საქმე №ა-198-შ-3-2024 18 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „თ.ს.მ–ი“ ( M.T. L.)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–სი“
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – უკრაინის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მესამე საკასაციო პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის დადგენილება (განჩინება)
შუამდგომლობის ავტორის/განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „თ.ს.მ–მა“ ( M.T. L.) განცხადებით მიმართა კიევის სააპელაციო სასამართლოს მოპასუხე შპს „ა–სის“ (A.L.) მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
კიევის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს „თ.ს.მ–ის“ ( M.T. L.) განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ.ს.მ–მა“ ( M.T. L.) და მოითხოვა მისი გაუქმება.
უკრაინის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მესამე საკასაციო პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით (განჩინება) შპს „თ.ს.მ–ის“ (M.T. L.) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა კიევის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება შპს „ა–სის“ (A.L.) (საქართველოს რესპუბლიკა) ფულადი სახსრების დაყადაღების ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შპს „თ.ს.მ–ის“ ( M.T. L.) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შპს „ა–სის“ (A.L.) (საქართველოს რესპუბლიკა, ქ.თბილისი, ......, ბინა 36, ს/კ ....) კუთვნილ ფულად სახსრებს 99 400, 00 აშშ დოლარის ფარგლებში ქვემოთ მოყვანილ ანგარიშზე: I: GE96T.... JSC T.B< G<S: T, I. B: C N. A. N. Y., USA, S.: C., ABA: .... I.B: D. B. T.C. A.N.-Y., USA, S.: B. A: ....., ასევე საქართველოს საბანკო და საფინასო დაწესებულებებში არსებულ მოპასუხის კუთვნილ ანგარიშებზე.
შპს „თ.ს.მ–ის“ ( M.T. L.) წარმომადგენელმა მ.ხ–ძემ 2024 წლის 17 იანვარს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მესამე საკასაციო პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის დადგენილების (განჩინება) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში "ორმხრივი ხელშეკრულება") მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე, ასევე განაჩენებს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების ნაწილში. ორმხრივი ხელშეკრულების 41-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილებათა აღსრულების ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება, 42-ე მუხლი კი ადგენს, რომ აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, რაც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით გაწერილი საერთო წესით განსაზღვრული პროცედურის თანმიმდევრულ დაცვას მოითხოვს (იხ.: სუსგ №ა-3503-შ-97-2021, 29 ივლისი, 2021 წ.).
საკასაციო პალატა უზრუნველყოფის საკითხზე მსჯელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 190-1991 მუხლების შესაბამისად (საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენებაზე იხ.:№ა-5177-შ-128-2018).
სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტიან საპროცესოსამართლებრივ გარანტიას.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არსებობს ყველა განვითარებული ქვეყნის საპროცესო კანონმდებლობაში. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (იხ: გულიკო კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, თბილისი, 2018 წ., გვ. 60).
სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფა წარმოადგენს მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა (იხ. სუსგ Nას-1215-2019, 31 იანვარი, 2020წ.).
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ( იხ: სუსგ. საქმეზე №ას-939-2019; 15 ივლისი, 2019წ.).
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახე კი შერჩეულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა ყადაღის დადება ფულად სახსრებზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის.
სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ: სუსგ №ას-258-2022, 17 მაისი, 2022; №ას-722-2021, 16 ივლისი, 2021 წ; №ას-587-2019, 20 თებერვალი, 2020 წ.).
ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).
შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.). სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე (შდრ: Beck’sche Kurz-Kommentare Band1, Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. Adolf Baumbach, Professor Dr. Wolfgang Lauterbach, Dr. Jan Albers, Dr. Dr. Peter Hartmann. Verlag C.H. Beck ,München 2003, 2375.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).
„მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის მართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30 (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512).
სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას. ( იხ. გულიკო კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, თბილისი, 2018, გვ. 60).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015 წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015; სუსგ №ას-1586-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წ.).
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი, ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობასაც და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (იხ. სუსგ №ას-829-775-2017, 26 ივნისი, 2017; №ას-538-2022, 16 ივნისი, 2022 წ.), რადგან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხემ შესაძლოა მოგებული მხარისათვის აზრი დაუკარგოს დავას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411).
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, მოპასუხის საბანკო ანგარიშზე, მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ფარგლებში, ყადაღის დადების მიზანშეწონილობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ განჩინებაშია განმარტებული, მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ №ას-956-921-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი). ამდენად, მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.
შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს უზრუნველყოფის უკიდურეს სახეს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოძიებულ ვერ იქნა, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელმა ყადაღის დადება მოითხოვა მოპასუხე მეწარმე იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას შეესაბამებოდა ( შდრ: სუსგ №ას-1148-2023, 21 სექტემბერი, 2023 წ.).
განმცხადებელმა (შუამდგომლობის ავტორმა) თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების შესახებ სარჩელი მიღებულია განსახილველად (ს.ფ. 79), მოპასუხის საკონტაქტო სატელეფონო ნომერზე დარეკვა შეუძლებელია, ასევე დადგინდა, რომ შპს „ა–სი“ (საქართველოს რესპუბლიკა) შეტანილი იქნა მოვალეთა რეესტრში (ს.ფ.61,62), შესაბამისად, წარმოიშვა სარჩელის უზრუნველყოფის ობიექტური საჭიროება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 193-ე მუხლის თანახმად, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იხილავს სასამართლო, განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების (დადგენილების) ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებითაც ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.
საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას.
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში.
ამის საპირისპიროდ, შესაბამისი უცხოური აქტის აღსასრულებლად გამოცხადება წარმოადგენს მისთვის მოქმედების უფლების მინიჭებას. ეს იმასთანაც არის დაკავშირებული, რომ თავისთავად ცნობას ნაკლებად მოაქვს მოვალისათვის უშუალო სამართლებრივი შედეგები. პირიქითაა აღსრულებადად გამოცხადების შემთხვევაში, რომელსაც ესაჭიროება ე.წ. სააღსრულებო-ექსეკუტორული (exequatur) პროცესი.
ცნობილია, რომ რომელიმე ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს სხვა ქვეყანაში, თუ ამ უკანასკნელმა ის სცნო. მოახდინოს თუ არა სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ამასთან, გადაწყვეტილების ცნობის დროს, ის არ უნდა შეიჭრას უცხო ქვეყნის სასამართლო კომპეტენციაში.
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, პირველ რიგში ემსახურება სამოქალაქო ბრუნვისა და მართლმსაჯულების საქმიანობის გამარტივებას. მოდავე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ ერთი ქვეყნის სასამართლოში შეტანილი სარჩელით ამოწუროს ყველა ის სადავო საკითხი, რომლითაც ის მოპასუხეს ედავება. თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვა იმდენად რთულია, რომ ხშირად სცილდება არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ, ხშირად სასამართლო გადაწყვეტილებაც აღსრულებას რამდენიმე ქვეყანაში მოითხოვს. შესაბამისად, თუ რომელიმე უცხო ქვეყანა უარს იტყვის ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულებაზე, მოდავე მხარე იძულებული იქნება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეიტანოს სარჩელი ამ ქვეყნის სასამართლოში, რაც დამატებით დროსა და ხარჯებს მოითხოვს.
ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონი ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, „შემსრულებელი დაწესებულება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას იყენებს თავისი სახელმწიფოს ნაციონალურ კანონმდებლობას. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას შემსრულებელ დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის პროცესუალური ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ნაციონალურ კანონმდებლობას“.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთი ფორმა – ყადაღა შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებაზე (მათ შორის ფულად სახსრებზე). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება, ის წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი ულებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება უშუალოდ უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების, კერძოდ – საკუთრების უფლების შეზღუდვას. ყადაღისა და მსგავსი ღონისძიებების დაწესება წარმოადგენს კანონმდებლობის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო აღნიშნული ჩარევა (შეზღუდვა) გამართლებული იქნება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მათ შორის აუცილებელი ბალანსის დადგენის მიზნით.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს, როგორც მოსარჩელის, ისე – მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, რომ კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულობას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისადმი, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტისადმი, ფორმალური მიდგომა დაუშვებელია. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად – სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც უშუალოდ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, ამიტომ სასამართლომ მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში უნდა შეამოწმოს უფლების უზრუნველყოფის საკითხი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სასამართლომ შეძლებისდაგვარად უნდა გაამახვილოს ყურადღება იმ გარემოებაზეც, თუ იურიდიულად რამდენად გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა აგრეთვე ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
ამ მხრივ სახელმწიფოთა მიერ სხვა ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე უარის თქმის საუკეთესო საშუალებად აღაირებულია დათქმა „საჯარო წესრიგის შესახებ“. კანონის ყველა ნორმის დარღვევა ან/და ადგილობრივ კანონთან ყველა შეუსაბამობა არ წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას. გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულებით უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი იმპერატიული ნორმების დარღვევა. ცნობა-აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ მოეთხოვება განსაზღვროს, მთელი გადაწყვეტილება არღვევს თუ არა საჯარო წესრიგს, არამედ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება თავისი ხასიათით წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას.
საჯარო წესრიგი წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციათა (extra-national community) ეკონომიკური, სამართლებრივი, მორალური, პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ფუნდამენტური სტანდარტების ერთობლიობას.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველო კანონით გათვალისწინებული საჯარო წესრიგის ნორმების მოქმედების სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტალური პრინციპების დაცვით, არამედ, ასევე, საჯარო სამართლის (მაგალითად ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, პოლიტიკური უფლებების) დაცვაში. ამრიგად, საჯარო წესრიგის ნორმები მოწოდებულია, დაიცვას ცნობა-აღმსრულებელი სასამართლოს ქვეყნის მართლწესრიგი უცხო ქვეყნის სამართლებრივი ნორმების მოქმედებისგან, რომლებიც ფუნდამენტურად შეუთავსებელია მასთან _ ეკონომიკური, მორალური თუ პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. სასამართლო მოწოდებულია, უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ზემოთ აღნიშნული ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპების ხელშეუხებლობა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. სწორედ ასეთი მიდგომაა გათვალისწინებული „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, კერძოდ, „საქართველოში უცხო ქვეყნის სამართლის ნორმები არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს“.
საჯარო წესრიგის დიფერენცირება ხდება, ასევე, მისი ბუნებიდან გამომდინარე. საჯარო წესრიგი ქვეყნის კანონმდებლობის იმპერატიული ნორმების ერთობლიობას მოიცავს. საპროცესო-სამართლებრივი საჯარო წესრიგი დარღვეულად ითვლება, როცა სასამართლო წარმოების დროს დარღვეულია იმ ქვეყნის საპროცესო სამართლებრივი იმპერატიული ნორმები, სადაც, გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არის მოთხოვნილი. საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული იმპერატიული ნორმების დარღვევა წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას.
საპროცესო სამართლებრივი საჯარო წესრიგი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი ყველა ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპის ერთობლიობას. სახელმწიფო გადაწყვეტილების აღსრულებისას შებოჭილია საპროცესო სამართლებრივი საჯარო წესრიგის იმპერატიული ნორმებით და ვალდებულია, დაიცვას „საპროცესო სამართლიანობის ფუნდამენტალური ნორმები“.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განვითარებული მსჯელობების შედეგად, უკრაინის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მესამე საკასაციო პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის დადგენილება (განჩინება) ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 40-42-ე მუხლებით, ასევე სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 191-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „თ.ს.მ–ის“ ( M.T. L.) შუამდგომლობა უკრაინის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მესამე საკასაციო პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის დადგენილების (განჩინების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მესამე საკასაციო პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის დადგენილება (განჩინება), რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ა–სის“ (A.L.) (საქართველოს რესპუბლიკა, ქ.თბილისი, ......., ს/კ .....) კუთვნილ ფულად სახსრებს 99 400, 00 აშშ დოლარის ფარგლებში ანგარიშზე: IBAN: G. JSC T. B. T., GEORGIA, SWIFT: T., I. B: C. N. A. NEW YORK, USA, S.: C., ABA: .... I.B: D.B.T.C. AMERICAS NEW-YORK, USA, SWIFT: B. A: 02....., ასევე საქართველოს საბანკო და საფინასო დაწესებულებებში არსებულ მოპასუხის კუთვნილ სხვა ანგარიშებზე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე