№ას-1404-2023 18 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ქ-ჰ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ე.მ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ-ჰ.ჰ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 74 600 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლიდან დღემდე მხარეებს შორის არსებობს ზეპირსიტყვიერი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხე მხარეს აწვდიდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოყენების საქონელს. ხელშეკრულებები მხარეთა შორის იდებოდა ზეპირი ფორმით. მოპასუხე პერიოდულად აგვიანებდა სახელშეკრულებო ფასის გადახდას, რის გამოც უგროვდებოდა დავალიანება.
3. 2018 წლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, საქონლის მიწოდებასა და დავალიანების დაგროვების ფაქტს ადასტურებს მოპასუხის მიერ 2022 წლის 7 ივლისს გამოგზავნილი №765 წერილი კრედიტორული დავალიანების დადასტურების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მოპასუხის დავალიანება 2021 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგენდა 87 410 ლარს. მოპასუხე მხარე ითხოვდა დავალიანების ოდენობის დადასტურებას 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ფარგლებში. მოსარჩელემ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.
4. 2022 წლის პირველი იანვრიდან სასარჩელო განცხადების შემოტანამდე, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 30 840 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამავე პერიოდში მოპასუხემ გადაიხადა 43 650 ლარი. ამჟამად მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 74 600 ლარს. ბოლო გადახდა მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უფიქსირდება 2022 წლის 27 ოქტომბერს 4 400 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადახდები არ არის საკმარისი დავალიანების დასაფარავად, რაც მოსარჩელე მხარეს უქმნის პრობლემებს და აყენებს ეკონომიკურ ზიანს. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მოთხოვნით და მისცა დამატებითი გონივრული ვადა, თუმცა უშედეგოდ.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.( იხ.ს.ფ.92)
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 74 600 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა მისი გამოსწორება. 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით 2984 ლარის გადახდა და ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე.
9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 59-ე, 63-ე მუხლებით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, 61-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიუთითა, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ ვ.ჯ–ას (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 99, ადვოკატი რეგისტრირებულია წევრთა ერთიან სიაში) საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ......., სადაც 2023 წლის 16 აგვისტოს ჩაბარდა დაცვის თანამშრომელს, რომელმაც მიუთითა საკუთარი პირადობის ნომერი.
10. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 17 აგვისტოს და ამოიწურა 2023 წლის 23 აგვისტოს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და დღემდე არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიუმართავს სასამართლოსათვის, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდებოდა კომპანიის სამეწარმეო ამონაწერში მრავლად რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვებით. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ გონივრული ვადა არ განუსაზღვრა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად (იხ. ს.ფ.249-250).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
18. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევლა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 2984 ლარის გადახდის ქვითრის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე იმ საფუძვლით, რომ მან საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის სირთულე სათანადოდ ვერ დაადასტურა.
19. აღნიშნული განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა მხარის შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით სააპელაციო პალატამ ჯერ 10, ხოლო შემდეგ 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით დამატებით 7 დღით გააგრძელა.
20. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განჩინება აპელანტს გაეგზავნა მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მისამართზე (მინდობილობა შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურებით წარდგენილია საქმეში (იხ. ს.ფ 99) წარმომადგენელი რეგისტრირებულია ადვოკატთა ასოციაციის წევრად საერთო სპეციალიზაციით), სადაც 2023 წლის 16 აგვისტოს ჩაბარდა დაცვის თანამშრომელს.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს სასამართლო გზავნილის მისთვის ჩაბარება სადავოდ არ გაუხდია.
22. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
23. ამდენად, ხარვეზის შევსების 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა აპელანტის მიმართ დაიწყო 2023 წლის 17 აგვისტოს და ამოიწურა 2023 წლის 23 აგვისტოს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც შემდგომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან აღნიშნულის ვადის გაგრძელების შესახებ რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
24. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიერ დანიშნული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა აპელანტს თავისი ინიციატივით გაუგრძელოს, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებს. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის გასვლის საფუძვლით, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
25. კერძო საჩივრის ავტორის მითითებაზე, რომ სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე სააპელაციო პალატის მხრიდან უარის თქმის გამო, აპელანტს არ მიეცა სამართლიანი სასამართლოსათვის მიმართვის გზით საკუთარი უფლებების დაცვა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
26. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
27. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
28. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობა დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მხარის მიერ შესაბამისი თანხის გადაუხდელობის სამართლებრივ შედეგებსაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების მექანიზმი მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კანონისმიერ საშუალებასაც წარმოადგენს. ამდენად, მისი გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს და შეაფასოს სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების პროცესში წარმოშობილი ყველა გარემოება.
30. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლომ განმარტა ისიც, რომ მის მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას არა თეორიული, ილუზიური უფლებები, არამედ უზრუნველყოს პრაქტიკული და ეფექტური უფლებების განხორციელება და დაცვა, სწორედ ისეთის როგორიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი განსაკუთრებული ადგილიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლებაა.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების, ბაჟის ოდენობის შემცირების ან გადავადების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (იხ. სუსგ №ას-597-565-2015, 22 ივლისი, 2015 წ; №ას-571-2023, 22 ივნისი, 2023 წ.).
32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტს ( კერძო საჩივრის ავტორს) არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომელიც სააპელაციო პალატას შესაძლებლობას მიცემდა სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადაევადებინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
34. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მას არაგონივრული ვადა მიეცა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
35. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევლა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 2984 ლარის გადახდის ქვითრის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე იმ საფუძვლით, რომ მან საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის სირთულე სათანადოდ ვერ დაადასტურა. აღნიშნული განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა მხარის შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით სააპელაციო პალატამ ჯერ 10, ხოლო შემდეგ 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით დამატებით 7 დღით გააგრძელა. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2023 წლის 16 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა 2023 წლის 18 სექტემბერს.
36. შესაბამისად, აპელანტს გონივრული დრო ჰქონდა ხარვეზის შესავსებად.
37. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ქართულ-ჰ.ჰ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე