Facebook Twitter

საქმე №ას-1457-2023 18 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ი–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ს–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ.ს–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ი–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 800 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 26 დეკემბერს ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ასესხა 800 აშშ დოლარი თვეში 10%-ის დარიცხვით, სესხის ვადა განისაზღვრა ერთი წლით. სესხის დადებას ადასტურებს იმავე თარიღით ტრაქტორის მოსარჩელის სახელზე გადაფორმება, რომელიც უზრუნველყოფის სახით საკუთრებაში მიიღო გამსესხებელმა. მისივე განმარტებით, ტრაქტორი მოპასუხის სარგებლობაში დარჩა, მან ნივთი დაშალა და ნაწილებად გაყიდა. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და, გაფრთხილების მიუხედავად, ნებაყოფლობით არ ასრულებს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 800 აშშ დოლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 365-ე მუხლით, 41-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-40 მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტმა განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სრულად გაასაჩივრა. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის - 2023 წლის 8 მაისის მდგომარებით არსებული აშშ დოლარის კურსის შესაბამისად (1 აშშ დოლარი - 2.4834 ლარი) გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობა - 800 აშშ დოლარი შეადგენს 1986,72 ლარს, რაც 2000 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

8. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მისი საქმე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა განიხილეს ტენდენციურად. სააპელაციო პალატამ უკანონოდ შეუზღუდა სასამართლო ხელმისაწვდომობა, არასწორად მიუთითა სსსკ-ის მე-40 მუხლზე, ვინაიდან 2023 წლის 25 მაისის განჩინების მიღების დროს 800 აშშ დოლარი შეადგენდა 2000 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

11. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ №ას-506-2021, 12 ნოემბერი, 2021 წელი).

13. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

14. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 800 აშშ დოლარის გადახდა.

15. ამავე სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით (შდრ: სუსგ №ას-16-2022, 04 მარტი, 2022 წელი).

18. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების თაობაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის მიმართ, დაცული უნდა იქნეს სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესი. (იხ. ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თეორია და პრატიკა, თბ., 2022, გვ. 202).

19. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა სსკ-ის 365-ე მუხლთან მიმართებით და კანონიერად დატოვა იგი განუხილველად აღნიშნული საფუძვლით (შდრ: სუსგ -ები: №ას-1040-2021, 01 დეკემბერი, 2021 წელი, საქმე №ას-1513-2022, 26 იანვარი, 2023 წ., №ას-24-2023, 15 თებერვალი, 2023 წ.).

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით.

21. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე აღემატებოდა 2000 ლარს.

22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ი–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე