩელი მოპასუხე ,,S.U. I.-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P.”-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ტ.უ.ქ.ფ–ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ტ.უ.ქ.ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ტ.უ.ქ.ფ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - ,,S.U. I.-ის წარმომადგენლობა საქართველოში S. P.”-ს, შპს ,,ტ.უ.ქ.ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 62 492 ლარის ანაზღაურება.
5. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს ,,ტ.უ.ქ.ფ–ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის (გასაჩივრების საფუძვლებისა და კასაციის მიზეზების მითითებით) ასევე სახელმწიფო ბაჟის - 662 ლარის და 67 თეთრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბრდა 2023 წლის 13 დეკემბერს.
8. 2023 წლის 21 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა შ.პ.ს ,,ტ.უ.ქ.ფ–ის“ დირექტორმა გ.ხ–მა (იხ. მინდობილობა, ტ. 2, ს.ფ. 147) და განმარტა, რომ მხარემ საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორის წარმომადგენლის განცხადებას საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს მის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
11. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, შპს ,,ტ.უ.ქ.ფ–ის“ დირექტორის გ.ხ–ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შპს ,,ტ.უ.ქ–ის“ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამასთან, უნდა განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.
12. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს ,,ტ.უ.ქ.ფ–ის“ დირექტორის გ.ხ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება შ.პ.ს ,,ტ.უ.ქ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი